Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელა ტალიური − იურისტი


15 ოქტომბერი, კვირა

დღესაც ოფისში ვარ და ანგარიშზე ვმუშაობ. პოზიტივი: სპეცუბნების რაოდენობა შემცირდა. ცესკოს ვებგვერდს ჩავხედე − ცოტა უბანია, ალბათ სულ ათი. არადა, სპეცუბნები ქართული არჩევნების პრობლემა იყო... მახსოვს, 70-ზე მეტი სპეცუბანი იყო 2012 წლის არჩევნებზე. 2013 წლიდან უბნების რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდა. ეს ძალიან კარგია, მახარებს.

დღეს სახლში ადრე დავბრუნდი, მამიდაა ბავშვებთან და სახლში უნდა გავუშვა − საქმე აქვს, არ სცალია, რომ უფრო დიდხანს დარჩეს.

ირაკლი კახეთში წავიდა და დამირეკა − დააგვიანდება.

დღის მეორე ნახევარი სახლში ვარ და ჩემს პატარებთან ვერთობი. ირაკლი ჩამოვიდა და ვუსაყვედურე, რომ არ მომცა სამსხურში მიბრუნების საშუალება. სახლში კი წამოვიღე სამუშაო კომპიუტერი, მაგრამ ბავშვებმა არ მომცეს მუშაობის შესაძლებლობა.

16 ოქტომბერი, ორშაბათი

9 საათზე უწყებათაშორის კომისიაზე უნდა ვიყო. ამიტომ ძიძა დავიბარე და იუსტიციის სამინისტროში გამოვცხადდი. ირაკლის დაეძინა და ჩემით წავედი, ჯერ მეტრო, შემდეგ − ტაქსი.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა დასრულდა, ეს იყო ბოლო სხდომა კენჭისყრის დღემდე.

2 საათზე ინტერნეტის გამართვაზე პასუხისმგებელ პირებს შევხვდი და შევუთანხმდი, რომ ინტერნეტის სიჩქარის მოსამატებლად კომპანიას ვურეკავ და ვთხოვ სიჩქარის მომატებას, ხოლო ჩვენი საჩივრების ბაზაზე ინფორმაციის განსათავსებელად სივრცეს გავზრდით.

5 საათზე მოვიდა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მოგვაწოდა ინფორმაცია სავარაუდო დარღვევის შესახებ. ბოლომდე ვერ დავრჩი, მალე დატოვე შეხვედრა, მოვუბოდიშე.

17 ოქტომბერი, სამშაბათი

მთელი დღე ქაოსია და მთელი დღე ქაოსში ვარ.

12 საათზე NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შევხვდი − ისევ ჟურნალისტები, ისევ კომენტარები...

ბარათები უნდა ვიყიდოთ დამკვირვებლებისთვის, შემდეგ რეგიონებს უნდა გადავუნაწილოთ მასალები და გავატანოთ. ამ საკითხებზე ვმუშაობ და აზრს ხშირად ვეკითხები მცოდნე ხალხს, რომ არ შემეშალოს იმ საქმეში, რაც აქამდე არ გამიკეთებია.

18 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დილა კარგად დაიწყო. გვანცა, ჩვენი ლოგისტიკის მენეჯერი, სამსახურში დაბრუნდა, სრულიად მოულოდნელად. ძალიან გამიხარდა, ამოვისუნთქე, საქმეში შეგვეშველება, მისი არყოფნისას თითქმის მთელი ლოგისტიკური საკითხი ჩვენს მხრებზე იყო.

და მეორე კარგი ამბავი: ანა დაგვიბრუნდა სამსახურში, თავმჯდომარე. ამანაც ძალიან გამახარა! დეკრეტული შვებულებიდან ვადაზე ადრე მოუხდა დაბრუნება არჩევნების გამო და ახლა ჩვენთან არის.

შარშან დეკრეტულიდან მეც ვადაზე ადრე გამოვცხადდი, რომ სადამკვირვებლო მისიაში ჩავრთულიყავი 2016 წლის არჩევნებისთვის. ქალებს საქართველოში დეკრეტულ შვებულებაში გასვლის პრობლემები აქვთ და თანაც ხშირად უწევთ მისი ვადამდე შეწყვეტა და სამსახურში დაბრუნება. ამას ისინი ხან ნებით აკეთებენ, ხანაც − საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად...

ტაქსების კომპანია ავიყვანეთ, ხელშეკრულება შევადგინეთ და უნდა მოვახერხოთ, რომ თანხის ნაწილი დროულად გადავურიცხოთ, რომ არჩევნებზე ტექნიკურად გამართული მანქანები გვყავდეს. ინტერნეტის სიჩქარე უნდა გავზარდოთ არჩევნების დღისთვის და კიდევ რამდენიმე დღისთვის, რომ ორგანიზაციის ყველა ოფისში სწრაფი ინტერნეტი გვქონდეს. ეს ინტერნეტი ხომ ჩვენი თავის ტკივილია!

დღეს 1 საათამდე დავრჩი ოფისში და თბილისში დამკვირვებლები გადავანაწილე უბნების მიხედვით. იმას, რაც არც ერთ არჩევნებზე არ გამიკეთებია, ახლა ვაკეთებ. მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადავანაწილო მითითებული მისამართების მიხედვით, სადაც ეს შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგიონია, ვერაფერს ვშვრები. ვცდილობ, გავუადვილო დილით ადრე უბანზე მისვლა.

19 ოქტომბერი, ხუთშაბათი

წუხელ ღამის პირველ საათზე დავბრუნდი სახლში, შუალედურ ანგარიშზე ანას კომენტარები ავსახე, ბევრი საქმე მქონდა მთელი დღე და ანგარიშისთვის ვეღარ მოვიცალე. ძილი აღარ მყოფნის.

ბავშვია ავად და იმის დროც არ მაქვს, რომ ექიმთან წავიყვანო. დაზღვევაში ვრეკავ და სასწრაფოს ვიძახებ. ექიმი მოვიდა, ზუკა გასინჯა და საავადმყოფოში გადაყვანა შემომთავაზა − გადასხმებს გაუკეთებენო, მითხრა, მაგრამ რა ვქნა, ბევრი საქმე მაქვს, იმის დროც არ მაქვს, რომ ბავშვს წავყვე და გადასხმა გავუკეთო. ირაკლის ვურეკავ (ჩემზე ადრე ცხადდება სამსახურში). არც ირაკლის სცალია, ბოლოს ვურეკავ მამიდას, რომელიც ჩემი გაჭირვების ტალკვესია და ვეკითხები, როდის შეძლებს ჩემთან მოსვლას უფროს ბიჭთან, გიოსთან დასარჩენად, რომ ზუკა ექიმთან წავიყვანოთ.

მეუბნება, რომ თავადაც ავად არის და მოსვლას ვერ შეძლებს. მაგრამ ცოტა ხანში მირეკავს და მატყობინებს, რომ კახეთიდან ჩემთან მოდის დედასთან ერთად. ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს − ვიცი, ბავშვს მიხედავენ და ცივ ნიავს არ მიაკარებენ.

დედა და მამიდა რეკორდული სიჩქარით, ისე სწრაფად, როგორც არასდროს, ჩამოვიდნენ და გვერდში დამიდგნენ. აი, რას ნიშნავს თანადგომა! რა კარგია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გიღალატებენ და ყოველთვის მხარში გიდგანან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან გიჭირს.

ზუკა საავადმყოფოში დაიტოვეს. მეც იქ ვარ. როგორც კი დრო მომეცა, ბავშვთან გავიქეცი. გზაში მივხვდი, რომ სიჩქარეში კომპიუტერი სამსახურში დამრჩა და უკან დავბრუნდი. ჟურნალისტები მელოდნენ, მე კი ძალიან მეჩქარება. ვერ ჩამწერეს, ტექნიკური პრობლემა აქვთ... გავრბივარ, ვუბოდიშებ, რომ ავადმყოფ ბავშვთან მეჩქარება. ვპირდები, რომ უკომენტაროდ არ დავტოვებ. ამ სიტუაციამ კინოფილმი „ჭრიჭინა“ გამახსენა, სიმღერის ჩაწერა რომ ეჩქარება მთავარ პერსონაჟს. ბოლოს გავედი, თუმცა გზაში ჟურნალისტები მირეკავენ და ხვალინდელი პრესკონფერენციისთვის ინტერვიუს მთხოვენ. ყველას ციციშვილის კლინიკაში ვიბარებ.

ზუკა ვნახე. ცხელი მეჩვენება, თუმცა სიცხე არ აქვს. როგორც ჩანს, თბილად აცვია და დასცხა. ანალიზის პასუხებს ველოდებით მე, დედა და ირაკლი. იმედი მაქვს, გაგვწერენ. ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ ექიმი გვეუბნება, რომ სისხლში ცვლილებები აქვს და უნდა დავრჩეთ. ვნერვიულობ, რატომ გამიხდა ცუდად? რაღა ახლა? არადა, მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ჟურნალისტები რეკავენ, გავედი საავადმყოფოდან და იქ ჩამწერეს.

მე და ირაკლი გვიან დავბრუნდით სახლში, გიოს უკვე ეძინა. სახლში მამიდა დაგვხვდა, ბევრი უტირია დღეს გიოს. ბოლოს მამიკოს საწოლში დაწოლილა და ასე ჩასძინებია.

ბავშვთან დედა დავტოვე. :-(

20 ოქტომბერი, პარასკევი

ბოლო დღე არჩევნებამდე. დილით ადრე ავდექი, 10 საათზე პრესკონფერენცია გვაქვს, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე საშუალედო ანგარიშს ვაქვეყნებთ. დილიდანვე ჟურნალისტები არიან ოფისში და ჩვენ გველოდებიან.

რა დარღვევები დავაფიქსირეთ, რა იყო ამ არჩევნების მთავარი გამოწვევა, რა პრობლემები დავინახეთ და რით იყო ეს არჩევნები გამორჩეული? ეს არის ის კითხვები, რომლებიც ჟურნალისტებს აქვთ.

პრესკონფერენციამ წარმატებით ჩაიარა, ბევრი ჟურნალისტი მოვიდა − ამ არჩევნებისადმი მედიის ინტერესი დიდია.

ბრიფინგი დამთავრდა თუ არა, მეორე ოთახში გადავინაცვლე. იქ თანამშრომლებთან შეხვედრას მართავს ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ორგანიზაციულ განვითარებაზე საკუთარი მოსაზრებები უნდა გაგვიზიაროს. დარბაზი სავსეა თანამშრომლებით და ყველა ინტერესით უსმენს. მეც ვესწრები შეხვედრას და პარალელურად ათას რამეს ვაკეთებ: იმეილებს ვამოწმებ, წერილებს ვპასუხობ, საიას საარჩევნო მისიაზე განცხადებას ვამზადებ, კიდევ ერთხელ ვკითხულობ, რა არის გასაკეთებელი, ზარებს ვპასუხობ და ა.შ.

უცებ გამახსენდა, რომ შეხვედრაზე ვარ წასასვლელი. ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციას ვხვდებით არჩევნებთან დაკავშირებით. უნდა გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრება და დასკვნები არჩევნებზე: რა იყო პრობლემური, რა გამოსწორდა, რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ უკეთესი არჩევნები ჩატარდეს.

შეხვედრაზე დროზე ადრე მივედი და სტუმრებს დაველოდე. შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა იქვე ჟურნალისტი დამხვდა, მისგან შემოსულ ზარებს ვერ ვუპასუხე. თურმე დიდხანს მიცდიდა.

შეხვედრიდან გამოვედი და ეუთოს მისიას შევხვდი. იქ ვნახე ჩემი ტრენერი და ძალიან გამიხარდა. ჩამოსულა და არჩევნებს აკვირდება. ძალიან კვალიფიციური ადამიანია და არჩევნებზე დაკვირვების დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. გულწრფელად გამიხარდა, რომ მისი წონის და შესაძლებლობების ადამიანებს ამ ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვების სურვილი აქვთ და დღეს ისინი ჩვენთან არიან.

ისევ ოფისში დავბრუნდი და საქმეს შევუდექი − არჩევნების დღისთვის უნდა მოვემზადო. სახლში როდის წავალ, არ ვიცი. არც ის ვიცი, დღეს მოვახერხებ თუ არა ჩვენი შვილის ნახვას, რომელიც გუშინ ღამე საავადმყოფოში მოვათავსეთ ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზით. რაღა ახლა, რაღა ამ დროს?! არც მეგონა, რომ დაგვტოვებდნენ, მაგრამ სისხლის ანალიზები არ იყო კარგი და დაგვტოვეს. მეც შემეშინდა: წლისა და ორი თვის ბავშვი სახლში რომ წამოვიყვანო, შეიძლება კიდევ უფრო ავად გამიხდეს და მაშინ რაღა ვქნა?

21 ოქტომბერი, შაბათი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე − დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი ქალაქისა თუ თემის მმართველები უნდა აირჩიოს.

არჩევნების დღე ჩემთვის სამუშაო დღეა. ამიტომ დილით ადრე გავიღვიძე და 6:30-ზე სამსახურში გამოვცხადდი. როგორც წესი, ამ დღეს საიაში დიდი ფუსფუსია. დილიდანვე მოდიან შტაბის წევრები − ასე ვეძახით თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების დღეს ოფისში არიან და მუშაობენ. ყველას თავისი კომპიუტერი აქვს და ოპერატორის ფუნქციას ასრულებს. რეკავენ დამკვირვებლებთან უბნებზე, ოლქში, ან, პირიქით, მათ ურეკავენ. დამკვირვებლები ატყობინებენ, რა დარღვევებია უბნებზე და რა მოიმოქმედეს − დაწერეს საჩივარი ან ზეპირი შენიშვნა დააფიქსირეს. შტაბში ცხადდებიან ოლქის დამკვირვებლებიც, რომლებმაც უბნები უნდა გადაინაწილონ, შეხვდნენ მეწყვილეებს და გავიდნენ უბნებზე, ოლქში და მთელი დღე აწარმოონ დაკვირვება საარჩევნო უბნებს შიგნით თუ გარე პერიმეტრზე.

არჩევნების დღეს მე შტაბში ვარ და საიას საჯარო განცხადებების ტექსტებს ვამზადებ. ცხელ-ცხელ ინფორმაციას აღრიცხულ პრობლემებსა და დარღვევებზე ოპერატორები მაწვდიან, მე კი ეს მონაცემები კომპიუტერში შემყავს და ვამუშავებ. შემდგომ განცხადებას გულდასმით კითხულობს თავმჯდომარე. ყოველ აბზაცს თუ წინადადებას არაერთგზის ვამოწმებთ − არ გვინდა, გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაცია გავიდეს. ამიტომ ხშირად გვიხდება დამკვირვებელთან ხელახლა დარეკვა: ვაზუსტებთ, რა მოხდა, რატომ მოხდა, ვინ ჩაიდინა, რა მოიმოქმედა კომისიის თავმჯდომარემ და ა.შ.

საინტერესოა, რამდენმა ადამიანმა იცის, რას ვაკეთებთ? რამდენმა იცის, რად გვიჯდება ეს შრომა და ეს მონდომება. ზოგს ჰგონია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უსარგებლოა. „რას აკეთებთ?“ „გამოგდით რამე?“ „რა აზრი აქვს თქვენს საქმიანობას?“ „ვინმე გისმენთ?“ − უკითხავთ სკეპტიკოსებს. რა იციან, რამდენ რამეს ვაკეთებთ, რამდენად ვიხარჯებით იმისათვის, რომ ვემსახუროთ საქმეს, რომლისაც გვჯერა და იმას, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG