Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ანგელა მერკელის კიდევ ერთი ვადით დარჩენის სურვილს ავსტრიის გაზეთი „ზალცბურგერ ნახრიხტენი“ ეხმაურება სტატიით, რომელშიც წაიკითხავთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირი გამოიფიტა კადრების მხრივაც და პროგრამის თვალსაზრისითაც. იმისათვის, რომ შეაჩეროს თავისი პარტიის წევრთა გაქცევა სხვა, მემარჯვენე პოლიტიკურ ჯგუში - „ალტერანტივა გერმანიისთვის“ და ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს ახალი ენერგია შთაბეროს, მერკელმა მოქალაქეებს უნდა აუხსნას, როგორია ქვეყნის მისეული პოლიტიკური გეგმა“.

იტალიის გაზეთი „რეპუბლიკა“ ამავე თემაზე აქვეყნებს ანალიზს და წერს, მომავალი გვიჩვენებს, მერკელის გადაწყვეტილება ავანტიურისტულია თუ პოლიტიკური რეალობის შედეგად მიღებული არჩევანიო. „ბერლინის პოლიტიკამ არაერთ გამოწვევას უნდა უპასუხოს: გერმანიის გადაქცევას მიგრანტთა ქვეყნად, ასევე მზადყოფნას იმისთვის, რომ იკისროს ევროპის წინამძღოლობა იმ დროს, როცა ამის თავიდან აცილება შეუძლებელი ხდება; ამავე დროს, უნდა ვიფიქროთ პუტინის მეთაურობით რუსეთის სახიფათო აქტიურობაზე და, სავარაუდოდ, დასავლეთში აშშ-ის პროტექციონისტულ პოლიტიკაზე ტრამპის მმართველობის დროს. ისტორიული და გეოპოლიტიკური მიზეზების გამო გერმანია პირველი იქნება, ვინც შედეგებს შეიგრძნობსო“, მიიჩნევს გაზეთი „რეპუბლიკა“ .

„აირიშ ინდეპენდენტი“, რომელიც დუბლინში გამოდის, მერკელის გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი კანცლერობისთვის, დადებითად შეხვდა. „გვაქვს იმის მიზეზი, რომ იმედიანად ვიყოთ. მერკელი, როგორც ევროკავშირის ეკონომიკურად უმძლავრესი წევრის მმართველი, კვლავაც ირლანდიის და სხვა მცირე სახელმწიფოების საკეთილდღეოდ ზრუნვას გააგრძელებს, მაგრამ არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მისი გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე მაშინაც კი, როცა გერმანიას „თავისუფალი სამყაროს დამცველი“ შეარქვეს. სინამდვილეში მერკელის რეაქცია ევროპაში კრიზისის დროს გამოწვევების მიმართ ნელი და ზედმეტად ფრთხილი იყო“, წერს ირლანდიის გაზეთი და დასძენს, ძნელი წარმოსადგენია, გერმანიამ ამერიკის მმართველი როლი ჩაიბაროსო.

მერკელი თავისი გადაწყვეტილებით გვიჩვენებს წინააღმდეგობის გაწევისა და მმართველობის უნარს, თვლის ბრიტანეთის „ფაინენშელ ტაიმსი“, რომლის მოლოდინითაც, „მერკელმა რომ გაიმარჯვოს გაისად არჩევნებში, კიდევ უფრო გაჭირდება მთავრობის შექმნა, ვიდრე უწინ“. მაგრამ, გაზეთის აზრით, „მღელვარების ხანაში ის სტაბილურობის ღუზა იყო“. დასავლელ ლიდერებს შორის მერკელი, გაზეთის აზრით, „პრაქტიკულად ერთადერთია, რომელიც დამაჯერებლად იცავს ფასეულობებს, რომელთაც ლიბერალური დასავლური წესრიგი ეფუძნება და, ამავე დროს, კენჭისყრაში მომხრეთა ჯანსაღ რაოდენობას აღწევს, 50 პროცენტზე მეტს იღებს“.

ამ კვირაში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აპირებს უარი თქვას ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გეგმაზე. მალმოში გამომავლი შვედეთის გაზეთი „სიდსვენსკანი“ წერდა: „ტრამპს არ უპასუხია შეკითხვაზე, ვინ იყიდის აშშ-ის პროდუქტს, რომელიც ვერ იყიდება შინა ბაზარზე. მისი ოთხწლიანი პრეზიდენტობა მსოფლიოს შეცვლის. რამდენად დიდი იქნება ცვლილება, იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა დემოკრატიული და ლიბერალური ქვეყნები უპირატესობა მიანიჭონ თავისუფალ ვაჭრობას და საერთაშორისო გაცვლას პროტექციონიზმთან შედარებით“.

ჩინეთის „სინინგბაოსთვის“ არ ყოფილა მოულოდნელი, რომ ტრამპს არ სურს მიიღოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტი. ცხადია, რომ ტრამპი, წერს გაზეთი, ამით წინასაარჩევნო დანაპირებს ასრულებს, მაგრამ არის უზრუნველყოფილი ისიც, რომ აშშ-მა ამ უარის შედეგად იხეიროს თუ ამ სტრატეგიით ტრამპი თავისი ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს? ნაადრევია ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, თვლის ჩინეთის გაზეთი, რომელიც იქვე წერს, ეს გვიჩვენებს იმას, რომ ტრამპი გლობალიზაციის ღრმა მოწინააღმდეგეაო.

ბრიტანეთის “ტაიმსი“ ასე გამოხატავს პოზიციას, რომ ტრამპის პრეზიდენტობა და მისი ბიზნესი ერთმანეთისგან გაყოფილი უნდა იყოს: „როგორი ზღუდეც უნდა ააგოს მექსიკის საზღვრის გასწვრივ ტრამპის მთავრობამ, ყოველთვის უნდა იყოს ცხადი საზღვარი ტრამპს, როგორც საქმოსანსა და როგორც პრეზიდენტს შორის“.

თავის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ შეუტია „ნიუ-იორკ ტაიმსს“ მისი კრიტიკული შეფასების გამო. ამ კვირაში გაზეთმა ინტერვიუ ჩამოართვა მომავალ პრეზიდენტს, რომელმაც თავისი ზოგიერთი გამონათქვამისგან შორს დაიჭირა თავი. „ნიუ იორკ ტაიმსი“ ეჭვს გამოთქვამს, რომ ტრამპს აზრი შეეცვალა და წერს: „პრობლემა ისაა, რომ ამ გამონათქვამების სილამაზის მიუხედავად, შიშს იწვევს, ვაითუ, ნაკლებად გააზრებული იყოს ტრამპის შეფასებები სინამდვილეში“. გაზეთი იქვე, ოდნავ ქვემოთ, დასძენს: „საბჭოთა მმართველობის მიმართ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი, მოქმედებდა დევიზით: ნდობა კარგია, მაგრამ კონტროლი უკეთესი“. და ეს არის, „ნიუ იორკ ტაიმსის“ აზრით, სწორი მიდგომა ტრამპის მიმართაც, ნდობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG