Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ურჩუხიშვილი − გენდერის მკვლევარი


16 ივლისი, კვირა

აქ, ზაფხულობით, ღამდება თუ არა, მარცხენა ფანჯრიდან ბაყაყების ყიყინი ისმის. ტკბილად მაძინებენ. მუხიანელი ბაყაყები. ბაყაყმგალობლები. დილით მზე მაღვიძებს. ოფლად მღვრის. ჟელედ მაქცევს. ფარდების გაწევა მავიწყდება. ეგ და ტუალეტის ქაღალდის ყიდვა. ზლაზვნით ვდგები და ფანჯარასთან ვშტერდები. ყოველდღე. ერთი ხედი. უსწორმასწორო დასახლება. სახლები და სახლები. მაღლები და დაბლები. „მუხიანის დაჩებად“ გამაცნო ხუთი წლის წინ ეთერი დეიდამ. ჩემმა ძმამ და მეგობარმა. ჩემმა კარის მეზობელმა. ხუთი წელია, ამ სახლში ვცხოვრობ. გუშინწინ გავყიდე. ქუთაისელმა დედამ ქუთაისელ ბიჭშვილს უყიდა. გადაფორმებაზე დედა მოვიდა. დასთან ერთად. დილით უნდა დავცალო. ჩემი პირველი ბინა. გავაშიშვლო და დავაგდო. ავაბარგო ნივთები და წავიდე. სევდიანი ვარ. ყიყინი აღარ მაძინებს. მომენატრება. ბინის კლიენტს ვუთხარი, ღამღამობით ბაყაყები ყიყინებენ-მეთქი და მაკლერმა ცალკე გამიყვანა, ეგეთები აღარ ქნაო. გაიქცევიანო. არადა, ამ ბაყაყების ყიყინის გარეშე როგორ?! რანაირად?! არსადაც არ გაიქცნენ. მითხრეს, კაი ხუმარა ბიჭი ჩანხარო. და იყიდეს. ვერ დავიძინე, ვერა.

ტელევიზორი ჩავრთე. განმეორებით აჩვენებდნენ ქართული მარშის ამბებს. სულ კაცები. სულ ბიჭები. შავებში და შიშებში. ნაციონალიზმი და მამაკაცურობა. ტაში. აბა, ვკაცობთ ყველა. ვინა, ბიჭო?! ქართველობას გვართმევენ! ავდექი და გავაჩახჩახე სახლი. პატარა. 36 კვადრატი. უსწორმასწორო კედლები. მოსკოვის პროექტი. მარში. მარში. მოსკოვის პროექტიდან მივდივარ. უცხოელები გვავიწროებენ. აუპატიურებენ ქართველ გოგონებს.

ისმის ხმა. ტელევიზორიდან. დავიარე პატარა სახლი. ქართველი ალტერნატივშჩიკი როკერების ხმა დავიყენე და ჩუმად ლაპარაკი დავიწყე. მე გადმოვცურავ ზღვას. და მე მარტო ვარ, ვით მეფე ლირი, ჩემმა ხმამ დამბურძგლა, და მე მარტო ვარ, ვით მეფე ლირი, შენთან განშორებისას. ჩემო სახლო. ჩემო პირველო სახლო. სახლო. პატარა სახლო. ბოდიში. გაგყიდე. ჩემო მეგობარო. გტოვებ. ერთგულად მემსახურე ხუთი წელი. აქედან რომ წავალ, ღმერთო, შე მაიმუნოვირიშვილო, მერე რა მოხდება?! როგორ ვიცხოვრებ ახალ სახლში? რომელიც უკვე ვიყიდე? უცბად. ეგეც გუშინწინ. ჩეხური პროექტი. ალყაზბეგზე. მოსკოვიდან ჩეხურში გადავდივარ. რუსეთი vs ევროპა. თუნდაც აღმოსავლეთ ევროპა. იქნებ, მერე ცოტა ფული მოვაგროვო და პრაღაშიც წავიდე. კაფკა მეზიზღება. ჭკვიანები მიკიჟინებენ, კაიაო. ჩემი კოლეგა მარიამი ამბობს, მაგის ტკივილია ნაღდიო. მაინც მეზიზღება. პრაღაში უნდა წავიდე და დავადგინო, რატო მეზიზღება. რა შუაშია, მაგრამ მაინც.

ინგა გრიგოლია გაჰკივის: „როგორ ფიქრობთ, რა ძალა დგას ქართველთა მარშის უკან?“ დამათენდა. აჰა აჰა. ვეა ვეა. დღეს 16 ივლისია. დღეს მოსკოვიდან პრაღაში მივემგზავრები. მანამდე სახლია დასაცლელი. გაზი გადასაკეტი. ცხრაზე გაზის ხელოსანი მოვიდა. ბაკურციხელი პაპა. მუხიანგაზის ლომი. შენ ის თელაველი ბალღი არა ხარ, კარმაზე ნაპერწკალი რომ დაგიყენეო? ეგა ვარ-მეთქი. სად მიბარგდებიო? ვუთხარი. დაცარიელდა სოფელიო. რაიონიო. გარეუბნებიო. სახელმწიფოა ცუდიო. სუყველას თბილისი უნდაო. ცენტრში ცხოვრებაო. მე ვუთხარი, „გირჩი“ ამბობს, გლეხობა ტეხავსო. „გირჩი“ ის არ არის, პლანები რომ დათესესო? ნეტა მოცლიათო. მშრომელი კაცი პლანებს არ გაიკეთებსო. რაღაცეები დახსნა. გაიოფლა. ხელოსნებსა და მუშებს ცხვირზე ოფლი რომ ჩამოუგორდებათ და იატაკზე ეწვეთება, ეგ მიყვარს.

მამაჩემი „ჟეშტიანჩიკია“. ღაჟღაჟა კაცი. შრომისგან დაღლილი და ცხვირზე ოფლის წვეთა. ხოდა ვინმე, სადმე, თუ მუშების გვერდით დადგებით, ჩაგკოცნეთ! გაზის პაპამ სატვირთო მანქანის ნომერიც გამიგო და წავიდა. თორმეტისკენ გულისსწორიანა ამოვიდა. კოხტა და კოპწია. ჰაეროვანი. შავი შორტებითა და წითელი სანდლებით. სამზარეულოს მე მივხედავ და ზალა შენ მოაცარიელეო. მერე ვიჩხუბეთ. მაგრად. შენ რანაირი გენდერის მკვლევარი ხარ, ქალს პატივს არ სცემო. წამომაძახა. მართალია. მერე შევრიგდით. გამიღიმა და სახლი დავაცარიელეთ. ტანსაცმლითა და წიგნებით გავტენე პარკები. ამხელა ბუმბერაზი ხალხი ცელოფნებში ვტენე. წიხლით. საღამოს კუპატა მოვიდა. მანქანით. მსხვრევადი ბარგი გადავიტანეთ. ახალ სახლში. დავრჩი. ვერ დავიძინე. სხვა ადამიანების სუნმა შემაწუხა. პირველი ღამე. ჯერ კიდევ სხვების სახლში. ძალიან გამიჭირდა.

თავისუფლების დღიურები - გიორგი ურჩუხიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:13:50 0:00

17 ივლისი, ორშაბათი

ავდექი თუ არა, მუხიანის ბინაში გავქანდი. 11 საათზე სატვირთო მოვიდა. მძღოლი რუსულებს უსმენდა. ახ, კაკაია ოსენ ვ ლაგერიახ! მამაჩემის ტოლა. ორი მუშა მოყვა. ერთი ავადმყოფურად გამხდარი, ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკის სახით, და მეორე ჯანიანი, ბრედპიტული, ქერა-ქერა სასწაული. ცისფერთვალა. არამსხვრევადი ნივთებით დატვირთეს მანქანა. ახალ ბინაში ლიფტით დაიწყეს აზიდვა, თუმცა, მალევე, ვიღაც ქალი გამოვიდა და ლიფტი გათიშა. გაფუჭდებაო. მძღოლმა: აი, ამას მუხიანში არავინ იზამდაო. გარეუბნებში უფრო იციან ქართველობაო. გამხდარმა მუშამ, ეს რანაირი ცხოვრება გვაქვსო, გაჭირვებულიო, არავინ არის ჩვენი პატრონიო. პუტინი უყვარს რუს ხალხსო. ჩვენზე არავინ ზრუნავსო. მე ვუთხარი, მეც მიყვარს პუტინი, ლამაზი კაცია, მოვეფერებოდი-მეთქი. კაი ხუმარა ბიჭი ჩანხარო. არ დამიჯერა.

სახლში ატანილი ნივთები აქეთ-იქით მივყარე და უკან, მუხიანში დავბრუნდი. კიდევ მოვავლე თვალი ჩემს ყოფილ ბინას. საყრდენ კედელს ჩავეხუტე და უკან დავბრუნდი, ახალ სახლში. ტაქსით. მძღოლი შემხვდა უშველებელი. უდანაკარგოდ ჩაჭედილი მანქანის სავარძელში. ისეთი ტემპით ვივსები, მალე მეც ასე გავხდები-მეთქი, გავიფიქრე.

გვიან მეგობარ-ნათესავები მოვიდნენ. პლატონა და გუგა. ლუდი დავლიეთ. პლატონამ პარიზში ვიყავიო, ევროპა სულ სხვაა და იქაურ ბენდებს სულ სხვა საუნდი აქვთო. აი, მაგალითად, „დეპეშ მოუდსო“. მძღოლს მოსწონს რუსული ზვუკები, პლატონას მოსწონს ბრიტანული საუნდები. ფეისბუკზე შევირბინე ცოტა ხნით. ბაიამ ქალების მარში დააანონსა. ტელევიზორი ჩავრთე. სახლი სახლად მაშინ ვიცი, თუ ტელევიზორი გუგუნებს. მარტო ცხოვრებამ ტელევიზორთან დამამეგობრა. კორკოტას ამეორებდნენ. გაუპატიურებაში სდებდა ბრალს ტურისტებს. ირანელებს, თუ არ ვცდები. აჩკი ეკეთა, ტექსტსა კითხულობდა. ვაი, მაგის პატრონს.

ლუდმა დამათრო. მაგრამ არ დამაძინა. სუნი. სუნი. ყველა სახლი ადამიანია. თავისი სუნი აქვს. ყავის. ლიმნის. რძის. დედის რძის. ესეც მეჭიდავა დილის ხუთამდე და მომერია. დამაგდო. სხვების სახლია ჯერ კიდევ. სხვების სუნია აქ. ზიზღი გამიჩნდა. არ შემიყვარდა. გავათენე. გადავწყვიტე, შემდეგი სემესტრიდან უნივერსიტეტში „სხეულის სოციოლოგიის“ კურსზე სუნებზეც შევიტანო რამე.

18 ივლისი, სამშაბათი

დილით დარეტიანებული წავედი სამსახურში. გასავათებული. დაჩიავებული. ნაბახუსევის მელანქოლიით. ორი დოკუმენტი გადმომიგზავნა სამსახურის უფროსმა და ლამის ვიტირე, ისე ვიტანჯე. შინაარსი ვერ გამომქონდა ტექსტიდან. სუნი, სუნი არ მტოვებდა. მთელი დღე მეძინებოდა. სახლისკენ თანამშრომელმა დამიმგზავრა და გზაში ვუთხარი, მასევდიანებს იმაზე ფიქრი, თუ როგორი პლასტელინები ვართ ადამიანები, ლიმიტირებულები და ფაქიზები. როგორ გვძერწავენ. ინფორმაციები. როგორ გვეშინია მხოლოდ ფიზიოლოგიის ამარა ყოფნა და როგორ ვქმნით კულტურასა და ინსტიტუტებს. ფილოსოფიური ანთროპოლოგია. არნოლდ გელენი. ინსტინქტების დეპრივაცია. ადამიანი, როგორც დაუსრულებელი არსება. დასრულების შანსის მქონე. ვქმნით და ვქმნით ინსტიტუტებს. შიშის დასაძლევად. ჩვენივე მსგავსებისგან თავის გადასარჩენად. ჩვენ, ქართველებიც ვქმნით ინსტიტუტებს. ძირითადად, რუსულებსა და ამერიკულებს. რომ დავსრულდეთ. რომ არ გაგვანადგურონ დიდმა ქვეყნებმა. საცოდავი ქართველები. გლობალიზაცია ლოკალიზაცია. ამინ. წერენ ჩემი მეგობრები ნაშრომებს. წერენ მოთხრობებს. წერენ ლექსებს. დგამენ პიესებს და უხარიათ, თუ ამ ყველაფერს ევროპაში ნახავენ. წაიკითხავენ. ევროპელები. ანდაც ამერიკაში. ამერიკელები. სხვების მეგობრებს, ალბათ, რუსეთში დადგმული სპექტაკლები და ნათარგმნი მოთხრობები უხარიათ.

მერე ფეისბუკზე ერთი ამბავი ატყდა, ვიღაც თათიას ემუქრებიან კორკოტებიო, ჯგუფური გაუპატიურებითო, და მთელი ფეისბუკი დაირაზმა. მერე ამ თათიას ქმარმა რაღაც დაწერაო და ახლა თათიას ქმარზე დაირაზმა მთელი ფეისბუკი. კიდე ვიღაც აორგანიზებდა აღმაშენებლის მორეცხვის აქციას. თუ რაღაც. და ამაზეც დაირაზმნენ. მოკლედ, ეგეთია გურჯთა მხარე. ერთმანეთზე დარაზმული. იქვე უშნოდ გადაბმული, უნამუსოდ, გოთვერნულად.

მკვდარივით დამეძინა. სუნი არა ის. დავიწყე შეგუება. დავუწყე სახლს მორევა.

19 ივლისი, ოთხშაბათი

გამოძინებული, ადრიანად ავდექი. თანამშრომლის სახლისკენ გავედი და სამსახურში წავედით. გზაში მანქანა გააჩერა და, ყავას ვიყიდიო. მოიცა, მე ვიყიდი-მეთქი. არა, იყოს, ეხლა შენ ისეთ ამბებში ხარ, ფული არ გამოგერთმევაო. ვახ. ბიჯო. აბა, ქართველობა დავკარგეთო? გული ამიჩუყდა. სიკეთეს ეროვნება არ აქვს. გუგა ქართველთა მარშზე არ ყოფილა.

სამუშაოდ დავჯექი თუ არა, რაღაც გადაცემიდან დამირეკეს. ვერანაირად ვერ შევუთანხმე დრო. მობრძანდით და ქალების გენიტალიების დასახიჩრებაზე ილაპარაკეთო. სხეულებზეო. გინდა თუ არაო. დღესო. არადა, 11:00-ზე მასწავლებელთა სახლში მქონდა შეხვედრა. მერე, ორზე დედაჩემი და მამაჩემი ჩამოდიოდნენ და დელისზე უნდა დავხვედროდი. ახალი სახლის გზა არ იცოდნენ. სამზე „საფარში“ მქონდა შეხვედრა, ჩვენი წალენჯიხელი იურისტი უნდა გამეცნო თბილისელი იურისტებისთვის. ძალადობის მსხვერპლ ქალებზე მუშაობის ოპტიმიზაციის მიზნით. საბოლოოდ, პირველ საათზე შევთანხმდით და შეხვედრიდან კისრისტეხით გავქანდი სტუდიაში. ჟურნალისტთან შინაარსზე მოვილაპარაკე. წინადადებები მივაყარე. გადაცემის ჩაწერა რომ დავიწყეთ, ისე კოხტად მოუყარა თავი ყველაფერს, ვახ, კარგია ნიჭიერია-მეთქი, გავიფიქრე. მერე მოვხსენი პირი და ვისაუბრე ჰობსზე. ჰობსისეულ წესრიგზე. კონფლიქტსა და კონსენსუსზე. გადავედი გენდერულ წესრიგზე. სხეულების რეპროდუქციაზე, რეპრეზენტაციაზე, რეგულაციასა და შეზღუდვაზე, ყველაფერი ერთმანეთში ავზილე და თხრობის ნაკადით დავუკავშირდი ქალების გენიტალიების დასახიჩრებას. ავარელ ქალებს ყვარლის რაიონში. მერე ცოტა ენჯეოშნიკური და დავარცხნილი რეჩები მოვცხე, რომ ეს თემა ფაქიზია და ჩვენ ევროპული ცოდნითა და გენდერული წესრიგით ვესხმით თავს მცირე ეთნიკურ ჯგუფებს და არ ვითვალისწინებთ „ინდიჯენისტური“ ფემინიზმის პრინციპებს, ეთნიკური ჯგუფების უნიკალურ თვისებებს და თავს ვახვევთ ჩვენს ცოდნებს, სოციალურ წესრიგებსა და ასე შემდეგ. მოკლედ, მაგრად ვიქაქანე. ოპერატორიან-ორგანიზატორებიან-ჟურნალისტიანა დავაოსე ყველა. დიდი მადლობაო. კაი იყოო. დავემშვიდობე და წამოვედი.

სტუდიიდან დელისზე ავირბინე. გზაში საკუთარ თავზე გულისრევა დამეწყო. სულ ასე მემართება, როცა კი ბევრს ვბრძენობ და ვქაქანებ. მალევე გამიარა. სიცხემ მიწამლა. კაი საათნახევარი მალოდნინეს ჩემებმა. ნაირამ და ბადურამ. „საფარში“ ვაგვიანებდი. რად მინდოდა ახლა მათი ჩამოსვლა?! ვფიქრობდი. დამატებით პრობლემები შემექმნება. დავიწყე უძღები შვილის ფიქრები. მაგრამ დედაჩემს უხეშად ვერ ვეტყვი ვერაფერს, იმიტო რო ტყემლები მოაქვს და კატლეტები. პარკებში ჩალაგებული და თავმოკრული. ვერც მამაჩემს დავემდურები იმაზე, რომ თბილისის გადატვირთულ გზებზე სწრაფად მოძრაობა უჭირს. ასაკშია. თელავის სიმშვიდეს არის მიჩვეული. მაგრამ შეხვედრაზე დავაგვიანებ და დანაშაულის განცდა გამიჩნდება, რომ უპასუხისმგებლო ვარ. ბერძნულ-ქრისტიანულ-კაპიტალისტური მორალი. დანაშაული. დანაშაული. დანაშაულის განცდა. ყველგან. და მეც დავრბივარ აქეთ-იქით, რო კაი კაცი ვიყო. უდანაშაულო. მშრომელი და ყოჩაღი. აბა, ვინ არის ზარმაცი?! უტუტუტუტუ! მე ვარ ზარმაცი. და ამ ჩემს ფეხებს.

მოვიდნენ. დიდი სარკე ჩამომიტანეს. მანქანის სავარძელზე ჰქონდათ გადაწვენილი. ესენტუკში 1987 წელს ნაყიდ ადიალაში გახვეული. დასკოჩილი. ამ სიცხეში. გაოფლილი სარკე. ღმერთო, რა საყვარლები არიან! წარმოვიდგინე, როგორ ფუთავდნენ და სკოჩავდნენ სარკეს. დავტოვე სახლში და წავედი „საფარში“. წალენჯიხელი ადვოკატი ჩვენს ადვოკატებს შევახვედრე. ოფისში გოგოები დამხვდნენ. პლაკატებს ამზადებდნენ. საღამოს ქალთა მარშისთვის ემზადებოდნენ. ხალასები. კრეატიულები. პროექტორიდან ჰქონდათ გაშვებული ტექსტები და თან აფერადებდნენ. უნდა წავიდე ამ მარშზე. ქალების მარშზე. ქალების მეგობრობა, გვერდში დგომა და დახმარება ასიათასჯერ გამომადგა. უნდა დავუდგე გვერდში. მათკენ უფრო მეტი სიმართლეა. მეტი შრომა და პასუხისმგებლობა. გულისსწორიანას გამო უნდა წავიდე. ბევრი რამ მასწავლა.

„საფარიდან“ სახლში ავბრუნდი, გამოვიცვალე და შვიდზე მარშისკენ გავემართე. რომ მივედი, შვიდის ნახევარი იყო ჯერ და ძალიან ცოტა ადამიანი მოსულიყო. შემეშინდა. მეწყინა. დღესაც თუ არ მოვიდნენ, აბა როდისღა მოვლენ-მეთქი. 2013 წლის 17 მაისს არ წავედი აქციაზე. ერთი კაცი რას შევცვლი-მეთქი, და მერე ძალიან ვინანე. ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ნინიკო ხარჩილავა, ლამის მოკლეს. მაგრამ ნელ-ნელა შემოემატა ხალხი. ფერადი, ლაღი, ლამაზი, იუმორით სავსე, ყველა ძველი და ახალი ნაცნობი. ყველა, ვინც კი ბოლო 12 წლის განმავლობაში თბილისში გადამყრია ფორმალურად და არაფორმალურად. ყველა, ვისაც სურს, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, ლაღი, გონიერი და ხალასი. იყვნენ უპრინციპონიც. აგრესიულებიც. მათ შორის, მეც. ალბათ. მაგრამ ჯანდაბას. აქ მაგაზე ფიქრის დრო არ იყო.

ეთუნა დავლანდე. თვალებნაპერწკალა. ჩემი მეგობარი. ჩემი და. მარშს ჩავუდექით, გავეშურეთ მოედნისკენ. მისწორდებოდა ხალხის მოძრაობა. ფერადი კვამლი. თავისუფალი მსვლელობა. დაცლილი სიძულვილისგან. სცენაზე ბაიამ და მაგდამ რეჩები მოცხეს. კოხტად. სხვებმაც. სხვებს არ ვიცნობ. კარგი იყო. იდა ჟურნალისტებმა მოიტაცეს. ამ მარშის კრიტიკის დრო არ არის. ეს მარში გაცდა ნაციონალიზმისა და შოვინიზმის ფარგლებს. კარგია. ნებისმიერ შემთხვევაში კარგია.

სახლში გასავათებული დავბრუნდი. სუნი ვიღას ახსოვდა! დედაჩემმა კატლეტები დააცხო. დილისთვის სახლის დასუფთავებაზე რუსთაველ ქალს შევუთანხმდი. ყველაფერს მოვრეცხავო. მორეცხვაზე აღმაშენებლის მორეცხვის დაანონსებული აქცია გამახსენდა. ყველა თავისას უბერავს. მკვდარივით ჩამეძინა.

20 ივლისი, ხუთშაბათი

რუსთაველი ქალი შეთანხმებულ დროს მოვიდა. მორიდებული. მშრომელი. ჩემი ქლორები არ მოეწონა და ახალი მიმატანინა. სამსახურში წავედი. შეხვედრას დავესწარი. მიყვარს შეხვედრები. სამუშაო სახეები. შიდაორგანიზაციული კონფორმიზმი. სცენარია, რა. ტაში ტუში. მერე გავიქეცი და თმა შევიჭერი. ოსტატია ჩემი პარიკმახერი. მკრეჭს იეზუიტი ბერივით. უკან აპარსული. ზემოთ − ჯამივით. მომწონს. კარგი ქალია. ერთი რამ რომ არ ახასიათებდეს: შეჭრისას თავის სადოს, იქვე სალონში, უმაღლესი ხმით ედაქალება და შეჭრიდან ერთი კვირა ყურები მირაზრაზებს ხოლმე. ვერ ვეუბნები, საქმის დროს რომ არ ილაპარაკოს. მერიდება. ნეტა, წაიკითხავდეს ამ დღიურებს...

სამსახურში დავბრუნდი. მერე რადიოს შევუთანხმდი ორშაბათის ინტერვიუზე და ქალ ამომრჩევლებზე, საარჩევნო ქცევის გენდერულ მახასიათებლებზე პრეზენტაციის მომზადება დავიწყე. საღამოს სახლში დავბრუნდი. დაწკრიალებული დამხვდა. ცოტა დავმშვიდდი. განვაგრძე შეგუება. ფეისბუკზე შევედი. მეგობრები წონაზე მეღადავნენ. ცხადო, თეო და ნონე. ყველა წონაზე მეღადავება. ბებიაჩემი მაიაც კი. პატარა გუსტავ ფლობერი ვარ. ბაჯბაჯა. ვერ შევწყვეტ ჭამას. ვერ დავიწყებ დიეტას. შემეშვით. მორისის სიმღერა ვუმღერე ჩემს თავს: “You are the one for me fatty, you’re the one I really, really love.”

ტელევიზორი ჩავრთე. კორკოტაშვილი ნაგლად გამოჯლიგინდა პოლიციიდან. დაკითხვაზე ვიყავიო. კაცი კაცური. გავიგეთ, რომ ერი-სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი მკვეთრად მასკულინური და პატრიარქალურია. გავიგეთ, რომ თითქმის 25 წელია, გაუმაძღარი, არაკომპეტენტური და ძალაუფლების მოყვარული ბიძები ისაკუთრებენ სივრცეებს. მაგრამ როდემდე?! ნეტა ქართული საზოგადოების თავისუფალ ნაწილს კუდები არ გამოეზარდოთ. ნეტა სუფთა ადამიანები სუფთებად დარჩნენ და ქართული პოლიტიკა ღია, არაელიტური, სივრცეების თანაბრად განაწილების მექანიზმად გადაიქცეს! მოგვიანებით ნათიას ნაჩუქარი ჯულიან ბარნსის მსოფლიო ისტორია მოვიგდე ხელში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ კაცზე კარგი მწერალი ბოლო დროს არ შემხვედრია. როგორ წერს. ნოეზე. კიდობანზე. ცხოველებზე.

დალაგებულ სახლში, როგორც იქნა, წვერის საპარსი ვიპოვე და გავიპარსე ორი კვირის გასაპარსი წვერი. გახეხილ-დაწკრიალებულ აბაზაში ვიბანავე კიდეც. ტკბილად ჩამეძინა.

21 ივლისი, პარასკევი

დილაადრიან სტუდენტებს მივწერე. ბოლო გამოცდის გადაბარების დრო და აუდიტორია დავაზუსტე. მიყვარს სტუდენტები. ეს თაობა. ერთხელ, სოციოლოგიის ზოგად კურსზე კონფლიქტზე ვსაუბრობდი და აფხაზეთის ომი ვახსენე: ხომ გახსოვთ, რეები ხდებოდა-მეთქი, და ყველა გაინაბა. მერე ერთმა მითხრა, რანაირად, 1996-97 წლებში ვართ დაბადებულებიო. ვახ, ბიჯო. 97 წელს დაბადებულს აქვს წვერი? 97 წელს დაბადებულს? ნელ-ნელა მეც გავიაზრე, რომ სარკიდან სხვა ადამიანი მიყურებდა. ბიძაკაცი. კიდე, „მაკდონალდსში“, ასე, 13 წლის ბიჭმა ბებიას ჩემზე რომ მიანიშნა, მეც ის მინდა, რასაც ეს კაცი ჭამსო, სუ მომიკვდა გული. კაცი ვარ. კაცი. როგორც იქნა, კაცი ვარ.

უნიში სამი საათისთვის მივედი. განმეორებით ჩავიბარე რამდენიმე სტუდენტის საბოლოო გამოცდა. მერე, შაბათის, კვირისა და ორშაბათის საქმეები დავგეგმე, პარტიული მითების პრეზენტაცია ერთ-ერთ პარტიასთან, რადიოინტერვიუ ბიჭების ყოყლოჩინობასა და ძალადობაზე, და სახლში წავედი. ნეტა, ეს სახლი თუ იქნება ჩემი სახლი? სახლი, სადაც გავჩერდები. წლების განმავლობაში ოცამდე ბინაში მომიწია ცხოვრება. ოცამდე სუნი მომერია და გამაგდო თავისი სივრციდან. სად არის ჩემი სახლი? სად? როდის უნდა დავბრუნდე სახლში? ვერაფერს ვეღარ ვწერ. გამოფიტული ვარ. საერთოდ არ მინდა წერა. არ მინდა. სიჩუმეში გდება მინდა. დღეს ვერაფერს ვერ დავწერ. თუ თავს ვაიძულებ რამის დაწერას, ყველაფერი შემზიზღდება. ტფუი.

22 ივლისი, შაბათი

დილიდან არ გავტოკებულვარ. ლოგინში ვიდე უმოძრაოდ. სამზე ავდექი. ვიჭყუმპალავე. ჩემი ძმა, მაღალი სოფო მოვიკითხე. ვუთხარი, იმიტომ მოგიკითხე, დღიურში რომ მომეხვედრებინე-მეთქი. დამგულა. გამოვიწკიპე და რადიოში წავედი. გზაში 200 კილოგრამი სიზარმაცე ვიგრძენი. ვიფიქრე, ეს ვიდეოვერსია საერთოდ რა საჭიროა-მეთქი?! არ შეიძლება, რო ვიჯდე და თვალებით მოვყვე-მეთქი?! ან, ცხვირით. კი მაქვს უშველებელი. გოგოლს ვენახე ნეტა! მეორე მოთხრობასაც დაწერდა. მეზარება. მეზარება. ლაპარაკი.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:13:47 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG