Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


გამოკითხვების თანახმად, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოთხ კანდიდატს შორის ლიდერობენ მოქმედი პრეზიდენტი, შედარებით ზომიერი შეხედულებების მქონე ჰასან როჰანი, და კონსერვატორული ორიენტაციის ყოფილი პროკურორი, ებრაჰიმ რაისი.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
please wait

No media source currently available

0:00 0:03:24 0:00
გადმოწერა

ირანის საშინაო პოლიტიკაში არაერთი პრობლემაა შექმნილი, მათ შორის - მაღალი უმუშევრობა. როჰანი ხელმძღვანელობდა ბირთვული პროგრამის თაობაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, რამაც საერთაშორისო სანქციების შემსუბუქება მოიტანა. როჰანი ამჟამად აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გაიზრდება კავშირები დასავლეთთან და ირანელებს გაეზრდებათ თავისუფლების ხარისხი:

“ჩვენი ერი 19 მაისს განაცხადებს, სვლას მშვიდობის გზაზე განაგრძობს თუ დაძაბულობის გზას ირჩევს“, - თქვა 68 წლის როჰანიმ ახლახან, წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

მისი კონკურენტი, 56 წლის რაისი, გავრცელებული ცნობებით, სარგებლობს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, ნდობით. ხამენეი ირანში პოლიტიკურ, სამხედრო და რელიგიურ ძალაუფლებას ფლობს და აქვს საიმისო უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს საპრეზიდენტო კამპანიაზე ან პრეზიდენტის გეგმები შეცვალოს. რაისის სახელს ახსნებენ ხოლმე 77 წლის ხამენეის შესაძლო შემცვლელადაც.

წინასაარჩევნო კამპანიისას რაისი, დიდწილად, იმეორებდა ხამენეისა და მკაცრი კურსის სხვა მომხრეების მოწოდებებს, ირანმა საკუთარი ძალებით გააუმჯობესოს თავისი ეკონომიკაო, და როჰანის ბრალს სდებდა მსოფლიო ასპარეზზე ირანის სუსტად წარმოჩენაში.

“ასე ძალიან რატომ გაზარდეთ ღარიბებსა და მდიდრებს შორის განსხვავება თქვენი არასწორი პოლიტიკით?“ - ასე მიმართა რაისიმ თავის კონკურენტს 16 მაისს თეირანში. რაისი მიიჩნევს, რომ როჰანის პოლიტიკა მეტისმეტადაა დამოკიდებული საგარეო ინვესტიციებზე, ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.

არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, როჰანი თითქმის 20 პროცენტით უსწრებს რაისის, თუმცა ირანში ჩატარებული გამოკითხვები არ არის ხოლმე ბოლომდე სანდო, მით უმეტეს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბევრ ამომრჩეველს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული.

თავდაპირველი ექვსი კანდიდატიდან ორი არჩევნების წინა დღეს გამოეთიშა კენჭისყრას. შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის კიდევ ორი კანდიდატი - კონსერვატორი მოსტაფა მირსალიმი, ყოფილი კულტურის მინისტრი, და ცენტრისტი მოსტაფა ჰაშემიტაბა, ირანის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი. თუმცა, გამოკითხვების თანახმად, ამ ორ კანდიდატს გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არა აქვს.

ანალიტიკოსების აზრით, როჰანისა და რაისის ძირითადად ორი ტიპის, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული, ამომრჩეველი ჰყავთ - ახალგაზრდა ირანელებს, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ, მეტი თავისუფლება და მსოფლიოსთან ურთიერთობა სურთ, რეჟიმის მკაცრი მომხრეები კი ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ღიაობას საგარეო გავლენების მიმართ.

ეს არჩევნები პირველია მას შემდეგ, რაც 2015 წელს თეირანმა მნიშვნელოვანი ბირთვული შეთანხმება გააფორმა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. ამ შეთანხმებით, სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, მნიშვნელოვნად შეიზღუდა თეირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც, დასავლეთში ბევრის აზრით, იყო ნაწილი ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG