21 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებების მზადების პროცესზე. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც გასული წლის ბოლოს შეიქმნა, აპრილის ბოლომდე უნდა შეიმუშაოს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. მანამდე უნდა გაიმართოს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა. 13 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია "კონსტიტუცია ყველასია", რომელიც ცვლილებების განხილვის პროცესში საერთო-სახალხო ჩართულობას გულისხმობს. მეორე მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვამდე ცვლილებათა პროექტი საკონსტიტუციო კომისიაში უნდა შეთანხმდეს. ცვლილებების მზადების პროცესში ქვეყნდება არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებიც, იქნება ის დაკავშირებული: საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან თუ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ალიკა კუპრავამ ილაპარაკა იმაზე, თუ რა საკითხებზე და რა ფორმით შეიძლება იყოს მიღწეული საერთო-სამოქალაქო თანხმობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზადებისას. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, ჯერ მოქალაქეებს უნდა ჰკითხონ აზრი საკონსტიტუციო ცვლილებებზე და შემდეგ იყოს მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ. ალიკა კუპრავას თქმით, არ არსებობს უნივერსალური საკონსტიტუციო სისტემა, რომლის პირობებშიც ქვეყანა წარმატებული იქნება. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ადამიანებმა პატივი სცენ შეთანხმებას - კონსტიტუციის სახით. ალიკა კუპრავა ემხრობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და ასაბუთებს თავის პოზიციას "დილის საუბრებში":