Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისტორიული დანაშაული“ ერაყის ქალაქ მოსულში


ალ-ნურის დიდი მეჩეთის ნანგრევები
ალ-ნურის დიდი მეჩეთის ნანგრევები

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულში დაანგრია ცნობილი მეჩეთი, 800 წელიწადზე მეტი ხნის წინ აგებული შენობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილი იყო, საკუთრივ, „ისლამური სახელმწიფოსთვისაც“.

ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰეიდარ ალ-აბადი „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან „დამარცხების ოფიციალურ დეკლარაციად“ მიიჩნევს მოსულში მდებარე ალ-ნურის დიდი მეჩეთის განადგურებას. ის ტვიტერში გამოეხმაურა ცნობას მეჩეთისა და მისი ცნობილი „კუზიანი“ მინარეთის დანგრევაზე. ნაგებობას „კუზიანს“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ გვერდზე იყო გადახრილი.

გადმოწერა

ერაყის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 21 ივნისის საღამოს ისლამისტმა ექსტრემისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს ალ-ნურის დიდ მეჩეთში მაშინ, როცა მათი მეომრები იბრძოდნენ ერაყის მთავრობის ჯარისკაცების იერიშის შესაჩერებლად. ერაყის ჯარებს ალყა აქვთ შემორტყმული მოსულის ისტორიული ცენტრისათვის - ქალაქის უკანასკნელი რაიონისთვის, რომელსაც ექსტრემისტები აკონტროლებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლ კოალიციაში, ბრეტ მაკგარკმა, 22 ივნისს გააკეთა განცხადება მომხდარზე: „2014 წლის ივნისში მოსული, თითქმის ორმილიონიანი ქალაქი, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიპყრო და მისმა ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სახალიფო გამოაცხადა მოსულის ისტორიულ ნაწილში მდებარე მეჩეთიდან, ალ-ნურის დიდი მეჩეთიდან. წუხელ, როცა ერაყის უშიშროების ძალები მეჩეთს უახლოვდებოდნენ და 100-ოდე მეტრში იდგნენ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ის ააფეთქა. მეჩეთი, რომელიც იქ მე-12 საუკუნიდან იდგა, „ისლამურმა სახელმწიფომ" ააფეთქა“, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კონფერენციაზე ისრაელში.

მოსულის ალ-ნურის დიდი მეჩეთი არის მორიგი ისტორიული ძეგლი, რომელიც ისლამისტმა ექსტრემისტებმა გაანადგურეს ერაყსა და სირიაში.

ერაყელმა სამხედროებმა მომხდარს „ისტორიული დანაშაული“ უწოდეს, ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ჯოზეფ მარტინმა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი ჯარების ერთ-ერთი სარდალია, - „დანაშაული მოსულისა და მთელი ერაყელი ხალხის წინააღმდეგ“. იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ირინა ბოკოვამ, გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამ ახალმა ნგრევამ კიდევ უფრო გაუღრმავა ჭრილობები საზოგადოებას, რომელსაც უკვე შეეხო უპრეცედენტო ჰუმანიტარული ტრაგედია“. ბოკოვა იხსენებს, რომ იუნესკომ 2012 წელს დაიწყო „კუზიანი“ მინარეთის სარესტავრაციო სამუშაოები, მაგრამ კონფლიქტის გამო მოუხდა მათი შეწყვეტა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა ექსტრემისტებმა, მას შემდეგ, რაც 2014 წლის ივნისში დაიპყრეს მოსული, სირიასა და ერაყში მასშტაბური სამხედრო წარმატებების ფონზე, ადრევე დააპირეს მინარეთის დანგრევა, მაგრამ მოსულის მოსახლეობამ მისი დაცვა შეძლო. მოგვიანებით ჟურნალისტებს არაერთხელ სმენიათ ადგილობრივებისაგან შეშფოთება, რომ რახან „ისლამური სახელმწიფოსათვის“ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა ალ-ნურის დიდ მეჩეთს ამ სალოცავიდან სახალიფოს გამოცხადების შემდეგ, ექსტრემისტებს შეეძლოთ ძეგლი გაენადურებინათ, თუ მოსულის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ.

ეს შიში, სამწუხაროდ, გამართლდა. მართალია, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ინტერნეტპორტალმა, „ამაყ ნიუსმა“, გაავრცელა ცნობა მეჩეთის, თითქოსდა, აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად დანგრევის შესახებ, მაგრამ ცნობა მალევე უარყო ექსტრემისტებთან მებრძოლმა კოალიციამ. მას 21 ივნისს ამ რეგიონში არ განუხორციელებია საჰაერო დარტყმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG