Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ პოლიტიკას მიღმა დარჩენილი ქალები


ავტორი: სანდრო ხარაზაშვილი

ქართულ პოლიტიკაში გაბატონებული პატრიარქატი ქართული კულტურის ანარეკლია. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ქალებს არ შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, მათთვის პრიორიტეტი დიასახლისობა და ბავშვების მოვლა უნდა იყოს და საჯარო სივრცეს, განსაკუთრებით კი პოლიტიკას, უნდა მოერიდნონ. პოლიტიკა რა ქალის საქმეა? პარლამენტში თუ დასხდებიან ქალები, მერე ბავშვები ვინ უნდა გაზარდოს? თუკი ქალი საჯარო ასპარეზზე გამოჩნდება, ოჯახს ვინღა მიხედავს და „საოჯახო საქმეს“ ვინ ჩაიბარებს? ალბათ ყველა ჩვენგანს, ვისაც ხშირად აქვს შეხება ქართულ საზოგადროებრივ სივრცესთან, ყური მაინც მოუკრავს მსგავსი შინაარსის ფრაზებისთვის. საუბარია არა რომელიმე უმცირესობაზე, რომელთა აქტიური ჩართულობაც პოლიტიკაში ასევე აუცილებელია დემოკრატიისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტზე, რომელსაც ქალები შეადგენენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს უმრავლესობის პოლიტიკაში მონაწილეობა, ქალების სახით, სათაკილოდ მიაჩნია.

ზოგიერთი, არა მხოლოდ ქალთა პოლიტიკაში რეპრეზენტაციის დაბალ მაჩვენებელზე ხუჭავს თვალს, არამედ ფემიციდის მზარდ რიცხვზე, ოჯახურ ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც თითქმის ყოველთვის ქალია, სექსუალურ შევიწროვებასა და ძალადობაზეც კი. უარეს შემთხვევაში კი, შემდეგი არგუმენტებით ისევ ქალებს ადანაშაულებენ: „ალბათ ღირსი იყო, თორემ ტყუილად ხომ არ სცემდა“, „ქმარს თუ უღალატა, მაშინ უნდა მოეკლა, აბა რა!“, „ნუ ჩაიცვამენ ქალები გამომწვევად და არავინ შეეხება მათ ცუდად“ და სხვა მრავალი.

ქართული პოლიტიკური პარტიები და ქალები

არჩევნებიდან არჩევნებამდე პარტიათა საარჩევნო პროგრამები დიდად არ იცვლება. თითქმის ყველა პარტია ამახვილებს ყურადღებას შიდა და გარე საფრთხეებზე, სამართლიანობაზე, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებზე. პარტიების დაპირებები მოიცავს მოსახლეობის უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას, პენსიების ზრდასა და ამავდროულად, გადასახადების კლებას და სხვა, ხშირ შემთხვევაში, პოპულისტურ განაცხადებს. თუმცა არცერთი პარტია არ საუბროს ქალთა სპეციფიკურ პრობლემებზე: ქალთა სიღარიბეზე, დიდ სხვაობაზე ქალებისა და კაცების ანაზღაურებას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც ზემოთ დავასახელე. პოლიტიკური პარტიების მიერ ეს პრობლემები იგნორირებულია და შესაბამისად, არც პარლამენტის პოლიტიკურ დღის წესრიგში იკავებს პრიორიტეტულ ადგილს. ის ქალებიც კი, ვინც პარლამენტში მოახერხა მოხვედრა, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ დუმან.

საერთაშორისო ორგანიზაცია „საპარლამენტთაშორისო კავშირის“ (Inter-Parliamentary Union (IPU) 2016 წლის მსოფლიო მონაცემების მიხედვით საქართველო 193 ქვეყანათა შორის ქალების პარლამენტში რეპრეზენტაციის მაჩვენებლით 125-ე ადგილზეა. საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში სულ 150 წევრია, აქედან პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისაგან. IPU-ს მონაცემებით კი 150 წევრიდან მხოლოდ 16%-ს (24) შეადგენენ ქალები. განსაკუთრებით რთულია ქალებისთვის ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით მოხვედრა პარლამენტში. პოლიტიკური პარტიების ლიდერები (ცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის შემთხვევაში) ფიქრობენ, რომ მაჟორიტარებად ქალების წარდგენა არამომგებიანი იქნება მათთვის. ასევე პარტიები წაგების შიშით პროპორციული სიის მოწინავე ადგილებზე არ ასახელებენ ქალებს. ქალთა დაბალი რეპრეზენტაციის აღმოსაფხვრელად პარტიებისთვის არაერთი წამახალისებელი კვოტირების პროგრამა არსებობდა და არსებობს, თუმცა ხმების დაკარგვის შიშით, ისინი ყოველთვის თავს იკავებდნენ ამ პროგრამებში მონაწილეობისგან. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტშიც ანალოგიური ვითარებაა, 18 მინისტრიდან მხოლოდ 2 მათგანია ქალი.

ქალთა დაბალი რეპრეზენტაციის მიზეზი სწორედ პარტიების არადაბალანსებული სიებია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიების მიერ წარდგენილი 835 კანდიდატიდან მხოლოდ 16.4% იყო ქალი. სიტუაცია არც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაუმჯობესებულა. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატების 83.50% კაცია, ხოლო 16.50% ქალი. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატების მხრივ შედარებით უკეთესი სიტუაციაა, აქ წარდგენილთა 63.15%-ია კაცი, ხოლო 36.85% ქალი. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ „პოსტ-სიმართლის ერაში“ რიცხვები და სტატისტიკა არაფერს ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საუკეთესო ინდიკატორი სწორედ რიცხვებია.

გენდერული კვოტირება, როგორც გამოსავალი?


პროგრესი გარდაუვალია, თუმცა ამ პროცესის დასაჩქარებლად გრძელვადიანი ინვესტიციები და პროექტებია საჭირო. პრობლების გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გენდერული კვოტირებაა, რომელიც ჯერ კიდევ, გაეროს 1990 წლის ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციაში ერთ-ერთი მთავარი მითითება იყო. თუმცა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ დღის წესრიგში სავალდებულო კვოტირების პროგრამა საწყის ეტაპებს ვერ გასცდა და ინიცირების გეგმა რამდენიმეჯერ ჩავარდა. არსებობს მხოლოდ პარტიების წამახალისებელი ფინანსური ფაქტორები, თუკი კვოტირებას პარტიები შიდა-პარტიული სისტემისთვის გამოიყენებენ, მაგრამ ხმების დაკარგვის შიშით, ეს პროგრამებიც წარუმატებელია. IPU-ს საბოლოო მონაცემების მიხედვით „ქალები პარლამენტში “ მოწინავე ადგილების ევროპის ქვეყნებს შორის სკანდინავიის ქვეყნები იკავებენ: ისლანდია (47.6%), შვედეთი (43.6%), ნორვეგია (39.6%) და მათ ოდნავ ჩამორჩება - დანია (37.4%). მათი ასეთი წარმატების მიზანი რეპრეზენტაციის კუთხით სწორედ სავალდებულო კვოტირების სისტემა გახდა - როგორც პარტიებს შიგნით, ასევე სახელმწიფო სისტემის სტრუქტურების დონეზე. მათი გამოცდილება დემოკრატიზაციის გზაზე მრავალწლიანი იყო და არც ისე მარტივი. ქართული ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ეს გზა კიდევ უფრო მძიმე და ხანგრძლივი იქნება, თუმცა ქალების ბრძოლა უკომპრომისო უნდა იყოს და მათი, ქართველი საზოგადოების უმრავლესობის, ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს ქართულ პოლიტიკაში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG