Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, ახლახან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა გაერთიანდნენ იმ საფრთხის წინაშე, რომელსაც, მისი აზრით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ქმნის. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისთვის მიწერილ წერილში ტუსკი რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთთან ერთად აშშ-საც ასახელებს ბუნდოვანების გამომწვევ ფაქტორად. ევროპის პრესაში ამაზე ბევრი დაიწერა - ჟურნალისტები ევროკავშირის შესაძლო ნაბიჯებზე მსჯელობდნენ. ჰოლანდიაში გამომავალი „ჰანდელსბლადი“ 2 თებერვლის ნომერში წერდა, ტრამპის მიმართ ტუსკის მკაცრი რიტორიკა ნაადრევიაო: „ტრამპს ჯერჯერობით არ შეუსრულებია თავისი სიტყვები ევროპის შესახებ და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ნატოს მომავალს არაფერი ემუქრება. მოკლედ რომ ვთქვათ, ვითარება შემაშფოთებელია, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული. ამ თვალსაზრისით, აშშ-თან ურთიერთობაში გარკვეული ზომიერებაა საჭირო. ესკალაციის კიბეზე ძალიან ნაჩქარევად ასვლა არ იქნება პრაგმატული. ამასთან, ლიდერების უმრავლესობა ჯერ ტრამპს არ შეხვედრია და მასთან ნამდვილად არ აქვს ისეთი დაძაბულობა, როგორიც ტუსკს. ამდენად, საბჭოს პრეზიდენტმა ცოტა ზედმეტად დიდი ნაბიჯი გადადგა. ... ევროკავშირის წიაღში ტრამპის არჩევამდე ბევრად ადრეც იყო არაერთი უთანხმოება. ტრამპი ევროპისთვის დამატებითი პრობლემაა, მაგრამ არა მთავარი პრობლემა“.

გერმანიაში გამომავალმა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგმა“ პირველ თებერვალს გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრის, იოშკა ფიშერის, წერილი, რომელშიც ის გერმანიას მოუწოდებს უფრო მეტი ინვესტიცია ჩადოს ევროკავშირსა და ნატოში: „გერმანიის უსაფრთხოება არ არსებობს პოლონეთის გარეშე, საფრანგეთის უსაფრთხოება არ არსებობს გერმანიის გარეშე. პირიქით - ევროპამ (და მასთან ერთად გერმანიამ), რაც შეუძლია, ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ეს კოლექტივი, ისევე როგორც მასში მისი შენატანი. ეს ერთნაირად ეხება როგორც ნატოს, ისე ევროკავშირს. გერმანიის ძალა მდგომარეობს მის ფინანსურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებში და ახლა მან ამ ძალისგან ევროკავშირსა და ნატოში უნდა ჩადოს უფრო მეტი ინვესტიცია, ვიდრე ეს ოდესმე განუხორციელებია ე. წ. სამშვიდობო დივიდენდების ათწლეულებისა თუ ევროს კრიზისის წლებში. ხელმომჭირნეობა უდავოდ ღირსეული თვისებაა, მაგრამ როცა სახლს ცეცხლი უკიდია და დანგრევის საფრთხის წინაშეა, პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს“.

ხუთშაბათს, 2 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, უნგრეთს ესტუმრა. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მისი მოლაპარაკების დროს ისაუბრეს უნგრეთის ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურის გაფართოებაზე, უნგრეთისთვის რუსეთის ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე და რუსეთის საწინააღმდეგო განწყობებზე ევროკავშირში. უნგრეთის მედიაში ფართოდ გაშუქდა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი. კონსერვატიული ორიენტაციის ყოველკვირეული გამოცემა „ჰეტი ვალოზი“ 2 თებერვლის ნომერში წერდა: „დღემდე წარმოუდგენელია როგორ შეუძლია უნგრეთს, რომელიც ისტორიის განმავლობაში უიმედოდ ებრძოდა მასზე ძლიერებს (ოსმალებს, ჰაბსბურგებს, საბჭოთა კავშირს), ითანამშრომლოს რუსეთთან, რომელმაც ასე დაამცირა უკრაინა. ... უკრაინა, ჩვენი მეზობელი, ეკონომიკური კოლაფსის პირასაა. ... დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის უფლებები საფრთხის წინაშეა იმ ნაციონალისტური ტალღის გამო, რომელსაც რუსეთის სამხედრო შეტევამ მისცა ბიძგი. ასეთ ფონზე, ჩვენს ეროვნულ ინტერესებში უნდა იყოს მაქსიმალური დისტანცირება რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკისგან, რომლის მიზანია როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის გახლეჩა, მაგრამ ამის ნაცვლად პუტინს წითელი ხალიჩით ვეგებებით“.

ამ კვირაში ევროპული პრესა ბევრს წერდა რუმინეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზეც. ბუქარესტის ქუჩებში ხუთშაბათ საღამოს 90,000-მდე მოქალაქე გავიდა და გააპროტესტა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც, ბევრი მოქალაქის აზრით, კორუფციასთან ბრძოლას შეაფერხებს. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ მთავრობისთვის მოულოდნელი იყო ასეთი მასობრივი მობილიზაცია. რუმინეთში ახალი ამბების ვებსაიტ „ზიარეზე“ ჟურნალისტი მარიუს დოროფტეი 1 თებერვალს წერდა: „ამ ეროვნულ სკანდალში ერთადერთი დადებითი რამ მოქალაქეების პოზიციაა. ვერ ვიხსენებ რომელიმე სხვა შემთხვევას, რომ რუმინეთში ათასობით ადამიანი გასულიყო ქუჩაში კანონის გასაპროტესტებლად - აბსტრაქტული კანონის, რომელიც, უწინარესად, ეხება პრინციპებს და კანონის უზენაესობას და არა მოქალაქეების პირად ინტერესებს. ... ეს საპროტესტო აქციები ისტორიაში შევა, ისინი რუმინელი ხალხის ღირსებას გამოხატავს - ხალხის, რომელმაც უსამართლობაზე თავისი ინიციატივით მოახდინა რეაგირება. მაგრამ ვშიშობ, რომ ეს სამოქალაქო მობილიზება დაგვიანებულია. ამ ბრძანებების დამტკიცება გადამწყვეტი დარტყმაა დემოკრატიაზე. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით აჩვენა, რომ ის საერთოდ არ სცემს პატივს კანონის უზენაესობას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG