Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპაროვი: პუტინი უფრო საშიშია ამერიკისთვის, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“


გარი კასპაროვი
გარი კასპაროვი

პუტინი უფრო საშიშია ამერიკისთვის, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“ ან ებოლა. მისი მმართველობის სტილი ჰიტლერისას გავს და ის ებრძვის თანამედროვე სამყაროს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია - ამბობს ცნობილი რუსი მოჭადრაკე, ოპოზიციონერი და აქტივისტი გარი კასპაროვი. „ამერიკის ხმა“ მას ნიუ-იორკში ესაუბრა.

მჯერა რომ დღეს პუტინი უფრო დიდი საფრთხეა ვიდრე ებოლა ან „ისლამური სახელმწიფო“. ზიანი, რომელიც შეიძლება ებოლამ მოგვაყენოს შეზღუდულია, რესურსებით და სწორი სტრატეგიით მისი დამარცხება შესაძლებელია. ასევეა „ისლამური სახელმწიფო“, შეიძლება ძვირი დაჯდეს, მაგრამ სამხედრო გზებით მისი დამარცხება შეგვიძლია, იგივე არ ეხება რუსეთის პრეზიდენტს, ამბობს ცნობილი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი გარი კასპაროვი:

„პუტინს სამხედრო გზით ვერ დაამარცხებ, რუსეთი ატომური იარაღის ფლობის მხრივ მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, ამ პრობლემას სამხედრო მოგვარება არ უწერია. ამიტომაც, როცა აღიარებ პუტინისგან მომავალ საფრთხეებს, მოქმედებაც შესაბამისი უნდა იყოს.”

მმართველობის სტილის, თავდაჯერებულობის და დასავლეთთან მისი ურთიერთობის გამო, კასპაროვი რუსეთის პრეზიდენტს ადოლფ ჰიტლერს ადარებს, ერთპიროვნული მმართველობის გამო კი მას დიქტატორს უწოდებს.

„როცა ქვეყანას 15 წელი ერთპიროვნულად, პოლიტიკური პარტიის გარეშე მართავ ეს დიქტატურაა. ჩვენ ამას სახელი უნდა დავაქრვათ, ის დიქტატორია. ისევე როგორც დიქტატორს ვუწოდებდით სადამ ჰუსეინს, გენერალ პინოჩეტს ან ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს.“

როცა საქმე დიქტატორს ეხება, დასავლეთის რეაქციებიც შესაბამისი უნდ აიყოს - ამბობს კასპაროვი და დასძენს, რომ ყირიმის ანექსია სწორედ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე დასავლეთის მიერ სათანადო რეაქციის არქონამ გამოიწვია.

„რუსეთის მიმართ სანქციები უფრო ადრე, თებერვალში რომ დაწესებულიყო, დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთ უკრაინაში ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდით. უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო თანამედროვე შეიარაღება რომ მიეღო, ვფიქრობ, პუტინი ვერ მიითვისებდა უკრაინის ტერიტორიებს.“

კასპაროვი პრეზიდენტ ობამას ცნობილ გამოსვლას აკრიტიკებს, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებას არ უნდა ველოდეთ. კასპაროვის თქმით, ამის გაცხადება არასწორი სტრატეგიაა, მით უფრო ამერიკის პრეზიდენტისგან, რომელიც თავისუფალი სამყაროს ლიდერია.

კასპაროვის თქმით, პუტინი დასავლეთის ასეთმა რეაქციებმა გააძლიერა და ახლა ის მსოფლიოს პოლიტიკური წყობის შეცვლას და ნატოს, როგორც სტაბილურობის გარანტის, შესუსტებას ცდილობს.

„2008 წელსაც კი პუტინი ასეთი გაბედული არ ყოფილა, ის შეიჭრა საქართველოში და კვაზი სახელმწიფოები შექმნა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ანექსია, რაც მან ყირიმში გააკეთა. ამით ის აგზავნის მესიჯს, რომ არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი შეთანხმება არ დაგიცავს თუ არ გაქვს ბირთვული იარაღი, რომელიც, სხვათა შორის, უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ 1994 წელს დათმო.“

კასპაროვი ამბობს, რომ მთავარი კითხვა, რომელიც სამყაროს მომავალს განსაზღვრავს არის არა ის, თუ რა მოხდება ერაყში ან სირიაში, არამედ - შეძლებს თუ არა დასავლეთი სანცქციების შენარჩუნებას, რადგან, მისი თქმით, მხოლოდ გრძელვადიან სანქციებს ექნება გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და პუტინის გარემოცვაც მიხვდება, რომ დასავლეთის რეაქცია სერიოზულია.

XS
SM
MD
LG