Accessibility links

19 თებერვალი, კვირა

დღეს ჩემს შვილთან ერთად ბაკურიანში ვარ. ჩემი ცოლი ამერიკაშია, მარტში მეორე ბავშვს ველოდებით. საქართველოში უფროს შვილთან ერთად დავრჩი. ბაკურიანი ძალიან ლამაზია. ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად ერთობა. ყოველთვის უფრო ადვილია ბავშვთან, როდესაც ის მეგობრებთან ერთად არის.

სასტუმრო კარგია. ცოტა სასაცილოა, რომ დილას სამზარეულო მხოლოდ 10-ზე იღება და ეს ცოტა გვიანია ბავშვებისთვის, მაგრამ სასტუმროში ამბობენ, რომ ასეა საქართველოში: ხალხს უნდა, რომ გვიან ჭამოსო.

როცა ვთქვი, ძალიან ლამაზია-მეთქი, ვგულისხმობდი მთებს, რომლებიც გუშინ ვნახეთ. ბავშვს ძალიან უყვარს თხილამურებზე სრიალი და მეგობრებთან თოვლში თამაში. სასტუმროში არის დიდი აუზი და მათ ძალიან უხარიათ, რომ დიდი აუზი აქვთ. ხვალ ჩვენ თბილისში დავბრუნდებით და მალე წავალთ ამერიკაში, რომ ჩემს ცოლთან ერთად ვიყო.

20 თებერვალი, ორშაბათი

დილას მთებში წავედით. ჩემმა შვილმა ძალიან კარგად ისრიალა თხილამურებით. საინტერესოა, რომ დიდად არ იტვირთავს თავს, მაგრამ კარგად გამოსდის სრიალი და წარმატებულად ართმევს თავს ამ სპორტს. ალბათ ასაკის ბრალია. ოთხი წლისაა და ეს ასაკი, ალბათ, არაა საკმარისი იმის გასაგებად, რომ წარმატებას სჭირდება ბევრი პრაქტიკა და სწავლა. მაინც ძალიან მიხარია, რომ წარმატებას მიაღწია!

შუადღისას თბილისში დავბრუნდით. ძალიან კარგი ამინდი იყო. ყველა ბავშვი ქუჩაში თამაშობდა, საღამოს კი პიცა ვჭამეთ და „ვარსკვლავთა ომების“ მეორე სერიას, „ჯედაის დაბრუნებას“ ვუყურეთ. ძალიან უცნაური იყო, რომ ფილმის ყურებისას ცუდად გავხდი და დასაძინებლად დავწექი, ბავშვიც მოვიწვინე. ბავშვს დაწოლა არ უნდოდა და ცოტა გამიჭირდა. პირველად გავხდი ავად საქართველოში. აქ ძალიან იშვიათად ვხდებით ავად. საქართველომდე ყირგიზეთში ვცხოვრობდით და ბავშვი იქ ხშირად ხდებოდა ხოლმე ავად. ძალიან გამიჭირდა და შემეშინდა, რომ შვილი ავად გამიხდა, როცა ცოლი შინ არ არის. ძალიან მეშინია, არ ვიცი, როგორ ვიქნებით. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ხვალ უკეთესი დღე გათენდება. ცოტა უცნაურია, რომ ეს ასე მოხდა, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველაფერი ხდება.

21 თებერვალი, სამშაბათი

სამსახურში დღეს დავბრუნდი. გუშინ პრეზიდენტის დღე იყო ამერიკაში და სამსახურში ვისვენებდით. ეს დღესასწაული, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე არასაინტერესო დღესასწაულია ამერიკაში. თებერვალში ამერიკის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი პრეზიდენტის დღეა: ჯორჯ ვაშინგტონისა და აბრაამ ლინკოლნის. მაგრამ რატომღაც ეს დღესასწაული არ გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ან პოპულარული ამერიკაში. ამ დღის აღნიშვნის დიდი ტრადიცია არ გვაქვს.

დღეს სამსახურში, ანუ საელჩოში, საკმაოდ მოსაწყენი დღე იყო. ძირითადად, ადმინისტრაციული საქმეებით ვიყავი დაკავებული. სამწუხაროდ, საელჩო ქალაქგარეთ, დიდ დიღომში მდებარეობს. მეც აქვე, დიდ დიღომში ვცხოვრობ და ქალაქის ცხოვრებას მოკლებული ვარ. დილას და საღამოს სახლში ვარ, დღისით კი − სამსახურში. ისე გამოდის, რომ ტიპური უცხოელის ცხოვრებით ვცხოვრობ საქართველოში და მოწყვეტილი ვარ ქალაქის აქტიურ ცხოვრებას, ცენტრს. ბევრი ნაცნობი არ მყავს თბილისში.

მიხარია, რომ ამინდი გამოკეთდა, ზაფხულივით დათბა. დიღომში ხშირად იცის ძლიერი ქარი, თუმცა ახლა საბედნიეროდ ქარი არ არის.

22 თებერვალი, ოთხშაბათი

დღეს უფრო საინტერესო დღე მქონდა სამსახურში. შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საერთო პროექტების განსახილველად. საინტერესოა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას საქართველოში, მაგრამ არსებობს სხვადასხვა პარტია და აზრთა სხვადასხვაობა და რთულია კომპრომისებზე წასვლა.

მე კიდევ ერთხელ ვკითხულობ საინტერესო წიგნს საქართველოს ისტორიაზე. მას ჰქვია „ქართველი ხალხის ისტორია“ და ბრიტანელი ავტორის, უილიამ ალენის მიერ არის დაწერილი. ცოტა ძველი წიგნია, მგონი, 1970-იან წლებშია გამოცემული, მაგრამ, სამწუხაროდ, ინგლისურ ენაზე არ არსებობს ბევრი კარგი წიგნი საქართველოზე და არ ვიცი, რატომ. ალბათ, ერთი მიზეზი ის არის, რომ ბევრმა არ იცის ქართული ენა და საქართველო დიდი ხანი იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი.

ისტორია ცოტა გაუგებარია. ბევრი საუკუნე სხვადასხვა დედოფალი და მეფე ჰყავდა ქვეყანას, მაგრამ ძალიან რთულია, გაიგო კონტექსტი. ამ წიგნში საინტერესოა ქართულ საზოგადოებაზე საუბარი და სოციალური წყობის, ფეოდალიზმის შესახებ კითხვა. ამ წიგნს უკვე მეორედ ვკითხულობ. პირველად ამერიკაში, ერთი წლის წინ წავიკითხე, მაგრამ იმის გამო, რომ კარგად არ მესმოდა გეოგრაფიული მდებარეობა და უამრავი სხვა დეტალი ამ ქვეყნის შესახებ, მაშინ კარგად ვერ გავიგე. ახლა, როცა საქართველოში ვცხოვრობ და უკეთესად ვიცნობ ქვეყანას, მის რეგიონებს, უკვე უკეთ მესმის წიგნის შინაარსი.

რამდენიმე კვირის წინ „ალი და ნინოც“ წავიკითხე. ადრე მქონდა წაკითხული და ახლა აღმოვაჩინე, რომ არაფერი მხსომებია. ერთადერთი, რაც მომწონდა და დამამახსოვრდა ცხადად, არის წიგნის ის ნაწილი, სადაც აღწერილია მათი ყოფნა ნაბახუსევზე თბილისის აბანოში. ბევრი საინტერესო კულტურული მომენტია აღწერილი ამ წიგნში.

23 თებერვალი, ხუთშაბათი

კიდევ ერთი სამუშაო დღე გავიდა. საღამოს ესტონეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მიღებაზე ვიყავი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა დიპლომატიურ სამსახურში. არ ვიცოდი, რომ ესტონეთსა და საქართველოს ასეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. საინტერესოა, რომ ორივე ქვეყანა საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკა იყო და, ალბათ, ამიტომაც, მათმა საერთო სურვილმა, თავისუფლები ყოფილიყვნენ, მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობა განაპირობა.

ესტონეთში პირველად 1995 წელს ვიყავი. მაშინ რუსეთში, პეტერბურგში ვსწავლობდი უნივერსიტეტში და შაბათ-კვირას საშუალება გვქონდა, მატარებლით ესტონეთში წავსულიყავით. ესტონეთის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. პირველად ტალინში რომ აღმოვჩნდი, ძალიან გამიკვირდა, რომ ცხობვრების დონე ბევრად მაღალი იყო, ვიდრე რუსეთში. მახსოვს, რომ სადგურზე ბანკომატი დავინახე. მაშინ პეტერბურგში ასეთი ბანკომატი არ იყო და ეს იყო ცივილიზაციის ნიშანი ჩემთვის. ასევე, არ ვიცოდი, რომ ტალინი არქიტექტურულად ასეთი განსხვავებული იყო რუსული არქიტექტურისგან და ასე ჰგავდა გერმანულს. ძალიან ლამაზი იყო. იქ ბევრი ფინელი ტურისტი ჩადიოდა იაფი ლუდის გამო. მახსოვს, დილა იყო და, ქუჩაში გამოტანილ კაფეში ორი ესტონელი სვამდა ლუდს. ამერიკელისთვის ეს ცოტა უცნაური იყო, მაგრამ ესტონელისთვის ეს ტიპური შაბათ-კვირის დილა იყო.

აქ ჩამოსვლამდე არ ვიცოდი, რომ ამდენი ესტონელი ცხოვრობდა საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ესტონელი დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ ქვეყნები ახლო ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებენ და საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ისეთივე ძლიერი ეკონომიკა ჰქონდეს, როგორც ესტონეთს აქვს. მოკლედ, ძალიან ბევრ ამბავს მოვყევი, ალბათ, ერთ საკმაოდ მოსაწყენ მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ეს რეგიონი ყოველთვის მაინტერესებდა. ჩემთვის საინტერესო იყო ესტონეთის ელჩის ნათქვამი, რომ ესტონეთი თავისუფლების 98 წლის იუბილეს აღნიშნავდა, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ რუსული იმპერიისგან ესტონეთი 1918 წელს გათავისუფლდა და საბჭოთა ოკუპაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის მძიმე პერიოდი იყო. საინტერესო ფაქტია, რომ შეერთებულმა შტატებმა იმ პერიოდში არ აღიარა ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის ნაწილად.

23 თებერვალი, პარასკევი

დღეს პარასკევია, სამუშაო კვირის დასასრული. სახლში ვრჩები და დიდი გეგმა მაქვს. მე და ჩემს ამერიკელ მეგობრებს, მუსიკის ფანებს, ასეთი ტრადიცია გვაქვს: თებერვალში, ყველაზე მოკლე თვეში, ვუსმენთ ყველაზე გრძელ ალბომებს, რომლებიც ორი ან სამი „პლასტინკისგან“ შედგება. ადრე ჩვეულებრივი იყო, განსაკუთრებით კი როკ ჯგუფებისთვის, რომ ორ-სამ-„პლასტინკიანი“ ალბომები ჩაეწერათ. მაგალითად „ბიტლზის“ თეთრი ალბომი, ან „ლედ ზეპელინის“ Physical Graffiti იყო ასეთი ალბომები, რომლებიც ძალიან კარგი გამოვიდა და პოპულარული იყო, თუმცა არსებობს ნაკლებად ცნობილი ასეთი ალბომები, რომლებიც ან სასაცილოა ან, უბრალოდ, ცუდი, იმიტომ რომ, როცა ჯგუფს აქვს დიდი ამბიცია, ზოგჯერ შედეგი არ არის საუკეთესო.

დღეს საღამოს „კლეშის“ Sandinista-ს ვუსმენ. ამ ალბომში სამი ფირფიტაა. მანამდე „კლეშმა“გამოუშვა London Calling, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა და ცნობილი გახდა, თუმცა Sandinista-ს იგივე რეპუტაცია არ აქვს. Sandinista-ს ჩაწერისას ჯგუფის წევრები უკვე ძალიან პოპულარულები იყვნენ და მეტისმეტად დიდი ეგო ჰქონდათ. ამ ალბომში ძალიან ბევრი გავლენა იგრძნობა, მაგალითად იამაიკური მუსიკის, პანკის. შეიძლება კარგი ალბომია, მაგრამ ასეთი დიდი ამბიციის გამო წარუმატებელი აღმოჩნდა. „კლეშმა“ ამის შემდეგ კიდევ ერთი ალბომი ჩაწერა, თუმცა ის მათი უკანასკნელი ალბომი გამოდგა. Sandinista, როგორც პროექტი, საინტერესოა ჩემთვის, პირველად ამ ალბომს, ალბათ, 20 წლის წინ მოვუსმინე.

ამ თვეში ასევე მოვუსმინე Humble Pie-ს ცოცხალი შესრულებით შექმნილ ალბომს Live at Fillmore East. არ მახსოვს, სად ვიპოვე ეს ჩანაწერი. ეს ალბომი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი იყო, მაგრამ ასეთი ალბომები არ მიყვარს. ცოტა გრძელია და თითქმის ყველა სიმღერა ათ ან 20 წუთს გრძელდება. მგონი, ჯგუფის წევრები ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და ამიტომ ცოტა მოსაწყენი გამოვიდა მუსიკა.

თებერვალში გრძელი ალბომების მოსმენის ტრადიცია ჩემთვის მაინც საინტერესოა. კარგია, როდესაც მეგობრებთან გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გაქვს.

24 თებერვალი, შაბათი

დღეს შაბათია, დღიურის წერის ბოლო დღე. საღამოს კოლეგებთან რესტორანში წასვლას ვგეგმავ, რადგან ეს საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო კვირაა. შემდეგ კვირაში ამერიკაში მივდივარ, რომ ჩემს ცოლთან და ოჯახთან ერთად ვიყო.

რესტორანში წასვლამდე ჩემს შვილთან ერთად „ვარსკვლავთა ომების“ ყურებას ვაპირებ. ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა, რომ ჩემს ოთხი წლის შვილს, ილიას, უყვარს ეს ფილმი. აქამდე მხოლოდ მულტფილმები და საბავშვო ფილმები აინტერესებდა, რაც მე დიდად არ მაინტერესებდა და „ვარსკვლავთა ომები“ ჩვენი პირველი საერთო ინტერესია. რა თქმა უნდა, ბავშვობაში „ვარსკვლავთა ომების“ ფანი ვიყავი, უამრავი სათამაშო მქონდა და, ალბათ, ათასჯერ მაინც მაქვს ნანახი. დღემდე მახსოვს ის მომენტი, როცა კინოთეატრში ვუყურებდი ფილმს და დართ ვეიდერმა თქვა: „მე ვარ შენი მამა“. 15 წლის შემდეგ გადაიღეს გაგრძელება, მაგრამ მე ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, უკვე აღარ მიყვარდა ეს ფილმი, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს შვილს ისევე მოსწონს, როგორც მე მომწონდა ბავშვობაში. ახლა ერთად ვუყურებთ „ვარსკვლავთა ომებს“ და დიდი დისკუსია გვაქვს.

ჩემი შვილი უკვე გიჟდება იარაღზე და სახლში ხან ლეგოებისგან და ხან სხვა სათამაშოებისგან აწყობს სხვადასხვანაირ იარაღს. როგორც წესი, მშობლებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ მე მგონია, რომ ამ ასაკში ეს ბუნებრივია. „ვარსკვლავთა ომები“ ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმია. ზოგის აზრით, ამ ფილმს შეიძლება ჰქონდეს ცუდი გავლენა, რადგან ბევრი სროლა და ძალადობაა. არ ვიცი. ალბათ, არა...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG