Accessibility links

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს


ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ემანუელ მაკრონის პარტია აცხადებს, რომ რუსეთის მედია ავრცელებს ცნობებს მაკრონის პოზიციის დასასუსტებლად, რათა არჩევნებში გამარჯვების შანსები გაიზარდოს მაკრონის კონკურენტებისათვის, რომლებიც რუსეთის მხარდამჭერი კანდიდატები არიან. ამ შინაარსის განცხადება 13 თებერვალს გააკეთა მაკრონის პარტია „ან მარშის“ გენერალურმა მდივანმა, რიშარ ფერანმა, რაც პირველი ღია ბრალდებაა საფრანგეთის პოლიტიკური პარტიისაგან რუსეთში იმ ძალების მისამართით, რომლებიც შესაძლოა, ცდილობდნენ მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას. როგორც ფერანი აღნიშნავს, მოსკოვი ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატ მარინ ლე პენს და მემარჯვენე-ცენტრისტ კანდიდატ ფრანსუა ფიიონს, რის გამოც პარიზმა უნდა მიმართოს ზომებს, რათა უცხო ქვეყანა არ ჩაერიოს საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც ფერანმა საფრანგეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის მედიასაშუალებები, ერტე და "სპუტნიკი", მაკრონის კანდიდატურისათვის საზიანო ცნობებს ავრცელებენ, რადგან ის ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერია. ისინი ავრცელებენ "გამოგონილ ცნობებს", მაგალითად, თითქოს მაკრონი აშშ-ის მმართველი წრეების მარიონეტი იყოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მაკრონი - დამოუკიდებელი მემარცხენე კანდიდატი- საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენთან ერთად, რის შემდეგაც მას პრეზიდენტად არჩევის კარგი შანსი აქვს.

რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მედიისა და ინტერნეტის მეშვეობით ცდილობს, ავნოს საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, ემანუელ მაკრონს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 14 თებერვალს „აბსურდი“ უწოდა მოსკოვის შესახებ ასეთ განცხადებებს. საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის მემარცხენე კანდიდატი მაკრონი მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე კანდიდატ მარინ ლე პენის შემდეგ, მაგრამ გამარჯვების კარგი შანსი აქვს, თუ ლე პენთან ერთად გავა არჩევნების მეორე ტურში. მარინ ლე პენი ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდის და მხარს უჭერს უკრაინის მიმართ მოსკოვის პოლიტიკას. ემანუელ მაკრონის პარტიის გენერალურმა მდივანმა, რიშარ ფერანმა 13 თებერვალს თქვა, რომ რუსეთის ოფიციალური მედიასაშუალებები, მათ შორის ერტე და „სპუტნიკი“ მაკრონის შესახებ ავრცელებენ „გამოგონილ ამბებს“, რადგან ის ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერია. ფერანის თქმით, მოსკოვი უპირატესობას ანიჭებს მარინ ლე პენსა და მემარჯვენე-ცენტრისტ კანდიდატს, ფრანსუა ფიიონს. ფერანი საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მიმართოს ზომებს, რათა არ დაუშვას არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევა. კრემლი უარყოფს აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ბრალდებებსაც, რომ რუსეთმა კიბერთავდასხმები გამოიყენა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG