Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ერეკლე იანტბელიძე

სტატიას ფონად გასდევს მაილს დევისის - “So What” ალბომიდან “Kind of Blue”.

... მერე რა?.. 1945 წლის 28 იანვარს სამყაროს მოევლინა ადამიანი, რომელმაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, საზოგადოებაში გაითქვა სახელი საკუთარი „ეკონომიკური აღსარებებით“. საქმე იმაშია, რომ „აღსარებათა“ ციკლს წლიდან წლამდე ემატება ფაქტებიცა და მაგალითებიც, რადგან მასში აღწერილ მოვლენათა უმრავლესობას აქვს, თვისობრივად ერთი თავი და ერთი ბოლო. ჯონ პერკინსი, ამერიკელი ეკონომისტი და ახლა უკვე ავტორი წიგნისა „Confession Of An Economic Hit Man” საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გვიყვება გაუხმაურებელ ფაქტებზე, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ ამერიკული „დემოკრატიის“ ნაკლოვანებებს. წიგნი იმითაა საინტერესო, რომ მთავარი გმირი (ავტორი) წააგავს ფილმის პერსონაჟს, რომელიც განიცდის, მოქმედებს, აწყდება გარკვეულ დილემებს და საბოლოო ჯამში იღებს გადაწყვეტილებებს. „აღსარებათა“ სერიებში საუბარია სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, პასუხისმგებლობასა და აზარტზეც კი. მიუხედავად წიგნში აღწერილი გრძნობებისა, მკითხველში აღტაცებას უფრო მეტად იწვევს პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტები, რომელთაც არც ისე ღია გამოხატულება ჰქონიათ იმ დროის ფართო საზოგადოებრივ წრეებში. ჯონ პერკინსი სავარაუდოდ წიგნის მკითხველად მოიაზრებს განვითარებული, დასავლური სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან ამავე საუკუნის ბოლომდე საკუთარი ძალები შეალიეს კომუნიზმთან ბრძოლას და ვერ აღიქვეს ა.შ.შ.-ის ფარული გეოპოლიტიკური ინტერესები, ცენტრალური ამერიკაში, აფრიკისა თუ ახლო აღმოსავლეთში. ერთი წინადადებით, რომ გამოიხატებოდეს პერკინსის იდეა და სათქმელი, სავარაუდოდ მას ასეთი სახე ექნებოდა: სამყარო კორპორატოკრატიის კლანჭებში.

კორპორატოკრატიის როგორც სოციალური სტრუქტურის განხილვისას ნათლად დავინახავთ, რომ იგი არაფრით განსხვავდება თუნდაც ფეოდალური სოციალური სტრუქტურისაგან, რადგან თვისობრივად პირველი ისევე იერარქიულია, როგორც მეორე და მეორე ისეთივე დაუნდობელია, როგორც პირველი. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ის არის, რომ ფეოდალური სტრუქტურა ნათლად და ყველას დასანახად ატარებს საკუთარ ინტერესებს სხვადასხვა სოციალურ დონეზე, ხოლო კორპორატოკრატია შეფარულად, ჯაშუშობით, მოტყუებითა და ცბიერებით ცდილობს ინდივიდებზე ზეგავლენის მოხდენას. ფეოდალიზმში თუ მეფე დგას ყველაზე და ყველაფერზე მაღლა, კორპორატოკრატიაში უშუალოდ სახელმწიფო, როგორც ფუნქციონალური სტრუქტურა იკავებს უმაღლეს ეშელონს. კიბის მეორე საფეხურზე, ფეოდალიზმში - თავადები ხოლო, კორპორატოკრატიაში მსხვილი კორპორაციაები და ეკონომიკური (დაქირავებული) მკვლელები ექცევიან (EHMs); მესამე საფეხურს ფეოდალიზმში - აზნაურები ხოლო, კორპორატოკრატიის შემთხვევაში - ე.წ. „ტურები“ (იგულისხმება CIA, NSA) იკავებენ; ყველაზე საინტერესო მაინც სოციალური სტრუქტურის ბოლო, მეოთხე საფეხურია, სადაც ფეოდალიზმის შემთხვევაში - გლეხები ხოლო, კორპორატოკრატიის შემთხვევაში - განვითარებადი სახელმწიფოების ლიდერები ექცევიან, რომლებიც უნდა დამორჩილდნენ ამერიკული „დემოკრატიის“ იდეებსა და მისწრაფებებს.

წიგნის წაკითხვის შემთხვევაში იფიქრებ, რომ შესაძლოა აღნიშნული ნაშრომი ვინმეს დაკვეთაა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ავტორი აკრიტიკებს, როგორც ამერიკის რესპუბლიკურ, ისე დემოკრატიულ პარტიას. ასევე შეიძლება იმაზეც დაფიქრდე, რომ წიგნი ატარებს გამოხატულად „მემარცხენე“ იდეებს, თუმცა წიგნში უფრო მეტად საუბარია საგარეო პოლიტიკურ საკითხებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ მულტინაციონალური კორპორაციების მოქმედებებზე. იდეოლოგიური თვალსაზრისით იგი ნაკლებადაა ანგაჟირებული. ჯონ პერკინსი (ავტორი) წარმოადგენს ჩემს მიერ ნახსენებ ეკონომიკურ (დაქირავებულ) მკვლელს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერს ხვდება და ითრევს მათ ამა თუ იმ მსხვილ ეკონომიკურ გარიგებაში, რომლის ბოლო მხოლოდ ერთია - გარიგებაში ჩათრეული სახელმწიფოს სრული ეკონომიკური და სოციალური დეგრადირება. წაკითხვის მომენტში ხშირად გექმნება იმის შთაბეჭდილებაც, რომ თითქოს ეს ყოველივე ისედაც ცხადია, თითქოს ა.შ.შ.-ის იმპერიალისტური ნაბიჯები ყველასთვის ნათელი და გასაგებია და სვავ ლოგიკურ კითხვას, მერე რა?... ეს ხომ ისედაც ნათელია?!

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა დავინახოთ ამ წიგნში არის თავად ავტორის, მაშასადამე პერკინსის მიზანი. რა მიზნით წერს იგი „აღსარებას“? რას მოითხოვს მკითხველისგან? კრიტიკას, შეწყალებას, გასამართლებას, გმირად აღიარებას თუ... რასაც არ უნდა მოითხოვდეს მერე რა?...

ზემოთ ნახსენები კომპოზიცია „So What” საკუთარი მუსიკალურობით და აქცენტირებით (ჩემი აზრით) ზუსტად გამოხატავს ეკონომიკური (დაქირავებული) მკვლელის მოქმედების ტაქტიკასა და პრინციპებს (მხედველობაში მყავს წიგნის ავტორი - ჯონ პერკინსი). კონტრაბასის მიერ დაწყებული მონოტონური მელოდია ისეთივე მშვიდ გარემოს ამზადებს პროცესების, მაშასადამე კომპოზიციის წასამართად, როგორც კორპორატიული სტრუქტურა EHMs -ის სამოქმედო გარემოს. საყვირი თავად ეკონომიკური მკვლელია, რომელიც საქსოფონთან ხან რიტმობრივ ჰარმონიაში მოდის, ხანაც სცდება მის ჩარჩოებს. EHMs -ის მოქმედებაც ასეა, ისინი ხან თანამშრომლობენ კონკრეტული სახელმწიფოს მაღალჩინოსნებთან, ხანაც მათ შორის ეკონომიკური გარიგება სრული ფიასკოთი მთავრდება, რასაც მოსდევს დიდი ალბათობით ამავე სახელმწიფოს ლიდერის ლიკვიდირება. კომპოზიციაში მაილზ დევისის მიერ შიგადაშიგ გაჟღერებული ბგერები, ისეთივე მელანქოლიურ ასოციაციებს იწვევს, როგორც პერკინსის „აღსარებანი“ მკითხველისთვის. საბოლოოდ მუსიკალურ კომპოზიციას ისეთივე დასასრული აქვს, როგორიც დასაწყისი. ასევეა წიგნის შემთხვევაში, მიუხედავად მისი გამოქვეყნებისა და ფართო გავრცელებისა, ის სოციალური სტრუქტურები დღემდე არ იცვლება საზოგადოებაში, როგორიც იყო იგი დასაწყისში. თუმცა სოციალური სტრუქტურების ცვლილება ინდივიდებს ხომ არ ძალუძთ? მერე რა ?...

მერე ის, რომ ადამიანებს გვმართებს უფრო მეტად დავფიქრდეთ იმაზე, რაც განაპირობებს ერთი მხრივ ჩვენივე მორალური პრინციპების უარყოფას ხოლო მეორე მხრივ, საკუთარ ეგოისტურ ინტერესებს, რომელიც გვაქცევს სხვების უბედურების მიზეზად. ფიქრია საჭირო, რადგან ერთ დღესაც, შესაძლოა სხვა გახდეს შენი უბედურების მიზეზი და მაშინ უკვე გვიან იქნება იმის აღვნიშვნა, რომ მერე რა?..

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG