Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესის მიმოხილვაში გაგაცნობთ რამდენიმე ციტატას, რომლებიც უკავშირდება აშშ-ში, ნიუ-ჰემპშირის შტატში გამართული წინასწარი არჩევნების, ე.წ. „პრაიმერიზის“ შედეგს: „ამერიკელი ამომრჩევლის მოქმედება წლეულს სრულიად არაპროგნოზირებადია“, წერს პოლონეთის გაზეთი „ჟეჩპოსპოლიტა“. „დონალდ ტრამპის სტრატეგია, საარჩევნო კამპანია რეალიტი-შოუსთვის დაემსგავსებინა, წარმატებული ჩანს. ტრამპი სულ უფრო მეტ ამომრჩეველს არწმუნებს იმაში, რომ მისი ხომალდის ჩაძირვა შეუძლებელია - და ამით თანდათან სულ უფრო მეტად სცემს თავზარს რესპუბლიკელებს. თუმცა, ჰილარი კლინტონიც სერიოზული პრობლემის წინაშე დგას: ყოფილი სახელმწიფო მდივანი ნიუ-ჰემპშირის წინასწარ არჩევნებში ხმების 20 პროცენტზე მეტით ჩამორჩა ბერნი სანდერსს. ეს ნოკაუტს გვაგონებს.“

„ნოიე ციურხერ ცაიტუნგის“ აზრით, ნიუ-ჰემპშირში „კლინტონის მწარე მარცხმა, აიოვაში სულ უმნიშვნელო უპირატესობით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ნათლად დაგვანახვა, რომ სანდერსთან დაპირისპირება სულაც არ არის ხალხის თავშესაქცევად მოწყობილი საჩვენებელი ორთაბრძოლა, რომლის ბედი წინასწარვე გადაწყვეტილია. ახლა თავად კლინტონზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა, თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს პაექრობის მსვლელობა. თუ გამარჯვება სურს, მას მოუწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა და ისეთი სიტყვების მოძებნა, რომლებიც ამომრჩევლის ნდობასა და კეთილგანწყობას დაიმსახურებს. თუ ეს ვერ მოახერხა, ის კიდევ ერთხელ დამარცხდება - ამჯერად არა ახალგაზრდა, არამედ ხნიერ სენატორთან ჭიდილში.“

„ვაშინგტონ პოსტი“ ერთმანეთს ადარებს ნიუ-ჰემპშირის წინასწარ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკოსებს, დონალდ ტრამპსა და ბერნი სანდერსს. „ტრამპი და სანდერსი ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარების ვითომ იოლ გზებს სთავაზობენ და განტევების ვაცებიც ნაპოვნი ჰყავთ. სანდერსი გვიმტკიცებს, მუშების გაჭირვება მდიდართა გაუმაძღრობის ბრალიაო, ტრამპი კი ამაში „არაფრის მაქნის“ მთავრობას ადანაშაულებს. ერთიცა და მეორეც სახიფათოდ ცდება. მაგრამ თუ სანდერსს კეთილი ზრახვები მაინც ამოძრავებს, ტრამპის განცხადებები ღვარძლიანი და შემაშინებელია. ზოგ ამომრჩეველს ჰგონია, რომ პრეზიდენტის პოსტზე ტრამპი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ბიზნესმენი როლშია, და რომ მას ეყოფა სიბრძნე, ყური ათხოვოს გონივრულ რჩევებს. მაგრამ ეს თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი.“

დასავლეთის პრესა ეხმაურება მეცნიერთა აღმოჩენას, რომლის თანახმად, ახლა უკვე მკაფიოდ დაფიქსირდა ის გრავიტაციული ტალღები, რომელთა არსებობაც ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა ალბერტ აინშტაინმა. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთაგან შემდგარმა ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა აღმოაჩინა დედამიწიდან 1,3 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ორი შავი ხვრელი, რომელთა შეჯახებამაც გრავიტაციული ტალღა გამოიწვია. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით შვეიცარიის „ტაგეს-ანცაიგერი“: „ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ ამ ერთი საუკუნის განმავლობაში ღირსეულად ჩააბარა არაერთი გამოცდა. რაც გვაკლდა, საბუთი იყო - საბუთი, რომელიც გრავიტაციული ტალღების არსებობას დაგვიდასტურებდა. ახლა ეს საბუთიც მოგვეპოვება. ეს ტალღები რომ მართლაც არსებობს, დაამტკიცა აშშ-ში მოღვაწე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა. ამით კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალება შეიძინა ტახტმა, რომელზეც აინშტაინი აქამდეც იჯდა.“

გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა დიდ გარღვევად არის მიჩნეული. მას უკავშირდება კოსმოსის შესწავლის სრულიად ახალ გზაზე დადგომისა და გრავიტაციის უკეთ გაგების პერსპექტივა. „აქამდე ცისკენ თვალები გვქონდა მიპყრობილი, მაგრამ მუსიკა არ გვესმოდაო“ - თქვა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ასტროფიზიკოსმა საბოლც მარკამ, რომელმაც კოლეგებთან ერთად შეძლო გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG