Accessibility links

საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა ტრამპის გადაწყვეტილებას, აშშ გაიყვანოს პარიზის ხელშეკრულებიდან


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, შეფასებით, „ძალიან გულდასაწყვეტია“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აშშ გაიყვანოს პარიზის ხელშეკრულებიდან, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხება.


მერკელის მიერ 2 ივნისს გაკეთებული განცხადებები დაემატა ტრამპის ნაბიჯის დაგმობის საერთაშორისო ტალღას როგორც აშშ-ის მოკავშირეების, ისე მისი მეტოქეების მხრიდან.

ბერლინში პარლამენტის წინაშე მოკლე განცხადებით გამოსვლისას მერკელმა თქვა, რომ მისი ქვეყანა კვლავაც უერთგულებს ამ 2015 წლის ხელშეკრულებას და მას უწოდა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის „ქვაკუთხედი“.

შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ვერ და არ შეგვაჩერებს ჩვენ, ვინც ვთვლით, რომ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი პლანეტა - დედამიწა. პირიქით, ჩვენ, გერმანიაში, ევროპასა და მსოფლიოში ახლა კიდევ უფრო მეტი მიზანსწრაფულობით გავაერთიანებთ ძალებს, რათა შევებძოლოთ კაცობრიობის წინაშე არსებულ გამოწვევას...

„შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გავიდეს პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან, ძალიან გულდასაწყვეტია და ამ შეფასების გამოთქმისას მე ძალიან თავშეკავებული ვარ“, განაცხადა მერკელმა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მერკელის თქმით, უკან დასახევი გზა არ არსებობს იმ მიზნიდან, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1997 წლის კიოტოს პროტოკოლით და შემდეგ გაგრძელდა 2015 წლის „ისტორიული მნიშვნელობის“ პარიზის ხელშეკრულებით.

ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება 1 ივნისს თეთრ სახლში გამოაცხადა. მისი თქმით, პარიზის ხელშეკრულებას ზიანი მოაქვს აშშ-ის ეკონომიკისთვის და ის იმუშავებს ახალი შეთანხმების გასაფორმებლად.

"საიმისოდ, რომ ჩემი გულწრფელი პირობა შევასრულო და დავიცვა ამერიკა და მისი მოქალაქეები, აშშ გამოეთიშება პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის შესახებ, თუმცა დაიწყებს მოლაპარაკებებს იმ მიზნით, რომ ან ხელახლა შეუერთდეს პარიზის ხელშეკრულებას, ან გაფორმდეს სრულიად ახალი შეთანხმება პირობებით, რომლებიც სამართლიანი იქნება აშშ-ისთვის, მისი ბიზნესებისთვის, მისი მშრომელებისთვის, მისი ხალხისთვის, მისი გადასახადების გადამხდელებისთვის" - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში 1 ივნისს.

ამ განცხადების პასუხად მერკელმა განაცხადა, რომ მსოფლიო ახლა კიდევ უფრო აქტიურად შეეცდება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას: "შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ვერ და არ შეგვაჩერებს ჩვენ, ვინც ვთვლით, რომ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი პლანეტა - დედამიწა. პირიქით, ჩვენ, გერმანიაში, ევროპასა და მსოფლიოში ახლა კიდევ უფრო მეტი მიზანსწრაფულობით გავაერთიანებთ ძალებს, რათა შევებძოლოთ კაცობრიობის წინაშე არსებულ გამოწვევას“.

ტრამპის კამათის საგნად ქცეული ამ გადაწყვეტილებით აშშ დაემატა ორად ორ ქვეყანას, სირიას და ნიკარაგუას, რომელიც არ მიერთებია პარიზის შეთანხმებას. პარიზის ხელშეკრულება ითვალისწინებს ზომების მიღებას სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შესამცირებლად, რაც კლიმატური ცვლილებების შეზღუდვას ემსახურება. ტრამპი ხელშეკრულებიდან გასვლის პირობას დებდა საარჩევნო კამპანიის დროს და აცხადებდა, რომ შეთანხმება ვნებს აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს და ამცირებს სამუშაო ადგილებს.

ტრამპს მოკავშირე და სხვა ქვეყნების ლიდერები სთხოვდნენ დარჩენილიყო იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც 194 სხვა ქვეყანა აწერს ხელს.

ტრამპის გადაწყვეტილებას „დიდი იმედგაცრუება“ უწოდა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გურტერეშის, პრესმდივანმა.

ანალიტიკოსების ვარაუდით, კლიმატის ცვლილებები და პარიზის ხელშეკრულება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი და ევროკავშირის წამყვანი დიპლომატები განიხილავენ 2 ივნისის შეხვედრაზე ბრიუსელში.

ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ტრამპს პირადად სატელეფონო საუბარში უთხრა 1 ივნისს, რომ გადასინჯვას და ხელახალ მოლაპარაკებას არაფერი დაექვემდებარება და ორ ქვეყანას ამიერიდან მოუწევს თანამშრომლობისას კლიმატის საკითხების მიღმა არსებული პროექტებით შემოიფარგლოს.

„სათადარიგო გეგმა არ არსებობს, რადგან არ არსებობს სათადარიგო პლანეტა“, - განაცხადა მაკრონმა ტელევიზიით გამოსვლისას და დასძინა, უფრო სუსტი პირობებით ხელშეკრულებას არ შევიმუშავებთო.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, თანაშემწემ, ანდრეი ბელოუსოვმა, 2 ივნისს განაცხადა, პარიზის ხელშეკრულება აშშ-ის გარეშე არ იმუშავებსო. „ცხადია, რომ აშშ-ის გარეშე პარიზის ხელშეკრულება არაეფექტური იქნება, რადგან აშშ სათბურის გაზების ერთ-ერთი უმსხვილესი მაწარმოებელია“, - განაცხადა მან.

მანამდე სახელმწიფო სააგენტო RIA-მ მოიტანა ვიცე-პრემიერის, არკადი დვორკოვიჩის, სიტყვები, რომ რუსეთი უკან არ წაიღებს ხელშეკრულებასთან შეერთების თავის გადაწყვეტილებას, აშშ-ის ნაბიჯის მიუხედავად.

რუსეთმა პარიზის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაგრამ მისი რატიფიკაცია არ მოუხდენია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG