Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგა თეთრაძე - მასწავლებელი


17 ნოემბერი, კვირა
ისევ გვიან ავდექი. სულ მიკვირს, რატომ ვერასოდეს მივეჩვიე ადრე გაღვიძებას. ადრე დედა მაღვიძებდა, თან სულ საათს მატყუებდა, სწრაფად რომ გამოვფხიზლებულიყავი. ახლა ჩემი და მაღვიძებს ორიგინალური მეთოდით: მეზობელი ოთახიდან კედელზე მიკაკუნებს და, ვიდრე მეც კაკუნით არ ვუპასუხებ, არ ჩერდება. მეტი რა გზა მაქვს, ვდგები...

დღეს დიდი დღეა, მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციაა. ვდგები და მაშინვე ტელევიზორს ვრთავ. ყველა არხი პრეზიდენტის ინაუგურაციას აშუქებს, ოღონდ სხვადასხვაგვარად, აქცენტებია სხვადასხვა. ზოგიერთი არხი ფინანსურად ითვლის დანახარჯს და კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ წლევანდელი ინაუგურაცია მოკრძალებულია და წინა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოთხჯერ ნაკლები დაჯდა; ზოგი სტუმრების ჩაცმულობას უსვამს ხაზს, თითოეული კოსტიუმის ღირებულებასაც გვატყობინებს; ვიღაცის ობიექტივი უხერხულ ჟესტებზე ჩერდება დიდხანს. მოკლედ, დადიან ეს ჟურნალისტები და აშუქებენ ისე, როგორც ესმით ან როგორც დაავალეს. გარეთ მოსეირნე ხალხის ნაწილი აღშფოთებულია: ჩვენ რატომ არ დაგვპატიჟესო? ნაწილი კი მშვიდადაა: ეგ არაფერი, ტელევიზორში ხომ ვნახავთო... ხალხს ვინღა ჩივის, თავად ექს-პრეზიდენტი არ დასწრებია ამ ღირსშესანიშნავ დღეს, სხვა ქვეყნების პრეზიდენტებმაც ვერ მოიცალეს. მაგრამ ეგ არაფერი, ლიტვის პრეზიდენტი აქ არის. და, რაც ყველაზე მთავარია, პატრიარქი ლოცავს ხელისუფალს. ისე, ყველაფერი მართლაც ძალიან ლამაზია. ახალ პრეზიდენტს თავი კარგად უჭირავს, თანმხლები ქალბატონი კეკლუცი და მშვენიერია, ყველას კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებს.

ესეც ასე: „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საზეიმო ფიცს დებს. ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ვნახოთ, რა იქნება. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, ცოტა მეშინია. წარსულის გამოცდილება მაფიქრებინებს ასე, და რა ვქნა. მაგრამ მაინც, ყოველი დღე ხომ რაღაც ახლის დასაწყისია და იმედია, ახალი ხელისუფლება შეცვლის ქვეყნის ცხოვრებას.

ახლა ოჯახს უნდა მივხედო, სადილი მაქვს გასაკეთებელი. შემდეგ ლიკასთან უნდა წავიდე. ვენაცვალე, ავადაა და ამიტომ გრაფიკიც შეიცვალა. წოლითი რეჟიმი აქვს, ამიტომ ვერ მოვიდა ჩემთან და იქ მივდივართ გოგოები. საღამოს მოვალ, ფეისბუკს ჩავუჯდები, მერე კი დავიძინებ. ხვალ ორშაბათია. დავიძინებ და ვიფიქრებ, დიეტაზე ხომ არ გადავიდე-მეთქი, მერე ალბათ გადავიფიქრებ - ორშაბათი მძიმე დღეა, სამშაბათს იყოს. მეცინება და თან მეტირება ჩემს მდგომარეობაზე.

თავისუფლების დღიურები - ინგა თეთრაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:16:13 0:00

18 ნოემბერი, ორშაბათი
ისევ კედელზე კაკუნი, უფრო სწორად, ბრახუნი მაღვიძებს. სწრაფად ვდგები და სკოლაში წასასვლელად ვემზადები. წელს პირველი კლასი მყავს და ადრე უნდა მივიდე. ჩემი „წიწილები“ ფოიეში მელოდებიან. ვიდრე არ მივალ, დედიკოებს არ უშვებენ. ეშინიათ, ინგა მასწავლებელი რომ არ მოვიდესო?.. ცხრას რომ ათი წუთი აკლია, უკვე იქ ვარ. ვაგროვებ პატარებს და საკლასო ოთახში ამყავს. ყველა თავის ამბავს მიყვება: რა ხდებოდა შაბათ-კვირას, სად იყვნენ, რა აკეთეს... მშობლების ყველა საიდუმლოს გათქვამენ ხოლმე, სასაცილოები არიან! ხან ერთი აბრალებს დედამისს, დაღლილობისას შამპანურს სვამს დედაჩემიო და ხან მეორე ედავება, ღვინო ჯობიაო, მოკლედ, არ მთავრდება. მალე ზარი ირეკება და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ილია დაგვიანებით შემოდის, გაბუტულია. არ უნდა სკოლაში, ბაღში ურჩევნია, მაგრამ ეს დილით, მერე აღარც კი ახსენდება და ისიც მოსწავლის სტატუსს ირგებს. გერმანე რაღაცას მეკითხება შეწუხებული: „საათი რიჯა?“ ვერაფერს ვხვდები. ბავშვებს ვიშველებ, ეგებ თქვენ გაიგოთ, რას მეკითხება-მეთქი, მაგრამ ვერც იმათ გამოიცნეს. ბოლოს ინტუიციურად ვხვდები: სად არის ლიზაო, მეკითხებოდა. გულიანად მინდოდა გამეცინა, მაგრამ, აბა, როგორ? გერმანე ძალიან საყვარელი ბიჭია, სომეხია და ქართული არ იცის. დედამისს უნდა, რომ ქართულად გაზარდოს. საქართველოში ვცხოვრობ და რუსულ სკოლაში რატომ შევიყვანოო, ამბობს. მიხარია, ასე ფიქრობს.

დღეს ახალი ასო-ბგერა უნდა ავხსნა. ვიღებთ ეგრეთ წოდებულ „მფრინავ ხალიჩას“, ვსხდებით და მივფრინავთ ანბანის სამეფოში, სადაც ახალი ასო-ბგერა უნდა ვიპოვოთ და გავიცნოთ. ანბანის სამეფო ცხრაკლიტულითაა ჩარაზული და ვიდრე ცხრა შეკითხვას არ უპასუხებენ, გასაღებს ვერ მიიღებენ. ყველა მოტივირებულია, რომ გასაღები ჩაიგდოს ხელში, ამიტომ ერთმანეთს ასწრებენ პასუხებს და ვართ ერთ ამბავში! ამ მხიარულების ფონზე გაკვეთილიც შეუმჩნევლად მთავრდება და ზარიც ირეკება. მეორე „ფანჯარა“ მაქვს - ბავშვებს მუსიკა აქვთ.

სამასწავლებლოში დიდი ქოთქოთია, გუშინდელ ამბებს განიხილავენ. მასწავლებლები ისედაც ხმაურიანი ხალხი ვართ და ახლა მით უმეტეს! თემაა ისეთი, რომ ერთმანეთს ვასწრებთ აზრების გადმოფრქვევას. ზოგი ძალიან კმაყოფილია, ზოგი საშუალოდ, არიან გულდათუთქულებიც...

მაგიდაზე ნამცხვრები აწყვია, გუშინ მასწავლებლის სახლში კონფერენცია გვქონდა. დირექტორმა აღგვინიშნა წარმატებული გამოსვლა, სკოლაც ვაკურთხეთ და ახლა ტრაპეზის ნარჩენების განადგურებას ვცდილობთ. დიეტა ისევ არ გამომივიდა, მაგრამ ვინ გაცლის ჭამას - ხან ერთმა დამიძახა, ხან მეორემ, ხან რა დამავალეს, ხან რა მომთხოვეს. აღშფოთებული ვქოთქოთებ, მაცადეთ-მეთქი. ეკამ დამაწყნარა: ხომ ხედავ, ერთი არ გვყოფნი და უნდა გადაგაქსეროქსოთო. ატყდა სიცილ-ხარხარი, ჯოლიას გადამკიდე, კოლეგებმა „ქსეროქსა“ დამარქვეს.

ცნობილია: „ფანჯარა“ უფრო მალე მთავრდება, ვიდრე გაკვეთილი, და ზარიც მალე დაირეკა. ისევ ჩემს „ბაჭიებთან“ დავბრუნდი. სკოლის შემდეგ ელიავას ბაზრობაზე უნდა წავიდე, ონკანი გამიფუჭდა.

ახლა ღამის სამი საათია, გალაკტიონის ლექსი გამახსენდა: „...ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება...“ მე მეძინება, უნდა დავიძინო. ხვალ ისევ იგივე იწყება.

19 ნოემბერი, სამშაბათი
სკოლა სახლთან ახლოს მაქვს, მაგრამ მაინც სულ ცაიტნოტში ვარ. დღესაც ტაქსით წავედი, რაც უნდა ადრე ავდგე, ერთსა და იმავე დროს გავდივარ სახლიდან – ეს რაღა უბედურებაა, არ ვიცი. ვიდრე მოვწესრიგდები, ტანსაცმელს ამოვარჩევ, დრო ისე სწრაფად გარბის, ვერ ვსაზღვრავ. ვინმე მეტყვის, ტანსაცმელი საღამოთი გაიმზადეო. არ გამოვა, ბატონო, ეგ ამბავი! დილით მაინც სხვა რამის ჩაცმას მოვინდომებ. ამაზე ბევრს ვფიქრობ, იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ვეპრანჭები, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელი ვარ და სხვა უფლება არა მაქვს, განსაკურებით, პატარებთან. ამ ასაკში ბავშვებს მასწავლებელი ხატად ექცევათ ხოლმე, ამ ასაკში უყალიბდებათ გემოვნება, ესთეტიკის განცდა და ძალიან უყვართ, როცა მასწავლებელი კარგად გამოიყურება. ჯერ ჩემს სამკაულებს დაათვალიერებენ, ფრჩხილებს დააკვირდებიან, ჩაცმულობას შეგიფასებენ და მერე იხედებიან წიგნებში.

ბავშვები იტალიურის მასწავლებელს ჩავაბარე და სამასწავლებლოში შევედი. „ქსეროქსა“ მოვიდაო, ატეხეს ამბავი. ჯერ პასუხის თავი არ მაქვს, ყავა უნდა დავლიო და გამოვფხიზლდე. ახალი ჟაკეტი მაცვია და ატეხეს ჭყლოპინი. დამეტაკნენ, გვაჩუქეო. მიჩვეულები არიან ჩემგან ჩუქებას. მე ვუთხარი, თუ რომელიმე თქვენგანი გაბედავს და იტყვის, რომ არ მიხდება, ახლავე გავიხდი-მეთქი. დაწყნარდნენ. აბა, ვინ გაბედავდა?!

ამასობაში მეორე გაკვეთილიც დაიწყო. ბავშვები დღეს წერაში ვავარჯიშე ბევრი. ოთხი გაკვეთილი ჩავატარე, დავიღალე. დღეს ლიკასთან უნდა წავიდე, მელოდება. საღამოს სიამოვნება მელის: გოგი გვახარიას წიგნი შევიძინე და ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ; თან „ახალ ქართულ ხმასაც ვუყურებ“ – მიყვარს ეს პროექტი.

20 ნოემბერი, ოთხშაბათი
თავის ტკივილი ამყვა, წუხელ გვიან დავიძინე. ისე მიკვირს, გეგონება, სულ ასე არაა. არ მეყო ძილი. ისევ ტაქსით წავედი. პირველ გაკვეთილზე ერთი ბავშვი არ მესწრებოდა. შესვენებაზე მიზეზი მოვიკითხე და ძალიან შევწუხდი, როცა გავიგე, რომ ბაჩი იტალიაში მიჰყავთ, დედ-მამასთანო. სასაცილო, ჟღალი ბიჭია. ვგიჟდები, ისე შემაყვარა თავი! აქ ბებია ზრდიდა, მშობლები კი იტალიაში ჰყავს. თან მეწყინა და თან გამიხარდა. ბავშვი მშობლებთან უნდა იზრდებოდეს.

დღეს კათედრის სხდომა გვაქვს. კათედრის ხელმძღვანელიც ვარ. მერე გოგოები ჩემთან მოდიან. მოენატრათ ჩემი მჭადი და ყველი. როგორც ჩემი მეგობრის ქმარმა იხუმრა, ინგასთან მჭადი და ყველი ბილეთში შედისო. ყველი აღარ მქონდა და მაღაზიაში შევედი. გოგოები გარეთ მელოდებოდნენ. იმდენ ხანს ვარჩევდი, რომ ბოლოს ერთი შემომივარდა და ატეხა ყვირილი: ყველი ვერ გიყიდია და რა გაგათხოვებსო?! ატყდა მაღაზიაში სიცილ-ხარხარი, მე ერთხელ მითხრა ჩემმა ქმარმა „წა...“ და სიტყვა აღარ დავამთავრებინე, ისე წავყევი... მოკლედ, გამომაგდეს იმ მაღაზიიდან ისე, რომ ჩემი მოსაწონი ყველი მაინც ვერ ვიყიდე. გამოვაცხვე მერე გემრიელი „ჭადუკები“, ბევრი ვიცინეთ, ვიმღერეთ და დავიშალეთ.

21 ნოემბერი, ხუთშაბათი
დღეს ჩემი მეგობარი ბავშვს ნათლავს, მეხუთე შვილია. ისე, ექვსი შვილიშვილი ჰყავს, ახლა პატარა გაუჩნდა, ორმოცი დღის ხდება. ნათლობა ანჩისხატშია, გაგრძელება – რესტორანში. ვფიქრობ, რა ჩავიცვა, მოვასწრებ თუ არა სახლში მისვლას და გამოცვლას, გამოპრანჭვას. ბოლოს მაინც ბავშვებს გავეპრანჭე და წავედი. მათემატიკის გაკვეთილზე ბევრი ვიცინე. ერთი მეგრელი მოსწავლე მყავს, ძალიან ენაკვიმატია. სულ რაღაცებს იგონებს, თხზავს, ფანტაზიორობს, მოკლედ, კრეატიული ბავშვია. მე ციფრებს ზღაპრებით ვასწავლი ისე, როგორც ანბანს. დღეს „ოთხიანზე“ ზღაპარი ვუამბე და ვთხოვე ბავშვებს ამ ზღაპრის ინსცენირება გაეკეთებინათ. „ოთხიანი“ ლამაზი გოგო იყო, „სამიანი“ კი ჩვენი ენაკვიმატი ალეკო. „ოთხიანმა“ დაიწყო თავის ქება, „სამიანს“ ამით და ამით ვჯობივარო. „სამიანმა“, ანუ ალეკომ, სადამდეც შეძლო, იქო თავი, ბოლოს, რომ მიხვდა „ოთხიანი“ მჯობნისო, დაბერა ძარღვები და ყვირილით უთხრა: „შეგხვდება შენც შენზე უფრო დიდი ციფრი და ჩემსავით გაბანძდებიო.“ სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. იმდენი ვიცინე, ბავშვები ცოტა გაოგნებულები მიყურებდნენ.

სკოლის შემდეგ მოვასწარი სახლში მოსვლა და გამოპრანჭვა. 5 საათზე უკვე ანჩისხატში ვიყავი. სკოლის მეგობრები შევიკრიბეთ. კარგი დრო გავატარეთ! კლასელებთან რომ ხარ, ისევ სკოლის მოსწავლე გგონია თავი. ვინც როგორი იყო ბავშვობაში, ყველა ისე იქცეოდა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში. არა, სახლში არა, ვიტყუები, იქიდან ლიკასთან წავედით მე და თამუნა. რადგან თვითონ ვერ მოდიოდა, ჩვენ მივედით და იმ საღამოს „ანგარიში“ ჩავაბარეთ. ჰო, დამავიწყდა, სასაცილო კიდევ ის იყო, რომ ჩვენმა მეგობარმა ნინომ იცნო თავისი ბაღელი, რომელიც 47 წელია, აღარ ენახა. გავოგნდი! როგორ იცანი-მეთქი, რომ ვკითხე, მითხრა, ისევ ისეთი თვალები აქვსო.

22 ნოემბერი, პარასკევი
ოჰ, მიყვარს პარასკევი! ჯერ ერთი, იმიტომ რომ შაბათი მოსდევს და დავიძინებ; მეორეც, ამ დღეს ჩემი ძმისშვილები მოდიან ჩემთან და რჩებიან. ამაზე უფრო დიდი სიხარული და ბედნიერება მე არ მაქვს. ისინი არიან ჩემთვის ყველაფერი, ჩემი სოფო და სალი. საყვარელი და კარგი ადამიანები, „მამიდუკას“ სიხარულები. ვგიჟდები შაბათ დილას რომ ავდგებით და ერთად ვსაუზმობთ, ვსაუბრობთ. მათთან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის დღესასწაულია.

დილის 7 საათზე ისევ ბრახუნი, კაკუნი, ისევ ტაქსი (მდიდარი არ ვარ, მხოლოდ ძილისგუდა ვარ და თან ტაქსის სკოლამდე ორ ლარად მივყავარ), ისევ ჩემი „წიწილები“ და მხიარული გაკვეთილები. 11 საათზე ვიღაცამ დამირეკა, რადიოგადაცემა „მედიატორში“ გამოსვლა მთხოვა. ცოტა დავიბენი, მაგრამ დავთანხმდი. 4 საათზე პირდაპირ ეთერში გადის და გელოდებითო. ვაი შენს ინგას! თემა ასეთი იყო: „რატომ ეკარგებათ სწავლის მოტივაცია მაღალ კლასებში?“ ეს ფსიქოლოგის სასაუბრო უფროა, მე რა ვთქვა, რა ვქნა? ვფიქრობ. დავურეკე მანანა ბოჭორიშვილს, განათლების ექსპერტია. გულიანად გაეცინა და მითხრა, მოკლედ, მოდაში ხარ, რაო... ბოლოს მითხრა, შეძლებო და დამიკიდა ყურმილი. პირველი ინტერვიუ არ იყო, მაგრამ მაინც ვღელავდი. გამომივიდა. ადრე ყველაფერ ასეთზე უარს ვამბობდი. ერთხელ მანანამ მითხრა, რაკი გთავაზობენ, ესე იგი შეგიძლია და უარი არასოდეს თქვაო, ღმერთმა უკეთ იცისო. მეც დავუჯერე და ახლა, როგორც თვითონ ხუმრობს, მოდაში ვარ, გენაცვალე.

23 ნოემბერი, შაბათი
გიორგობაა. ეკლესიაში ვერ წავედი, ისევ დამეძინა. დღეს ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ შაბათი დილაა და ძმისშვილებთან ერთად საუზმეზე უარს ვერ ვიტყვი. ვსხედვართ მაგიდასთან მე, ჩემი და მაიკო, სოფო, სალი და ვნებივრობთ. თევზი უნდა შევწვა, მაიკომ შატილიდან კალმახი ჩამოიტანა. მერე ლიკასთან წავალ, ორი დღეა არ მინახავს, თევზს იმასაც წავუღებ.

ტელეფონი არ ჩერდება. მილოცავენ და მილოცავენ გიორგობას. ეკა „გიჟ-ქალამაც“ დამირეკა. ტვინი წაიღო – რა ხდება, რა არის ახალი, როგორ ხარო?.. აღვშფოთდი და ვუთხარი, ბოლოს და ბოლოს რა დავაშავე, შენ რომ გადაგეყარე-მეთქი. რა მიპასუხა? იცი რა, ჩემო კარგო, შენ რომ სამოთხის კართან გრძელი რიგის ბოლოში იდგები, გამოვა ანგელოზი და დაგიძახებს: შენ ხარ ის ინგა, ჯოლიას რომ უძლებდიო? და ურიგოდ შეგიშვებს სამოთხეში. ასე რომ, მე შენი საშვი ვარ და გამიძელიო. მოვკვდი სიცილით, რაღას ვეტყოდი? გავჩუმდი და დავმორჩილდი ბედს.

საქმე გავაგრძელე. სახლიც დავალაგე, სადილიც გავაკეთე, ცოტა წითელი ღვინოც დავლიე გიორგობის აღსანიშნავად და წავედი ლიკასთან.

ხვალ კვირაა. ისევ მიხარია: დილით დავიძინებ, მერე – ისევ საქმე. ორშაბათს კი მასტერკლასი მაქვს ეკოწიგნიერებაში, მასალა უნდა მოვამზადო. მოკლედ, არ მთავრდება ეს მეცადინეობა... მაგრამ, მეორე მხრივ, კარგია: სულ ახალგაზრდა გგონია შენი თავი და გიხარია.
XS
SM
MD
LG