Accessibility links

გიორგი ზვიადაძე − ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი


24 სექტემბერი, კვირა

ოცნებები ხდება!

ძალიან დიდი ხანია ვფიქრობდი, „თავისუფლების დღიურები“ დამეწერა.

ჩემთვის დიდი და პატარა საქმე არ არსებობს, საქმეს თუ აკეთებ, იმხელაა, რამხელაც მისი მკეთებელი, მქმნელი, შემოქმედი... მეც ავდგები და დიდი თავისუფლების პატარა დღიურებს დავწერ.

ადამიანი მოაზროვნე არსებაა და სწორედ ამით ჰგავს ქმნილება შემოქმედს. აზროვნება თავისუფლების აქტიაო, უთქვამთ. მგონი, პროცესი უფროა. აქტი ფაქტია, პროცესი − სიცოცხლე. მოაზროვნე ადამიანია, ვისაც ძალუძს თქვას, ვცოცხლობო, თორემ არსებობა უაზროდ ნივთებსაც შეუძლიათ. ადამიანი ცდილობს, სათავე უპოვოს თავის არსებობას, კონკრეტულად თავისას, მერე − ყველა ადამიანის, ადამიანთა მოდგმის. კაცობრიობის დასაბამი ოდითგანვე ყოფილა მოაზროვნეთა ინტერესის საგანი. მე კი ამჟამად მხოლოდ იმან ჩამაფიქრა ამ კვირა დილას, რატომაა, რომ ორშაბათით არ იწყებენ კვირის დღეებს დღიურები?

მხოლოდ ისრაელი ვიცი, ერთშაბათით რომ იწყებდეს სამუშაო კვირას და „კვირის“ არსი რომ არა სწამთ შაბათის მლოცველთ. ბევრი ებრაელი მეგობარი მყავს, უდიდეს პატივს ვცემ მათ ტრადიციებს, მახსოვს, შაბათის დადგომის პირს, პარასკევის გვიან საღამოს, უხუცესის ოჯახს სტუმრობს შთამომავლობა, აკურთხებენ მარილს, ღვინოსა და პურს, ერთი სასმისიდან მოსვამენ ყველანი და ერთ პურს გაინატეხებენ დამარილებულს. ჩემს ცნობიერებაში ისრაელის ამ და სხვა მრავალმა ტრადიციამ ისეთი კვალი დატოვა, სულ რომ გახსოვს და, რაც დრო გადის, მეტად აფასებ.

ჩემი კვირა ტაძარში იწყება. როდესაც წირვის ბოლოს ზიარების ჟამი დგება, უწინარესად ჩვილებს უხმობს ტაძრის მოძღვარი. სულ მაფიქრებდა, რა იოლად უთმობს გზას უფროსი თაობა უმცროსს საზიარებლად და როგორი ძიძგილაობა დასჭირვებია არაერთ შვილს მშობელთან ცხოვრების ასპარეზზე გზის დასათმობად.

ყველაფრის სათავეცა და სასრულიც ალბათ შეგნებაა. ანუ აზროვნება შერწყმული სამართლიანობასთან. როგორი შეგნებულობა აქვს სამყაროს, დღეს რომ ბინდი ცვლის და დაბინდებას ამსხვრევს ნათელი.​

25 სექტემბერი, ორშაბათი

ორშაბათი მძიმე დღეაო, ამბობენ. რა საოცარი გამოთქმები გვაქვს! თითქოს მე კი არ ვამძიმებდე, თავად იყოს ორშაბათი „მძიმე“ და მე იღბლად მერგო ამ სიმძიმის ტარება, ვითომ. მე მიყვარს ორშაბათი.

იმდენი ენერგია და ინიციატივაა ინოვაციების სააგენტოს გუნდში, სულ მეშინია, რომ ვერ დავეწევი თანამშრომლების ენთუზიაზმს.

დილას, სამსახურში მისულს, აუცილებელი რიტუალი ხომ გვაქვს? ალბათ ყველას მსგავსი: ელფოსტის შემოწმება, ტრანსაქციების დადასტურება, დღის განრიგის გადახედვა, შეხვედრებისთვის მომზადება... ბიზნესში მყოფს მეგონა, მოხელეს ნაკლები საქმე ჰქონდა, ვიდრე საქმოსანს.

მალე 33 წლის გავხდები. ეს ალბათ ის ასაკია, უკვე რომ უნდა შეძლო კაცმა საკუთარი ცხოვრების შეგნებული გააზრება. მავანი იტყვის, რატომ კაცმაო? „კაცი“ ადამიანის მნიშვნელობით ვთქვი. ილიას სიტყვები მახსოვს, რა მოწყალეა ჩვენი ენა, დიაცსაც რომ დედაკაცად სახელდებსო. არა იმიტომ, რომ ზოგადად დედათა მოდგმა მიაჩნდა კნინად, არამედ იმიტომ, რომ დიაცად ქცეული ასულისთვისაც კი, დედაკაცი უწოდებია ჩვენს დედა ენას.

ქართველების იღბალი ორშაბათის სიმძიმე კი არა, საქართველოს ისტორიული ფუნქციის გლობალურობა მგონია. ჩემი საქმიანი ორშაბათი ამჯერად მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების სტუმრობით დაიწყო.

რა უნდა მსოფლიო ბანკსო, მკითხა შვილმა სახლიდან გასვლისას, როცა ვუთხარი, დღეს სტუმრად ველოდი მათ წარმომადგენლებს.

მათ არა, შვილო, ჩვენ გვინდა მათგან დახმარება, რომ საქართველოში ინოვაციების სრულყოფილი და მდგრადი, ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შესაბამისი ეკოსისტემა შევქმნათ-მეთქი.

არ ვიცი, ბავშვმა როგორ გაიგო, მაგრამ მთელი დღე პროექტის დიზაინის გააზრებასა და დახვეწას მოვანდომეთ. საბოლოოდ, სრულყოფილი პროგრამა შეიკრა. ჯერ ინოვაციურ ინფრასტრუქტურას შევქმნით, შემდეგ ინოვაციურ სერვისებს მივაწვდით ძალიან ბევრ ბენეფიციარს, რომ, სწორად დაგეგმილი ტრენინგებითა და შედეგზე ორიენტირებული პროექტების წახალისებით, ბევრი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპი შეიქმნას, და ბოლოს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ.

დიდ მიზნებს პატარა ხალხიც აღწევს. მთავარია, სიმცირე სიზარმაცის მანიშნებელი არ იყოს და თავდაუზოგავი შრომა ყოველდღიური ცხოვრების წესად ვაქციოთ.

26 სექტემბერი, სამშაბათი

სამშაბათი უფრო ნათლად განათდა.

დასახული გეგმის განხორციელების დღე დადგა და ეს კარგია. ორი მომენტია ძალიან საინტერესო. მსოფლიო ბანკიდან ჩამობრძანებულ სტუმართაგან ერთი სერბია, მეორე კი − ინდოელი.

სერბებს და ქართველებს ბევრი რამ გვაქვს საერთო, მაგრამ, რაც ყველაზე მჭიდროდ გვაკავშირებს, ტკივილია, საკუთარ ქვეყანაში გამოცხადებული უცხო სახელმწიფოს ომის ტკივილი.

მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა საქართველოში ჩამობრძანებული სერბიის პატრიარქი ჩვენს ოჯახს ეწვია და გვიამბო, რომ აღთქმა ჰქონდა დადებული, ემარხულა მანამ, სანამ მისი სამშობლო არ გაერთიანდებოდა.

2007 წელს, გერმანიაში სწავლისას, მახსოვს, ხელჩანთა მქონდა, რომელსაც ეწერა: BEOGRAD. აეროპორტიდან სტუდენტურ საცხოვრებელში საქალაქო ტრანსპორტით წასვლა ვერ მოვახერხე და ტაქსი გავაჩერე. ძალიან ვღელავდი − სტუდენტისთვის მძიმე ტვირთია ტაქსით მგზავრობა გერმანიაში! მახსოვს, დაახლოებით 60 ევრო არ გამომართვა ტაქსისტმა და მითხრა, რომ ის იყო სერბი, რომელიც უფასოდ წაიყვანდა სტუდენტს, რომელსაც მისი სამშობლოს დედაქალაქის წარწერიანი ხელჩანთა ეჭირა. ჩემთვის ეს არის პატრიოტიზმი, რომელიც იმ 60 ევროზე მეტად ფასობს, მეტიც, შეუფასებელია, ფასდაუდებელია!

ინდოელ სტუმარს საქართველო ძალიან უყვარს. ამბობს, რომ არსებობს ორი ტიპის სამშობლო: სადაც დაიბადე და სადაც გსურს, რომ სიცოცხლე გაატარო. ცხადია, მისახვედრია, რომ მისი მეორე და ჩვენი ერთადერი სამშობლო საქართველოა.

ხშირად ამბობენ, პროფესიონალიზმი რა არისო. მე მგონია, რომ პროფესიონალიზმი იმ ადამიანის საქციელს ჰქვია, ასე სწორად რომ აგვირჩია პროექტის კურატორები საქართველოს მხარდამჭერი მსოფლიო ბანკის უდიდესი გუნდიდან − სერბი და ინდოელი, ორი ასევე პროფესიონალი, ვისაც არაერთ ქვეყანაში დაუგროვებია ინოვაციების დაგეგმვის, განხორციელებისა და განვითარების გამოცდილება.

სტუმრებს ვკითხეთ, რა არის მათთვის ყველაზე ფასეული საქართველოში? ხალხიო, გვიპასუხეს ერთხმად.

სიმბოლურია: ჩვენ არც ნავთობის და გაზის, არც მადნისა თუ სხვა ბუნებრივი რესურსების მარაგი გვაქვს იმდენი, მსოფლიო მნიშვნელობა რომ შეგვძინოს. მხოლოდ ადამიანური ღირსებების მატარებელი ერი ვართ, რაც თითქმის 30 საუკუნეა, ჩვენი თვითგადარჩენისა და მსოფლიო ცივილიზაციის წევრობის გარანტი გამხდარა.

27 სექტემბერი, ოთხშაბათი

დღეს თელავში მიგვყავს სტუმრები. გასახსნელად გამზადებული რეგიონული ცენტრი უნდა ვაჩვენოთ. გზად საქართველოს ისტორიის მცირე ექსკურსი ჩავუტარეთ.

უჯარმა − სალომე უჯარმელი წმინდა ნინოს ცხოვრების აღმწერელი იყო. სიკვდილის წინ წმინდა ნინომ სალომეს უთხრა: „მე დღესა დავღამდები.“ განა მოვკვდები, ან გარდავიცვლებიო. არა, დავღამდები ამქვეყნად, რომ გავთენდე მარადიულ სამყოფელში, სადაც უკვე აღარასოდეს ღამდებაო.

სკოლაში მასწავლიდნენ, ქართველების უდიდესი კულტურა, იმდროინდელი ეპოქისაც კი, „შუშანიკის წამებაში“ ჩანს თუნდაც იმით, რომ ცეცხლის საჩხრეკელა და სათლი ჭიქაა მოხსენიებული ნაწარმოებშიო. სინამდვილეში ერის კულტურის ინდიკატორი ხალხის ღირსებაა, და არა სასმისის დახვეწილობა.

თელავის უნივერსიტეტის რექტორმა სიხარულით გვიამბო, რომ პორტუგალიაში მიუწვევიათ ადგილობრივი უნივერსიტეტების ინოვაციური ლაბორატორიების დასათვალიერებლად. გაოცებული იყო, სტუდენტები და პროფესორები როგორ ერთ გუნდად მუშაობენ ძალიან სერიოზულ თემებზე და ინვესტორებისგან დაფინანსებასაც იოლად შოულობენო. ისეთი ადვილია ასეთ დროს საუბარი და ორიოდ სიტყვაში იმის თქმა, რომ სწორედ ამგვარი პრინციპით გვინდა თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით შექმნილი ცენტრები დაეხმარებიან საუნივერსიტეტო ბაზაზე კვლევისა და განვითარების პროექტების დანერგვასა და მიღწეული შედეგების კომერციალიზაციაში − არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც.

ცენტრი დავათვალიერეთ. ძალიან მალე უნდა გავხსნათ. თელავი ტექნოლოგიური მიმართულებით გამორჩეული ქალაქია და იმსახურებს პირველ რეგიონულ ინოვაციების ცენტრს, რასაც ძალიან მალე მიიღებს კიდეც.

თბილისში დაბრუნებას ვაპირებდით, როცა მოულოდნელად შევიტყეთ ადგილობრივი ინოვატორების შესახებ: ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ნახევარ მილიონზე მეტი ინვესტიცია მიუღია და 20-ზე მეტი ახალგაზრდა დაუსაქმებია თელავში, სოციალური მარკეტინგის ინოვაციურ საწარმოში. ძალიან გვინდა ვეწვიოთ. გამგებელი და მისი მოადგილე ცდილობენ, ასე მოულოდნელი სტუმრობა დაგვიგეგმონ. ინოვატორებს ერთი პირობა აქვთ − არანაირი გაპიარება. შევთანხმდით.

საჯარო სამსახურს, ბევრ ტვირთთან ერთად, არაერთი სიხარულიც მოაქვს და მათ შორის უდიდესია აღმოჩენა იმგვარი ახალგაზრდა წარმატებული მეწარმეებისა, თელავში რომ ვნახეთ.

28 სექტემბერი, ხუთშაბათი

ხომ ყველას გვაქვს ჩვენი ტრადიცია − ზოგს ცუდი, ზოგს კარგი, უმეტესობას − ორივე.

მე ადრე ადგომა მიყვარს. დილა რომ თენდება, 6-ზე ან 7-ზე რომ ფეხზე ხარ ადამიანი, მერე თითქოს უფრო მეტს ასწრებ დღის მანძილზე − ფიქრსაც და საქმესაც.

დილაობით ფიქრი უფრო სასარგებლოა. დღეს ერთმა უცნაურმა საკითხმა დამაფიქრა: რატომ დავდივართ წრეზე? წლები მეორდება, წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები, საათები, წუთები, წამები.შეცდომებიც...

რატომ არის, რომ ეს ცხოვრებისეული წრეები ხან შვიდეულია, როგორც, მაგალითად, კვირის დღეები, ხან 24 ერთეულია, როგორც საათები, ან 60-ია, როგორც წუთები და წამები. რატომ აირჩა ეს რიცხვები წრეწირებად? მართლა არ ვიცი. რა ცუდია შეგრძნება, რომ რაღაც სრულებით არ იცი... საქმეში ჩაფლულობა ზოგჯერ მყარი დაცვაა უპასუხო კითხვების გაჩენისაგან მოხეტიალე ფიქრების დროს.

ჩვენმა სტუმრებმა შემოგვთავაზეს, კერძო სექტორთან შეხვედრა მოვაწყოთო. შევკრიბეთ რამდენიმე ქართველი ინვესტორი, მეწარმე და ბიზნესის ადმინისტრატორი. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.

ა) ყველა თანხმდება, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტაბილურად სწრაფი განვითარებისთვის;

ბ) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და მაქსიმალურ მხარდაჭერას იმსახურებს;

გ) საქართველოში სასწრაფოდაა საჭირო ისეთი საკანონმდებლო ინსტრუმენტების განვითარება, როგორიცაა კანონი სახალხო დაფინანსების, ანუ crowdfunding-ის შესახებ, ასევე სარისკო ინვესტიციების შესახებ;

დ) მსოფლიო ბანკისა და სააგენტოს პროექტი სწორი მიმართულებითაა დაგეგმილი და ბიზნესი მზადაა, ხელი შეგვიწყოს მის განხორციელებაში;

ე) შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, წარმატება ურთიერთობაში იბადება.

ყველაზე სასიხარულო ჩემთვის, როგორც საქართველოს ერთი უბრალო მოქალაქისთვის, ისაა, რომ ხარისხობრივად მკვეთრად განვითარებულია ჩვენი ქვეყნის საზოგადოება: უკვე შეგვიძლია ისეთ თემებზე საუბარი, რომლებიც ზემოთ ვახსენე, საქართველოში აღარ არის ადგილი უსაქმურობისთვის.

ხვალ კვირის ბოლო სამუშაო დღეა, მერე სტუმრებიც დაგვტოვებენ. რა უცნაური განცდაა, თითქოს შინაგანი საათი ძალიან ხმამაღლა წიკწიკებს ხუთშაბათის მიწურულს.

29 სექტემბერი, პარასკევი

კვირის ბოლო სამუშაო დღე თითქოს პირველის სარკისებური ანარეკლია.

სარკეზე ფიქრი სულ მულტფილმ „ბემბის“ მახსენებს, შველს მდინარეში დანახული საკუთარი ანარეკლი რომ აშინებს. ადამიანიც ასეა: ხანდახან საკუთარი აჩრდილის ეშინია, უმეტესად მაშინ, სულიერი „გამოღვიძების“ წამიერი გაელვებები რომ გვაქვს ხოლმე ცხოვრების მდოვრე მდინარეში მთვლემარე მოკვდავთ.

ორშაბათს დავალებების ჟურნალში სავსე იყო გასაკეთებელი საქმეების გვერდი, ახლა კი კიდევ უფრო მეტი საკითხია ჩამოწერილი პარასკევის გვერდზე. არადა, ორშაბათს დაგეგმილი საქმეებიდან უმეტესობა თითქოს წარმატებით შესრულდა. მაგრამ, საბედნიეროდ, გაკეთებული საქმე წყალმდინარე მიწაზე მოსავლის დათესვას ჰგავს, უმალვე რომ იძლევა შედეგს და ბევრად მეტი საქმის კეთების მოტივაციას გვმატებს.

პარასკევი მსოფლიო ბანკშიც ანგარიშგების დღე ყოფილა. ჩვენც სტუმრებთან ერთად შევაჯამეთ მიმდინარე კვირის შედეგები და დავრწმუნდით: კიდევ ბევრი დღე, კვირა და თვეა საჭირო საბოლოო ცხადი და შედეგზე დაფუძნებული წარმატების მისაღწევად.

წარმატება ჰორიზონტს ჰგავს − გგონია აქვეა, უცებ მისწვდები, ნაბიჯს გადადგამ და... ხედავ, კიდევ ცოტა დაგრჩა... განა შორს მიდის ან იმედს გიკლავს, არა, პირიქით, შორიახლოს (რა საინტერესო სიტყვათშეთანხმებაა!) „გეჰორიზონტება“.

საბჭოთა დროს მოხელეთა უმეტესობა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. თანამედროვე მოხელე ინდივიდუალურად წარმატებულია. საჯარო სამსახური ამიტომაც გახდა მიმზიდველი, რომ შეგიძლია პატიოსნად ემსახურო სამშობლოსა და ხალხს, და თან ინდივიდუალიზმი და შემოქმედებითობა შეინარჩუნო. ძალიან მინდა, ბევრი ახალგაზრდა იყოს საჯარო სამსახურში, ისეთი ახალგაზრდა, ჯეელობის რისკიანობა ჯერ კიდევ რომ შერჩენია და ასაკოვნების სიბრძნის ნიშნებსაც მუდამ ავლენს საკუთარ ქმედებებში.

აბსოლუტიზმი მომხიბლავი, მაგრამ სასიკვდილო სენია. ადამიანებს უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ აბსოლუტიზმი უტოპიაა. ქართველებს კი, სამწუხაროდ, ძალიან გვჩვევია ამ სენით ავადობა. „ყველაზე ყველაზე“, „საუკეთესო“, „არავითარი“, „ყოველგვარი“− ეს სიტყვები და მრავალი სხვაც სწორედ ამ სენის შობილი ენობრივი ერთეულებია კაცობრიობის ისტორიაში, თარგმნილი და კარგად მორგებული ადგილობრივ ადათსა და ხასიათზე.

როგორ ვებრძოლოთ სენს? უმთავრესი ნაბიჯი დიაგნოზის დასმაა. შემდეგ კი სენი სწორი, სამართლიანი, თუნდაც მტკივნეული ნაბიჯების გადადგმით განიკურნება.

30 სექტემბერი, შაბათი

შაბათი ბავშვების დღეა. მაგრამ, სანამ გაიღვიძებენ, ცოტა ფიქრისთვისაც შეიძლება გამოვიყენოთ. კვირას მსჯელობა შაბათზე საუბრით დავიწყე, ახლა კი დროა, კვირა შევაჯამო.

როდესაც რაიმე მნიშვნელოვნის გაკეთებას ვცდილობთ, ნაწილებად ვყოფთ, რომ უფრო გაგვიადვილდეს მიზნის მიღწევა. ალბათ ესაა მიზეზი იმისა, რომ წუთი წამებადაა დაყოფილი, საათი წუთებად, დღე საათებად, კვირა − დღეებად...

უნივერსიტეტში აზროვნებას ლაზათიანად გვასწავლიდა ბატონი რეზო სირაძე. მახსოვს, ამბობდა, „ფიქრი ფიქრზე“ − ესაა თქვენი პროფესიაო. ათეულ წელზე მეტი გავიდა მას მერე და სულ მახსოვს, სანამ სხვის საქციელს შევაფასებდეთ, სწორი კი არა, აუცილებელიც კია, რომ დავფიქრდეთ, რას ფიქრობდა ის სხვა იმ დროს, როცა ისეთ რამეს აკეთებდა, რის შეფასების წადილიც ჩვენში არსებობს.

კრიტიკა ადვილია, მაგრამ ხშირად − მყიფე და უსაგნო. სხვაზე ცუდის თქმას, მგონი, ხელოსნობაც არ ჰქვია. ხელოვანია ის ოსტატი, ვინც სამყაროთა შორის გვამოგზაურებსო, ამბობდა ასევე ძალიან კარგი მასწავლებელი თენგიზ კიკაჩეიშვილი, ხელოსანს კი მარტივი საქმე აქვს, თუმცა ფასეული − ერთ სამყაროში იყოს შემოქმედებითიო.

ცხოვრებაში ხელოსნობასა და ხელოვნებაზეც უკეთესი რამეები არსებობს და ხშირად ვერ ვხედავთ. გამიგონია, შვილი მშობელს ვერასოდეს გადაუხდის ამაგსო. სინამდვილეში, მგონი, პირიქითაა. შვილის მოვლინებით, მოვლენილმა სახელგვდო მშობლად. რადგან მშობლობა უპირატესი ღირსებაა, ამ პატივის ღირსი კი მას მერე გავხდით, რაც შვილები მოევლინენ ქვეყნიერებას. მაშასადამე, განა არ გვმართებს მათ მიმართაც მადლიერება, ვინც ჩვენს არსობას უდიდესი სტატუსი შესძინა?

ისევ ისრაელზე ვფიქრობ შაბათ დღეს. რა საინტერესოა, დედის ხაზით რომ გადადის ებრაელობა. შვილისთვის დედა და მამა თანასწორი არიან, თუმცა, რადგან ეროვნულობა ადამიანის ამქვეყნიური ნიშანია, ხოლო განგებამ ცხრათვიანი მუცლადყოფნისთვის დედა ირჩია, ალბათ ესაა მათი ამ წესის ახსნა.

ჩემს ბავშვობაში, სოფლად მცხოვრებს, ძალიან მიკვირდა, რატომ იყურებოდა ყოველი ყლუპი წყლის დალევის შემდეგ ქათამი ცაში, რატომ იზრდება ხეც და ბალახიც ცისკენ, როცა მიზიდულობის ძალამ უნდა აიძულოს და მიწისკენვე შემოაბრუნოს მცენარეების მზრდელი ძალა. ან ცხოველებს საიდან აქვთ ინსტინქტები, რომ გაარჩიონ პატრონი სხვისგან.

გოდერძი ჩოხელმა მითხრა ერთხელ, ადამიანი სამყაროზე ფიქრს რომ ვეღარ შეძლებს, სამყაროც შეწყვეტს ამ ადამიანზე ფიქრსა და ზრუნვასო.

შვილებმა გაიღვიძეს, ჩემი „თავისუფლების დღიურები“ დასრულდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG