Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკი: რუსეთში განთავსებულმა ასობით ყალბმა პროფილმა გაავრცელა  ამერიკელი ამომრჩევლისთვის განკუთვნილი რეკლამა


2016 წელს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მიმდინარე კამპანიის პერიოდში, ასობით ყალბმა ფეისბუკ-პროფილმა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან იმართებოდა, 100 000 დოლარამდე დახარჯა რეკლამაზე, რომლის მიზანი იყო პოლარიზაციის გაღრმავება კამათის გამომწვევი ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა იარაღის ტარების უფლება, იმიგრაცია, რასობრივი საკითხები და ჰომოსექსუალთა უფლებები – ეს ცნობა თავად სოციალურმა ქსელმა, ფეისბუკმა გაავრცელა ოთხშაბათს.

სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რეკლამების რაოდენობა შედარებით მცირეა, ამ ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვან დეტალებს ავლენს გამომძიებლების ვერსიის გარშემო, რომლის თანახმადაც, რუსეთი ცდილობდა გავლენა მოეხდინა აშშ-ის პოლიტიკურ ვითარებაზე არჩევნების პერიოდში.

„ასოშიეიტედ პრესი“ მოვლენებში გარკვეულ, ანონიმურად დატოვებულ ორ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ვარაუდს, რომ 470 ყალბი ანგარიში ეკუთვნოდა სანკტ-პეტერბურგში განთავსებულ ორგანიზაციას, რომელსაც „ტროლების ფერმის“ სახელით იცნობენ და რომელიც ინტერნეტში რუსეთის მთავრობის პოზიციებს ავრცელებს, ყალბი პროფილების მეშვეობით.

საერთო ანგარიშით, 2015 წლის ივნისსა და 2017 წლის მაისს შორის პერიოდში, ამ ანგარიშებმა შეისყიდეს 3000-მდე რეკლამა. ამ რეკლამების შინაარსი არ ეხებოდა უშუალოდ არჩევნებს, რომელიმე კანდიდატს ან ხმის მიცემის პროცესს, თუმცა ისინი კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს სძენდნენ თავისთავადაც პოლარიზაციის გამომწვევ საკითხებს არჩევნების პერიოდში – წერს ფეისბუკის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ალექს სტამოსი, თავის განცხადებაში.

ფეისბუკმა ეს ინფორმაცია მიაწოდა ფედერალურ უწყებებს, რომლებიც იძიებენ რუსეთის ჩარევას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. საგანგებო პროკურორს, რობერ მიულერს, ევალება უხელმძღვანელოს გამოძიებას და დაადგინოს ნებისმიერი პოტენციური კოორდინირების ფაქტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის მესვეურებსა და რუსეთს შორის.

„ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს ვირჯინიის შტატის წარმომადგენელი დემოკრატი სენატორის, მარკ უორნერის სიტყვებს – რომელიც, ამავდროულად, სენატის სადაზვერვო კომიტეტშიც მსახურობს – რომ ფეისბუკმა კომიტეტს ინფორმაცია ნამდვილად მიაწოდა ოთხშაბათს, თუმცა კითხვები კიდევ მაქვსო, – აცხადებს სენატორი.

„კიდევ ბევრი კითხვა მაქვს ფეისბუკთან, ისევე, როგორც ტვიტერთან“ - ამბობს უორნერი და დასძენს, რომ კომიტეტი მალე ტვიტერის წარმომადგენლებსაც მოუსმენს.

ფეისბუკმა ყალბი პროფილები აღმოაჩინა კომპანიაში ჩატარებული შემოწმების დროს, რომელიც რეკლამების შესყიდვის პრაქტიკაზე იყო კონცენტირებული. შემოწმება თავად ფეისბუკმა წამოიწყო, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები არჩევნების პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევაზეო, წერს სტამოსი.

470 პროფილთან ერთად, სტამოსის თქმით, შემოწმებისას ასევე აღმოჩენილ იქნა 50 000 დოლარის ღირებულების 2200 რეკლამა, რომლებსაც, ასევე, რუსეთთან შესაძლოა ჰქონდეთ კავშირი – წერს სტამოსი. მისი თქმით, რეკლამის შემსყიდველი ანგარიშების IP-მისამართები აშშ-შია რეგისტრირებული, თუმცა პარამეტრები – ე.წ. „სეტინგები“ – რუსულ ენაზე ჰქონდათ დაყენებული.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ფეისბუკი ინტენსიური ზეწოლის ქვეშ მოექცა – მას სთხოვენ შეზღუდოს ყალბი ინფორმაციის გავრცელება. არჩევნების შემდეგ, ფეისბუკმა განაახლა თავისი სარეკლამო პოლიტიკა და განაცხადა, რომ ის არ განათავსებს „უკანონო, დამაბნეველ, შეცდომაში შემყვან რეკლამას, ყალბი ცნობების ჩათვლით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG