Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯარისკაცები, რომლებსაც ერდოანის მოკვლის მცდელობა ედებოდათ ბრალად


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის სასამართლომ ოთხშაბათს დაიწყო განაჩენების გამოტანა პროცესზე, რომელზეც 40-მდე სამხედროს ბრალად ედება პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მოკვლის მცდელობა გასული წლის არშემდგარი გადატრიალების დროს. ოთხშაბათს ეჭვმიტანილთა პირველი ჯგუფი დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

თურქეთი

  • დაიწყო 40-მდე სამხედროსთვის განაჩენის გამოტანა
  • სასამართლო პროცესი თებერვლიდან მიმდინარეობს
  • სასამართლო ნაწილია რეპრესიებისა 2016 წლის წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ
  • ​ანკარა გადატრიალების სულისჩამდგმელად მიიჩნევს აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო ლიდერს

სააგენტო “როიტერსის” კორესპონდენტი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის ქალაქ მუგლადან იუწყება, რომ მოსამართლემ რამდენიმე სამხედროს განაჩენი წაიკითხა. მუგლა მდებარეობს იმ კურორტის მახლობლად, საიდანაც ერდოანმა და მისმა ოჯახმა თავი დააღწიეს ჯარისკაცების ჯგუფს, რომელიც გადატრიალების მცდელობის ღამეს სასტუმროში იყო შეჭრილი.

სასამართლო პროცესი თებერვალში დაიწყო და წარმოადგენს ნაწილს მასშტაბური რეპრესიებისა, რომლებიც მოჰყვა გასული წლის არშემდგარ გადატრიალებას.

სასამართლომ ჯერ განსასჯელთა საბოლოო სიტყვები მოისმინა, შემდეგ კი მთავარმა მოსამართლემ, ემირსაჰ ბასტოგმა, განაჩენების გამოცხადება დაიწყო.

ბრალდებულთა ნაწილი ამბობდა, რომ სასამართლო არ გამოიტანდა სამართლიან განაჩენს, რადგან ის პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იყო.

როგორც კი 16 ივლისს საჰაერო ბაზაზე დამაპატიმრეს, მას შემდეგ ისე მექცევიან, როგორც ბოროტმოქმედს...
ერგუნ საჰინი

„როგორც კი 16 ივლისს საჰაერო ბაზაზე დამაპატიმრეს, მას შემდეგ ისე მექცევიან, როგორც ბოროტმოქმედს“, - უთხრა სასამართლოს ერგუნ საჰინმა, საჰაერო ძალების ყოფილმა ლეიტენანტმა.

არშემდგარი გადატრიალებიდან მალევე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ასახული იყო გადატრიალების მოწყობაში ეჭვმიტანილთა ნაწილი, მაღალი რანგის სამხედროების ჩათვლით. მათ მხოლოდ საცვლები ეცვათ, ხელბორკილები ედოთ და სახეები დალურჯებული ჰქონდათ.

„აქ სიტყვები არაფერს ნიშნავს, რადგან სამართლიანი სასამართლოს საშუალება არ გვქონია“, - განაცხადა სხვა განსასჯელმა, გოხან სენმა, და დასძინა, ჩვენ იმ ბალახს ვგავართ, რომელსაც სპილოებმა ჩხუბის დროს გადაუარესო.

დაპატიმრებული თურქი ჯარისკაცები. 2016 წლის 20 ივლისი
დაპატიმრებული თურქი ჯარისკაცები. 2016 წლის 20 ივლისი

გასული წლის 15 ივლისის ღამით 240-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პუტჩისტები მართავდნენ ტანკებს, სამხედრო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს, მათ პარლამენტზე მიიტანეს იერიში და მთავრობის დამხობა სცადეს.

თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ბრალს სდებს აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენს, რომელიც ერთ დროს ერდოანის მოკავშირე იყო. გიულენი, რომელიც 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს, უარყოფს მონაწილეობას და გმობს გადატრიალების მცდელობას.

მასალა მომზადებულია სააგენტო „როიტერსის“ მიხედვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG