Accessibility links

2 აპრილი, კვირა

კვირა დილა გათენდა ბაქოში. მე და ოთო, ათსაათიანი ფრენისა და ერთკვირიანი ნიუიორკული ვოიაჟის მერე, ბაქოს გავლით თბილისში ჩამოვფრინდით. ბაქოს აეროპორტი ძალიან ლამაზია და ულტრათანამედროვე. აეროპორტში ტიპური, პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი გარემო არ არის. თუმცა ჯერ კიდევ ისმის ადგილობრივების რუსული საუბარი აზერბაიჯანული აქცენტით, რომელიც ყოველთვის საინტერესოდ მიმაჩნდა.

დილის 09:40-ზე ჩვენი თვითმფრინავი მშობლიურ ქალაქში დაეშვა. ყველაზე მეტად გასასვლელში მდგარი, გაღიმებული ოჯახის წევრების სახეები მახარებს ხოლმე. საყვარელი ადამიანების ჩახუტებაზე დიდი ბედნიერება, ჩემი აზრით, არ არსებობს.

კვირადღემ ლამაზად ჩაიარა. მთელი დღე ჩემოდნების ამოლაგებას მოვუნდით, მაგრამ ეს პროცესი აბსოლუტურად არ იყო დამღლელი, რადგან ჩემოდნების დიდი ნაწილი საჩუქრებით იყო სავსე. ყოველთვის მაოცებდა და განსაკუთრებულ სტიმულს მაძლევდა ახლობელი ადამიანების ბედნიერი სახეები, რომელიც მაშინ აქვთ, როდესაც საყვარელ ნივთს დაანახვებ ხოლმე. მთავარი კი ის არის, რომ ნივთი არ ანიჭებთ სინამდვილეში სიამოვნებას, არამედ იმაზე ფიქრი აბედნიერებთ, რომ მათზე იფიქრე და საგანგებოდ მათთვის შეარჩიე საჩუქარი.

მრავალრიცხოვანი ოჯახური ვახშმის მერე მე და ოთო დაღლილობისგან და „ჯეტლეგისგან“ გავითიშეთ.

3 აპრილი, ორშაბათი

ჩვენი ორშაბათი დილის სამ საათზე გათენდა. ამერიკაში ერთი-ორმა გასტროლმა თავისი შედეგი გამოიღო და არ გვძინავს. დილამდე მე და ოთო ათას საინტერესო რამეზე ვსაუბრობთ. განსაკუთრებით გვაღელვებს ბოლოდროინდელი ეკოლოგიური სიტუაცია თბილისში და ამაზე დიდხანს ვლაპარაკობთ, პრობლემიდან გამოსავალს ვეძებთ. დღე წვიმიანი და სუსხიანი გამოდგა.

აგერ უკვე თითქმის ათი წელია, მუდმივად საზღვარგარეთ ვიმყოფები სხვადასხვა გასტროლის გამო, თუმცა მაინც თბილისში ვცხოვრობ. ჩემი საყვარელი ქალაქი ვერ მივატოვე, მეტ კომფორტსა და ფუფუნებაზეც ვერ გავცვალე. რატომ? ყოველ დაბრუნებაზე სახლში მოვიდოდი ხოლმე, აივანზე გავიდოდი და ვიწყებდი სუნთქვას; ვცდილობდი, დიდი რაოდენობით შემესუნთქა ჩემი საყვარელი თბილისის ჰაერი. რომ მეკითხებოდნენ, ოჯახის წევრების გარდა, კიდევ რა გენატრებაო, ვპასუხობდი, თბილისის ჰაერის სურნელი მენატრება-მეთქი გაზაფხულსა და შემოდგომაზე. რა ირონიაა − ახლა დიდი რაოდენობით ჰაერის შესუნთქვა კი არა, ლამის ჟანგბადის ნიღაბი ვატარო, ისეთი გამონაბოლქვია ქალაქში! როგორ მენატრება ჩემი თბილისის ჰაერის სურნელი!..

4 აპრილი, სამშაბათი

დღე ტურისტულ სააგენტოში დაიწყო. სავიზო ლიბერალიზაციის მიუხედავად, ვალდებული ვარ, სამუშაო ვიზები გავიკეთო. შესაბამისად, ნახევარმა დღემ უაზრო საბუთების შევსებასა და ბეჭდვაში ჩაიარა. როგორ მიხარია, რომ ტურისტული მიზნებით მაინც შეგვიძლია უვიზოდ გადაადგილება! დიდი და პოზიტიური ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის.

დღეს ორასორმოცდაათწლოვანი წიფელი გადატყდა შუაზე. როგორ მძულს ბუნებაზე მოძალადენი!

დღე ჩემს საყვარელ ARia Beauty Centre-ში დავამთავრე. მნიშვნელოვანია თავის მოვლა, მით უმეტეს − „რელაქსი“ მძიმე დღის მერე.

5 აპრილი, ოთხშაბათი

რა ჯობია დღის მუსიკით დაწყებას! 10 აპრილს ჩემი, უკვე რიგით მეორე სოლოკონცერტია ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად. დღეს პირველი რეპეტიცია გვაქვს. როგორ მიყვარს ეს ორკესტრი, მასთან ყოველი თანამშრომლობა მიყვარს. ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ და, მიუხედავად მიზერული ხელფასებისა და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი უგულებელყოფისა, მაინც იბრძვიან და აგრძელებენ მოღვაწეობას მუსიკის სიყვარულით. ნეტავ, როდის იქნება, რომ მათი პრობლემების ნაწილი მაინც მოგვარდეს და უმეტესი დრო მუსიკას დაუთმონ, და არა პრობლემებზე ფიქრს.

დღეს თბილისის ქუჩებში დასუფთავების სამსახურის ინსპექტორები გამოჩნდნენ. ასე, 9-10 თვის წინ, სხვა მომღერლებთან და არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად, შევქმენით გამწვანების ჯგუფი „მწვანე საქართველო − ჯანმრთელი მომავალი“. შექმნის დღიდან ვიბრძვით ქალაქის სისუფთავისა და ეკოლოგიისთვის. არაერთხელ დაგვისუფთავებია ქალაქი, დაგვირგავს ხეები. ამ ჯგუფის მთავარი მიზანია ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ინსპექტორების გამოჩენა ქუჩებში ჩვენი ერთიანი ძალისხმევისა და ამ ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატების შედეგია. ამ ბრძოლის დიდი შედეგია, ასევე, ერთი დიდი საჩუქარი: 2018 წლის იანვრიდან მოწევა ყველგან აიკრძალება. უბედნიერესი ვარ, რომ პარლამენტმა ეს კანონი ერთხმად მიიღო!

მჯერა, რომ კეთილი საქმისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.

6 აპრილი, ხუთშაბათი

დღეს ვაგროვებთ ხელმოწერებს თბილისში ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის. პრობლემა აქტუალური და სერიოზულია. ტექდათვალიერებასა და მეტ გამწვანებაზე ვაკეთებთ აქცენტს.

გავიგეთ, რომ 10 აპრილის კონცერტზე ბილეთები თითქმის აღარ დარჩა. როგორ მიხარია! ბილეთებიდან შემოსული თანხა ხომ მთლიანად ორკესტრს მოხმარდება!

სირიაში დღეს ქიმიური იარაღით დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა. მთელია დღეა, ამ კადრებს ვუყურებ და ვფიქრობ, რა უძლურები ვართ ამ ყველაფრის წინაშე. ნეტავ ოდესმე თუ დამთავრდება სიძულვილი და ძალადობა ადამიანთა შორის? ღრმად მჯერა, რომ სიყვარულს სამყაროს შეცვლა შეუძლია.

7 აპრილი, პარასკევი

დღის მთავარი მოვლენაა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის თანამეგობრობის შექმნა. მსოფლიო პრაქტიკაში ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა მეგობრული საზოგადოების შექმნა, მაგალითად, არსებობს ვერდის, ან ვაგნერის თანამეგობრობა. არსი ისაა, რომ, თუ გაწევრიანდი, იხდი წლიურ შესატანს, რომელიც განისაზღვრება იმ პრივილეგიის მიხედვით, რაც გინდა, რომ გქონდეს. აბონემენტები, კონცერტებსა და რეპეტიციებზე დასწრების უფლება, განსაკუთრებული ადგილი თეატრში ან რაიმე მსგავსი პრივილეგია. თუმცა ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს, რომლებიც გაწევრიანდებიან და წელიწადში 50 ლარს გადაიხდიან, ექნებათ საშუალება, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრთან ერთად, ერთ გალაკონცერტში მიიღონ მონაწილეობა, უნდა შეასრულონ მათთვის საყვარელი ნაწარმოებები. ამ მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევისა და დაანონსების მერე იწყება რეპეტიცია. მე მუსიკაში ვეფლობი, სიმღერაზე დიდი ბედნიერების შეგრძნებას, ალბათ, მხოლოდ ჩემს მეუღლესთან ჩახუტება მანიჭებს.

დღის მეორე ნახევარს ელენეს ვუთმობ. ელენე 25 წლის, ძალიან ლამაზხმიანი სოპრანოა. მასთან მასტერკლასი უდიდესი სიამოვნება იყო. სხარტი გონების, უჭკვიანესი გოგონა, რომელმაც მალევე გაიგო ვოკალური ტექნიკის პრინციპები. ორსაათიანი ნაყოფიერი მეცადინეობის მერე ბედნიერები და ღიმილიანები ვიშლებით.

გარეთ გამოსულს, ცუდი ამბავი მხვდება: ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ისევ ჭრიან ხეებს.

8 აპრილი, შაბათი

სუსხიანი დილა გათენდა. თუმცა მაინც როგორ მსიამოვნებს ის გრილი სიო, რომელიც აივნის კარის ღრეჩოდან შემოდის! მაღვიძარაზე ნახევარი საათით ადრე გამეღვიძა, როგორც ყოველთვის.

დილა, ჩვეულებისამებრ, წყლის დალევითა და ჯანმრთელი საუზმით დავიწყეთ. მე და ოთომ „სიყვარული ყველას უნდას“ ვუყურეთ და დადებითი ენერგიით ავივსეთ.

პირველზე რეპეტიცია იწყება. ახლოვდება ორშაბათი და ერთი სული მაქვს, ჩემი საყვარელი მაყურებლისთვის ვიმღერო. ორი საათი გვაქვს პროგრამის დალაგებისა და ნაწარმოების გასავლელად. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი და ამ ცენტრის ყველა თანამშრომელი უმაღლესი დონის პროფესიონალია. ამაზე მეტ კომფორტს ვერც ვინატრებდი.

დღის მეორე ნახევარი კვლავ ელენეს ეთმობა, რომელიც დღეს კიდევ უფრო აზრიანად მიუდგა გუშინ ჩემ მიერ ახსნილ ყველა ტექნიკურ დეტალს და შედეგმაც არ დააყოვნა: ხმა ორჯერ უფრო ლამაზია და ორჯერ უფრო დიდად ჟღერს.

საღამოს რადიო თავისუფლებაში მივდივარ. მანამდე კი მე და ჩემი მეუღლე ვსხედვართ კაფეში და ყავას შევექცევით, თან რეპეტიციას განვიხილავთ. მიყვარს მასთან მუსიკის განხილვა, ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მსმენელია ყველა ჩემს მსმენელს შორის და ყველაზე უკეთ იცის, რა დროს რა რჩევა მომცეს. ყველა ჩემი წარმატება ამ ბოლო ერთ წელიწადში მისი დიდი დამსახურებაა, მისი რჩევებისა და სიყვარულითა და სითბოთი შექმნილი ბედნიერი კომფორტის შედეგია.

ხვალ კვირაა. ოჯახის დღეა ტრადიციულად და კონცერტისთვის მზადების დღე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG