Accessibility links

4 ივნისი, კვირა

როცა ბავშვები მაღვიძარაზე ადრე იწყებენ წიოკს, ჩემში ცუდი ადამიანი იღვიძებს.

კვირა დილის 7 საათია და სრულიად უსამართლო მეჩვენება ჩემი ცხოვრება. იმიტომ კი არა, რომ ჩემი ქმარი არ მიხედავს ბავშვებს, უფრო იმიტომ, რომ ძილის შებრუნების შანსებმა წლებთან ერთად იკლო.

მაინც ვიწვებოდი ასე თვალებდახუჭული, ყველაფრის ჯინაზე, მაგრამ აზრი არ აქვს. ხვალ ერევანში მივდივართ, ამიტომ დღეს დროულად ადგომა, სახლის მიხედვა და ბარგის ჩალაგება უფრო ახლოსაა ჭკუასთან, ვიდრე თვალების მაგრად დახუჭვა და ძილის იმიტირება.

ვდგები. რადგან ცხოვრება ასეთი უსამართლოა, დაე, ავთომაც გაიღვიძოს. ჩემს ქმარს ყავის ხათრით ვაღვიძებ და ბავშვებისთვის ფაფას ვადგამ. ოთო რვა წლისაა და ფაფა ისე ძალიან აღარ უყვარს, მაგრამ ხანდახან ვაძალებ. ანიკა ორწლინახევრისაა, თუმცა საკმარისად ჯიუტია იმისთვის, რომ ხანდახან გამზადებული ფაფა ნაგავში გადაგაძახებინოს.

ბავშვები საუზმობენ. ცხელი დღეა. პირველად ვიგრძენით, რომ ზაფხული დაიწყო. ავთო მთავაზობს, ჯერ სახლს მივხედოთო. წინადადებას ვიღებ.

ძალიან მიყვარს დალაგებული სახლი. ვგიჟდები, როცა ყველაფერი თავის ადგილასაა, თითქოს როგორც სახლში, ისე ლაგდება ყველაფერი ემოციურადაც. მაგრამ მიუხედავად დალაგებული სახლის მიმართ ჩემი თეორიული სიყვარულისა, ჩვენი სახლი უმეტესწილად არეულია. არეულია, რადგან არც მე და არც ავთოს არ გვინდა, ჩვენმა ახალგაზრდობამ სახლის დალაგებულად შენარჩუნების მცდელობაში გაიაროს.

მოკლედ, ვიწყებთ სახლის დალაგებას. ძირითადად, ამას კვირაობით ვაკეთებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სწორედ მე და ავთომ გავაკეთოთ – მგონია, რომ გარდა ტექნიკური პროცესისა, სიმბოლური და ემოციური დატვირთვაც აქვს საშინაო შრომის განაწილებას. ერთხელ, როცა დაღლილები მივეყარეთ და კმაყოფილებმა გადავხედეთ დაწკრიალებულ სახლს, ავთო პირადი გამოცდილებით ჩაწვდა იმას, რაზეც ფემინისტები ამდენი ხანია ვლაპარაკობთ:

„ყველაზე დაუფასებელი შრომა სახლის დალაგებაა.“

თუმცა, გარდა იმისა, რომ დაუფასებელია, შეუმჩნეველიც არის: მხოლოდ მაშინ ამჩნევენ მას გარშემომყოფები, როცა ის არ სრულდება. სად არის გამოსავალი? ჩვენ, ეკონომიკურად ემანსიპირებულმა ქალებმა, მეტნაკლებად მოვახერხეთ ამ შრომისგან თავის გამოთავისუფლება. ფულს ხომ ბევრი რამის ყიდვა შეუძლია, ჰოდა, ჩვენც ვიყიდეთ სხვა ქალების შრომა ამ საქმის შესასრულებლად, თან ისე, რომ ამ ეკონომიკურ გარიგებას მათი გაძლიერება დავარქვით.

„ქალის საქმის“ ისევ ქალებზე გადაბარებით ხელუხლებელი რჩება შრომის გენდერული დაყოფა, რომლის მიხედვითაც სახლის ყოველდღიური, რუტინული სამუშაო ნაკლებად ღირებული ან, სულაც, უმნიშვნელოა. გარდა ამისა, ასე ჩვენი წვლილი შეგვაქვს იმ ეკონომიკური სისტემის გაძლიერებაში, რომელიც ქალებს დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე ტოვებს კონცენტრირებულს.

ჩემთვის ამიტომაა მნიშვნელოვანი, მთელი კვირის გადაღლილმა, საშინაო შრომა ქმართან ერთად გავინაწილო. სხვაგვარად ის ღირებულებები, რომელთა გავრცელებასაც ვცდილობ, მხოლოდ ცარიელი სიტყვები გახდებოდა. ფემინისტური გამოწვევაც ესაა: თეორიის პრაქტიკაში გადატანა, ყოველდღიური ცხოვრების პოლიტიკური მნიშვნელობის დანახვა.

ვერ ვიტყვი, რომ ამას ყოველთვის ვახერხებ. ხშირია მომენტები, როდესაც ვიაზრებ, რომ ერთია ჩემი, როგორც ფემინისტის, თეორიული მისწრაფებები, და მეორეა დაქორწინებული, ორშვილიანი დედის პრაქტიკული ცხოვრება, რომელიც ხშირად ექვემდებარება პატრიარქალურ წესრიგს.

ამიტომ მგონია, რომ ამ პრობლემებზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ და ბევრი ვწეროთ, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ქალური, ყოველდღიური, და ფემინისტური პრობლემები. ზუსტად ამ იდეას ატარებს თამთა თათარაშვილის ბლოგი – „ფემინისტი დედის დღიურები“.

5 ივნისი, ორშაბათი

მიუხედავად იმისა, რომ ორგვერდიანი „ჩეკლისტი“ მქონდა წასაღები ნივთებისთვის, პასპორტების ჩადება მაინც მავიწყდება. მადლობა ზეციურ ძალებს, ავთოს მაშინ ახსენდება მათი მოკითხვა, როცა ჯერ კიდევ ქალაქში ვართ.

უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა, სომხეთში მიმავალს ან იქიდან მომავალს, პასპორტი მრჩება. ავთო ამ შემთხვევებს ნიშნისმოგებით მიაწერს ჩემს სქესს, მე კი კვლავ თეორიულ წიაღსვლას ვცდილობ და ვკითხულობ ლექციას უამრავი „წვრილმანით“ გამოტენილ ტვინზე. მე თუ სამი ადამიანისთვის ვამზადებ ყველაფერს, დაე, „უფრო მნიშვნელოვანი“ საკითხები თავად გადაიბაროს: დღეიდან საბუთების მიმართულება ავთოსია და თადარიგიც მან დაიჭიროს!

ვბრუნდებით სახლში, პასპორტებს ვიღებ და გეზს სომხეთისკენ ვიღებთ. ჯერ კიდევ სახლთან ახლოს, წრიულზე, მარჯვნიდან მომავალი მანქანა უგულებელყოფს დათმობის ნიშანს და ჩაჭრას ცდილობს. ავთო ამას პირად შეურაცხყოფად იღებს და ისე ბრაზდება, მზადაა გამოენთოს და მართვის მოწმობა ჩამოართვას ურჩ მძღოლს.

არადა, რა გახდა საგზაო ნიშნების პატივისცემა? ან პატრული რას აკეთებს? ყოველდღე ვხედავ, როგორ გადიან მანქანები წითელზე ან როგორ კვეთენ ღერძულა ხაზს – პატრულს კი თითქოს ძინავს. ვვარაუდობ, რომ ბევრმა არც იცის, რა არის დათმობის ნიშანი და მთავარი გზა. თუ იციან და მაინც მიქნევენ ხელებს, მაშინ ერთი ახსნა მრჩება: დიდი გული აქვთ, როცა ქალს ხედავენ საჭესთან.

საერთოდ, რაც საჭესთან მომიხდა დაჯდომა, დავრწმუნდი, რომ სექსიზმი უფრო ღრმად არის გამჯდარი არა მხოლოდ კაცებში, არამედ ქალებშიც. განა მხოლოდ მანქანაზე მიკრულ „ქუსლიან“ სტიკერს ვგულისხმობ. არა. ქალებიც უფრო აგრესიულები არიან ქალი მძღოლების მიმართ, ქალებიც შერჩევითად იმახსოვრებენ ქალი მძღოლების დარღვევებს და ამტკიცებენ, რომ „კაცი არასდროს დაგირღვევს ისე, როგორც ქალი“.

ეტყობა, მხოლოდ მე მხვდებიან უვარგისი კაცი მძღოლები.

6 ივნისი, სამშაბათი

ავთო უკვე მეშვიდე წელია, ერევანში მუშაობს და შუა კვირაში აქეთაა. როცა სამსახურის საქმეზე მიწევს წამოსვლა, ბუნებრივია, ავთოს სახლში ვრჩები.

ამჯერად ორი ბავშვი კი წამოვიკიდე, მაგრამ სინამდვილეში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერევნის ოფისის გახსნაზე ვარ ჩამოსული. მე და ჩემი თანამშრომლები ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროდან, ხვალინდელი ღონისძიებისთვის უნდა მოვემზადოთ.

სანამ ოფისში წავალ, ბავშვები პუშკინის პარკში გამყავს: ავთოს სახლთანაც ახლოსაა და ბავშვებიც კარგად ერთობიან იქ. კავკასიისთვის უჩვეულოდ დაწკრიალებული პარკია, მოვლილი და ნაფერები. ქვიშის მოედანიც საკმაოდ დიდია და ანიკა მაშინვე თავით ეშვება მასში.

ხომ ლამაზია აქაურობა, მაგრამ, როგორც ჩემი ერევნელი მეგობარი წუხს, მოლზეც კი ვერ წამოგორდები: ასე კი უვლიან, მაგრამ, ფაქტობრივად, მიკარებასაც კი გვიკრძალავენო.

ვის როგორი პრობლემა აქვს, ვფიქრობ პუშკინის პარკის შემხედვარე. საჯარო სივრცე იმისთვისაა, რომ ადამიანს მისით სარგებლობა შეეძლოს. უცნაურია, პარკში მოლი შემოსაზღვრული იყოს და გადაგორებულ ბურთს დამფრთხალი სახით იღებდნენ ბავშვები. მეორე მხრივ, მახსენდება თბილისი და სიმწვანის სრული დეფიციტი.

იპოდრომი მახსენდება.

სარეკრეაციო ზონის სტატუსი იპოდრომს უგულავას მერობის დროს მოეხსნა და 2007 წელს პირველად გავრცელდა ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოების შესახებ. დღემდე არაფერი დაწყებულა, მაგრამ მერია ტერიტორიას აღარ უვლის. ამ ფონზე ის მეტნაკლებად მაინც სუფთად გამოიყურება: კი, პოლიეთილენის ტომარაც შეგხვდებათ და პლასტმასის ბოთლიც, მაგრამ აქ ხომ ძალიან ბევრი ვინმე მოდის მთელი ქალაქიდან. თუკი ყველა არა, აშკარაა, რომ მათი ნაწილი აქაურობას უფრთხილდება.

არადა, როგორი პარკის მოწყობა შეიძლება ამ ტერიტორიაზე! ყოველთვის, როცა იპოდრომზე ჩავდივართ, ვფიქრობ: ნეტა როდემდე გვექნება ბედნიერება, ვუყურებდეთ ამ სიმწვანეს. ნეტა, როდიდან ამოიზრდება აქ კორპუსები?

7 ივნისი, ოთხშაბათი

ავთოს ძალიან გაუჭირდა სამსახურის და ერევანში ჩვენი ყოფნის შეთავსება. მე სასწრაფოდ ვახსენებ, რომ ასე ვარ მუდმივად, წლების მანძილზე, და მას სათანადოდ არ ესმის ჩემი.

დღეს ავთოა ბავშვების მწყემსი. მე ოფისში მივდივარ და, სანამ ოფისის გახსნისთვის ფიზიკურ მზადებას დავიწყებდეთ, ჩვენს ფემინისტურ ვებსაიტზე მუშაობას ვუთმობ დროს.

სტუმრები 5 საათამდე იწყებენ მოსვლას. მგონი, ქართველებზე უფრო პუნქტუალურები არიან ჩვენი სომეხი კოლეგები. ოფისი ივსება ბიოლის ფონდის პარტნიორებით. ვხვდები ჩემს ნაცნობ ფემინისტ აქტივისტებს. მე და ერევნის ოფისის კოორდინატორი, ოლია აზატიანი ვთანხმდებით, რომ ფემინისტური აქტივიზმი ის გამონაკლისია, სადაც ქართულ-სომხური გაცვლა-გამოცვლა წარმატებით მიმდინარეობს.

ანა ნიკოღოსიანი, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს, აღფრთოვანებული მიყვება წლევანდელ 8 მარტზე ერევანში. საუბარს „ენჯეოიზირებული“ ფემინიზმით ვაგრძელებთ, სადაც თანდათან იკარგება მოხალისეობრივი სული. ანა მეუბნება, როგორც მხოლოდ ჰონორარისთვის „გენდერის კეთება“ შეიძლება იყოს ფემინიზმის ბიზნესად ქცევა, მეორე მხრივ, ექსპლუატაციური დამოკიდებულებაა, როცა ხალხს მხოლოდ იმიტომ აქვს ჩემი მოხალისეობრივი შრომის მოლოდინი, რომ ფემინისტი ვარო.

მეც ვეთანხმები, თუმცა ვაზუსტებ, რომ ყველა ჩვენგანი ხარჯავს უამრავ დროს (რომელიც თანამედროვე სტანდარტებით ფულია), როდესაც აქტივიზმში ერთვება. ზუსტად ამიტომ არის ასეთი ძნელი „ოქროს შუალედის“ პოვნა ფემინისტურ აქტივიზმსა და ერთმანეთის რესურსების დაუფასებელ ექსპლუატაციას შორის.

უკვე დღეების მანძილზე ბავშვების ყოველდღიური წვრილმანებით ამოვსებული ტვინი სიამოვნებით კავდება ფემინისტურ აზრთა გაცვლა-გამოცვლით. Sisterhood is powerful!

8 ივნისი, ხუთშაბათი

ანიკა დილიდან არწყევს.

ავთო სამსახურში ვეღარ მიდის. მე მშვიდად ვარ, როგორც ყოველთვის. რაც იქნება, იქნება. ბავშვი მშვენივრადაა გარდა იმისა, რომ ხანდახან არწყევს. ცოტა ხანში ისიც გამოჩნდება, რამე საგანგაშოა თუ არა.

კარგა ხანია, წვრილმანებზე ნერვიულობა აღარ შემიძლია. რვა წლის წინ, როცა ოთოზე (ქორწინების გარეშე) ვიყავი ორსულად, მივხვდი, რომ ნერვიულობით არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ ფუჭად ფლანგავ დროს, რომელიც გამოსავლის ძიებაზე შეგეძლო დაგეხარჯა.

ანიკას არაფერი აღმოაჩნდა სერიოზული, მადიანად ჭამა მოხარშული კარტოფილი და სასეირნოდ გავედით.

პარკში ხანშიშესული ქალი გამოგველაპარაკა: ქართველი ხალხი ისე მიყვარს, ჩემს უმცროს ქალიშვილს მანანა დავარქვიო. ფეისბუკზე დამიმატა მეგობრებში და პირობა ჩამომართვა, რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად ვეწვევით. მოგვიანებით, გვერდით სკამზე მსხდომი მოხუცებიც გაგვეცნენ. ერთმა „სულიკო“ მიმღერა, მეორემ ქართულად გამომკითხა, როგორ ვიყავი. სასიამოვნო განცდაა, აქ თავს შინაურად ვგრძნობ.

ამიტომაც მიყვარს ერევანში ჩამოსვლა.

9 ივნისი, პარასკევი

დღეს თბილისში უნდა დავბრუნდეთ. ბავშვებს მოეწონათ ერევანი და სულაც არ უნდათ წასვლა. პერიოდულად ანიკა და ოთო კინკლაობენ. მღლიან, მაგრამ მაინც ასეთი საყვარლები რომ არიან?..

იყო დრო, როცა ოთოს ძალიან უნდოდა, სახლში კიდევ ერთი ბავშვი ყოფილიყო. ჩემს ორსულობასაც დიდი სიხარულით შეხვდა და ანიკას დაბადებასაც. თუმცა, სახლში ანიკას მოსვლის შემდეგ თანდათან წყალი შეუდგა მის სიხარულს.

ერთხელაც მივხვდი, რომ უკვე გვარიანად ეჭვიანობდა და დალაპარაკება გადავწყვიტე. კითხვაზე, რა შეიცვალა ანიკას დაბადების შემდეგ, ოთომ ჩვეული გულწრფელობით მიპასუხა:

„ის კი არ მწყინს, რომ უფროსები მოდიან და ანიკა აინტერესებთ. ჩემს ტოლებსაც რომ მარტო ანიკა აინტერესებთ, ეგ მწყინს.“

მერე ამოიოხრა და დაამატა:

„ვერ გავიგე, ასეთი საინტერესო რა აქვს. უბრალოდ, ძალიან საყვარელია.“

აქედან დაიწყო და დღემდე გრძელდება ოთოს სტრესი ანიკას დაბადების გამო. პერიოდულად, რაღაც სტრატეგიებს ვიმუშავებ, თუმცა მგონია, რომ საკმარისი არ არის. ცოტა ხნის წინ, სკოლაში, რამდენიმე მშობელმა მოვილაპარაკეთ და ბავშვები ერთსა და იმავე ფსიქოლოგთან მივიყვანეთ.

მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, პროფესიონალი მომცემს რეკომენდაციებს. ფსიქოლოგთან ერთსაათიანი ვიზიტის შემდეგ რაღაც პრობლემებს უფრო ხელშესახებად ვხედავ და ვფიქრობ, რამდენ მშობელს და ბავშვს წაადგებოდა ასეთი შეხვედრები? მაგრამ ეს ყველაფერი ფუფუნებაა, რომელსაც ბევრი ოჯახი ვერ შესწვდება. რომ არა მერიის პროგრამა, მეც გამიჭირდებოდა 200 ლარის გადახდა თვეში 5 ვიზიტისთვის.

და რამდენს აქვს თუნდაც თბილისში, ყოველდღიურ ხარჯებთან ერთად, დამატებით 200 ლარის გადახდის შესაძლებლობა? ცოტას. ამიტომ ვამბობდი, რომ ფუფუნებაა.

10 ივნისი, შაბათი

თბილისში გუშინ გვიან ჩამოვედით, „ვალდორფში“ კი შაბათობითაც სწავლობენ.

მიჭირს, მაგრამ ვიღვიძებ. ოთო სკოლაში მიმყავს და სახლში ვბრუნდები. ანიკა ავთოს გაყავს, მე კი ვიწყებ კვირის ჩანაწერების დღიურებად ქცევას.

მიყვარს წერის პროცესი და დრო ისე გადის, ვერ ვამჩნევ. რაღაც მომენტში, ვათანხმებ რადიო თავისუფლებაში მისვლის ზუსტ დროს, საათს ვუყურებ და ხმამაღლა ვყვირი:

„ოთო დამავიწყდა!“

არადა, ფსიქოლოგმა რომ მკითხა, ბავშვი სკოლაში ხომ არ დაგვიწყებიათო, ცოტა ნაწყენმა ვუპასუხე, რას ამბობთ-მეთქი?! ალბათ, ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო ერთხელ მაინც.

ტელეფონს ვიღებ და მანქანის ამბავს ვაგვარებ. ცოტა ხანში ქალაქის ნომერი რეკავს. ოთოა სკოლის ბიუროდან.

„ხომ არ ინერვიულე?“ – ვეკითხები.

„კი“, – მპასუხობს თავისი უბრალო, გულწრფელი ტონით.

„დედობა მენეჯმენტია“, – ვფიქრობ ჩემთვის და ტელეფონს განზე ვდებ. წერა უნდა დავასრულო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG