Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დამნაშავედ ცნო "კაბელების საქმეზე" ბრალდებულები


სასამართლომ დამნაშავედ ცნო ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთივე თანამშრომელი და მათ 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, „საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ფაქტი და ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა დარბაზში შეძლო მხოლოდ ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადება. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ბრალდებულთა ახლობლების და მხარდამჭერების პროტესტი, ხმამაღალი შეძახილები და სასამართლოს შეურაცხმყოფელი რეპლიკები, რის გამოც ბესიკ ბუგიანიშვილმა სხდომა დახურა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება დახურულ კარს მიღმა დაასრულა.

საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი 2014 წლის ოქტომბერში დააკავა სახელმწიფო შესყიდვისას ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ბრალდებით. მათთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს უსამართლო უწოდა ბრალდებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ. მისი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მსჯავრდებულთა დასაცავად პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს პარტია „თავისუფალი დემოკრატები.“ „ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს, არ ველოდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ივანიშვილს ჰპირდება, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს. „საზოგადოების და პარტიის საქმედ ვაქცევ, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხიდან“ - განაცხადა ალასანიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG