Accessibility links

18 ივნისი, კვირა

დილიდან კარგ გუნებაზე ვარ. კვირაა, თან საღამოს „არქივის“ კონცერტი მელის. ორი წელია ველოდები, რადგან ორი წლის წინ დავიწყე მათი მოსმენა − ზუსტად მაშინ, როცა პირველი კონცერტი გამართეს. ჩემი „თანამდებობისთვის“ შეუფერებელ ხსნად ყავას ვიკეთებ და ვჯდები ლეპტოპთან. გულს ვერაფერს ვუდებ, დრო გამყავს.

6 საათისთვის უკვე ლისზე ვართ. მოლოდინმა გაამართლა! სიამოვნებით მოვყვებოდი სიმღერით ამსაღამოს შესახებ, მაგრამ ჯობია, აქ გავჩერდე და უბრალოდ ვთქვა, რომ ცოცხალი მუსიკა ნამდვილად ცვლის ადამიანს.

19 ივნისი, ორშაბათი

გამოსაფხიზლებლად ფეისბუკს ვათვალიერებდი და მალევე ბრაზმა გამომაფხიზლა − წავიკითხე პოსტი, რომელშიც ნუცა გოგოლაძე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების ამბავს ჰყვებოდა. თვალზე მიღებული ტრავმის გამო პროთეზირება დასჭირდა და სხვა აბიტურიენტის მშობლებმა უსამართლობად მიიჩნიეს მათი უნაკლო შვილებისა და ნუცას ერთ სივრცეში მოხვედრა. ერთ-ერთი სევდიანი ამბავია, რომელთაც ვკითხულობ ხოლმე პროექტის − „ქალები საქართველოდან“ − გვერდზე.

მთელი დღე სახლში გავატარე. წვიმის გამო გარეთ ვერ გავედი და გამეხარდა კიდეც, რომ გაწვიმდა. ხვალ დილიდან კაფეში უნდა მივიდე და ენერგიას ვიკრებ.

20 ივნისი, სამშაბათი

ისე მოხდა, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმს მოვესწარი, მაგრამ საბურთალოს ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე დანიშნულ ტრანსპორტს − ვერა. სტუდენტობისა და სამ სამსახურში სიარულის წლები რომ დავაჯამოთ, ცხრა წელი გადის, რაც ორ-ორ ტრანსპორტს ვიცვლი. ახალი გზისა და გვირაბის გაჭრის შემდეგ, ვიმოკლებ ხოლმე ამ გზას. დღესაც ასე მოვიქეცი და სახლიდან ზუსტად ექვს წუთში მივედი ოფისში. ასე ვუწოდებ მოფერებით „მზიურის“ კაფეს. ეზოში ჩვენი სრულიად შავი და სევდიანი ძაღლი დამხვდა. მურადა დავარქვით. ისე, ჭავჭავაძეზე ზარბაზანას სახელით იცნობენ. ერთ დილას დავინახე, ფოსტასთან როგორ ეთამაშებოდა ჩრდილებს და მაშინ გავიგე, ასე რომ დაუძახეს, თორემ თვითონ არაფრით გვითხრა. წყალი და საჭმელი მივართვი და შევუდექი საქმეს. სტუმრების მოსვლამდე უმეტესად ჩემს პლეიერს ვრთავ ხოლმე. ამჯერად „არქივს“ ვუსმენ, რადგან ისევ კონცერტის შთაბეჭდილებებში ვარ. მობილური, ყავის აპარატი და კომპიუტერი ჩავრთე. ნელ-ნელა შემომემატნენ თანამშრომელები. წინა დღის ძლიერი წვიმის გამო ეზოში ბევრი სამუშაოა. ტალახი ჩამოაქვს ფერდობიდან. ჩვენი თანამშრომელი მოთმინებით იტანს ჩემს ხმამაღალ მუსიკას და მალევე ამზადებს კაფეს სტუმრებისთვის. დღესაც მოღრუბლულია. მიყვარს ასეთი ამინდი, როცა კაფეში ვარ. ლეპტოპს და შესყიდვების ბაინდერს მაგიდასთან ვალაგებ და ვიწყებ ნამდვილ საოფისე საქმეს. სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ძალიან დამეხმარა აქ. ეს სოციალური კაფეა და არ გვაქვს ბევრი კადრის ყოლის ფუფუნება, ასე რომ, ყველა მაქსიმალურად ვიყენებთ შესაძლებლობებს. კაფე ახალ პროექტს იწყებს - ერთ წელიწადში უკვე მოვახერხეთ და სპონსორის გარეშე, თავად კაფე აფინანსებს ამ პროექტს. სამუშაო საათების შეცვლა გვიწევს და ამ საკითხზე თათბირი გვაქვს ანა გოგუაძესთან, „ახალი მზიურის“ პროექტის ავტორთან. ესეც მოფერებითი სახელია ამ შეკრების, რომლის განმავლობაშიც საქმის გარდა ათას რამეს ვუყვებით ერთმანეთს. განსაკუთრებით ბევრი მოსაყოლი გვიგროვდება მე და ნათიას, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვცვლით კაფეში და იშვიათად ვხვდებით პირადად. ვითათბირეთ და კაფეს დახურვის დროც მოვიდა.

21 ივნისი, ოთხშაბათი

მოვახერხე გამოძინება. მე და ჩემი მეგობარი სოფია შემოსავლების სამსახურში ვიყავით ინდმეწარმედ მის დასარეგისტრირებლად. პროცედურა ხანმოკლე გამოდგა და ერთ-ერთ კაფეში წავედით. გასაგები მიზეზებით, სხვაგან ყოფნისას, უკვე სხვა თვალით ვაკვირდები ყველაფერს. აქაც ასე ვიქცევი და წარმოვიდგენ, რა ხდება მათ შიდა სამზარეულოში. კაფედან სახლში წამოვედი, რადგან გაკვეთილის დრო მოახლოვდა. უკვე ორი წელია, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვამზადებ ინგლისურში. ბარისტას და მასწავლებლის ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობ. დღეს კი, დროებით დავემშვიდობე ამ პროფესიას და ბოლო გაკვეთილი ჩავატარე.

გაკვეთილიდან სასწრაფოდ გავიქეცით მე და ჩემი მეგობარი ნელიკო კრეატიული წერის ტრენინგზე. ცარიელი ფურცელი ყოველთვის მაშინებდა და არ მიყვარდა, ამიტომ, სიხარულით მივიღე თამარ თანდაშვილის შემოთავაზება. ვიფიქრე, ასეთი ტრენინგის გავლით ამ შიშს გადავლახავ და ყველაზე დიდ ცარიელ ფურცელსაც კი დავიმორჩილებ-მეთქი. ტრენინგის კიდევ უკეთესი ნაწილია წიგნების კითხვა. ბოლო ორი წელია, წიგნებს მხოლოდ ვყიდულობ და სხვას ვეღარაფერს ვუხერხებ. ამის დაძლევაშიც დამეხმარა ეს ტრენინგი. ლექციაზე ლაპარაკი იყო უჰაერობის შიშზე. ერთ-ერთმა მონაწილემ გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა გარედან ჩაკეტილ მანქანაში რამდენიმე საათით და როგორ გაახსენდა ვიღაცის ნათქვამი, რომ იქ შეიძლება ჰაერი გამოილიოს. მე ამ დროს გავიფიქრე, რომ საერთოდ ვერ ვხედავ ჰაერის გამოლევის რეალურ საფრთხეს და ვერ ვხვდები, რომ მანქანაში კი არა, თბილისში შეიძლება უჰაერობისგან მოვკვდე.

22 ივნისი, ხუთშაბათი

დღეს კაფეს ვეკუთვნოდი. გამიჭირდა ადრე ადგომა, მაგრამ მოვახერხე. რამდენიმე წლის წინ ჩემს თავს შევპირდი, რომ აღარასდროს ვიმუშავებდი იქ, სადაც დილით წასვლა არ გამიხარდებოდა. არ დამირღვევია პირობა. რა თქმა უნდა, დიდი ღონისძიების დღეს ისეთი მხიარული ვერ ვარ დილიდან, რადგან ბევრი საკითხია ხოლმე მოსაგვარებელი, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს.

დღეს კაფეში მუშაობის ასმეოთხმოცე დღე იყო. მე ყველაფერს ვითვლი და, მით უმეტეს, კაფეში ყოფნის დღეებს. სანამ ანა აქ მუშაობას შემომთავაზებდა, მე უკვე ბევრჯერ მქონდა წარმოდგენილი ჩემი თავი ამ მდგომარეობაში. ბევრჯერ მომხდარა ასეთი რამ ჩემს თავს: რაიმეზე დიდხანს და დაწვრილებით რომ მიფიქრია, ის მომხდარა კიდეც. მოხდა ესეც და აქ ვარ კაფეს გახსნის დღიდან. ამ სიტყვებს ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყით ვამბობ.

დილის რიტუალის შემდეგ პატარა შესვენება მოვიწყვე. ჩემს თავს ყავა გავუკეთე და საყვარელ მაგიდასთან დავჯექი. მიყვარს, ჩემ უკან კედელი რომაა და, თან, ფანჯარასთან ვარ ახლოს. მიყვარს რიცხვი ოთხიც. ეს მაგიდა კი კედლისა და ფანჯრის კუთხეში დგას და კაფეს კომპიუტერში რიგით მეოთხეა.

ჩემი შესვენების შემდეგ დაიწყო ჩემი მეგობრის, მარიამის შესვენება და მესტუმრა. ვილაპარაკეთ მოსაწყენ საოფისე სამსახურებზე. რა მენაღვლება, მე მთელი დღე სიმღერებს ვმღერი და ისე ვმუშაობ. კაფეში მოსვლამდე ანა მირეკავს. მეკითხება, ყვავილები წამოვიღო თუ არაო. ბევრს უკითხავს, მაგრამ მეც არ ვიცი, საიდან მოაქვს ხოლმე ასეთი ლამაზი ყვავილები. რომ მოვიდა, საბუთების მომზადება დავიწყეთ. თავისუფალი კინოჩვენებების დასაფინანსებლად მივმართავთ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს. საბუთებს ხვალ ჩააბარებს. რამდენიმე დისტრიბუტორი მოვიდა დღეს. ყველა დაღლილი შემოდის კაფეში, რადგან „მზიურში“ მანქანით შემოსვლა აიკრძალა და საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ ფეხით. მალე ეზო სტუმრებით შეივსო. სამი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა და გამომცემლობამ თავისი სხვა წიგნებიც მოიტანა. ვუყურე, ვუყურე, და ყიდვისგან თავი შევიკავე, რადგან წლევანდელი წიგნის ფესტივალზე იმაზე მეტი წიგნი ვიყიდე, ვიდრე მომდევნო ფესტივალამდე წავიკითხავ.

ფეისბუკზე შევიხედე. ვნახე სტატია, რომლიდანაც თეატრალურის რექტორი გვამცნობს, რომ სრულიად უსინათლო ადამიანი ვერ მოხვდება სამსახიობოზე. ნუცა გოგოლაძის მონათხრობმა, რომელიც წინა დღეებში ვახსენე, ბევრ ადამიანში გამოიწვია პროტესტი და უკვე მესამე დღეა, ამაზე წერენ ონლაინგამოცემები. მე კიდევ ერთხელ გავბრაზდი და ფეისბუკზე შევქმენი ე.წ. ივენტი სახელწოდებით „აქცია უსინათლობის წინააღმდეგ“. მოვიწვიე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი. ვნახოთ, რა გამოვა.

საღამო დატვირთული იყო, ფიზიკურად დავიღალე, მაგრამ ერთმა ყავის მოყვარულმა სტუმარმა მითხრა, ასეთი ყავა იტალიაში ყოფნის შემდეგ არ დამილევიაო. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია. ყავის კეთება არსად მისწავლია. კაფემაც სულ სამჯერ შეძლო პროფესიონალი ბარისტას მოყვანა და ვნერვიულობდი, ვაითუ არ გამომივიდეს-მეთქი. შემდეგ დავიწყე ვიდეოების ძიება და ყურება. ამას დავუმატე ყავისადმი ჩემი ბავშვობისდროინდელი სიყვარული და ასე გავხდი მოყვარული ბარისტა.

სახლში ფეხით მოვედი. ძალიან დავიღალე, მაგრამ მაინც მოვახერხე ჩემი პირადი კინოჩვენების მოწყობა სახლში. ახალ წელს ჩემს თავს პროექტორი ვაჩუქე. ეკრანისთვის ფულის გადაყრა არ მოვინდომე და ბებიაჩემს გატკიცინებული თეთრი ზეწარი მოვპარე. ფარდის საკიდზე დავკიდე ეს ზეწარი, შუქი გამოვრთე და ერთი უსაყვარლესი შავ-თეთრი ფილმი ჩავრთე.

23 ივნისი, პარასკევი

დღეს დასვენების დღე მქონდა. ჩემმა კატამ, ლუციფერ სემმა, კარგად გამოძინება დამაცადა და ისეთი კეთილი ვიყავი დილიდან, რომ ჩემს დას, სოფოს, უარი არ ვუთხარი მაღაზიაში ჩასვლაზე. ერთად ვისაუზმეთ. ჩვენ შორის თერთმეტი წელი, ოთხი თვე და შვიდი დღეა სხვაობა. მე უფროსი ვარ, არადა, ყოველთვის ვოცნებობდი, უფროსი და ან ძმა მყოლოდა.

საუზმის შემდეგ ვიფიქრე, სახლს მივალაგებ-მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. ხუთ საათზე წავედი შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც პეკინზე შევხვდი მეგობარს. სეირნობას ნამდვილად ვერ დავარქმევ პეკინზე სიარულს. იმედია, მალე გაივლის ეს ზაფხული. მესმის, რომ ძველი გზის აუყრელად ახალი გზა ვერ გაკეთდება, მაგრამ ისეთი მდგომარეობა იყო ბიოტუალეტებთან, რომ ახლოს ძლივს გავიარეთ.

დღიურის წერის დროს ჩემი აქციის გვერდზე შევიხედე და სულ 12 ადამიანს აქვს მითითებული, რომ მოვა. ხვალ კიდევ მოვიწვევ სხვებს...

24 ივნისი, შაბათი

„მზიურში“ მურადას საჭმლით ხელდამშვენებული მოვედი. ბარში ყოველთვის დევს ჭიქა, რომელშიც მისთვის ვყრით ხოლმე ხურდას ჩვენი „ტიპსებიდან“ და შემდეგ მე ვყიდულობ, რადგან ჩემი კატისთვის მიწევს ხოლმე მაღაზიაში მისვლა. დავუყარე საჭმელი, დავუსხი წყალი, მაგრამ დილის მზეს იყო მიფიცხებული და არ ამდგარა. თავი წამოსწია, კარგად დამაკვირდა და ისევ მოკალათდა. მგონი მურადამაც ისწავლა მზის გრაფიკი ჩვენს ეზოში: შუადღემდე უნდა მოასწროს გათბობა, რადგან შემდეგ კორპუსს ეფარება მზე დაახლოებით ხუთ საათამდე. აქ წერა შევწყვიტე, რადგან კაფეს ეზოში რამიშვილის ქუჩიდან ჩამოვარდა საბურავი, რომელმაც ეზოში მჯდარ სტუმარს ჩაუქროლა და მომდევნო მაგიდასთან სკამს დაეჯახა. არავინ დაშავებულა. თენგოს, ჩვენს თანამშრომელს, პირველს გაახსენდა კამერების არსებობა და დაცვის ჯიხურში გავიქეცი ვიდეოჩანაწერის სანახავად. პარალელურად პატრული გამოვიძახე და ანას დავურეკე. ვიდეო და ფოტომასალა რამდენიმე წუთში გავუგზავნე და მომდევნო ორი საათი პატრულთან და გამომძიებელთან საუბარში გავატარე. შეშინებული ვიყავი. ვიდეოში ჩანს, ორი-სამი წუთით ადრე პატარა ბავშვი როგორ მიჰყავს ამ გზაზე ქალს.

ახლა ხუთის თხუთმეტი წუთია, ეზო ისევ მაღალი კორპუსების ჩრდილშია მოქცეული. მე უნდა დავისვენო, რადგან საღამოს ვუდსტოკის ჩანაწერის ნაწილს ვუშვებთ და ბევრი ხალხი მოვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ ხალხი, და არა საბურავები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG