Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის არჩევნებში უმრავლესობა შინზო აბემ მოიპოვა, თუმცა ამომრჩეველი მის ზოგიერთ მიზანს სკეპტიკურად უყურებს


იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე
იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე

იაპონიის 22 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე „სუპერ-უმრავლესობა“ მოიპოვა პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ, თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ამ ფაქტის მიუხედავად, მას ბევრი ამომრჩეველი კვლავაც სიფრთხილით ეკიდება, მისი ნაციონალისტური ინსტინქტების გამო. ამ ამომრჩეველს აშინებს აბეს სურვილი შეცვალოს ქვეყნის პაციფისტური კონსტიტუცია.

ახლა, როცა პარლამენტში მანდატების ორ მესამედს ფლობს, აბე შეძლებს დაიწყოს პროცესი, რომელიც გააძლიერებდა სამხედროთა როლს. მას უკვე დიდი ხანია ეს სურვილი ამოძრავებს.

შთამბეჭდავი შედეგის მიუხედავად, ანალიტიკოსები ამ მონაცემს მაინც არ განიხილავენ 63 წლის ვეტერანის უპირობო მხარდაჭერად. ისინი თვლიან, რომ აბემ ეს შედეგი უფრო ინერციით აჩვენა.

სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს ვაშინგტონში განთავსებული Teneo Intelligence-ის ანალიტიკოსის, ტობიას ჰარისის, სიტყვებს: ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა აბეს რთული მიმართება იაპონელ ხალხთანო. „გაკეთებული საქმეებისთვის მას დიდწილად აფასებენ“, - ამბობს ჰარისი და დასძენს, თუმცა იგი არ უყვართო.

„კიოდო ნიუსის“ მიერ ჩატარებულმა ეგზიტ-პოლმა აჩვენა, რომ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი - 51 პროცენტი - პრემიერ-მინისტრს არ ენდობა. ლიბერალური ორიენტაციის Asahi Shimbun-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 47-მა პროცენტმა თქვა, რომ იაპონიის ლიდერად სხვა პირის ხილვას ისურვებდა.

სულ რამდენიმე თვის წინ ამის შესაძლებლობა არსებობდა.

აბე პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძოდა, ჩაფლული იყო სკანდალში და ცდილობდა გამკლავებოდა ტოკიოს მუნიციპალურ არჩევნებზე განცდილი მარცხის გავლენებს.

იაპონიის რუკა
იაპონიის რუკა

მაგრამ გასულ თვეში მან მოულოდნელად ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რაც მისმა ოპონენტებმა აღიქვეს ოპორტუნისტულ მანევრად: აბემ ოპოზიციის სისუსტით ისარგებლა და ყურადღება მოადუნა თავის პრობლემებზე, მათ შორის ბრალდებაზე, რომ ბიზნესის ხელშეკრულებაში თავისი მეგობრის მიმართ ფავორიტიზმი გამოავლინა, რასაც თავად აბე გადაჭრით უარყოფს.

იყო მომენტი, როცა ვარაუდობდნენ, რომ აბეს ამ პოლიტიკურ რისკზე წასვლა ძვირად დაუჯდებოდა.

ტოკიოს ქარიზმატულმა მმართველმა ქალმა და მედიასთან ურთიერთობის უბადლო მცოდნემ, იურიკო კოიკემ, ახალი პარტია დააარსა და ამით ტელევიზიის თუ ბეჭდური მედიის მთავარ ამბად იქცა დღეების განმავლობაში.

ამ „იმედის პარტიის“ დაარსებამ უპრეცედენტო გამოღვიძება მოუტანა იაპონიის ზოგადად ლეთარგიულ პოლიტიკურ ცხოვრებას.

პრაქტიკულად დაიშალა მთავარი ოპოზიციური პარტია, მემარცხენე ორიენტაციის დემოკრატიული პარტია - იქიდან ბევრი დეპუტატი კოიკეს პარტიაში გადავიდა. იდეოლოგიურად, კოიკეს პარტია ბევრ ასპექტში ჰგავდა აბეს პოლიტიკურ ძალას, თუმცა მასში მიმზიდველი სიახლე იყო.

დემოკრატიული პარტიის დანარჩენმა წევრებმა ახალი პარტია, „საკონსტიტუციო დემოკრატები“, შექმნეს.

თუმცა დარჩენილ მოკლე დროში მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიის წარმართვა ვერც ერთმა ამ ახალმა პარტიამ ვერ შეძლო სათანადოდ და ორივე მალევე დასუსტდა.

აბეს ახლა პარლამენტის ქვედა პალატაში ორი მესამედი აქვს, რაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების კონტროლს ნიშნავს.

ვარაუდობენ, რომ ის ამ გამარჯვებას გამოიყენებს კონსტიტუციის შეცვლის ხანგრძლივი პროცესის დასაწყებად. ეს აბეს პირადი და დიდი სურვილია, რაშიც მას მხარს უბამს კიდევ რამდენიმე მემარჯვენე პოლიტიკოსი, თუმცა იაპონიის მოქალაქეების უმრავლესობა ამას მკვეთრად უარყოფითად აღიქვამს.

პრემიერს სურს შეცვალოს აშშ-ის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელსაც კონსერვატორები ომში დამარცხების დღეს უკვე მოძველებულ შედეგად მიიჩნევენ. ახალი კონსტიტუციით იაპონიას უნდა შეეძლოს თავისი კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი „თავდაცვითი ძალა“ ოფიციალურად შეცვალოს სრულუფლებიან არმიად.

აბეს პრობლემას შეუქმნის ის გარემოება, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი დადებითად და სიამაყით ეკიდება კონსტიტუციაში გაწერილ სამშვიდობო მუხლებს, რომლებიც, მათი რწმენით, წაადგა ქვეყანას ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში.

ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც რემილიტარიზაციად შეიძლება იყოს აღქმული, მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ჩინეთი და ორივე კორეა. გასულ საუკუნეში ეს ქვეყნები იაპონიის მსხვერპლნი იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG