Accessibility links

ცხინვალში „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტზე ზეწოლა ხორციელდება


ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა

ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებული მასალების გამო. კერძოდ, ხელისუფლების მძაფრი რეაქცია გამოიწვია მისმა სტატიამ - „როგორ წაიჩხუბნენ პრეზიდენტი და ინვესტორი“. ორშაბათს რადიოსადგურ „ირ“-ის ოფისში, სადაც ირინა ქელეხსაევა მუშაობს, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს, ორდერის წარდგენის გარეშე. მოგვიანებით ჟურნალისტს რადიოსადგურიდან თავისი ნებით წასვლა მოსთხოვეს. ირინა ქელეხსაევას თქმით, ორშაბათს დილით სამსახურში მისულს კაბინეტში დახვდა ექვსი მამაკაცი სამოქალაქო ტანსაცმელში - ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები:

„მამაკაცები, რომელთა შორისაც ამოვიცანი სახელმწიფო დაცვისა და პრეზიდენტის უსაფრთხოების პირადი სამსახურის თანამშრომლები, იღებდნენ დოკუმენტებს კომპიუტერის „კალათიდან“, იწერდნენ რაღაც ფაილებს. არც კი ვიცი, რა აინტერესებდათ. დაახლოებით ერთი საათი უკირკიტებდნენ კომპიუტერს და შემდეგ წავიდნენ. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი დამირეკეს ბუღალტერიიდან, მითხრეს, რომ დავბრუნებულიყავი სამსახურში და დამეწერა განცხადება საკუთარი ნებით წასვლის შესახებ. ვუპასუხე, რომ ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, ვერ ვხედავ წასვლის ვერავითარ მიზეზს და განცხადებას არ დავწერ მეთქი“.

მე, როგორც ჟურნალისტს, ამ ხელისუფლების მოსვლისას მაინტერესებდა როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ ჩემნაირებთან. შემიძლია ვთქვა, რომ უფრო სულელური, გაუაზრებელი და უშნო მოქმედებები არ მინახავს. არც ერთ წინამორბედ ხელისუფლებას ასეთი რამის უფლება თავისთვის არ მიუცია...
ირინა ქელეხსაევა

ირინა ქელეხსაევას სიტყვებით, რადიოსადგურ „ირ“-ის დირექტორს მისი გათავისუფლება ჯერ კიდევ შაბათს მოსთხოვეს. დირექტორმა უარი განაცხადა და აღნიშნა ისიც, რომ ჟურნალისტთან პრეტენზიები არ ჰქონდა. ამასთან, როგორც ირინა ქელეხსაევა ვარაუდობს, სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „ირ“-ის (რომელშიც რადიოსადგურიც შედის) ხელმძღვანელობა შეიძლება უფრო მეტად იყოს მზად მისი გათავისუფლებისთვის.

„რას ამზადებენ, რა დოკუმენტებს, რა სარჩულით გამათავისუფლებენ, არ ვიცი. ვიტყვი, რომ ვიმუშავე ყველა ხელისუფლების, ყველა პრეზიდენტის დროს და, რასაკვირველია, დროდადრო მათთან კონფლიქტები მქონდა. მე, როგორც ჟურნალისტს, ამ ხელისუფლების მოსვლისას მაინტერესებდა როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ ჩემნაირებთან. შემიძლია ვთქვა, რომ უფრო სულელური, გაუაზრებელი და უშნო მოქმედებები არ მინახავს. არც ერთ წინამორბედ ხელისუფლებას ასეთი რამის უფლება თავისთვის არ მიუცია“, - ამბობს ქელეხსაევა.

ჟურნალისტზე ზეწოლა დაიწყო სოციალურ ქსელებში მისი დისკრედიტაციის კამპანიით მაშინვე, როგორც კი 16 თებერვალს „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნდა სტატია - „როგორ წაიჩხუბნენ პრეზიდენტი და ინვესტორი“. სტატიაში მოთხრობილი იყო კონფლიქტზე პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უმსხვილეს ინვესტორ, რუსეთის ცნობილ ბიზნესმენ, ჰოლდინგ „ბე-ტე-კა ჯგუფის“ პრეზიდენტ ტაიმურაზ ბოლოევს შორის. პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ „ბე-ტე-კას“ გადაეხადა დაახლოებით 40 მილიონი რუბლი საბაჟო გადასახადი. ბიზნესმენმა, თავის მხრივ პრეზიდენტს შეახსენა საგადასახადო „არდადაგების“ შესახებ, რომელიც საწარმოსთვის სრულდება მხოლოდ 2018 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე, აგრეთვე ხელისუფლების მიერ მიცემული გარანტიების შესახებაც, რომელიც ინვესტორს სამხრეთ ოსეთში მიწვევისას შესთავაზეს. წყარომ ტაიმურაზ ბოლოევის გარემოცვიდან „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ გასულ ხუთშაბათს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოლოევთან მოსალაპარაკებლად სასწრაფოდ გაფრინდა მოსკოვში, თუმცა, ბიზნესმენმა არ ისურვა მასთან შეხვედრა. გარდა ამისა, თავის ქვეშევრდომებს აუკრძალა აუკრძალა ბიბილოვთან ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში ირინა ქელეხსაევას მიერ მომზადებული სტატიის განხილვაში მონაწილეობდა ორი ცნობილი მომხმარებელი - დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი პიოტრ გასიევი და პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელმაც სტატიას ბოდვა უწოდა.

ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჟურნალისტი ან სამოქალაქო აქტივისტი „ეხო კავკაზაზე“ მასალის გამოქვეყნების ან მოსაზრების გამოთქმის გამო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ჩვენი მუდმივი კომენტატორი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან, ახალგორის (ლენინგორის) მკვიდრი თამარ მეარაყიშვილი უკვე 6 თვეა იმყოფება ფაქტობრივ შინაპატიმრობაში სისხლის სამართლის გამოგონილი საქმის გამო - თითქოს მან პოლიტიკურ პარტიას ცილი დასწამა. პროკურატურის თანამშრომლები არ მალავენ, რომ მათი მიზანია თამარ მეარაყიშვილმა შეწყვიტოს რადიო „ეხო კავკაზასთან“, კონკრეტულად კი რადიოს კორესპონდენტ მურატ გუკემუხოვთან თანამშრომლობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG