Accessibility links

სულ მცირე ორმოცი მაღაზია დაიწვა ფოთის ბაზარში მომხდარი ხანძრის შედეგად


ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი ხანძრის შემდეგ.

სულ მცირე 40 მაღაზია დაიწვა ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში დღეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდა მეხანძრე-მაშველების 9 ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცავები საქმეს იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას. მოვაჭრეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს. ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორი, თეა ბელქანია გამორიცხავს, რომ ხანძარი შესაძლოა, გამოეწვია ელექტროსისტემის გაუმართაობას, რადგან მისი ინფორმაციით, ღამით სისტემა მთლიანად ითიშება. თეა ბელქანიას ცნობითვე, მოვაჭრეებს თავისი მცირე ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ. ხანძრის ადგილას იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია. მისი ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის მოცულობას დაადგენს. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების, ვიცით, რომ საბანკო სესხები აქვთ, მაგრამ სანამ ექსპერტიზა დასკვნას არ დადებს, ვერაფერს ვიტყვით“ - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან შონიამ. მისივე თქმით, რომ არა სახანძრო- სამაშველო ბრიგადების ოპერატიული მუშაობა, სავაჭრო ცენტრი შესაძლოა, მთლიანად დამწვარიყო.

თვითმკვლელობა სცადა ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ. ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, 40-წლამდე ასაკის ქალს, რომელსაც წინა მხრის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თეა მიგინეიშვილმა ჟუნალისტებს აცნობა, რომ პიპერტონული კრიზის დიაგნოზით ფოთის საავადმყოფოში მიიყვანეს კიდევ ორი დაზარალებული მოვაჭრე, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG