Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა გვენეტაძემ აჟიოტაჟი უწოდა სავალუტო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აჟიოტაჟი უწოდა სავალუტო ბაზარზე 1 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს, როცა დღის გარკვეულ მონაკვეთში 2 ლარს და 70 თეთრს გადააჭარბა ერთი ამერიკული დოლარის ფასმა. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 2 ლარი და 53 თეთრი ღირდა. „აჟიოტაჟი შექმნა გარკვეულმა მოლოდინებმა, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს და რთულია, მათი განცალკევება“ - განუცხადა 2 დეკემბერს, ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მან აღნიშნა, რომ ამერიკული დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა და ამასთან, გაუფასურდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტა. „სამწუხაროდ, ბაზრებს ახასიათებს მოვლენა, რომელსაც ჰქვია ოვერ შუთინგი, ანუ მოკლე პერიოდში კურსის იმაზე მაღლა ასვლა, ვიდრე ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ და როგორც წესი, ამას მოჰყვება კურსის ძველი დონისკენ ჩამოსვლა“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ. მისივე თქმით, მიუხედავად ამერიკული დოლარის ისტორიული გამყარებისა, არსებული ფაქტორები, მაინც არაფრით მიანიშნებდა, რომ მსგავსი გაუფასურება უნდა მომხდარიყო და გარკვეული დროის შემდეგ უკუსვლაც ამიტომ დაიწყო. კობა გვენეტაძემ კვლავ განმარტა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, რომლის გამოც შეუძლებელია ეროვნული ბანკის მიერ რაიმე პროგნოზის გაკეთება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 58 თეთრი ღირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG