Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება სტამბოლში ღამის კლუბზე თავდამსხმელის ძებნა


ღამის კლუბი, სადაც თავდასხმის შედეგად დაიღუპა 39 და დაიჭრა 70-მდე ადამიანი
ღამის კლუბი, სადაც თავდასხმის შედეგად დაიღუპა 39 და დაიჭრა 70-მდე ადამიანი

3 იანვარს სხვადასხვა ცნობა ვრცელდებოდა სტამბოლში ღამის კლუბზე ახალი წლის ღამეს მოწყობილ თავდასხმაში ეჭვმიტანილზე. თურქეთის პოლიციამ მისი ფოტო გაავრცელა, მაგრამ სავარაუდო ვინაობა არ გაუმხელია. შემდეგ ყირგიზმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თურქეთთან ერთად მუშაობენ ეჭვმიტანილის ვინაობის დასადგენად. მოგვიანებით სხვა ცნობებიც გავრცელდა.

გადმოწერა

სტამბოლში კლუბთან, რომელშიც 31 დეკემბრის ღამეს სისხლისმღვრელმა თავდასხმამ დაასრულა საახალწლო ზეიმი, 3 იანვარს ათობით ადამიანი შეიკრიბა მსხვერპლისათვის პატივის მისაგებად. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 39 და დაიჭრა 70-მდე ადამიანი. დაღუპულების უმრავლესობა უცხოელები იყვნენ - ერაყის, იორდანიის, საუდის არაბეთის, ტუნისის, ინდოეთის, ისრაელის, გერმანიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

„ძალიან ვწუხვართ 27 უცხოელი მსხვერპლის გამო. ამ ადამიანებმა - თავიანთი მთავრობების გაფრთხილების მიუხედავად - დაიჯერეს, რომ თურქეთი უსაფრთხო ადგილია, ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში, მოვიდნენ ამ კლუბში. ჩვენი 27 სტუმარი, ჩვენი 27 შვილი... როგორც მუსტაფა ქემალ ათათურქი იტყოდა: ამიერიდან ისინი ჩვენი შვილები არიან. და მათ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ“, - ეს სიტყვები წარმოთქვა ღამის კლუბ „რეინას“ მფლობელმა მეჰმეთ ქოჩარსლანმა კლუბის შესასვლელთან, მსხვერპლისათვის პატივის მისაგებ შეკრებაზე.

თურქი სამართალდამცველები კი კვლავაც ეძებენ პირს, რომელიც ახალი წლის ღამეს სტამბოლში ღამის კლუბ „რეინაში“ შეიჭრა და ავტომატური იარაღით დახოცა 40-მდე ადამიანი.

ყირგიზი ოფიციალური პირების განცხადებით, მამაკაცს, რომელსაც თურქეთის და იტალიის საინფორმაციო საშუალებებში, ისევე როგორც სოციალურ მედიაში, ახსენებდნენ, როგორც სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმაში სავარაუდო ეჭვმიტანილს, აღარ უკავშირებენ ამ საქმეს. ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა რახათ სულეიმანოვმა 3 იანვარს უთხრა ჩვენს რადიოს, რომ მედიაში სავარაუდო ეჭვმიტანილად ნახსენები ლახე მაშრაპოვი ყირგიზეთში იმყოფება და ის ყირგიზმა და თურქმა გამომძიებლებმა დაკითხეს. პრესმდივნის განმარტებით, მაშრაპოვი ბიზნესმენია და 3 იანვარს პასპორტით, რომელიც არ არის ყალბი, ჩაფრინდა სტამბოლიდან ბიშკეკში. თავად მაშრაპოვმა ყირგიზეთის მედიას, ინტერნეტპორტალ „ტურმუშს“ უთხრა, რომ წარმოდგენა არა აქვს, როგორ აღმოჩნდა მისი პასპორტის სურათი მედიაში.

თურქეთის პოლიციას ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა საჯაროდ არ გაუმხელია, მაგრამ გაავრცელა ეჭვმიტანილის ფოტო და კლუბში თავდასხმის დროს გადაღებული ვიდეოს საფუძველზე გამოთქვა ვარაუდი, რომ თავდამსხმელმა გამოავლინა „ქალაქის პირობებში ბრძოლის პროფესიული ჩვევები“ და რომ ის, შესაძლოა, სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, როგორც ცნობილია, სწორედ „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. თურქეთის მთავრობის პრესმდივნის, ნუმან კურტულმუშის, განცხადებით, გამომძიებლები ახლოს არიან თავდამსხმელის ვინაობის დადგენასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG