Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით აფრასიძე − პოლიტოლოგი


26 მარტი, კვირა

დილას ადრე მინდოდა ადგომა. ხვალ ბევრი საქმე მაქვს და ვიფიქრე, კვირის სიმშვიდით ვისარგებლებდი. არ გამოვიდა. ადრიანად კი გავიღვიძე, მაგრამ ლოგინს ვერ შეველიე. ვფიქრობდი და ვფიქრობდი. გეგმებს ვაწყობდი, ისევ ვშლიდი და ისევ ვაწყობდი. ბოლოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე, აღარ მეფიქრა. კვირა ხომ დასვენების დღეა. ჰოდა, ფიქრს ორშაბათიდანაც მოვასწრებ.

მთაწმინდაზე კარგი ამინდია. ბავშვებს უხარიათ ატრაქციონები და გართობა. მეც მიხარია, რომ დღეს არაფერი ვქენი და მათთან ერთად ვარ. ბევრი ხალხი ირევა ირგვლივ. სხვადასხვა ენაზე საუბრობენ − ნამდვილი ბაბილონის გოდოლია. მსიამოვნებს ეს სიჭრელე, რადგან თბილისი ამით მართლა წააგავს დიდ ქალაქს. მთელ დღეს ოჯახთან ვატარებ.

წითელი ღვინო − საღამოს. ხვალ ორშაბათია. ფიქრი ბრუნდება, უნდა დაბრუნდეს...

27 მარტი, ორშაბათი

დილის ცხრაზე ლექცია მაქვს ილიაუნიში − აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. ორი წლის წინ ერთი ცნობილი ამერიკელი ავტორის სახელმძღვანელო ვთარგმნეთ და ახლა ამ ტექსტით ლექციას ვუკითხავ ბაკალავრებს. დილის ცხრა საათი მაინც ადრეა საქართველოში, მაგრამ სტუდენტები მოდიან. დღეს ვსაუბრობ საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს უფლებამოსილებებზე და, ზოგადად, პოლიტიკური ინსტიტუტების როლზე, ანუ იმაზე, როგორ იქმნება პოლიტიკა ქვეყნის შიგნიდან. მომყავს შიდაპოლიტიკური დებატებისა და კონკურენციის რამდენიმე მაგალითი, რაც აჩვენებს, რომ ამერიკაში ყველაფერი იდეალურად არაა და ამაზე თავად ამერიკელი ავტორებიც ღიად საუბრობენ. სტუდენტებს ვეუბნები, რომ დემოკრატიას არ ეშინია კრიტიკის და ღია საზოგადოების ძლიერი მხარე სწორედ არსებული ნაკლოვანებების აღიარებაა, და არა სრულყოფილების უტოპიური წყურვილი. ეს განასხვავებს დემოკრატიას ავტორიტარიზმისაგან, სადაც აუცილებლად ყველაფერი „კარგად“ და „უნაკლოდ“ უნდა იყოს. მაგალითად, გუშინ რუსეთში ათასამდე დემონსტრანტი დააკავეს. საბჭოთა კავშირივითაა, აბა, როგორ შეიძლება პუტინის რუსეთში ვინმე უკმაყოფილო იყოს? მიხარია, რომ სტუდენტებს კარგად ესმით დემოკრატიის ეს უპირატესობა, ზოგიერთს სისუსტედ რომ წარმოუდგენია.

ლექციის მერე ახალ ოფისში მივდივარ. ერთი თვეა, რაც ევროკავშირის დახმარებით დაიწყო ახალი პროექტი − სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა. მეც ამ პროექტში ვარ ჩართული. პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობაა. ეს არ არის პირველი მსგავსი პროექტი. ამიტომ, ბევრს ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ ის განსაკუთრებული და შედეგიანი. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ადრინდელ პროექტებს შედეგი არ ჰქონია. ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ ცვლილებებს, რადგან ამ ცვლილებების ნაწილი თავად ვართ. არადა, ყველაფერი რჩება და ილექება. ამას წინათ, ერთმა ჩემმა მეგობარმა სწორად აღნიშნა, რომ 1990-იანების შემდეგ ძალიან შორს წავედით, ძალიან დავშორდით წარსულს. ისე, 25 წელი კი გავიდა, რაც დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ რა არის 25 წელი ისტორიისთვის?

საღამოს ისევ უნივერსიტეტში გამოვიარე. ჩემი უნივერსიტეტელი თანამშრომელი და მეგობარი მძიმედაა ავად. ყველა მასზე ვფიქრობთ. იქნებ სასწაული მოხდეს...

თავისუფლების დღიურები - დავით აფრასიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:42 0:00

28 მარტი, სამშაბათი

სავიზო ლიბერალიზაცია ძალაშია! დღეიდან ევროპაში უვიზოდ შეგვიძლია წასვლა. 5 აპრილს გერმანიაში მივდივარ და ვიზაც არ მაქვს, უფრო სწორად, აღარ მჭირდება. ევროპაში პირველად 1997 წელს წავედი, მაშინაც გერმანიაში, სასწავლებლად. მახსოვს, დიდი რიგი აღმაშენებელზე, საკონსულოს შენობასთან. მგონი, გათენებულიც არ იყო, რიგში ადგილის დასაკავებლად რომ მივედი. მაშინ სატელეფონო ჩაწერა არ ხდებოდა, ჰოდა მომლოდინე ხალხს სია ჰქონდა შედგენილი და მეც იქ ჩავეწერე. იმ წლებში ქართული თვითორგანიზების კარგი მაგალითი იყო რიგში ჩაწერა. თუ არ მეშლება, პირველ დღეს ვერ შევედი საკონსულოში და მეორე დღესაც იმავე პროცედურის გავლა მომიწია. მერეც არაერთი საკონსულოს კართან ვმდგარვარ: საფრანგეთი, ლიტვა, ნიდერლანდი... არ მინდა, რომელიმე გამომრჩეს და ვაწყენინო. ისე, რაღაც არ მოვწონდი კონსულებს. არა, უარი არასდროს უთქვამთ, მაგრამ ერთწლიანზე ხანგრძლივვადიან ვიზას ვერ ვეღირსე, სხვები კი ორ- და ოთხწლიანებსაც კი იღებდნენ უპრობლემოდ. მორჩა, დამთავრდა, ახლა ყველანი თანაბარი ვართ და ვიზა არავის გვჭირდება.

ხუმრობის გარეშე, პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის მიხარია: იმოგზაურებენ და ნახავენ ბევრ რამეს. ყველაზე უკეთ ისინი დაამსხვრევენ მითებს ევროპის შესახებ.

საღამოს ისევ ლექცია მაქვს უნივერსიტეტში, ამჯერად − მაგისტრანტებისათვის. კურსს ჰქვია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა. სიმბოლური დამთხვევაა და მიხარია.

29 მარტი, ოთხშაბათი

დილა ახალი პროექტის საქმეებით დაიწყო. ჯერ ოფისში მივდივარ და ელფოსტაზე შემოსულ წერილებს ვპასუხობ. შემდეგ რამდენიმე გასვლითი შეხვედრა მოდის. ერთი შეხვედრა აღმაშენებლის გამზირზეა. თადარიგს ვიჭერ და ადრე გავდივარ. სადაც უნდა მივიდე, იქ მანქანის გაჩერება ჭირს. თუმცა, თბილისის რომელ ცენტრალურ უბანში აღარაა ეს პრობლემა დღეს? საერთოდ, ასეა თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მაგრამ ჩვენთან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკეთ რომ მოძრაობდეს, იქნებ ზოგჯერ ავტომანქანით გადაადგილებაზე უარი გვეთქვა? გამიმართლა და მანქანა ადვილად გავაჩერე. შეხვედრაზეც არ დამაგვიანდა. უცხოელ კოლეგასთან სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თემებზე ვსაუბრობთ, ხშირად აღვნიშნავთ, რომ საზოგადო საქმეებისათვის მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა. თავში სულ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო მანქანის თემა მიტრიალებს. ნუთუ ერთს ვამბობთ და საქმე საქმეზე რომ მიდგება, მეორეს ვაკეთებთ, ანუ გვირჩევნია სხვებმა თქვან უარი კომფორტზე და არა ჩვენ?

შეხვედრების შემდეგ უკან ვბრუნდები. ოფისში აუტანელი სიწყნარეა. თანამშრომლები გერმანიაში არიან, გადამზადების კურსებზე. მარტო ყოფნა მალე მბეზრდება. წინა რამდენიმე სამსახურში ცალკე სამუშაო ოთახი მქონდა, ერთ-ორ ადგილას ძალიან დიდი ოთახიც კი, მაგრამ არ შემიძლია დიდხანს მარტო ჯდომა. მახსოვს, თანამშრომლები ხან ერთ ოთახში მეძებდნენ, ხან მეორეში, ლეპტოპით ვიყავი სხვებთან შეკედლებული. თუმცა, უნდა გამოვტყდე, რომ „საყვარელი“ ოთახი მაინც ერთი ან, მაქსიმუმ, ორი იყო. ჰოდა, ნაშუადღევს ლეპტობს ვიღებ და ილიაუნიში მივდივარ. იქ ვაგრძელებ მუშაობას, ერთ-ერთ ასეთ ოთახში.

მოგვიანებით კიდევ ორი შეხვედრა მაქვს. ისე გამოვიდა, რომ მთელმა დღემ შეხვედრებში ჩაიარა. ჩემი დოქტორანტი სწავლას უცხოეთში აგრძელებს. ერთადაც გვიმუშავია და ვიცი, რომ ყველაფერს შეძლებს. მე მისი მჯერა.

30 მარტი, ხუთშაბათი

დღეს ვერაფერს მოვაბი თავი. ბევრი საქმე მქონდა დაგეგმილი, მაგრამ საღამოს ჩემს წიგნაკს რომ დავხედე, სია თითქმის ხელშეუხებელია. საქმეებს შავ წიგნაკში ვინიშნავ და მერე, შესრულებულს გადავხაზავ, ხოლო შეუსრულებელს ან დაუსრულებელს ახალ დღეზე გადავწერ ხოლმე. ძალიან ძვირფასია ეს წიგნაკი ჩემთვის.

ჩემი მეგობრის მდგომარეობა ისევ მძიმეა. არ ვიცით, რა იქნება. ალბათ, ამიტომაც ვერ ვუდებ გულს სხვა რამეს. უნივერსიტეტში მივდივარ და იქ დიდხანს ვრჩები. ნაშუადღევს პროექტის ოფისში ვბრუნდები და ერთ შეხვედრას ძალისძალად ვატარებ. ვუსმენ თანამოსაუბრეს და ვხვდები, რომ არ მესმის, რაზე მელაპარაკება. ალბათ, ისიც გრძნობს, რომ რაღაც ვერაა წესრიგში. შეხვედრას მალე ვასრულებთ და სტუმარი მიდის. ოფისში ისევ მარტო ვარ და ეს სიმარტოვე კიდევ უფრო მიმძაფრებს სასოწარკვეთას.

ჰოდა, ახლა ვუყურებ 30 მარტის გვერდს და სულ ბოლოში მიწერილ დავალებას: „დღიურის დაწერა“. ალბათ, დღეს მხოლოდ ამას თუ მოვახერხებ.

31 მარტი, პარასკევი

მეხუთე დღე. ანუ დღიურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაწერილია. არ ყოფილა ადვილი საქმე. არ მახსოვს, ოდესმე თუნდაც ჩანაწერი გამეკეთებინოს. სხვა მხრივ, მეხსიერებას არ ვუჩივი და ხანდახან ისეთი დეტალი შემიძლია აღვიდგინო, თავადაც მიკვირს. ასე, დავჯდები, დავფიქრდები, ვიფიქრებ, ვიფიქრებ და მახსენდება. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემთვისაა, დღიური კი სხვამაც შეიძლება წაიკითხოს.

დღეს 31 მარტია. 1991 წელს, 31-ში, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებული რეფერენდუმი ჩატარდა. თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? − ასე დაისვა შეკითხვა იმ დღეს. ოფიციალური მონაცემებით, რეფერენდუმში ამომრჩეველთა 90 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და მონაწილეთა 98,9 პროცენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დაემთხვა, უფრო სწორად დაამთხვიეს. არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება. ბევრი სხვა რამეც არ განვითარდა მაშინ კარგად, და შედეგების სიმწვავეს დღემდე ვგრძნობთ. მიუხედავად ამისა, ეს რეფერენდუმი ისეთი მოვლენა იყო, ისტორიას რომ ქმნის და მყარ საფუძველს უყრის მომავალს.

დილა უნივერსიტეტით დაიწყო. დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემხვდა უნივერსიტეტის ეზოში. ისე გამიხარდა მისი დანახვა, რომ მივხვდი, მთელი დღე კარგად ვიქნებოდი. შემდეგ წვრილმან საქმეებზე მომიწია ფეხით სიარული. შუადღისას თურქულის გაკვეთილი მქონდა. რამდენიმე თვის წინ დავიწყე ამ ენის სწავლა. სურვილი ჯერ კიდევ გერმანიაში გამიჩნდა და იქაც დავდიოდი უნივერსიტეტის კურსებზე, მაგრამ მერე თავი მივანებე. ახლა, თითქმის 15 წლის შემდეგ, ისევ დავუბრუნდი თურქულს. ვნახოთ, რა გამოვა.

საღამოს მორიგი ლექცია მაქვს მაგისტრანტებთან მშვიდობის უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმებზე. საინტერესო დისკუსია გამოდის. ვერც ვამჩნევ, ისე გადის ორი საათი, მთელი დღე.

1 აპრილი, შაბათი

დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია. დღიური ხელახლა გადავიკითხე. რამეხომ არ მოვიტყუე? იქნებ სულაც ჩემს თავს მოვატყუე? ადგილ-ადგილ ცოტა შევასწორე, დავამატე, ვეცადე არაფერი გამომეკლო. მაინც რაღაც არაბუნებრივად და ხელოვნურად ჩამესმის საკუთარი ხმა. არაა ჩემი საქმე დღიურის წერა. უცებ ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ დღიურები სულ სხვა იქნებოდა, ხელით რომ დამეწერა. რატომღაც წარმოვიდგინე კალამი და გადაშლილი ბლოკნოტი და მომინდა, ყველაფერი თავიდან, ხელით გადამეწერა. იქნებ უფრო გულიდან წამოსული გამოსულიყო?

შაბათობით ლექციებისთვის მომზადებას ვუთმობ დროს. მომავალ კვირას ერთი ლექცია გამიცდება, მაგრამ მაინც უნდა მოვემზადო, ასე ვთქვათ, წინ წავიგდო საქმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG