Accessibility links

საქართველოს მცირე ხნით ეწვია ჯონ კერი


ჯონ კერი აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამოსვლისას (ვაშინგტონი, 10.01.2017)

12 იანვარს საქართველოს მცირე ხნით ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მისმა თვითმფრინავმა ტექნიკური დაშვება განახორციელა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც გაიმართა კერისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა. თბილისის საგარეო უწყების ცნობით, კერიმ და ზალკალიანმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.

ზალკალიანმა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-სა და პირადად ჯონ კერის იმ წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.

თავის მხრივ, კერიმ აღნიშნა საქართველოს „შთამბეჭდავი წინსვლა“ დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე და ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმატება უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც, კერის შეფასებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სწორ განვითარებაში.

რუსეთი საქართველოში შეიჭრა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, და არაფერი გაკეთებულა - არც სანქციები, არც არაფერი.

ორი დღით ადრე, 10 იანვარს, ჯონ კერიმ საქართველო ახსენა ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას. კერძოდ, მან გააკრიტიკა დასავლეთის პასიურობა 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. „არ მინდა, ვინმეზე უარყოფითად ვილაპარაკო, მაგრამ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, და არაფერი გაკეთებულა - არც სანქციები, არც არაფერი. მერე ხელისუფლებაში ჩვენ მოვედით და რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ჩვენ ევროპა ავიყოლიეთ და სანქციები დავაწესეთ. და ამ სანქციებმა მძიმე ზარალი მიაყენა რუსეთს და ნათელი გახადა: ამ ყველაფრისთვის საფასური უნდა გადაიხადო. და, მიუხედავად ევროპაში ბევრის სურვილისა, რომ სანქციები გაუქმდეს, შევძელით მათი თანმიმდევრულად გაგრძელება და ძალაში დატოვება, მინსკის შეთანხმების შესრულების ძალისხმევის ფონზე,“ განაცხადა კერიმ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG