Accessibility links

HRW: 2019 წელი საქართველოსთვის პოლიტიკური დაძაბულობით და პროტესტით იყო გამორჩეული


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ (HRW) აქვეყნებს თავის ყოველწლიურ, რიგით 30-ე, ანგარიშს, რომელშიც შეფასებას აძლევს 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. განსაკუთრებით პრობლემურადაა მიჩნეული ვითარება სირიასა და იემენში, სადაც სირიის სამთავრობო ძალები, რუსეთი და საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია უხეშად უგულებელყოფენ საერთაშორისო წესებს სამოქალაქო პირების დაცვასთან დაკავშირებით, მათ შორის, სამოქალაქო პირებზე თავდასხმისა და საავადმყოფოების დამბომბვის აკრძალვას. ასევე ხაზგასმულია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები ჩინეთში. ორგანიზაციის შეფასებით, სულ უფრო მეტად იზრდება ისეთი მთავრობების რიცხვი, რომლებიც უწინ თავიანთ საგარეო პოლიტიკაში ადამიანის უფლებების დაცვასაც ითვალისწინებდნენ, მაგრამ ახლა ეს აღარ სურთ - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ჩათვლით. მწვავე პრობლემადაა მიჩნეული ავტოკრატი პოპულისტების მოსვლა ხელისუფლებებში უმცირესობების დემონიზების გზით და მათ მიერ ძალაუფლების შენარჩუნება დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მოსამართლეების, აქტივისტების განეიტრალებით.

საქართველო: ზოგადი შეფასება

„გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა“.


რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშში თავიდანვე აღნიშნულია, რომ 2019 წელი იქ პოლიტიკური დაძაბულობითა და საარჩევნო რეფორმის შესახებ საპროტესტო გამოსვლებით იყო გამორჩეული.

„მთავრობამ ივნისში გადაჭარბებული ძალა გამოიყენა დიდწილად არაძალადობრივი საპროტესტო აქციის დასაშლელად, დააკავა და სხეული დაუზიანა უამრავ ადამიანს და შემდეგ ანგარიშვალდებულების საკითხი დიდწილად ცალმხრივად დააყენა. შემდგომი პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად გადადგა პარლამენტის სპიკერი და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პირველ ეტაპზე დათანხმდა 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, თუმცა შემდეგ ეს ინიციატივა კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც ახალ პროტესტს მისცა ბიძგი. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელ არჩევნებს და ცვლილებებს არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემაში, რომელიც მმართველ პარტიას ანიჭებს დისპროპორციულ უპირატესობას“, - ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სხვა პრობლემურ საკითხებს შორისაა შრომის უსაფრთხოების არასაკმარისად დაცვა, მედიის პლურალიზმისთვის შექმნილი საფრთხეები, გაუმართლებლად მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაცია.

სამართალდამცავთა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა

„გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა“, - ვკითხულობთ ანგარიშის პირველივე ნაწილში. იქვე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ფინანსების ნაკლებობის საბაბით ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის უწყების ამუშავება - რომელიც 2018 წელს შეიქმნა სამართალდამცავთა და საჯარო პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. უწყება ბოლოს 1 ნოემბერს ამუშავდა.

„სექტემბრის თვისთვის ომბუდსმენის ოფისს მიღებული ჰქონდა 54 საჩივარი საპატიმროების ზედამხედველების თუ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და მან პროკურატურას 52 საქმის გამოძიება სთხოვა. სამართლებრივი დევნა არც ერთ საქმეზე არ დაწყებულა“.

ამავე ქვეთავში აღწერილია 20 ივნისის ღამის მოვლენები - რუსეთის დეპუტატის პარლამენტში გამოჩენით დაწყებული საპროტესტო აქცია და მისი დაშლა.

„ზოგიერთმა დემონსტრანტმა რამდენჯერმე სცადა პოლიციის კორდონის გარღვევა, ისინი იტაცებდნენ და ზიანს აყენებდნენ სპეცდანიშნულების რაზმის აღჭურვილობის ნაწილებს. სხვა მხრივ, შეკრებილები დიდწილად არაძალადობრივები იყვნენ. სპეცდანიშნულების პოლიციამ თავდაპირველად თავდაჭერილობა გამოავლინა, თუმცა დაახლოებით შუაღამისას, გაფრთხილების გარეშე, მათ ცრემლმდენი გაზით და რეზინის ტყვიებით გაუხსნეს ცეცხლი შეკრებილებს, მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც შეკრებას ცდილობდნენ“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სხეულის დაზიანება მიიღო და ექიმებს მიმართა 240-მდე ადამიანმა, მათ შორის, 80-მა პოლიციელმა და 32-მა ჟურნალისტმა.

„ბევრ სამოქალაქო პირს რეზინის ტყვიებით დაუზიანდა თავი, ფეხები და ზურგი; ორმა ადამიანმა თითო თვალი დაკარგა“.

HRW აღნიშნავს, რომ პოლიციამ ასობით პირი დააკავა.

შემდეგ ხელისუფლებამ ანგარიშვალდებულების საკითხი დიდწილად ცალმხრივად დააყენა, - აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ მასობრივი არეულობის გამოძიებისას ბრალი წარედგინა სულ მცირე 19 დემონსტრანტს, ოპოზიციონერი პარლამენტარი ნიკა მელია შინაპატიმრობის პირობით გამოუშვეს.

„პროკურატურამ 67 პოლიციელს და მხოლოდ ოთხ სამოქალაქო პირს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი ... სამოქალაქო პროტესტის შემდეგ ნოემბერში ეს სტატუსი კიდევ სამმა ადამიანმა მიიღო“.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ პროკურატურამ სამ პოლიციელს წაუყენა ძალის გადამეტების ბრალდება და სასამართლომ სამივე გირაოთი გაათავისუფლა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი 11 სამართალდამცველი გააფრთხილა არასწორი ნაბიჯების გამო.

20 ივნისის პროტესტის მონაწილე
20 ივნისის პროტესტის მონაწილე

შრომის უფლებები

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თანახმად, სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების გამო ოქტომბრის ჩათვლით დაიღუპა 36 მუშა, დაშავდა 107“, - ვკითხულობთ ანგარიშის მეორე ქვეთავში. იქვე აღნიშნულია, რომ „საქართველოს შრომის კანონმდებლობა საკმარისად არ არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას. სუსტი წესები და აქედან გამომდინარე შრომის პრაქტიკა, რომელიც ხშირად პრიორიტეტს წარმოების სამიზნეებს ანიჭებს, ძირს უთხრის მუშათა უსაფრთხოებას. მაგალითად, მანგანეზის ზოგიერთ მაღაროში მუშები მიწის ქვეშ 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, ღამის ჩათვლით, გადაბმულად 15 დღე, რაც იწვევს გადაღლას და ზრდის სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების, დაშავების ალბათობას“.

HRW ასევე აღნიშნავს, რომ მაისში ზოგიერთი ამ მაღაროს 2 500-მდე მუშა 12 დღის განმავლობაში მართავდა გაფიცვას უკეთესი სამუშაო პირობებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. „ხელისუფლებამ იმუშავა საკანონმდებლო შესწორებებზე ... მაგრამ ანგარიშის შედგენის მომენტისთვის ეს ცვლილებები პარლამენტისთვის არ იყო წარდგენილი განსახილველად“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ტყიბული, მეშახტეების აქცია
ტყიბული, მეშახტეების აქცია

მედიის თავისუფლება

მედიის საკითხებისადმი მიძღვნილი ქვეთავის დიდი ნაწილი ეთმობა „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც „ვერ აღმოაჩინა სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა“ ამ ტელევიზიის მფლობელობის შესახებ საქმეში. სასამართლოს გადაწყვეტილებამ „შეარყია“ საქართველოს მედიასივრცეო, წერს HRW.

ანგარიშში მოთხრობილია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებული მოვლენები - მფლობელად ქიბარ ხალვაშის დაბრუნება და მის მიერ ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას, დანიშვნა, სალიასი, რომელმაც მალე გაათავისუფლა ნიუსრუმის ხელმძღვანელი, პოლიტიკური და გასართობი შოუების პროდიუსერები და წამყვანები და ამის მიზეზად ახალი ხელმძღვანელობის შესახებ მათი განცხადებების გამო შექმნილი ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამის შემდეგ სამსახურიდან წავიდა ნიუსრუმის თითქმის მთლიანი შემადგენლობა.

მოვლენების ქრონოლოგიის ჩამოთვლისას HRW წერს, რომ აგვისტოში პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, „ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის“ ბრალდება წაუყენა და განაცხადა, რომ მან ყალბი სარეკლამო შეთანხმების გაფორმებით ტელევიზიას 7,2 მილიონი ლარი დააკარგვინა. ორგანიზაცია წერს, რომ ამ ბრალდებას სამოქალაქო ორგანიზაციათა ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ სექტემბერში გვარამიამ ახალი პროოპოზიციური მაუწყებელი, „მთავარი არხი“, დააფუძნა და „რუსთავი 2“-ის ბევრი ყოფილი თანამშრომელი დაასაქმა.

HRW წერს კიდევ ერთი დამოუკიდებელი მაუწყებლის, „ტვ პირველის“, დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლისთვის წაყენებულ ბრალდებებზეც - თითქოს, ის თიბისი ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა ხაზარაძეს, და მის მოადგილეს უკანონო შემოსავლების დაკანონებაში დაეხმარა 2008 წელს. „სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეს ნაბიჯიც გააკრიტიკეს, როგორც ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ნარკოპოლიტიკა

„მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დევნის შემთხვევები შემცირებას განაგრძობდა,ხელისუფლებამ შეინარჩუნა მკაცრი ნარკოპოლიტიკა, რომელიც შესაძლებელს ხდის ადამიანების მხოლოდ მოხმარებისთვის დევნას (მარიხუანის გამოკლებით), ისევე როგორც ფლობის თუ პირადი მოხმარებისთვის“, - წერს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების სფეროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკას შეიტანდა და სადამსჯელო პრაქტიკას დიდწილად გააუქმებდა, პარლამენტში შეჩერებულია.

აქცია ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით. თბილისი, 2015 წელი
აქცია ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით. თბილისი, 2015 წელი

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ ლაპარაკობს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა პირველი „პრაიდის კვირის“ ჩატარების გეგმასთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა მოეცვა სხვადასხვა საზოგადოებრივი, პოლიტიკური, კულტურული ღონისძიება და 22 ივლისს მსვლელობით უნდა დასრულებულიყო. ორგანიზაცია წერს, როგორ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ ეს ღონისძიებები გარეთ ვერ ჩატარდებოდა, რადგან მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული არ იყო. HRW ასევე წერს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაზე, რომელმაც მთავრობას მოუწოდა, „არ დაეშვა“ თბილისის პრაიდი. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ულტრაკონსერვატორი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ორ დღეში საპატრულო ჯგუფების შექმნა გამოაცხადეს თბილისი პრაიდისა და გეების წინააღმდეგ. „პოლიციამ ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ანგარიშის შედგენის დროს შედეგი არ დამდგარა“, - ვკითხულობთ ტექსტში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ღონისძიებები შენობებში მოეწყო, 8 ივლისს კი 40-მდე აქტივისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართა მსვლელობა.

HRW ასევე წერს იმ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ულტრანაციონალისტურმა სიძულვილის ჯგუფებმა და მათმა მხარდამჭერებმა მოაწყვეს შვედურ-ქართული ფილმის, სათაურით „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ჩვენების წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სიძულვილის ჯგუფების წევრები ავიწროებდნენ და ზოგ შემთხვევაში თავს ესხმოდნენ კინოთეატრებში მისულ ადამიანებს. პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავა 27 პირი და ერთს ძალადობის სისხლისსამართლებრივი ბრალდება წარედგინა, აღნიშნავს ორგანიზაცია.

ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეები

საქართველოს შესახებ თავის ბოლო ნაწილი ეთმობა ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო მოთამაშეებს. აღნიშნულია, რომ მარტში ევროკავშირმა და საქართველომ შეხვედრა გამართეს ასოცირების ხელშეკრულების დანერგვის პროგრესის შესაფასებლად - მხარეები მიესალმნენ „სტრუქტურულ რეფორმებს და ხაზი გაუსვეს რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას“, - ვკითხულობთ ანგარიშში. HRW ასევე აღნიშნავს ევროკავშირის პოზიციას - რომ მნიშვნელოვანია საქართველოში იყოს ინკლუზიური პოლიტიკური გარემო, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

ანგარიშში მოთხრობილია აპრილში საქართველოში გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფის ვიზიტზე, რომლის დროსაც აღინიშნა შრომის ინსპექციის არაეფექტიანობა; მაისში გაეროს, ევროკავშირის, აშშ-ისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზე, რომ აუცილებელია აღმოიფხვრას ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა და მათი დისკრიმინაცია.

HRW წერს ივნისში გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზეც, რომლითაც აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეათე წლისთავი და ხაზი გაესვა პლურალისტური დემოკრატიის ხელშეწყობის მნიშვნელობას საქართველოს განვითარებისთვის.

HRW აღნიშნავს, რომ ივნისში აშშ-ის საელჩომ შეშფოთება გამოთქვა თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის წარდგენილი ბრალდებების „კონტექსტსა და პერიოდზე“ და საქმის გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ნოემბერში გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებმა აღნიშნეს ‘ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ღრმა იმედგაცრუება’ ჩავარდნილი საარჩევნო რეფორმის გამო“, - წერს HRW.

ორგანიზაცია თავის ანგარიშში განიხილავს ასევე საერთაშორისო სტრუქტურების ჩართულობას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით. HRW აღნიშნავს, რომ მარტში მიღებულ რეზოლუციაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ შეშფოთება გამოხატა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) კი განაგრძობდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სამხრეთ ოსეთის გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG