Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის გაზეთები გასულ კვირაში გამოეხმაურნენ ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღსანიშნავად მოსკოვში ჩასული სტუმრების თემას და, სხვათა შორის, ასევე, მაკედონიაში არეულობას.

გერმანიის კანცლერის რუსეთში ჩასვლის თემას შეეხო არაერთი გაზეთი გასულ კვირაში.

ჩეხეთის გაზეთი “ჰოსპოდარსკე ნოვინი” ქებით მოიხსენიებდა მერკელს და წერდა: „გერმანიის კანცლერმა მაგალითი გვიჩვენა, როგორ უნდა ჩასულიყვნენ პოლიტიკოსები მოსკოვში, როგორ უნდა მიეგოთ პატივი ომში დაღუპულებისთვის და, ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის, შემრიგებლური რიტორიკისკენ მოეწოდებინათ, რადგან მან ის მაინც შენიშნა, რომ ნაციონალ-სოციალიზმის პირველი მსხვერპლი გერმანია იყო”.

ჩინეთში, შანხაიში, გამოდის “ვენჰუი ბაო”, რომელიც შენიშნავს, რომ მოსკოვში მერკელის ჩასვლით გერმანია კიდევ უფრო მეტად გვიჩვენებს ისტორიისა და პასუხისმგებლობის ცნობიერებას. შეხვედრა შეიძლებოდა ყოფილიყო გერმანულ-რუსული და თვით ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნიმუში. პირველ რიგში კი, ფიქრობს შანხაის გაზეთი, უკრაინის კონფლიქტს შეიძლება შევხედოთ იმედის თვალით.

დანიის გაზეთი „პოლიტიკენიც“ გამოეხმაურა ათ მაისს მოსკოვში გერმანიის კანცლერის სტუმრობას. „პოლიტიკენის“ სტატიის ავტორი წერს, მივესალმებოდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა სხვა მეთაურებიც რომ ჩასულიყვნენ მოსკოვშიო: „სამწუხაროდ, მოსკოვის პროპაგანდას წამოეგნენ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები. ისინი იქ არ ჩავიდნენ უკრაინის კონფლიქტის გამო და ზუსტად ისევე მოახდინეს ამ დღის პოლიტიზება, როგორც პუტინმა გააკეთა ეს. ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ისაა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ხელი გაუწოდოს: რუსებისთვის, რომლებმაც უსაზღვრო მსხვერპლი გაიღეს ევროპის განთავისუფლებისთვის, სახეში სილის გაწვნას უდრის, როცა პოლიტიკურმა ლიდერებმა მათ დაღუპულებს პატივი არ მიაგეს“.

საფრანგეთში, შერბურში, გამომავალი „ლა პრეს დე ლა მანში“ შეკითხვას სვამს მოსკოვის აღლუმის გამო: „მართლა მშვიდობის ზეიმი სურდა პუტინს? უზარმაზარი აღლუმის გამართვამ პუტინს საშუალება მისცა ეჩვენებინა, რომ მისმა იარაღმა და ჯარმა ცივი ომის დროინდელი ბრწყინვალება დაიბრუნა. რუსეთის შეიარაღების ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა 33 პროცენტით. ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილის დაკავების შემდეგ რუსეთის სახელმწიფო თავს არ შეიკავებს ახალი მიწები დაიპყროს, რათა საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის იმპერია აღადგინოს“.

თურქეთის გაზეთი „სტარი“ ასე ხედავს მოსკოვში გამართული აღლუმის საკითხს: „კრემლისწინა მოედანზე სამხედრო აღლუმის გამართვით, მოსკოვმა მესიჯი გაუგზავნა დასავლეთს: ყველაფერს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე განადგურდა, კვლავ გავაერთიანებო. და ასე ჩაიარეს სამწყობრო ნაბიჯით აზერბაიჯანელი ჯარისკაცების უკან სომხეთის არმიის ნაწილებმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთის სახელმწიფოს მეთაურთან ახლოს იჯდა“. თურქული გაზეთი თვლის, რომ სამხედრო აღლუმი ძალაუფლების საჩვენებელი ჟესტი იყო პუტინის მხრიდან, რათა ეჩვენებინა, რაზე არის ის წამსვლელი. „უკრაინის კონფლიქტში ის უკან არასოდეს დაიხევს“, წერს თურქეთის გაზეთი.

მაკედონიაში, უპირატესად ალბანელებით დასახლებულ ქალაქში, კუმანოვოში, პოლიციასა და შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკებისა და მსხვერპლის შესახებ წერს ავსტრიის გაზეთი „შტანდარტი“. “არ არის გარკვეული, რატომ და ვინ დაესხა თავს პოლიციას გასულ შაბათ-კვირას. ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებაზე მინიშნება ამ მრავალეროვნულ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, არ ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაკედონიაში შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც უკვე თვეებია მწვავდება, არ შეიძლება ეთნიკური დაძაბულობის ფორმა მიიღოს. ბევრი ალბანელი, - ისინი ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ, - მეტი ავტონომიის მიუხედავად, დისკრიმინაციას გრძნობს. ერთ-ერთი ყველაზე საშიში მაჩვენებელი ეს მზარდი უნდობლობაა მაკედონიაში, სადაც პოლიცია, სასამართლო და მედია მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა და მისი ინტერესების შესაბამისად იმართება“. „შტანდარტის“ თანახმად, „ნორმალური დემოკრატიის მსგავსად, შეუძლებელია ენდო სახელმწიფო ინსტიტუტებს და მათ ინფორმაციას. შედეგი ისაა, რომ ყვავის შეთქმულების თეორიები და ჭორები, რასაც პანიკა და ძალადობა შეიძლება მოჰყვეს“.

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამომავალი „უტრინსკი ვესტნიკი“ არ გამორიცხავს ეთნიკურ ნიადაგს ზემოხსენებულ დაპირისპირებაში: „ფაქტი ისაა, რომ ქალაქი კუმანოვო სახელმწიფო ინვესტიციების სიაში ბოლოო ადგილზეა. ასევე არასოდეს ჰქონია ამქალაქელ ალბანელს შესაძლებლობა მინისტრის თანამდებობა დაეკავებინა. ფარისევლობაა, მაკედონიაში კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას ჰიმნები ვუმღეროთ და, ამავე დროს, ალბანელებისთვის ხელშესაწყობად ხარჯების გაღება არ გვსურდეს“.

შვედეთის „სკანსკა დაგბლადეტი“ მაკედონიაში დაპირისპირებას ევროპულ ფონზე განიხილავს: მაკედონია ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატია. ამ მიზნის მიღწევა მას ძალიან გაუჭირდება, თუ მოსახლეობის ჯგუფებს შორის დაძაბულობამ იმატა. ამიტომ ეხება მაკედონიის პრობლემები ევროკავშირსაც. ევროკავშირმა სწრაფად უნდა მოიფიქროს, როგორ დაიცვას მაკედონია გარე აგრესიისგან და თავიდან ააცილებინოს ქვეყანას ეთნიკური დაპირისპირება. ამისათვის სამხედრო სიძლიერეც საჭიროა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG