Accessibility links

„ეგონათ, არ გამოგვივიდოდა ეს საქმე...“


ნატალია შატბერაშვილი, ნიცა მაჭავარიანი, ქეთა ვაშაკიძე, სოფო ჩიქოვანი და ფიო ციციშვილი

ავტორი: სოფო რუხაძე

“Wasted concept store” - ასე ჰქვია იმ მაღაზიას, რომელიც თბილისში სულ რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს. მან უკვე შეძლო სხვადასხვა ასაკის მომხმარებლის მიზიდვა. მაღაზიის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად Tbilisi fashion week -ისა და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გაიზარდა.

ეს იდეა 5 მეათეკლასელს გაუჩნდა - გადაწყვიტეს მაღაზია გაეხსნათ. ნატალია შატბერაშვილი, ნიცა მაჭავარიანი, ქეთა ვაშაკიძე, სოფო ჩიქოვანი და ფიო ციციშვილი შეიკრიბნენ, იფიქრეს და გადაწყვიტეს. მათი თქმით, იდეა იმ ხალხზე ფიქრით გაუჩნდათ, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენენ განსხვავებული ნივთების მიმართ, რომლებიც მათ, ბევრი ძებნის შემდეგ, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში იპოვეს.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:32 0:00
Direct link

გოგონები ყიდულობდნენ და თავადაც ეცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ჩვეულებრივ მაღაზიებში ან არ იყიდება, ან ძალიან ძვირი ღირს. ჰოდა, გადაწყვიტეს ასეთი ტანსაცმელი დაეძებნათ, შეეკრიბათ და თავიანთი მაღაზია გაეხსნათ. ერთი წელი იფიქრეს და ბოლოს გადაწყვიტეს ეს იდეა რეალობად ექციათ. მიუხედავად დიდი მონდომების და სურვილისა, მაღაზიის გახსნას ბევრი დაბრკოლება უძღოდა. როგორც ნიცა მაჭავარიანი ამბობს, მთავარი ბარიერი იდეის ავტორთა ასაკი აღმოჩნდა:

„იმის გამო, რომ პატარები ვიყავით, ძალიან ბევრმა კომპანიამ უარი გვითხრა დაფინანსებაზე, რადგან არ მიგვიღეს სერიოზულად - ალბათ, იმიტომ რომ, ეგონათ, არ გამოგვივიდოდა რაღაცები. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გავაკეთეთ ეს მაღაზია“.

იმის გამო, რომ ინვესტორი ვერ მოიძიეს, გოგონებმა გადაწყვიტეს მშობლებისგან ესესხათ ფული - აი, ნახავთ, სულ მალე დაგიბრუნებთო - და საქმეს შეუდგნენ. მერე კი გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მათ ფალიაშვილის 32 ნომერში 100 კვადრატული მეტრი დაუთმო. მიუხედავად დატვირთული სასკოლო გრაფიკის თუ გამოცდებისა, მაღაზიაში მორიგეობით დაიწყეს მუშაობა. იქვე ემზადებოდნენ საატესტატო თუ ეროვნული გამოცდებისათვის.

ნიცა ამბობს, რომ მომხმარებლის ინტერესი მაშინვე დაინახეს:

„თავიდან, სანამ საერთოდ გავხსნიდით მაღაზიას, იყო გადაღება. გავაკეთეთ facebook გვერდი და დავდეთ ფოტოები. პირველივე დღეს ჩვენს გვერდს ჰქონდა, თუ არ ვცდები, 2 000 მოწონება - ამდენი თუ არა, 1000 მაინც. ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა ხალხისგან და ბუმი დაიწყო“, ამბობს ნიცა მაჭავარიანი და დასძენს, რომ მაღაზიის პოპულარობა გამორჩეულმა პროდუქციამაც განაპირობა.

„განსხვავებული სტილის არის ყველაფერი და ამიტომ არის, რომ ჩვენი მაღაზია ყველა დანარჩენისგან განსხვავდება. ყველაფერი არის უფრო ძველებური, მაგრამ ახლაც რომ მოდაშია“.

გოგონები თვეში რამდენჯერმე იკრიბებიან და ერთად მიდიან იმ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში, რომელთა არსებობის შესახებაც ბევრმა არ იცის. იქ ბევრს ეძებენ და პოულობენ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ბევრს მოეწონება. როგორც თვითონ ამბობენ, „აკეთილშობილებენ“ და გასაყიდად გააქვთ.

მართალია, თავიდან მაღაზია მოზარდებისათვის შექმნეს, მაგრამ ნიცა ამბობს, რომ აქ სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის ხალხი უფრო და უფრო ხშირად შემოდის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აქ ყველას შეუძლია თავისთვის მოსაწონი ნივთი ნახოს. მაღაზიის ხშირი სტუმარია ანი მაზანაშვილი, რომელსაც აქ არაერთი ნივთი აქვს შეძენილი:

„მაღაზიის ხშირი მომხმარებელი გახლავართ და ძალიან მომწონს ეს მაღაზია, რადგან პროდუქციაც და გარემოც ძალიან ორიგინალურია“.

იმის გამო, რომ უკვე გამოცდები დაეწყოთ, მაღაზია დროებით დახურეს, მაგრამ აპირებენ ზაფხულის დასაწყისში საზოგადოებას დიდი ფასდაკლებები შესთავაზონ. შემდეგ კი, როგორც ნიცა ამბობს, აპირებენ ცოტა ხნით მუშაობისა და სწავლისაგან დაისვენონ და ახალი ძალებით განაგრძონ იმ საქმის კეთება, რომელიც მათ ასე ძალიან მოსწონთ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG