Accessibility links

11 ივნისი, კვირა

ჰმ! მომდევნო ერთი კვირის მანძილზე უჩვეულო რამ უნდა ვაკეთო: რადიო თავისუფლებისთვის“ დღიური უნდა ვაწარმოო. ყოველდღიურობას დაემატა ის, რაც არასოდეს მიკეთებია, თუმცა სიახლე და შეუცნობადი ყოველთვის მიზიდავდა და რატომაც არა? ამასაც ვცდი...

დღე ჩვეულებრივად დაიწყო. დედამ, ვიდრე მე დილით თავს ვიწესრიგებდი, საუზმე გაამზადა. ტრადიციულად − გემრიელი. იგი უბადლო მზარეული და დიასახლისია. მისი მომზადებული ნებისმიერი კერძი სხვაგვარად გემრიელია! სიამოვნებით უმასპინძლდება ხოლმე ყველას. შიდა საქმეების გარდა, მთელს სახლს და ეზოს თავად უვლის. და თან ისე, რომ ქუჩაში გამვლელები ხშირად ჩერდებიან და სახლს ფოტოებსაც კი უღებენ. დედა ყველაზე ლამაზი ადამიანია ამქვეყნად! ნეტავ იცოდეს, როგორ მიყვარს, ან ამ სიყვარულის გამოხატვა შემეძლოს, მცირე პროცენტულობით მაინც... ჩემი ძაღლი ლილუ, მისთვის დამახასიათებელი სიხარულით დამდევს უკან. თითქოს დიდი ხნის განშორების შემდეგ კვლავ დამინახა.

სახლიდან გასვლის დროა. ჩემთვის დასვენების დღეები არ არსებობს. ამის უფლებას თავს მხოლოდ გვიან შემოდგომაზე ვაძლევ, ჩემი დაბადების დღისთვის, ნოემბერში.

საზმაუს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, გასული წლის აპრილის თვეში დავბრუნდი, თუმცა განსხვავებულ პოზიციაზე − განვითარების სამსახურში ბრენდინგისა და პრომოუშენის მენეჯერად. კონტრაქტზე ხელისმოწერიდან, არც ერთი დღე არ გასულა ჩემთვის უნაყოფოდ და წინგადადგმული ნაბიჯის გარეშე: ხან პირადი ნაცნობობა-ახლობლობა მეხმარება (ზოგი რამ უფასოდ ან მინიმალური დანახარჯებით კეთდება), ხან ტელევიზიაში ამჟამად მომუშავე პროფესიონალებთან რჩევა-კონსულტაციები, ხანაც − საკუთარი გამოცდილება და ინტუიცია...

დიახ, ეს არის არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, შემოქმედებითი იდეების კასკადი, არანორმალური თავგანწირვით შექმნილი პროდუქტები და, ბოლოს, ანუ უკვე დღეს, სასურველის მიღწევით გამოწვეული უსაზღვრო სიამოვნება.

საერთოდ, თუკი საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვარ, არც ერთ საქმეს (არანაირი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ) ხელს არ ვკიდებ. ვინაიდან, რასაც ბოლოს ავტორად ჩემი სახელი და გვარი დაეწერება, უბადლოდ უნდა იყოს გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში არსებული შესაძლებლობებიდან მაქსიმუმს უნდა მივაღწიო.

რა გაკეთდა აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ჩემი დაბრუნების შემდეგ?

„რებრენდინგი“ სათქმელად ადვილია, მაგრამ მისი სწორად და ზუსტად დაგეგმვა და განხორციელება − წარმოუდგენლად რთული. მით უმეტეს, მწირი ბიუჯეტის ფონზე.

საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობა გაიძულებს, არასოდეს გაჩერდე მიღწეულზე. განვლილი პერიოდიდან გამომდინარე გავიმეორებ: შეუცნობად და რადიკალურად განსხვავებულ ამპლუაში საკუთარი ძალების მოსინჯვა ყოველთვის მიზიდავდა. მით უფრო, თუ სამსახურში, რომელსაც გთავაზობენ, გეგულება პროფესიონალები, ვის გვერდით დგომაც სამსახურებრივსა თუ პირად საკითხებში არაერთხელ მიგრძვნია. მათ გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, სიტყვა „მადლობაც“ კი არ კმარა იმ გრძნობებისა და ემოციების გამოსახატად, მათ მიმართ რომ გამიჩნდა.

მოკლედ, ეს იყო მინიმალური დანახარჯებით გაკეთებული, ძალიან მაგარი საქმე, რომლითაც პირადად მე ვამაყობ. ასევე ამაყობს ძალიან ბევრი ჩემი თანამშრომელი და, დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც.

მივედი სამსახურში. პირად ბლოკნოტში მომავალი კვირის ნუსხას გადავხედე: შესრულებული პუნქტები გადავხაზე, გასაკეთებელი ჩავინიშნე, პრიორიტეტების მიხედვით გადავწერე და დავალაგე. შემდეგ მუშაობის ჩვეულ რიტმში ჩავები, პარალელურად ვპასუხობ დელფინარიუმის ფეისბუკის გვერდზე შემოსულ წერილებს. რა სწრაფად მოვიდა დელფინარიუმში გაქცევის დრო! 16:00-ზე შოუ იწყება. ამ პერიოდში − ყოველდღე (ორშაბათის გარდა). შენობაში რომ ავდივარ, იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რა ბედნიერებაა ამ არსებებთან ერთად ყოფნა!

დელფინარიუმის საქმეებს შევუდექი. ოფისში შევიარე, გემრიელ თანამშრომლებს და დირექტორს მივესალმე. მიკროფონის აღებასთან ერთად ორგანიზმში იმატებს ადრენალინის დონე. მგონი, დღესაც ანშლაგია. თენგოსთან ოთახში შეხედვა განსაკუთრებულად მიყვარს. ის დელფინარიუმის მენეჯერია და ხასიათით მამას მაგონებს. ადრე ისინი მეგობრობდნენ კიდეც. ჩვეულებისამებრ, ყოველი წარმოდგენის დაწყებამდე, „კუნძულზე“ გადავდივარ. მწვრთნელები ემზადებიან. ერთმანეთის მისამართით რამდენიმე იუმორით გაჯერებული ფრაზის გაცვლის შემდეგ, ვეკითხები: „მზად ხართ? დავიწყეთ?“ კახას ვერავინ დაასწრებს პასუხს: „Vamos, vamos!“ და ვიწყებთ იმას, რასაც ყოველ ჯერზე, უკვე წლებია, სიამოვნებით ვაკეთებთ. ტექსტი ან კადრი ვერ გადმოსცემს ემოციას, რომელიც აქ დაგეუფლება. დელფინარიუმის შოუს წაყვანას სულ სხვა მუხტი აქვს. აბსოლუტურად განსხვავებული სატელევიზიო კამერასთან მუშაობისგან და, რაღა თქმა უნდა, სცენიდან ნებისმიერი საღამოს წაყვანისგან. ცალკე სანახაობაა მაყურებლის ემოცია და რეაქციები, დელფინებს ისინი ხშირად ცრემლებამდეც კი მიჰყავთ. თან, რაც მთავარია, ეს დადებითი ემოციებით გამოწვეული ცრემლებია!

12 ივნისი, ორშაბათი

ტრადიციისამებრ, დღე სამსახურით იწყება. გიორგი სამსონია ოთახში, მისთვის ჩვეულ პოზაში მხვდება, ყურსასმენით და ორი კომპიუტერით მაგიდაზე, და მორიდებით მეუბნება, დრო თუ გაქვს, რადიოს ტიხრები გავამზადე და მოუსმინეო. გენიოსია! სწორედ ის არის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბრენდის მელოდიის ავტორი. მაუწყებლის მიერ გამოცხადებული სტაჟირებისას მოვიდა ჩვენთან. უნიჭიერესი ადამიანი, რომელიც ქმნის, არც მეტი, არც ნაკლები, მუსიკას; ორიგინალურს, ყველასგან და ყველაფრისგან გამორჩეულს; ავტორი მელოდიისა, რომელიც ჩვენი იდენტიფიკატორია.

სამსონიას ქმნილებებით შთაგონებული, იმედას და ინგას ვხვდები. შევჯერდით მიმდინარე და სამომავლო საქმეებზე. მოგვიანებით დეტალები ნათია კაპანაძესთან იქნება შესათანხმებელი. ესეც პუნქტებით იწერება ბლოკნოტში.

წელს ტელევიზია იუბილარია, 4 ნოემბერს 30 წელი უსრულდება. პომპეზურ აღნიშვნას არავინ აპირებს. ვფიქრობთ, გავხდეთ საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორ-ორგანიზატორები და თანამონაწილეების დაინტერესებით შემოსული თანხა ბერი ანდრიას ფონდს გადავცეთ. ზვიად სირაბიძეს აქვს გამოცდილება და საკმაო კონტაქტები იმისათვის, რომ ეს საღამო შედგეს. რაღა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ტელევიზიისა და რადიოს სხვა თანამშრომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან. ხშირად მახსენდება თინათინი, ბერი ანდრიას დედა. სამაგალითო ადამიანი, რომელიც, შვილის დანაბარების თანახმად, დღემდე აგრძელებს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვას. ბათუმი საზაფხულო არდადეგებზე ყოველწლიურად მასპინძლობს ბერი ანდრიას ფონდის „შვილებს“. ერთი კვირის ფარგლებში მე, ორ მეგობართან − თამუნა ვასაძესა და თამთა კურცხალიასთან ერთად − ვუწევ მასპინძლობის ორგანიზებას. საბედნიეროდ, ამ კუთხეში უხვად არიან ადამიანები, ვინც უსასყიდლოდ მასპინძლობს ბავშვებს. მათ წელსაც ველოდებით.

ჩვეული რუტინული დღის შემდეგ სამსახურიდან სავარჯიშოდ მივდივარ. ამჯერად დარბაზი დელფინარიუმთან ახლოს შევარჩიე. წინა ტრენერებთან, ირაკლისა და ვეფხოსთან რომ აღარ ვიქნები, გული მწყდება, მაგრამ ახალ დარბაზშიც ყურადღებით და თბილად დამხვდა თენგო. დამისახა გეგმა, მომცა რჩევა-დარიგებები. არასოდეს ვივიწყებ ჩემ მიმართ გამოვლენილ ყურადღებასა და პატივისცემას.

13 ივნისი, სამშაბათი

დილით, ადრე, კიდევ ერთ საყვარელ ადგილს − ბათუმის საცხენოსნო კლუბს ვესტუმრე, საოცარი ბინადრებით და შრომისმოყვარე თანამშრომლებით. გიორგი ძინძიბაძე, კლუბის მთავარი მწვრთნელი, მასწავლის ცხენებთან ურთიერთობის ნიუანსებს. მაგარი ბიჭია! თავის საქმეზე უზომოდ, თავგანწირვამდე შეყვარებული. ბათუმის საცხენოსნო კლუბს საქართველოსა თუ საერთაშორისო მასშტაბით უამრავი ტურნირი აქვს მოგებული. მიუხედავად ამისა, მას დღემდე მოუგვარებელი აქვს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული პრობლემები. იქ, სადაც ახლა კლუბია, ავტობანი უნდა გაიყვანონ. ალტერნატიული სივრცე ჯერჯერობით ვერ მოიძებნა. არადა, ეს ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი უნდა იყოს. ისეთი, როგორიც ეკადრება ბათუმს. გაურკვევლობა დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს. იმედი მაქვს, პასუხისმგებელი პირები საქმეს დროულად მოაგვარებენ.

კლუბში ჩემი ოთხფეხა მეგობარი ქსანია. გრძნობს, რომ ჯერ ახალბედა ვარ და ფრთხილად მატარებს. სიამოვნებით დავრჩებოდი მთელ დღეს... მაგრამ სამსახურში უნდა წავიდე.

გზად უცხო ადამიანი მაჩერებს, იხსენებს გადაცემას, რომელიც რვა წელია აღარაა ეთერში. „ექსკლუზივი“ დღესაც ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. ე.ი. ჩვენ, შემოქმედებით ჯგუფს, წლების მანძილზე, ტყუილად არ გვიშრომია...

სიტყვებით იმის გადმოცემა, რა ენერგიასა და ძალისხმევას ვიღებდით მე და ჩემი მეგობრები ყოველი გადაცემის გასაკეთებლად, შეუძლებელია. მწირი ტექნიკური ბაზისა და საარქივო მასალის პირობებში როგორ ვახერხებდით ისეთი სანახაობის შექმნას, მაყურებელს უკმარისობის გრძნობას რომ არ დაუტოვებდა? დღემდე მიკვირს. თანაც ვახერხებდით ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების მაყურებლის ინტერესების დაკმაყოფილებას, ყოველგვარი ბულვარულობის გარეშე. რეიტინგული პროდუქტის შექმნა რეგიონული ტელევიზიის პირობებშიც ყოფილა შესაძლებელი.

ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. მადლობა უფალს − მხოლოდ პროფესიულ სარბიელზე. „ექსკლუზივის“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან მეგობრული ურთიერთობა უფრო გაღრმავდა − ნათელ-მირონში გადაიზარდა.

სამსახურში ასვლამდე ირმას შევუარე „ლუტეციაში“. დიდი ხანია, არ მენახა. მოვიკითხე. დაკავებულია, როგორც ყოველთვის, თუმცა საჩუქრის გადმოცემა მაინც მოასწრო. რამაზ 1:1! გზად „პრივეტ იზ ბატუმას“ ერთ-ერთ მენეჯერთან, ჩემს მეგობარ მაიკოსთან შევჩერდი რამდენიმე წუთით.

დედმამიშვილი არა მყავს, ამ ურთიერთობის სიყვარულსა და სითბოს გაასმაგებული დოზით ვანაწილებ მეგობრებზე. მათ გვერდით დგომა ჭირშიც და ლხინშიც მიგრძვნია. ბედნიერებაა, როცა ირგვლივ ასეთი ადამიანები გყავს.

საღამოს მეგობრები ექსპრომტად შევიკრიბეთ „დელირიაში“. გოგა, ნათია, ქეთი, ეკა, ქორიძე, მოგვიანებით აბაშიძე და კუკა... ვერასოდეს ვძღები მათთან ურთიერთობით და მათი იუმორით... მორიგი გიჟური დღის ლამაზი დასასრული, მეგობრებთან ერთად.

14 ივნისი, ოთხშაბათი

გამუდმებით ვუსმენ მუსიკას: სახლში, სამსახურში, მანქანაში, ვარჯიშის დროს. ამ შანსს ხელიდან არასოდეს ვუშვებ. თუნდაც ახლა, ამ ტექსტის წერისას, კომპიუტერიდან ისმის „როლინგ სტოუნზის“ She’s a Rainbow. საყვარელი მუსიკა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა.

ჩემს პატარაობას ლაიტმოტივად გასდევდა კომუნისტების მიერ ავად შერაცხული ტაბუდადებული მუსიკა. სამი წლის ასაკიდან პირველივე აკორდით ვცნობდი ნებისმიერ კომპოზიციას. საათობით ვუგდებდი ყურს ჰარმონიულ „ხმაურს“, რომელსაც მამა როკს ეძახდა. ანთებული თვალებით მიამბობდა შემსრულებლებზე და მაიმედებდა, რომ როდისმე მე მაინც მომეცემოდა ამ ყველაფრის ცოცხალი შესრულებით ხილვის საშუალება. რაც ამიხდა კიდეც, არაერთხელ.

ტელევიზიაში სტაჟიორები მელოდებიან. მე და ნინო ჩიტაიშვილი მათ საეთეროდ ვამზადებთ. ძალიან ნიჭიერი და კარგი ბავშვები არიან. თითოეული მათგანი მიყვარს. შეიძლება, ისინი ამას ვერ გრძნობენ, მაგრამ აქ ვაღიარებ. ვცდილობ, მიმართულება მივცე. საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით ვასწავლო ის, რასაც სხვაგან, ალბათ, არავინ ასწავლის. ამასთან, მინდა თითოეულ მათგანს ინდივიდუალობა შევუნარჩუნო და ტელევიზიისთვის „ახალი სახეები“ გავზარდო. ვნახოთ, რა გამოგვივა.

15 ივნისი, ხუთშაბათი

ჩემი ნათლულის, ილიკო თხილაიშვილის დაბადების დღეა. ილიკო ჩემი ორი უახლოესი მეგობრის შვილი. მხოლოდ საჩუქრის გაგზავნას ვახერხებ. სამწუხაროდ! ცუდი ნათლია ვარ. მიუხედავად ამისა, უკვე ცხრა ნათლული მყავს, ორსაც კიდევ წელს მოვნათლავ. ვაღიარებ, ნამდვილად ვერ ვასრულებ მირონით აღებულ მოვალეობას. თუმცა, პატარების მშობლებს ამის შესახებ წინასწარ ვაფრთხილებ ხოლმე. 😊

ისევ ტელევიზია. რაგბის სტადიონზე დავამონტაჟეთ მაუწყებლის კორპორაციული ბანერი. პარალელურად ქალაქში, ორ ადგილზე, ბილბორდის ვიზუალის ცვლილებას ვგეგმავ. ფინანსურ სამსახურთან კონსულტაციის შემდეგ, წამიერად ანონსების ოთახში შევიარე. გრიგოლიას და ჩხარტიშვილს მოვესიყვარულე. ისევ დავუბრუნდი ჩემს სამუშაო ადგილს. ბრენდირების მომავალი წლის გეგმებზე ვსაუბრობთ და ვიწყებთ განახლებული ეთერის სამზადისს.

კვლავ დელფინარიუმი. დაიწყო აქტიური ტურისტული სეზონი. მალე 16:00-იან შოუს კიდევ ორი წარმოდგენა დაემატება: 19-სა და 21 საათზე. ეს გიჟური პერიოდია, როცა ერთ საათში 30 გამოტოვებული ზარი გხვდება, როცა ნებისმიერ, თვით ყველაზე ჭირვეულ სტუმარსაც კი უნდა გაუღიმო და თბილად შეეგებო თუ გააცილო. მაგრამ ძალიან მიყვარს და ხშირად მენატრება მომენტი, როცა 800 ადამიანი მოჯადოებული უყურებს შოუს. მიღებული შთაბეჭდილება იმდენად დიდია, რომ ზოგჯერ პირად ნივთებიც კი რჩებათ. ჩვენც, ყველანი, ბოლომდე ვიხარჯებით, თითქოს ყოველი წარმოდგენა პირველი და უკანასკნელია. კახა, ლაშა, გიორგი, ჯაბა, ირაკლი, ზაალი, რომა, თორნიკე, გიგა, ეკა და ანა, თენგო (უკვე ვახსენე), ლაბორატორიისა და ვეტერინარული სამსახურის თანამშრომლები, ტექნიკოსები, სამეურნეო... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ამ ხალხის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია ის, რაც სტუმრებს მწვრთნელების ადგილზე ყოფნის სურვილს უჩენს, თუმცა ალბათ ნაკლებად აქვთ გაანალიზებული, თუ რა ნებისყოფა და შრომაა ამ ყველაფრის მიღმა − ხშირად 24-საათიანი, ნებისმიერ ამინდში... ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ოვაცია კიდევ დიდხანს მესმის ყურებში. ეს მუხტი არასოდეს მტოვებს.

