Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ორშაბათს, 14 იანვარს ევროპის პრესა ბევრს წერდა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე - რომლის პირველი ტურიც დასრულდა ყოფილი პრემიერის, მემარცხენე მილოშ ზემანის და საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსერვატორი კარელ შვარცენბერგის დაპირისპირებით. ჟურნალისტები წერდნენ, ჩეხეთში ამომრჩეველს ორ ძალიან განსხვავებულ პოლიტიკოსს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება - თუმცა, როგორი შედეგიც უნდა იყოს, მათ მაინც ღირსეული პრეზიდენტი ეყოლებათო. ჩეხეთში გამომავალი, ლიბერალური ორიენტაციის „მლადა ფრონტა დნესი“ წერდა: „ჩეხებმა დაამტკიცეს, რომ როცა მართლა საჭიროა, მათ შეუძლიათ მართებული გადაწყვეტილების მიღება. შიშები, რომ პირდაპირ არჩევნებში შეიძლებოდა ნაცრისფერ ფიგურას გაემარჯვა, არ გამართლდა” - წერდა გაზეთი და დასძენდა: “ზემანი და შვარცენბერგი საუკეთესო წყვილია გადამწყვეტი, მეორე რაუნდისთვის - ვინაიდან ჩვენ ორ ძლიერ პიროვნებას შორის კონფრონტაციას ვიხილავთ. განსაკუთრებით სასიამოვნო ის ფაქტორია, რომ გამარჯვებისთვის ორივეს თანაბარი შანსი აქვს.“ ვაცლავ ჰაველს და ვაცლავ კლაუსს პრაღის ციხე-სიმაგრეში, პრეზიდენტის რეზიდენციაში ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეული პოლიტიკოსი შეცვლისო, წერდა „მლადა ფრონტა დნესი“ 14 იანვარს.

15 იანვარს - სამშაბათს - ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა საფრანგეთის სამხედრო ინტერვენცია მალიში. ერთი დღით ადრე, ორშაბათს, ამ ინტერვენციას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა დაუჭირა მხარი. საფრანგეთის სამხედროები მალის მთავრობის თხოვნის საფუძველზე ჩაერთნენ ბრძოლაში ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ. ჟურნალისტები აქებდნენ საფრანგეთის პრეზიდენტს გაბედული გადაწყვეტილების მიღებისთვის - თუმცა იქვე შენიშნავდნენ, რომ ეს ინტერვენცია დიდ საფრთხეებს შეიცავს. ესპანეთში გამომავალი, ლიბერალურ-კონსერვატული ორიენტაციის „ვანგარდია“ წერდა:

„საფრანგეთის სახიფათო ინტერვენცია - რომელიც ალჟირის პრესაში გააკრიტიკეს და ნეოკოლონიალისტური უწოდეს - შეუმდგარი სახელმწიფოს დახმარების საბაბით მიმდინარეობს. მაგრამ ამგვარ ოპერაციებზე მხოლოდ ის ვიცით ხოლმე, თუ როგორ დაიწყო ისინი - და არა ის, თუ როგორ დამთავრდება. ამავე დროს, ისიც მართალია, რომ ჩაურევლობა გამოიწვევდა ქვეყანაზე ექსტრემისტების კონტროლის დამყარებას - რაც მთელ რეგიონს შეუქმნიდა საფრთხეს. ბრძოლის პირველმა რამდენიმე დღემ ჯერჯერობით შესძლო ამის აღკვეთა - მაგრამ ამ ქვეყნის რეალური გადარჩენა წარმოუდგენლად ძნელი ამოცანა იქნება.“ სრულად სტატია 15 იანვარს გამოქვეყნდა, ესპანეთში გამომავალ „ვანგარდიაში“.

ევროპის პრესა ბევრს წერდა აგრეთვე ბრიტანეთის და ევროკავშირის ურთიერთმიმართებაზე. საქმე ის გახლავთ, რომ ამ კვირაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, ევროკავშირში თავისი ქვეყნის პოზიციის შესახებ გამოსვლისთვის ემზადებოდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ კამერონი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების ბრიუსელიდან ლონდონისთვის დაბრუნების შესახებ რეფერენდუმის გამართვას გეგმავს. ჟურნალისტები წერდნენ, ამ პროექტმა შესაძლოა ევროს კრიზისი გაახანგრძლივოს და კამერონის პოლიტიკურ კარიერას საფრთხე შეუქმნასო. ჰოლანდიაში ყოველდღიურად გამომავალ, ლიბერალური ორიენტაციის გამოცემა nrc.next-ში ყოფილი დიპლომატი, მიკიელ სერვესი (Michiel Servaes) აცხადებდა, ლონდონს და ბრიუსელს ერთმანეთი ჭირდებათო: “თუკი არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საფრანგეთ-გერმანიის ალიანსის გაწონასწორება, ეს ბრიტანეთია” - წერდა დიპლომატი და დასძენდა, ჰოლანდია და ევროკავშირი უნდა შეეცადონ ბრიტანეთის კავშირში დატოვებასო. „ბრიტანეთის მთავრობა ყოველთვის გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის მომხრე იყო [ევროს კრიზისთან მიმართებით] და ევროს მოქმედების ზონის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრობლობას ლოგიკურ ნაბიჯს უწოდებდა. სულ მცირე უცნაური იქნება ახლა ამავე მთავრობამ ამ პროცესს წინაღობები რომ შეუქმნას და, შესაბამისად, კრიზისი გაახანგრძლივოს.“ ავტორის აზრით, „ეს კატასტროფა იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ბრიტანეთისთვისაც. ვინაიდან მისი საექსპორტო ვაჭრობის ნახევარი ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე მოდის.“

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დასავლეთის პრესაში აქტიურად იწერებოდა, აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინიციატივა იყო ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის წინააღმდეგ. გეგმა შემუშავდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში კონექტიკუტის შტატში დაწყებით სკოლაზე თავდასხმამ 20 ბავშვი და ექვსი ზრდასრული ადამიანი შეიწირა. “ნიუ-იორკ ტაიმსი” 16 იანვარს წერდა, ეს გეგმა ობამასთვის პოლიტიკური ნაბიჯების გააქტიურებას მოასწავებსო. „[ობამა] ყოველთვის გამოთქვამდა საბრძოლო იარაღის აკრძალვის მხარდაჭერას - თუმცა კანონმდებლობის მხრივ რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს, რადგან თვლიდა, რომ საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა. ახლა კი ისიც და თეთრი სახლიც იმ ვარაუდის საფუძველზე მოქმედებენ, რომ ნიუტაუნში მომხდარმა მკვლელობებმა ეს დინამიკა შეცვალა.“ გაზეთს მოაქვს ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვები - “არასოდეს მინახავს ერის ცნობიერების ისეთი ძლიერი რყევა, როგორიც სენდი ჰუკში მომხდარმა გამოიწვია. მსოფლიო შეიცვალა და ზომების გატარებას მოითხოვსო”. ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული წერილის თანახმად, ამ გეგმის მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დიდ პოლიტიკურ ენერგიას ჩადებს მასში ობამა - არა მხოლოდ რესპუბლიკელებზე ზეწოლის მოხდენის კუთხით, არამედ იმ დემოკრატების გადაბირების თვალსაზრისითაც, რომლებიც იარაღის ფლობის უფლებებს უჭერენ მხარს.
XS
SM
MD
LG