Accessibility links

ჰარვი ვაინსტაინი და სკანდალი ოცნებათა ფაბრიკაში


ჰარვი ვაინსტაინი

ანჯელინა ჯოლი და გვინეთ პელტროუ მიჩვეული არიან ყურადღების ცენტრში დგომას. გარეგნობისა და წარმატებულ ფილმებში მონაწილეობის წყალობით, ნამდვილი კინოვარსკვლავები გახდნენ და მთელ მსოფლიოს გააცნეს თავი, თუმცა მიზეზი, რომლის გამოც მათზე ახლა ლაპარაკობენ, ორივესთვის, მათივე თქმით, ძალიან უსიამოვნოა. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ საუბრისას ორივემ გაიხსენა, რა გადახდათ თავს წლების წინ ჰოლივუდის პროდიუსერთან, ჰარვი ვაინსტაინთან, შეხვედრისას: ჰოლივუდში ამ ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა კაცმა, რომლის კეთილგანწყობაზეც, შესაძლოა, მთელი კარიერა ყოფილიყო დამოკიდებული, ორივე შემთხვევაში თავს უფლება მისცა უხამსად მოქცეულიყო და ახალგაზრდა ქალებისათვის ინტიმური კავშირი შეეთავაზებინა. ვაინსტაინთან ამ შეხვედრისას 22 წლის გვინეთ პელტროუ ახალი დამტკიცებული იყო მთავარ როლზე ჯეინ ოსტინის რომან „ემას“ ეკრანიზაციისათვის და, ცხადია, ეშინოდა, რომ ლამის ყოვლისშემძლე პროდიუსერის განაწყენებით ვარსკვლავად ქცევის შანსს დაკარგავდა.

ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი

როგორც პელტროუს მაგალითი, ასევე ანჯელინა ჯოლისა და კიდევ ათზე მეტი ქალის მონათხრობი ცხადყოფს, რომ დღეს 65 წლის ვაინსტაინი - მრავალი პრესტიჟული პრემიის, მათ შორის ოსკარის ლაურეატი - ბოროტად სარგებლობდა თავისი პოზიციით, რათა ქალები სექსზე დაეყოლიებინა და გაეჩუმებინა. ისინიც დუმდნენ, ვაინსტაინი კი განაგრძობდა პროდიუსერად მუშაობას, მუშაობას დიდი წარმატებით: მის სახელს უკავშირდება ფილმები, როგორიცაა „მაკულატურა“ (Pulp Fiction), „ჯანგო გათავისუფლებული“, „მეფის სიტყვა“, „ინგლისელი პაციენტი“, „შეყვარებული შექსპირი“...

მაგრამ, აი, „ნიუ-იორკ ტაიმსში“ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიით აგორდა სკანდალი, რომელმაც წერტილი დაუსვა ვაინსტაინის კარიერას. სულ რამდენიმე დღეში ის დაითხოვეს საკუთარი კომპანიიდან, გარიცხეს ამერიკის კინოაკადემიიდან, რომელიც ოსკარებს გასცემს, ჩამოართვეს ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია. ვაინსტაინი, მართალია, ირწმუნება, რომ ყველა, ვისთანაც ინტიმური კავშირი ჰქონდა, ამას ნებაყოფლობით აკეთებდა, მაგრამ რამდენიმე ქალი პროდიუსერს არათუ არასასურველ ურთიერთობაზე დაყოლიების მცდელობაში ადანაშაულებს, არამედ გაუპატიურების ბრალდებასაც კი უყენებს! 20 ოქტომბერს გავრცელდა ჯერჯერობით ბოლო ცნობა, რომელიც ეხება გამოძიების დაწყებას სქესობრივ ძალადობაში ვაინსტაინის ეჭვმიტანის გამო.

კვენტინ ტარანტინო "ოქროს გლობუსზე", Django Unchained-ის წარმატება "ოქროს გლობუსის" 70-ე დაჯილდოებაზე 2013 წელს
კვენტინ ტარანტინო "ოქროს გლობუსზე", Django Unchained-ის წარმატება "ოქროს გლობუსის" 70-ე დაჯილდოებაზე 2013 წელს

ამასობაში, ვაინსტაინის გარშემო სკანდალმა ააგორა დისკუსია, რომელშიც მრავალი ადამიანი ჩაერთო - მათ შორის პოლიტიკოსები და კინოვარსკვლავები. ბევრ შემთხვევაში გრჩება შთაბეჭდილება, რომ ქალებთან ვაინსტაინის ურთიერთობის „სტილი“ ჰოლივუდში გამონაკლისი არ არის და რომ საკუთრივ ვაინსტაინის შესახებ აქამდეც კარგად იყო ცნობილი. ამდენად, სდუმდა არა მარტო მსხვერპლი, რომელსაც რცხვენოდა და ეშინოდა, არამედ სდუმდნენ ვაინსტაინის თანამშრომლებიც, კოლეგა პროდიუსერები, რეჟისორები... სახელგანთქმული კვენტინ ტარანტინო 20 წელიწადზე მეტხანს თანამშრომლობდა პროდიუსერთან და აღიარებს, რომ მსახიობი ქალებისაგან არაერთხელ სმენია ჰარვი ვაინსტაინის უხამსობაზე. საკმარისი ვიცოდი საიმისოდ, რომ მეტი გამეკეთებინა, ვიდრე გავაკეთეო, - უთხრა მან „ნიუ-იორკ ტაიმსს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG