Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდი: კრიზისების გავლენა ზრდას აფერხებს


ოლივიე ბლანშარი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი
ოლივიე ბლანშარი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები აცხადებენ, რომ წლევანდელი და მომავალი წლის გლობალური ეკონომიკის ზრდა არათანაბარი და მოსალოდნელზე ნელი იქნება.

სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი წელს 3.3%, გაისად კი - 3.8% იქნება. ორივე მაჩვენებელი მოსალოდნელზე დაბალია. „რა თქმა უნდა, ვისურვებდით ზრდა უფრო მაღალი ყოფილიყო. ეს ფინანსურ გამოწვევებთან გამკლავებას გააადვილებდა,“ ამბობს ოლივიე ბლანშარი, სავალუტო ფონდის კვლევების განყოფილების დირექტორი და ეკონომიკური მრჩეველი. ბლანშარის თქით, „მოლოდინები იმისა, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რეალისტური უნდა იყოს.“

მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბირჟაზე ფასები გაიზარდა, ინვესტიციებმა იკლო. ეკონომიკის ზრდა ასევე შეაფერხა გეოპოლიტიკურმა არეულობებმა, როგორიცაა კრიზისები უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და დასავალეთ აფრიკაში.

ევროპაში ეკონომიკის ზრდა, მთლიანობაში, ნელი იყო. ამის მიუხედავად, კარგი მაჩვენებელი ჰქონდა გერმანიას. შეერთებულ შტატებში ზრდა შენარჩუნებულია, ანგარიშის მიხედვით, ეს სამთავრობო ხარჯების შემცირებამ და გადასახადების გაზრდამ გამოიწვია.

„ჩინეთში საკრედიტო და სამშენებლო ბიზნესის უკუსვლის მიუხედავად, ეკონომიკა იზრდებოდა. ინდოეთში გაიზარდა ინვესტიციები. ბრაზილიის ზრდა თითქმის ნულის ტოლია. ამიტომ ქვეყნები სათითაოდ უნდა გავაანალიზოთ,“ ამბობს ბლანშარი.

სავალუტო ფონდის ექსპერტები მთავრობებს მოუწოდებენ გააგრძელონ ეკონომიკის გაძლიერება და ფრთხილად მოეკიდონ ბიუჯეტის შემცირებას, რამაც შესაძლოა ეკონომიკური აქტივობა შეამციროს.

ამ კვირის ბოლოს, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ყოველწლიურ შეხვედრებს უმასპინძლებს, სადაც მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები შეიკრიბებიან. შეხვედრებში მონაწილეობას გეგმავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც.

XS
SM
MD
LG