16 ივნისი, პარასკევი

ბათუმში ტარდება უკვე ტრადიციად ქცეული სტრიტ-არტფესტივალი. სამინისტროდან მიკავშირდება კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა ჭანტურიშვილი, ვათანხმებთ დეტალებს დელფინარიუმის საფილტრაციო სისტემის შენობის მოხატვასთან დაკავშირებით. ჩემთვის მოულოდნელად იხსენებს თავის პედაგოგს, ბებიაჩემს − ბელა ჩხაიძეს. თან ისე თბილად, რომ მთელი საუბრის მანძილზე ტანში ჟრუანტელი მივლის. მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა. ადამიანები იხსენებდნენ ჩემს ბებოს, ბაბუს, ბიძას, მამას... ეს ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობა და სხვაგვარი სიამაყეა!

მივდივარ ბლაგოევგრადის ქუჩაზე, კიდევ ერთ ჩემს საყვარელ ადგილას − „ბათრეკლამაში“. დასამზადებელია პიანინოს ვიზიტკის დიზაინი და დელფინარიუმის სანავიგაციო მანიშნებლები. საქმეს მალევე ვასრულებ, რადგან აქ პროფესიონალები მუშაობენ − საკუთარი საქმის უბადლო შემსრულებლები.

ისევ დელფინარიუმი, ისევ ვარჯიში, ისევ მეგობრები და დღის დასასრულს − კინოსეანსი სახლში. ძველი კინოშედევრების ნოსტალგიას ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმით, „სიცილიური კლანით“ ვიკმაყოფილებ.

17 ივნისი, შაბათი

დღეს კიდევ ერთი ნათლულის, ანდრია თოდუას დაბადების დღეა. იმედი მაქვს, მოგვიანებით მოვინახულებ და მივულოცავ.

ისე მოხდა, რომ ტელევიზიაში უცებ ერთად აღმოვჩნდით მე, ლეილა, ყაჭეიშვილი და შკუბულიანი. რაღა თქმა უნდა, გავიხსენეთ ჩემი ბოლო სატელევიზიო პროექტი − „სადაც არ უნდა იყო“ − და მისი მზადების პროცესში მომხდარი დაუვიწყარი ამბები. წელსაც ვფიქრობ მსგავს ექსკლუზიურ თემატიკაზე გადაცემის გაკეთებას. რამდენიმე ვარიანტი მაქვს და პასუხებს ველოდები. წინასწარ ვიცი, რაც გამოვა, რადგან გვერდით თავიანთი საქმეში „ჩემპიონები“ მეგულებიან.

დელფინარიუმში გვესტუმრა მხატვარი გელა წულაძე. სანახაობით შთაგონებული, დამპირდა, რომ მომიტანს შოუს თემატიკაზე შესრულებულ ესკიზებს, რომელთა მიხედვით უნდა მოიხატოს საფილტრაციოს შენობის ფასადი. ველოდები.

ვიცი, აქ ბევრი ვინმე გამომრჩა − ისინი, ვინც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილები არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ მიწყენენ. ახლა მთავარია მოვასწრო, ამიკო ვადაჭკორიამ ტექსტს გადახედოს, სიჩქარეში რამე ხომ არ გამეპარა.

მოსაღამოვდა.

შვებით ამოვისუნთქე. რადიო თავისუფლებისთვის დღიურის წერა დასრულდა. ჩემი დღევანდელი ვარჯიშიც თავისუფლების დღიურებს „შევწირე“. მცოდნოდა, დღიურის წერა ასეთი რთული იქნებოდა, ამ საქმეს ხელს ნამდვილად არ მოვკიდებდი. თუმცა მადლობა ქალბატონ მარინას, ამ რუბრიკის ერთ-ერთ მონაწილედ არჩევისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG