Accessibility links

21 მაისი, კვირა

გუშინ მთელი დღე განაცხადის წერაში გავიდა. მე და ჩემი მეუღლე, ირმა, ერთად ვმუშაობთ ჩვენს დაფუძნებულ დამოკიდებულების კვლევით ცენტრში, რომელიც იკვლევს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ კლინიკურ, ბიჰევიორულ, ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ საკითხებს, გარდა საბაზისო კვლევებისა, ანუ, მაგალითად, ცხოველებზე ლაბორატორიულ გამოკვლევებს არ ვატარებთ.

ჩვენი გამოკვლევების უმრავლესობა უცხოელ პარტნიორებთან ერთად კეთდება − ძირითადად ამერიკელებთან, ხანდახან ევროპელებთანაც. დაფინანსებაც უცხოურია. საქართველოში მეცნიერების დაფინანსება, სამწუხაროდ, ძალიან მწირია.

დაფინანსების მოსაპოვებლად გვიწევს საგრანტო სამეცნიერო კონკურსებში მონაწილეობა, სადაც კონკურენცია წარმოუდგენლად მაღალია. მაგალითად, ამერიკის წამალდამოკიდებულების ინსტიტუტი, მსოფლიო მასშტაბით, 20 განაცხადიდან მხოლოდ ერთს აფინანსებს, ისიც, ძირითადად, ქვეყნის შიდა გამოკვლევებს, ანუ ამერიკაში განსახორციელებელ გამოკვლევებს. რთული წარმოსადგენი არაა, თუ რა კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა.

ახლა ვამზადებთ განაცხადს ერთი ფრანგული ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის. ძალიან საინტერესო იდეა გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ განმხილველი კომისია მას მოიწონებს.

დღეს კვირაა და, თითქოს, უნდა დავისვენო, მაგრამ უკვე მერამდენე დღეა, განაცხადის წერაში ვაღამებ, ირმა კი − ათენებს. ვკითხე, რას ვშვრებით, სახლში ვმუშაობთ თუ წავიდეთ ოფისში-მეთქი და მითხრა, მე სახლში ვრჩები, შენ კი, თუ გინდა, წადიო. მოკლედ, დავრჩით სახლში. ვშფოთავ, რადგან სულ რაღაც 30 საათში განაცხადი უნდა ავტვირთოთ. არადა, ჯერ კიდევ გვრჩება თავები დასაწერი. მე საძინებელში ვიკეტები და ვაგრძელებ წერას, ირმა კი მისაღებ ოთახში ჯდება, სადაც მთელი ოჯახი ვიკრიბებით: ჩართულია ტელევიზორი, პატარა თამაშობს... მოკლედ, ოჯახური ხმაურია. ეს იმას ნიშნავს, რომ წერასთან ერთად ირმა სახლის რუტინულ საქმეებსა და სიტუაციებშიც ჩართულია. ნეტა როგორ შეუძლია ამ ხმაურში მუშაობა?! დღემდე ვერ გამიგია. მე საძინებელშიც კი მაწუხებს ტელევიზორის ხმა და პერიოდულად გამოვდივარ და ხმას დაბლა ვწევ, რაზეც პატარა ცოტნე შემომიბღვერს ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, ხელი მეშლება.

ჩვენი ცხოვრება დედლაინებით სავსე გრაფიკია, რომლის რიტმზე მორგებასაც ვცდილობთ.

სამი ბიჭი გვყავს: 17 წლის ნიკუშა, 14-ის მიშო და პატარა ცოტნე, რომელსაც სულ ახლახან შეუსრულდა ექვსი წელი. მაგარი ბიჭები არიან. ნიკუშა სკოლას ამთავრებს და კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. სწავლას აპირებს-მეთქი, მე ვამბობ, თორემ მას რომ ვუთხრა, გამიბრაზდება. უკვე რამდენიმე წელია, ამ მიმართულებით წერს პროგრამებს, რამდენიმე „გეიმ-ჯემისა“ და „ჰაკათონის“ გამარჯვებულია. რამდენიმე თამაში აქვს გაკეთებული, მათ შორის ერთი „ეპსტორზეც“ კი დევს. ახლა ახალ მობილურ აპლიკაციაზე მუშაობს მოლაშქრეებისათვის − რუკებითა და გუნდის ფორმირების შესაძლებლობით. სკოლას ოქროს მედლით ამთავრებს, რითაც ძალიან ვამაყობთ.

მიშო გამოცდებისთვის ემზადება, მეცხრე კლასს ამთავრებს და დილიდან საღამომდე მეცადინეობს. ერთადერთია ოჯახში, ვინც ძალიან ბევრს კითხულობს და ხატავს. ექსპერიმენტატორობს და ხატვის განსხვავებულ სტილებს იყენებს, სხვადასხვა ტიპის სახატავი საშუალებებით და არასტანდარტული ნამუშევრები აქვს. აკვარელი და ტუში უყვარს ძალიან. ნიკას, მოლაშქრეთა მობილური აპლიკაციისთვის, ძალიან ლამაზი ლოგო დაუმზადა.

ცოტნე ოჯახის ყველაზე ცელქი წევრია. ირმა პერპეტუუმ მობილეს ეძახის, ენერგიის უშრეტი წყაროა. იღლება მხოლოდ მაშინ, როცა რაიმეს შესრულებას ავალებ.

ღამის 12 საათია, მე მეტი აღარ შემიძლია, ვითიშები. ჩემი ნაწილის წერას მოვრჩი, ირმას დასაწერი რჩება ერთი დოკუმენტი, მეუბნება, დილისთვის ფოსტაში გექნებაო. არ მჯეროდა, რომ მოვახერხებდით დედლაინამდე დასრულებას, მაგრამ როცა გვერდში ირმასნაირი პარტნიორი და მეუღლე მყავს, ალბათ, ნაკლებად უნდა ვშფოთავდე. წინა ღამის უძილო, დღისით სულ რამდენიმე საათს რომ წაუძინა, დღესაც, ღამის 12 საათზე მეუბნება, თუ წერა არ დავასრულე, ვერ დავიძინებო.

22 მაისი, ორშაბათი

7:00 − მაღვიძარა რეკავს. ბიჭები ვასაუზმე, 8:05-ზე სკოლაში გავუშვი. ირმას და ცოტნეს სძინავთ. მივხვდი, რომ ირმამ ისევ გაათენა ღამე. ვამოწმებ ფოსტას და მხვდება შეპირებული დოკუმენტი, გამოგზავნილი დილის 4 საათზე.

9:00 − დედლაინამდე ხუთი საათი რჩება. არ ვაღვიძებ ირმას, ისე მივდივარ ოფისში. არც მჯერა, რომ მოვასწარით და ყველაფერი დაწერილი გვაქვს, მხოლოდ ისე, რომ ერთმანეთის ნაწერის გადაკითხვას ვერ ვახერხებთ. ვტვირთავ განაცხადს სრულად, უზარმაზარი მოცულობის დოკუმენტების ერთობლიობა გამოგვდის.

11-ზე რეკავს ირმა და მთხოვს, გავუგზავნო განაცხადის ძირითადი ნაწილი, რომ გადახედოს. ვუგზავნი და ცოტა ხანში, მცირედი შეცდომები ჩავასწორეო, მიბრუნებს. მე უკვე შეხვედრა მაქვს ოფისში, ჩემს მაგისტრანტთან, დათო სუბელიანთან, რომელიც აპირებს კვლევის ჩატარებას ძალიან საინტერესო თემაზე − ბიოს მოხმარებაზე. ახლა კითხვარზე ვმუშაობთ.

12-ზე ისევ რეკავს ირმა და მეუბნება, სად შეიძლება განვათავსოთ მისი შექმნილი ცხრილი, რომელიც გვერდების ლიმიტის გამო ამოვიღეთ. მესმის მისი, დიდი შრომა ჩადო ამ დოკუმენტის შესაქმნელად და მარტივად არ დანებდებოდა გვერდების ლიმიტის გამო. ამიტომ მიგზავნის ერთ-ერთი დოკუმენტის ახალ ვერსიას, რომ ჩავანაცვლო, სანამ დრო გვაქვს. თან პერიოდულად მამოწმებს სკაიპით, მოვახერხე თუ არა ჩანაცვლება.

13:00. ირმა სახლში რჩება, ბავშვებისთვის სადილი უნდა გავაკეთო და სახლი მივალაგო − რაც შაბათ-კვირამ წამართვა, ახლა უნდა მოვასწროო. მე კი ვემზადები ილიას უნივერსიტეტში ნარკოპოლიტიკაზე საჯარო ლექციისთვის.

16:00. ილიაში იწყება საჯარო ლექცია, თუმცა, რამდენიმე სტუდენტისა და ჩვენი გუნდის ხათრით მოსული ერთი-ორი კოლეგის გარდა, არავინ ჩანს. რატომღაც მეგონა, რომ, თუ ნარკოპოლიტიკის საჯარო ლექციის ამბავს გაიგებდა, ხალხი მოვიდოდა, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო სურათი მივიღეთ. თანაწამყვანი ჯანა ჯავახიშვილიც მოვიდა და მიზიარებს მსგავს გამოცდილებას: ფსიქოტრავმაზე გავაკეთეთ ლექცია და ხალხი არ მოვიდა, გარდა ჩვენი ხათრით მოსული კოლეგებისო. ხალხს არ აინტერესებს, არ დადის ასეთ შეხვედრებზეო. რამე უნდა მოვიფიქროთ. როგორ შეიძლება დავაინტერესოთ, ისე მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მოვიდნენ?

საღამოს სახლში ვბრუნდები და ვფიქრობ, დავისვენო, შინ მაინც აღარ გავაგრძელო მუშაობა. გვიანია, უკვე ათს გადაცდა. ტელევიზორის პულტით უაზროდ გადავდივარ ერთი არხიდან მეორეზე და უცებ რაღაც ფილმს ვაწყდები. ვჩერდები ორი წუთით და ვხვდები, რომ რაღაც ნორვეგიული ფილმია. დაწყებული კია, მაგრამ მე და ირმამ მაინც გადავწყვიტეთ ყურება, რადგან დასვენება გვინდა.

უცნაურად საინტერესო იყო ნორვეგიული ფილმის ნახვა. ვერც გავიხსენეთ, ოდესმე რაიმე ნორვეგიული ფილმი თუ გვქონდა ნანახი. ძალიან უცნაური ფილმი კი აღმოჩნდა. ადამიანები ერთმანეთს კლავენ, ხოცავენ და ბოლოს, ერთი კორპორაციის მთავარი მენეჯერი გვეუბნება გაღიმებული სახით, მშრალად გამოვძვერი, კარგად ვარ, ჩემს საქმიანობას ვაგრძელებ და კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევო.

23 მაისი, სამშაბათი

ახალ ამბებში გვამცნობენ მანჩესტერში, არიანა გრანდეს კონცერტზე, 22 ადამიანის დაღუპვის ამბავს. არ ვიცი, ამას ოდესმე ბოლო თუ მოეღება.

დილის ათზე რადიო თავისუფლებაში ვარ უკვე, ნინო გელაშვილთან სტუმრად. ვსაუბრობთ ნარკოლოგიური მკურნალობის სისტემის განვითარებაზე.

დღის სამ საათზე „ჰოლიდეი ინში“ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს დაგეგმილი აქვს შეხვედრა, რომელიც ნარკოპოლიტიკის რეფორმას ეხება. საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე საკმაოდ ბევრი გვაქვს ნალაპარაკები სპეციალისტებთანაც და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. ამჯერად გვინდა ადიქტოლოგიური სამსახურის განვითარებაზე ვისაუბროთ: მხოლოდ კანონების შეცვლა საკმარისი არ იქნება. მათ, ვისაც ჩვენი შეთავაზებული რეფორმის შემდეგ ციხეში აღარ გაუშვებენ, ისეთი დახმარება უნდა შევთავაზოთ, რომელიც პრობლემების გადაჭრაში შეუწყობს ხელს. სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ შეხვედრაზე.

შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და შევთანხმდით, რომ კანონპროექტს 9 ივნისს შევიტანთ პარლამენტში. მანამდე საჭიროა, რომ კომიტეტის აპარატიდან ვინმე დაგვეხმაროს და კანონპროექტის ფორმატი დავხვეწოთ და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ.

საღამოს, ვახშამზე, ბავშვებმა გაიხსენეს, რომ შარშან ამ დროს პირველად წავედით მთელი ოჯახი საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, ბავშვების გამო პარიზი შევარჩიეთ, თან ხუთი წლის პატარასაც რომ დაემახსოვრებინა ეს მოგზაურობა. სწორი არჩევანი გამოდგა, დღესაც ტელევიზორში ეიფელის კოშკის დანახვაზე ბედნიერი შეჰკივლებს ხოლმე, ეს ხომ ეიფელიაო! უფროსები დიდი სიამოვნებით იხსენებენ დისნეილენდს, ლუვრს.

ნიკუშა პროგრამირების ახალ ენას სწავლობს, კოტლინს და ყველას სათითაოდ გვანახებს, თუ რის გაკეთება შეძლო რამდენიმედღიანი მეცადინეობის შემდეგ. მიშოც მეცადინეობს და დღის შედეგს გვიხსნის, თუ როგორ დაასრულა მათემატიკის ყველა საკითხის გამეორება და დაიწყო ისტორიაზე მუშაობა. გვიხარია, რომ შვილებმა თვითონ იციან, რა აკეთონ, როდის და რა დრო დაუთმონ. გვიხარია მათი მზაობა, მთელი მონდომება და შესაძლებლობები სწავლაში ჩადონ. უკვე გადაიარა იმ დრომ, როცა კომპიუტერთან და სხვა ელექტროგაჯეტებთან ურთიერთობის ლიმიტებს ვუწესებდით. დღეს უკვე დიდები არიან და თავად აკონტროლებენ გასართობ დროს.

24 მაისი, ოთხშაბათი

8:05. მე და ირმამ, როგორც იქნა, შევძელით დარბაზში სავარჯიშოდ წასვლა. ამ დროს დარბაზში ძალიან ცოტა ხალხია. ვცდილობ, საქმეზეც ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის.

სამსახურში წასვლამდე დედაჩემს პროდუქტები ავუტანე. დედა 83 წლისაა და ცალკე ცხოვრობს. ხანდახან მაღალი წნევის გამო გარეთ გასვლა უჭირს და ამ პერიოდებში მე და ბიჭები ვაკითხავთ და ვამარაგებთ ხოლმე.

დღის 3 საათზე გვაქვს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან. 60-მდე მსმენელი მოვიდა. მე და დათო სუბელიანი ვაკეთებთ მოხსენებებს და ვცდილობთ, აუდიტორიას ავუხსნათ ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მიერ შემუშავებული ინიციატივა. დათო საკანონმდებლო ნაწილს წარადგენს, მე კი ზრუნვის სერვისების განვითარებაზე ვსაუბრობ. საინტერესო შეხვედრა გამოდგა. როგორც მოსალოდნელიც იყო, ჩვენი ინიციატივა ზოგმა კრიტიკულად შეაფასა. არც ის არის გასაკვირი, რომ რეფორმების მიმართ სიფრთხილეს უფროსი თაობის წარმომადგენლები უფრო იჩენენ. სამედიცინო უნივერსიტეტშიც მთავარ ოპონენტად ასაკოვანი კათედრის გამგე მოგვევლინა. მისი საკვანძო არგუმენტი, ტრადიციულად, კანონმდებლობის შერბილების შემდეგ მოხმარების მოსალოდნელ ზრდას ეხება. ვცდილობთ, ავუხსნათ და დავარწმუნოთ, რომ ამის საშიშროება არ არსებობს. არ ვიცი, რამდენად მოვახერხეთ ამ სკეპტიკოსი კათედრის გამგის გადარწმუნება.

სამედიცინოდან მივდივართ თსუ-ში, სადაც 40-მდე სტუდენტი გვხვდება. ვუყვებით პლატფორმის ინიციატივის თაობაზე. ამჯერად ოპონირებას არავინ გვიწევს: დარბაზში მსხდომნი, როგორც ჩანს, იზიარებენ ჩვენს პოზიციას. რამდენიმე საინტერესო შეკითხვას სვამენ რეფორმის სპეციფიკურ საკითხებზე. შეხვედრა მოსალოდნელზე დიდხანს გრძელდება და მისი დამთავრებისთვის აუდიტორიაში მხოლოდ რამდენიმე სტუდენტიღა რჩება. ისეთ კითხვებს სვამენ, რომ ნათელი ხდება: მათ საახლობლო წრეში ჰყავთ იმ უსამართლო სისტემით დაზარალებულები, რომლის დემონტაჟსაც ამდენი წელია, ვცდილობთ.

25 მაისი, ხუთშაბათი

ხუთშაბათია. დილიდან ვემზადები − საღამოს ნარკოპოლიტიკის ლექცია მაქვს ილიაში. დღეს სტუდენტებს ნარკოპოლიტიკის კვლევაზე უნდა ვესაუბრო. შარშანდელ სლაიდებს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ გადასაკეთებელი მაქვს. რამდენიმე საათი ინტერნეტში დავყავი და შევეცადე, მომეძიებინა ახალი და საინტერესო გამოკვლევების მაგალითები. არ ვიცი, ამ მასალიდან რას წაიკითხავენ. გადავწყვიტე, ყველაზე საინტერესო და თვალსაჩინო ნაშრომის ძირითადი მიგნებები ამოვბეჭდო და სტუდენტებს ლექციაზე დავურიგო. იქნებ, ასე უფრო წაიკითხონ.

დღის პირველ საათზე მივდივარ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში, სადაც პარლამენტის წევრებს უნდა შევხვდეთ. პლატფორმიდან ოთხნი ვართ. ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩვენი მომხრეები არიან და საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. ვსაუბრობთ პარლამენტში მიმდინარე შიდა პროცესებზე და ვცდილობთ გავერკვეთ, როგორ მოვიზიდოთ მეტი მხარდამჭერი. ჩემდა გასაკვირად, მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ პარლამენტის წევრები საერთოდ გამოცხადდნენ განხილვებზე და კვორუმი შედგეს. სხვა შემთხვევაში კანონპროექტს ვერც კი განიხილავენ. გამიკვირდა იმის მოსმენა, რომ კვორუმი საპარლამენტო საქმიანობის უნივერსალური პრობლემა ყოფილა. აბა, სხვა რა ევალება ამ ხალხს, თუ არა პარლამენტში სიარული და კანონების განხილვა?!

5 საათისთვის მივდივარ იუსტიციის სამინისტროში, სადაც იმართება მსჯელობა ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე. ასეთი ცენტრი ქვეყნისთვის და დარგისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისინი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არსებობს და ერთიანი სტანდარტებით მუშაობს. ამ ორი წლის წინ საქართველომაც აიღო ასეთი ცენტრის დაფუძნების ვალდებულება, მაგრამ ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი აგროვებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აანალიზებს მას, შემდეგ კი აწვდის მთავრობასა და დარგის სპეციალისტებს. ზუსტად ამ ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა ყალიბდებოდეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა და სამოქმედო გეგმა. ამიტომ არის, რომ უკვე დიდი ხანია, ვცდილობთ მთავრობა ცენტრის შექმნის აუცილებლობაში დავარწმუნოთ. შეხვედრას ესწრებიან ჯანდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებიც. ვმსჯელობთ შემოთავაზებულ სტრუქტურაზე და ფუნქციებზე. ოპტიმალური არ არის, მაგრამ მაინც ვუჭერ მხარს: დავიწყოთ ამ სტრუქტურით და ვნახოთ, როგორ იმუშავებს...

საღამოს 7-ზე მივდივარ ილიაში, ჩვენი შვიდი მაგისტრანტიდან ლექციას ხუთი ესწრება. სახლში ათის ნახევრისთვის ვბრუნდები, როგორც ყოველთვის, დაღლილი. ბიჭებს მაინც დავუარე და მოკლედ ვკითხე, როგორი დღე ჰქონდათ. ვივახშმე და მალევე დავწექი, ცოტნეც თან გავიყოლე დასაძინებლად.

26 მაისი, პარასკევი

დღეს 26 მაისია − საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სამსახურში არ მივდივართ, ბიჭებიც სახლში არიან. ისევ წვიმას გვპირდებიან, თუმცა დილიდან მზიანი ამინდია. ცოტნეს ვთავაზობ სკვერში სასრიალოზე წასვლას და სიხარულით მთანხმდება. ხანდახან ირმას ვეუბნები, რომ, რაც ნიკუშას და მიშოს დავაკელი, ვცდილობ ცოტნესთან ავანაზღაურო-მეთქი. ნიკუშა და მიშო პატარები რომ იყვნენ, მე მაშინ კლინიკაში ვმუშაობდი, თავის ღამის მორიგეობებით. ამას გარდა, კერძო პრაქტიკაც მქონდა და პაციენტებს სახლის პირობებშიც ვმკურნალობდი. სახლში, პრაქტიკულად, მხოლოდ დასაძინებლად მოვდიოდი. არ არის გასაკვირი, რომ უფროსების ბავშვობა ბუნდოვნად და ეპიზოდურად მახსოვს. ჰოდა, ახლა ვცდილობ, ცოტნესთან, რაც შეიძლება, მეტი დრო გავატარო.

სკვერში კარგად ერთობა, როგორც ყოველთვის. ძალიან ადვილად შედის ურთიერთობაში თანატოლებთან.

საღამოს ისევ ნარკოპოლიტიკას ვუბრუნდები. „იბერია TV“-ში მივდივარ, გადაცემა „რემისიაში“ მონაწილეობის მისაღებად. კვლავ პლატფორმის ინიციატივებზე ვსაუბრობთ, ოპონენტები კვლავ რეფორმის მოსალოდნელ საფრთხეებზე გვეკითხებიან. რა თქმა უნდა, ისევ ტრადიციული „მოხმარება გაიზრდებაა“ მთავარი შიში. აქაც მთავარ ოპონენტად ძველი თაობის ფსიქიატრი გვევლინება მოსაზრებით: „რაც ცუდია, ის უნდა დაისაჯოს“. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რა კრიტერიუმებით განვსაზღვროთ, რას დავარქვათ „ცუდი“ და რას −„კარგი“? დასჯა თუ უშედეგოა და ადამიანებს და საზოგადოებას მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სარგებელი მოაქვს, რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? მაინც მხოლოდ მორალური პრინციპების გამო დავსაჯოთ?

სახლში ისევ 10 საათისთვის ვბრუნდები. ვუყურებ ახალ ამბებს: დამოუკიდებლობის დღე, გამოფენა, გალა-კონცერტი...

27 მაისი, შაბათი

დილიდან სიურპრიზი დამხვდა: მაცივრის დამცავი გადაგვეწვა. ორი დღეა, შუქი მიდის-მოდის გაუთავებლად და, ეტყობა, ამან გადაწვა. საყიდლად წავედი, საღამოს გამოვცვლი.

ამერიკიდან ამანათი მოვიდა. დღემდე ვერ გავედი გამოსატანად, დღეს შაბათია და ძლივს მოვახერხე. მიშოს ამანათია − რაღაც საიტი იცის და იქიდან იწერს ხოლმე. ერთგვარი სიურპრიზია: ყუთი ჩამოდის და წინასწარ არ იცი, რა იდება ამ ყუთში: ან მაისური პოპულარული ფილმის გმირის გამოსახულებით, ან სამკერდე ნიშანი, ან კიდევ ათასი სხვა სახალისო რამ. ძალიან მოსწონს ეს სიურპრიზები და პერიოდულად იწერს. დღეს საღამოს ერთად ვნახავთ, რა დევს ამ ახალ ამანათში.

რა საოცარი დატვირთული, საინტერესო და დამქანცველი კვირა იყო! ვხვდები, რომ მომდევნო კვირებიც კანონპროექტის ლობირების საქმით ვიქნები დაკავებული. სულ იმაზე ვფიქრობ, ამ თხუთმეტწლიანი ადვოკაციის ფონზე, ამჯერადაც რომ არ გავიდეს კანონპროექტი, რა ტაქტიკას უნდა მივმართოთ? რაღა დაგვრჩა გამოუცდელი?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG