Accessibility links

3 სექტემბერი, კვირა

კვირა იმით იწყება, რომ ვაგრძელებთ ორწლიანი სწავლის დამთავრების აღნიშვნას ლონდონის ერთ-ერთ კლუბში. შაბათს დიპლომების გადაცემის ცერემონია იყო ულამაზეს, 1411 წელს აშენებულ გილდჰოლში, რომელიც ლონდონის ფინანსურ ცენტრში − სიტიში მდებარეობს. დარბაზში, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები ყოველწლიურად სიტყვით გამოდიან საერთაშორისო ურთიერთობებზე, ბიზნესადმინისტრირების სპეციალობის 65 კურსდამთავრებული, შავ მანტიებსა და ქუდებში გამოწყობილნი, ოჯახებთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად აღვნიშნავდით ორწლიან მოგზაურობას, რომელიც სავსე იყო თავგადასავლებით, უძილო ღამეებით, საინტერესო საკითხავითა და ლექციებით, შეხვედრებით, მოგზაურობით, ახალი იდეებით და მათი განხორციელებით. ექვსი სემესტრის, 500 სალექციო საათის (რომლებიც ლონდონში, ნიუ-იორკში, შანხაიში, ჩენაისა და პარიზში ტარდებოდა) და კვირაში, საშუალოდ, 20 საათის მოცულობის ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების შესრულების შემდეგ, გუშინ მივიღე ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება. ჯგუფში დაახლოებით 40 წლის ასაკის 70 ადამიანი ვართ (თუმცა რამდენიმე 50 წელს გადაცილებულია) − 30-მდე ქვეყნის წარმომადგენლები. მათ შორის მხოლოდ ათი ქალი ვართ, რაც ბიზნესის სფეროში ლიდერ ქალთა ნაკლებობაზე მეტყველებს. მე დამატებით უმცირესობაშიც ვარ: კურსზე მხოლოდ ორნი ვმუშაობთ არაკომერციულ სფეროში.

ყველას გვიხარია, ალბათ, ბოლოჯერ თითქმის მთელი შემადგენლობით, ერთად ყოფნა. ისევე, როგორც რვასაათიანი ლექციებისა და დამატებითი სამ-ოთხსაათიანი სამუშაო შეხვედრების შემდეგ ენერგიას ვიკრებდით, რათა ერთად გვესადილა და გვემხიარულა, დღესაც, მიუხედავად დილის ცერემონიის ემოციებით დაღლისა, გვიანობამდე ვაგრძელებთ ერთმანეთისთვის ახალი ამბების, იდეებისა და პროექტების გაზიარებას, სადღეგრძელოებს და მხიარულობას. შედარებით ადრე, ღამის ორი საათისთვის ვიშლებით, რადგან 12 საათზე, დაპატიჟებული ვართ ინგლისურ პიკნიკზე ჩვენს ჯგუფელთან, ჯონ უაიტთან.

ლონდონში ჩემს მეგობართან, ანა კანდელაკთან ვარ გაჩერებული. ანა დაახლოებით ოცი წლის წინ ჩამოვიდა სასწავლებლად ინგლისში. რამდენიმე წლის წინ წარმატებული საბანკო კარიერა მიატოვა და ხატვა დაიწყო. ორი წლის წინ კი გადაწყვიტა, ხატვას პროფესიულად დაუფლებოდა და ახლა ისიც ახალი კურსდამთავრებულია. ამჟამად ანა კალიფორნიაშია მეუღლესთან, რობი სტაინჰაუსთან ერთად. მეწარმეობასა და ბიზნესში ლიდერის თვისებებზე რობის დაწერილი აქვს ხუთი წიგნი, რომლებიც მრავალ ენაზეა თარგმნილი. რობი ოქტომბერში თბილისშიც გეგმავს ლექციების კურსის წაკითხვას. ანას ქალიშვილი, სოფი, ჩემი ნათლულია, შვიდ ნათლულს შორის პირველი და ძალიან საამაყო. ორი წლის წინ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და ახლა ცნობილ იურიდიულ კომპანიაში მუშაობს. ცალკე ცხოვრობს, მაგრამ, ჩემთვის მასპინძლობის გასაწევად ეს დღეები მშობლების სახლში რჩება.

ჯონთან ორი ავტობუსით მივდივართ. ავტობუსს, რომელიც წმინდა პავლეს ტაძართან მოვა, მთხოვა, მე გავძღოლოდი. ჩემი მრავალი წლის მეგობარი, დავით სხირტლაძე, რომელიც ამ დღის აღსანიშნავად ბუდაპეშტიდან შემოუერთდა ჩემს ლონდონელ მეგობრებს, კოორდინირებაში მეხმარება. დავითი ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ბუდაპეშტს, სადაც 16 წლის წინ გავიცანი. ამ წლების განმავლობაში ის ბრიუსელში, ჟენევასა და კიევში მუშაობდა „პროქტერ & გემბელის“ სხვადასხვა ოფისსა და ქარხანაში. მძღოლმა დააგვიანა და დაბნეულია. პირველივე შეხედვით ვხვდებით, რომ ისიც ქართველია.

ლონდონი მოფენილია პრინცესა დაიანას გარდაცვალების 20 წლისთავისადმი აღსანიშნავი პლაკატებით. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ბევრს ახსოვს, რას აკეთებდა იმ წუთს, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტისა და დაიანას გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ოცი წლის წინ დაიანას გასვენების დღეს ლონდონში ვიმყოფებოდი, ედინბურგში ერთწლიანი სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში ვბრუნდებოდი. ასიათასობით ადამიანი გლოვობდა „გულების“ პრინცესის ტრაგიკულ დაღუპვას, ქუჩები სავსე იყო მისი პორტრეტებით, მათთან მიტანილი ყვავილებითა და სანთლებით. დღეს დაიანას შვილები აგრძელებენ მის საქველმოქმედო საქმეებს. ჩემი ერთ-ერთი ჯგუფელი მათ ფონდში მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე.

ჯონმა საოცარი სტუმარ-მასპინძლობა გამოიჩინა. მთელი ჯგუფი დაგვპატიჟა ოჯახებითა და მეგობრებით, ბავშვებისთვის ბაღში სახტუნაო სასახლეები მოათავსა, ილუზიონისტები და კარიკატურისტი დაპატიჟა ბავშვებისა და უფროსების გასახალისებლად. უამრავი საკვები და სასმელი დაგვახვედრა, მათ შორის რუსი ჯგუფელების მიერ ჩამოტანილი საუკეთესო შავი ხიზილალა. ჯონის მამული 80 ჰექტარზეა გადაჭიმული. როგორც თვითონ იხსენებს, მისი დღევანდელი სამზარეულო იმ სახლზე დიდია, სადაც ბავშვობაში იზრდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრეიდერი იყო ლონდონის სიტიში. დღეს კი რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის საბჭოს წევრია და საკუთარ ბიზნესსაც უძღვება, რომელიც ინვესტირებას აკეთებს ინოვაციურ სტარტაპებში. ისევე, როგორც ჯონს, თითოეულ ჩემს ჯგუფელს საინტერესო ცხოვრების ისტორია აქვს. მეტი დრო რომ მქონდეს, არ დამეზარებოდა მათი მოყოლა, რადგან თითოეული ამბავი მოტივაციას გაძლევს, უფრო მიზანდასახული იყო და სხვებზე იზრუნო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯგუფელები ექვს კონტინენტს წარმოადგენენ და სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, ყველა ერთნაირად ენერგიულია, ახალი იდეების ძიებაშია, ყველა ილტვის, მეტი ახალი გაიგოს ყოველდღიურად. თავიანთ სფეროში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ყველას აქვს ამბიცია, მეტი გააკეთოს, არა მხოლოდ ბიზნესის წარმატებისთვის, არამედ იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას.

ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი სხვა საინტერესო ადამიანიც გავიცანი, ჩემს ჯგუფელებს რომ ახლდნენ. მაგალითად, საერთაშორისო არქიტექტურული და სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელის, ომარ ბარუდის მეუღლე სურაია, რომელმაც ლიბანში ნარკომანიის რეაბილიტაციის პროგრამა შეიმუშავა და ხელი შეუწყო 600-ზე მეტ ადამიანს, თავი დაეღწია ამ დაავადებისთვის. ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ჯგუფელს, იტალიელ იურისტს პატრიციო მესინას, ჩემზე მეტი თანმხლები ჰყავს − ორი წყვილი ტყუპი შვილი, მეუღლე, მშობლები და სხვა ნათესავები. საოცარ სითბოს ასხივებს მთელი ოჯახი! პატრიციო ძალიან ბევრს მოგზაურობს, რადგან ფინანსების მიმართულებით იურიდიულ კონსულტაციებს უწევს სხვადასხვა მთავრობასა და კომპანიას და ცდილობს, ყოველი თავისუფალი წუთი ოჯახს დაუთმოს. რა დაკავებულიც უნდა იყოს, დღეში რამდენიმეჯერ ესაუბრება ოთხივე შვილსა და მეუღლეს. ფერგუს ჰეის დედა, ლედი ოლგა მეიტლენდი, ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი კონსერვატიული პარტიიდან, საოცრად ამაყია თავის შვილის გამოსვლით. ფერგუსი და მირიამ კივანი ორი წლის წინ კლასის წარმომადგენლებად ავირჩიეთ და სწორად მათ წარმოგვადგინეს დაჯილდოების ცერემონიაზეც. ფერგუსმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვა „ოგილვის“ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ხელმძღვანელის პოსტი და ლონდონში შეუერთდა „დელონეის“ მარკეტინგულ კომპანიას, როგორც დირექტორი და პარტნიორი. ამ ორი წლის განმავლობაში მეორე და მესამე შვილები შეეძინა. მირიამი, წარმოშობით მაროკოელი, შვეიცარიაში გაზრდილი და ლონდონში ბინადარი, ახლა დუბაიში ცხოვრობს. ისიც მარკეტინგის სპეციალისტია, საოცრად ხალისიანი და ენერგიული. მისი მეუღლე იმი, ლონდონელი პაკისტანელია, რომელიც ასევე წარმატებული ბიზნესმენია. მიუხედავად იმისა, რომ ორი პატარა შვილი ჰყავთ, იმიმ ყველანაირად შეუწყო ხელი ცოლს სწავლის გაგრძელებაში, მხარი დაუჭირა მის აქტიურ ჩართვას ტრიუმის პროგრამის დახვეწაში და ახალი პროექტების წამოწყებას. „შისეიდოს“ დირექტორის, გონტა კაშიოს დედა საქართველოშია ნამყოფი. საოცრად საინტერესო ადამიანია, დღესაც ბევრს მოგზაურობს და კიდევ ერთხელ უნდა თბილისში ჩამოსვლა. მესაუბრება გონტას მეგობრებზე, რომლებსაც თბილისში შევხვდი და ერთ-ერთ მათგანს, ენდრიუს, ერთად გადაღებულ სურათს ვუგზავნით.

საღამოს, სასიამოვნოდ დაქანცულები, ლონდონში ვბრუნდებით. სამდღიანი მზიანი ამინდი იცვლება და წვიმა იწყება.

4 სექტემბერი, ორშაბათი

დღეს საქართველოში ვბრუნდები. დილის 9 საათზე ვიწყებ მოგზაურობას და საღამოსთვის თბილისში ვიქნები. მიყვარს მოგზაურობა − გზაში ყოფნა ისევე მსიამოვნებს, როგორც დანიშნულებამდე ჩასვლა. აეროპორტები და ფრენაც მიყვარს. ბევრ სხვადასხვა ადამიანს ხედავ და, ამავე დროს, შენთვის ხარ, დრო გაქვს იმისთვის, რომ იფიქრო და იკითხო. თან „კინდლი“ მაქვს და ვაგრძელებ ჯუმპა ლაჰირის მოკლე მოთხრობების კრებულის − „სნეულებათა ინტერპრეტატორის“ კითხვას. საოცრად წერს! თითქოს მშვიდ, ყოველდღიურ ამბებს ისეთი ემოციური სიძლიერით გადმოსცემს, რომ შეუძლებელია, არ შეგძრას.

როგორც კი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ჯდება, ტელეფონზე ზარი შემოდის. დედაჩემი, ჩემი და და მისი ოთხი შვილი აეროპორტს უახლოვდებიან. არა, მე არ მხვდებიან, ჩემი უფროსი დისშვილი, ნოდარ კუკავა, დღეს პარიზში მიფრინავს, ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით „ერაზმუს+“-ის ფარგლებში. „ერაზმუს+“ ევროკავშირის საგრანტო პროგრამაა, რომლის 2014-2020 წლების ბიუჯეტი 14,7 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. მისი მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის, დასაქმების დონის ამაღლება და ახალგაზრდებთან მუშაობა. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს, ერთი სემესტრი ან მთელი წელი ისწავლონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, პარალელურად გაიარონ სტაჟირება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაიჩინონ მეგობრები და თანამოაზრეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნამდვილად დიდი გზა გავიარეთ ევროპაში საქართველოს ინტეგრაციისაკენ. ევროინტეგრაცია ჩემთვის ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, საქართველოში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას და ქვეყანაში შექმნილი დოვლათის მეტ ადამიანზე გადანაწილებას. ხშირად თვითკრიტიკულები ვართ და ვიწუნებთ ამ პროცესის ხარისხსა და ტემპს. როგორც ევროპის ფონდის გამოკითხვები აჩვენებს, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ევროინტეგრაციას მხოლოდ პოლიტიკური ელიტისთვის მოაქვს სარგებლობა. თუმცა, თუ ამ პროცესს ოცი წლის ჭრილში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ბევრ ისეთ შედეგსაც მივაღწიეთ, რომელსაც სარგებლობა მოაქვს სხვადასხვა ჯგუფებისთვის. „ერაზმუს+“ ამის მაგალითია. მჯერა, რომ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა მიიღებს თანამედროვე განათლებას ევროპაში და გახდება ევროპული პროფესიული ქსელების წევრი, მით უფრო მალე შევძლებთ ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამისთვის კი ნამდვილად დიდი ძალისხმევაა საჭირო, რადგანაც, მართალია, უკვე ბევრი სიძნელე გადავლახეთ, საქართველოში მდგომარეობა მაინც რთულია: უმუშევრობა, სიღარიბე, ბევრი მოუწესრიგებელი სოციალური პრობლემა...

5 სექტემბერი, სამშაბათი

სახლში ორი საათისთვის მივედი. იქ დამხვდა ჩემი მეგობარი ანა ედისონი. ანა ჩემზე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდა თბილისში. წარმოშობით რუსია, მაგრამ ატლანტაში გაიზარდა და უკვე რამდენიმე წელია, ამსტერდამში ცხოვრობს. ბრენდის შემუშავების ნიჭიერი დიზაინერია. თავიდან ერთ ჰოლანდიურ კომპანიაში მუშაობდა, ბოლო წლებში კი დააფუძნა საკუთარი კომპანია, რომელიც სასმელების, პარფიუმერიის და თამბაქოს ბრენდების დიზაინზე მუშაობს. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ, ჩვენი დედები ახლო მეგობრები არიან. რუსი ამერიკელი კია, მაგრამ ქართველადაც თვლის თავს, რადგან ნათლიები ქართველები ჰყავს. მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა, ხშირად გვსტუმრობს. შარშან ჩემი მეგობრის, მამუკა ხურციძის, ბიზნესპარტნიორი გახდა კომპანია „ცხრა მუხაში“, რომელიც ქართულ ღვინოს აწარმოებს. მამუკა, ჩემი არ იყოს, გეოგრაფია, ჩემს ჯგუფელებთან ერთად დააფუძნა და ხელმძღვანელობს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან გეოინფორმაციულ კომპანიას, „გეოგრაფიკს“. ღვინის ბიზნესში ჩემი სიძის, გია კუკავას დაჟინებით მოხვდა. მათ ერთად ჩაყარეს პირველი ვენახი ცხრა მუხის მამულებში. ვენახის გარშემო გიამ ბროწეულის ხეები დარგო. ბროწეული ფარაჯანოვის ფილმების გამო უყვარდა. გია ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. მამუკამ კი მათი ერთად დაწყებული საქმე გააგრძელა, ააყვავა ვენახი და წელს პირველი კომერციული ღვინოც ჩამოასხა. ანამ ძალიან ლამაზი ბრენდირება გაუკეთა კომპანიას, და შემდგომ ღვინოს, და ისეთი მოწადინებული იყო, თავადაც ყოფილიყო ამ ბრენდის ნაწილი, რომ მამუკამ პარტნიორობა შესთავაზა. მეც დამარწმუნეს, რომ მათთან ერთად უნდა გამემართა ეს საქმე და სიმბოლური, 5%-ის წილის მფლობელი გავხდი. ხშირად ვსაუბრობთ ჩვენ სამნი და მამუკას მეუღლე ბაკო, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და ასევე გეოგრაფი, როგორი უნდა იყოს „ცხრა მუხის“ პროდუქცია და სერვისები და ვთანხმდებით, რომ ყოველთვის გავუფრთხილდებით ბუნებას, გავითვალისწინებთ ადგილობრივ კულტურას და ისეთ პროდუქტს შევქმნით, რომელიც ჩვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს მოეწონებათ.

შუადღისას სამსახურში მივედი. ორი კვირა შვებულებაში ვიყავი და აგვისტოს თვის მიუხედავად, უამრავი წერილი დამხვდა. ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ, გამოწვევებით სავსე სფეროში ვმოღვაწეობ. მიხარია სამსახურში მისვლა, ჩემს კოლეგებთან ერთად საქმის კეთება. არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს: მოტივირებული, პროფესიონალი და ღია სიახლეებისთვის. რამდენიმე თანამშრომელი ოც წელზე მეტია, მუშაობს ფონდში. ორგანიზაციის განვითარების ყველა ეტაპი გაიარეს, ფონდთან ერთად გაიზარდნენ და დღესაც ენთუზიაზმით აკეთებენ საქმეს. მე ფონდს ათი წლის წინ შევუერთდი, როდესაც „ევრაზიის ფონდის“ ფილიალიდან ის ადგილობრივ ორგანიზაციად უნდა გარდაგვექმნა.

პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, „ევროპის ფონდი“ საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემო მყოფთა ცხოვრება. ფონდი უზრუნველყოფს მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას, რათა ხელი შეუწყოს დადებით ცვლილებებს ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა დიდი შრომა გავწიეთ, რათა კონკრეტული ცვლილებებისთვის და შედეგებისთვის მიგვეღწია. ცვლილებების ჩამოთვლა მოკლე ტექსტში გამიჭირდება, თითოეულ, მცირე შედეგსაც კი კომპლექსური მუშაობა და ისტორია ახლავს. მოკლედ, ჩვენი ათი წლის მუშაობა რიცხვებში ასე ჯამდება: გავეცით 250-მდე გრანტი ადგილობრივ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებზე, ჩვენს პროგრამებს 82 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჰყავდა და აქედან 16 500-მდე ადამიანმა გაიარა სხვადასხვა ტრენინგი, მხოლოდ საგრანტო პროექტებმა გამართა 250-მდე ადვოკატირების კამპანია, რომელთა გარშემოც მოხერხდა 34 ათასი ადამიანის მობილიზება, ჩვენი პროგრამების და ჩვენი პარტნიორების პროექტების ფარგლებში მომზადდა 750-მდე რეკომენდაცია, რომლებიც მიმართული იყო საჯარო პოლიტიკის ან სახელმწიფო სამსახურების გაუმჯობესებისკენ.

დღეს ყველა მილოცავს სწავლის დასრულებას და, ამავე დროს, ყველას რაღაც საკითხი აქვს ჩემთან განსახილველი. დღის ბოლომდე თითქმის ყველა გადაუდებელ წერილს ვპასუხობ და ვადგენ მიმდინარე კვირის საქმეების სიას. მომავალ კვირაში მივლინებაში ვიქნები სამი დღე და წასვლამდე, რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და საქმის გაკეთება უნდა მოვასწრო.

ნოდარი მშვიდობით ჩავიდა პარიზში და სტუდენტურ ჰოსტელში დაბინავდა. გონტას მეგობარს ენდრიუს, რომელიც პარიზში ერთ-ერთ ბიზნესსკოლაში ასწავლის, ვთხოვე, ნოდარისთვის რჩევები მიეცა ბინის მოსაძიებლად. ძალიან რთულია დიდ ქალაქში შეზღუდული სტუდენტური ბიუჯეტით ბინის მოძებნა. ჩემი თავი მახსენდება, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას რომ ვეძებდი ბინას, და ვცდილობ, ყველანაირად დავეხმარო ნოდარს. სანამ შეხვედრებით და წერილებზე პასუხების გაცემით ვარ დაკავებული, ენდრიუმ რამდენიმე ხმოვანი შეტყობინება დამიტოვა. რაკი არ ვუპასუხე, პირდაპირ ნოდარს დაუკავშირდა და შესთავაზა, მის ბინაში გადავიდეს, სანამ ნოდარი ბინას მოძებნის და ენდრიუ მოგზაურობიდან დაბრუნდება. ენდრიუ ირლანდიელია, პარიზში ცხოვრობს და წელიწადში ექვს თვეს მოგზაურობს. ამჟამად საბერძნეთშია. ზაფხულში თბილისშიც იყო. დედაჩემმა ოპერაში დაპატიჟა გია ყანჩელის არაჩვეულებრივ კონცერტზე, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან იშვიათია, დაესწრო კლასიკური მუსიკის კონცერტს, სადაც შემსრულებლებს თვით კომპოზიტორი წარადგენს. ერთი დღით ადრე ჩემი დის მეგობარმა ტურისტებით გადავსებულ მარიონეტების თეატრში ენდრიუს დამატებითი სკამი ჩაუდგა, რათა საქართველოდან ისე არ წასულიყო, რეზო გაბრიაძის ერთი დადგმა მაინც არ ენახა.

სამსახურიდან გვიან გავდივარ და ფეხით მივსეირნობ რუსთაველისკენ. გზად მონატრებულ მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვურეკავ და ლონდონის ამბებს ვუყვები. ყველაზე დიდხანს ვესაუბრები ხათუნა კიკვაძეს, რომელთანაც ექვსი წლიდან ვმეგობრობ. გზაში ვხვდები თინა ჯანელიძეს და ერთად ვაგრძელებთ გზას. რუსთაველზე ბაკო და მამუკა გვიერთდებიან და „ეზოში“ მივდივართ. „ეზო“ გადავსებულია. ნაცნობებს ვესალმებით და ვაგრძელებთ ზაფხულის შთაბეჭდილებებზე და მომავლის გეგმებზე საუბარს. მოგვიანებით გვიერთდებიან ჩემი და ნინო და დისშვილი ოთო. ნინო ექიმია, კარიერა გინეკოლოგობით დაიწყო, მაგრამ 20 წლის წინ ასევე აკუპუნქტურას დაეუფლა. ბოლო წლებია, თითქმის ყოველ წელს მიდის ჩინეთში, ჩინური მედიცინის ცენტრში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. წელს განსაკუთრებით კმაყოფილია ერთთვიანი კურსით, რადგან საუკეთესო ლექტორები ჰყავდა და საშუალება ჰქონდა, მეგობრებთან ერთად დაეთვალიერებინა ჩინეთის სხვადასხვა კუთხე. 12 საათისთვის ვიშლებით, რადგან დილის ხუთზე ნინო და ანა მამუკას მიჰყვებიან იმერეთიდან კახეთში ქვევრების წამოსაღებად.

6 სექტემბერი, ოთხშაბათი

ანა 5 საათზე გადის სახლიდან და მეც მეღვიძება. ხუთი თვის თავზე დასრულდა თხუთმეტი 2-3-ტონიანი ქვევრის დამზადება და დღეს ქვევრები კახეთში უნდა ჩაიტანონ. დღის განმავლობაში ნინო ქვევრის გადაზიდვის ფოტოებს გვიგზავნის. საოცარი სანახაობაა, როგორი სიფრთხილით და პროფესიონალიზმით ამზადებენ ქვევრებს დასატვირთად. დღესდღეობით საქართველოში ქვევრის მხოლოდ ხუთი ოსტატია. ბოლო წლებში ქვევრში ღვინის დამზადება სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. ადგილობრივი ოსტატები შეკვეთებს იღებენ იტალიიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან. იმედია, ქვევრის და ღვინის ქართული წესით დამზადების პოპულარობასთან ერთად მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ რთული ხელობის შესწავლით.

დღეს მოწოდებული ანგარიშის მონახაზზე კომენტარები უნდა გავუგზავნოთ ესპანელ კონსულტანტს, რომელმაც, ჩვენი დავალებით, მოამზადა ანგარიში სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების აუცილებლობაზე, მოდელებსა და ამ კუთხით საქართველოში მდგომარეობაზე. დილა სწორედ ამ კომენტარების მომზადებით იწყება. კარგი სტრუქტურა შემოგვთავაზა, მაგრამ გვინდა, რომ კონცეპტუალური დასაბუთება უფრო გამართული იყოს, მეტად ისაუბროს ამ საკითხში სახელმწიფოს პოზიციაზე და ანგარიშში შეიტანოს დაფინანსების გამჭვირვალე და ეფექტიანი მექანიზმების მეტი მაგალითი.

მოგვიანებით ვხვდები ელენე ჟვანიასა და ქეთი ებანოიძეს, რომლებიც Impact Hub-ს უძღვებიან. წელიწადნახევრის წინ მათ და გიორგი ახალკაცმა შემოგვთავაზეს, ერთად დაგვეფუძნებინა „თბილისის ჰაბი“. სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმის შექმნის მიზნით, 2016 წელს „ევროპის ფონდი“ Impact Hub თბილისის დამფუძნებელი პარტნიორი გახდა. Impact Hub-ი შარშან ოქტომბერში გაიხსნა „მიტოსტის“ საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობით. ოფიციალური გახსნის საშუალება არ გვქონდა და წელს გვინდა, პირველი დაბადების დღე ავღნიშნოთ. გიორგის, ელენეს და ქეთის დაუღალავი შრომით Impact Hub-ი ძალიან მალე გახდა პოპულარული ადგილი სამუშაოდ, ინოვაციური ბიზნესისა და პროექტის იდეების განსახილველად, შესაკრებად და სოციალური მეწარმეების უნარ-ჩვევების გაძლიერებისკენ მიმართული სემინარებისა და ტრენინგების გასამართად. Impact Hub-ს ყოველდღიურად უერთდებიან ახალი წევრები, რადგან ის აერთიანებს კერძო პირებს, ბიზნესოპერატორებს, სტარტაპებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მათ სთავაზობს ხელსაყრელ გარემოს მუშაობის, სწავლისა და კავშირების დამყარებისთვის. ჰაბთან ერთად ფონდი ჩაერთო Social Impact Award-ის საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, დააფუძნონ სოციალური საწარმო და თავიანთი პროექტები ევროპაში წარმოადგინონ.

დღის ბოლოსთვის ვუკავშირდებით ევროპული ფონდების ცენტრს, რათა განვიხილოთ თვის ბოლოსთვის დაგეგმილი ფორუმის დეტალები. Grant Makers East Forum-ი ცენტრის ერთ-ერთ ჯგუფია, რომელიც ხელს უწყობს ფილანთროპიულ საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი ფონდი აქტიურად არის ჩართული ამ ჯგუფის მუშაობაში. ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ვმართავ ფორუმს, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა ევროპული ფონდის ასამდე წარმომადგენელი. წელს ვუძღვები ერთ-ერთ სესიას, რომელზეც განვიხილავთ, თუ როგორ შევქმნათ ურბანულ სივრცეში მეტი ისეთი ადგილი, სადაც სხვადასხვა მარგინალურ ჯგუფებს საშუალება ექნებათ შეიკრობონ და მეტი სიკეთე შექმნან ერთად. მომხსენებლებმა, საბერძნეთის ერთ-ერთი ქალაქის მერმა, „პოსტპრავდის“ ბლოგერმა და „აჭარა-ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, მონაწილეობა უკვე დამიდასტურეს და ახლა საორგანიზაციო საკითხეზე ვსაუბრობთ.

საღამოს მშობლების სანახავად მივდივარ. ჩემს მშობლებთან სასწავლო წლის განმავლობაში რიგრიგობით ცხოვრობენ ჩემი დისშვილები. ბავშვებს ჯერ კიდევ არდადეგები აქვთ და დედა და მამა მარტო დამხვდნენ. სექტემბერია, მაგრამ ძალიან ცხელა. გემრიელი კერძებით მიმასპინძლდებიან, დიდხანს ვსაუბრობთ ნათესავებსა და მეგობრებზე და გვიან ღამით შინ ფეხით ვბრუნდები.

7 სექტემბერი, ხუთშაბათი

დღეს დილით დამხვდა ჩემი კოლეგის, „ტექსუპ ევროპის“ ხელმძღვანელის, ანა სიენსკას წერილი. გვთავაზობს, გავაგრძელოთ თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების საქმეში, რათა მათ უკეთ მოახერხონ თავიანთი პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობა, მხარდაჭერის მოპოვება და საჯარო პოლიტიკის დახვეწისთვის ადვოკატირება. ვთანხმდებით, რომ თანამშრომლობის დეტალებს შეხვედრისას განვიხილავთ სექტემბრის ბოლოს, ვენაში. ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ხურციძე სტოკჰოლმში ვიზიტისთვის ემზადება. აგვისტოს დასაწყისში „ფორუმსიდს“, შვედეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქოლგა-ორგანიზაციას, დავეხმარეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოს გამოწვევების საკითხებზე საუბარში. სექტემბრის შუა რიცხვებში „ფორუმსიდი“ ასეთივე შეხვედრას მართავს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ყველა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. შეხვედრაზე ფონდს ნინო წარმოადგენს და შემდეგ ექნება შეხვედრა სიდასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. დაფუძნებიდან დღემდე სიდა ყოველწლიურად 1,1 მილიონ აშშ დოლარს გამოჰყოფს ფონდის სტრატეგიის განხორციელებისა და არასამთავრობო სექტორის გასაძლიერებლად. სიდას და სამინისტროს წარმომადგენლებს მუდმივად აიტერესებთ, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში და რა შედეგს ვიღებთ მათი დახმარებით. 2018 წელს გვინდა, სტოკჰოლმში გავმართოთ კიდევ ერთი სემინარი საქართველოზე. ასეთ სემინარებს ორ წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ვაწყობთ ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად ლონდონის „ჩეთემ ჰაუსი“, რათა მეტი ყურადღება და რესურსი მოვიზიდოთ საქართველოს განვითარებისთვის. ნინოს დანიშნული აქვს შეხვედრები სტოკჰოლმის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთანაც.

შესვენებაზე მე და ნინო ერთად გავდივართ. დღეს დილამდე საოცარი სიცხე იყო, მაგრამ უცბად ამოვარდა ქარი და ყველგან მტვერია, არა იმდენად სიმშრალის გამო, რამდენადაც მშენებარე ობიექტებიდან. ეს სფერო სრულიად მოუწესრიგებელია და, როგორც ყველამ ვიცით, ჰაერის დაბინძურების კუთხით თბილისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქია მსოფლიოში. შემდეგი თვიდან გვინდა ფონდმა აქტიური მუშაობა დაიწყოს ამ კომპლექსურ საკითხზე. საწყისი კვლევა უკვე მოვამზადეთ. ახლა ვგეგმავთ თანამოაზრეების მობილიზებას და ამ მიმართულებით მათთან ერთად მუშაობას საჯარო პოლიტიკის დახვეწასა და ცვლილებების ადვიკატირებაზე.

ოფისში დაბრუნებულს, მხვდება ჩემი მეგობრის, ლიზბეტ შოჰაერტის, წერილი ლამაზი სურათებით სამხრეთ აფრიკიდან. ლიზბეტი და მე ედინბურგში დავმეგობრდით ოცი წლის წინ. ამ წლების განმავლობაში ჩვენი დიდი ოჯახებიც ძალიან დაახლოვდნენ. ბელგიაში ჩასვლისას ყოველთვის ვხვდები მის მშობლებს, დას, ბიძაშვილებს და სხვა ნათესავებს. ჩემი ოჯახიც მას ოჯახის წევრად თვლის. მისი უფროსი შვილი ლუკა ჩემი ნათლულია. ლიზბეტი და ბავშვები ამ ზაფხულს სამხრეთ აფრიკაში გადასახლდნენ, ლიზბეტი კეიპტაუნიდან ხელმძღვანელობს ორგანიზაციის − „ექიმები უსაზღვრებოდ“ − რეგიონულ ოფისს.

მუშაობას ვაგრძელებ თანამშრომლებთან ერთად ახალი საგრანტო კონკურსის განცხადების განხილვით. საბოლოო ვარიანტი მზად არის, ხვალ კონკურსს გამოვაცხადებთ. ის მიმართულია ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდაჭერისკენ.

შინ რვისთვის ვბრუნდები, ანა ჯერ კიდევ კახეთშია და დრო მაქვს, ვიკითხო და სხვადასხვა სოციალური პლატფორმის მეშვეობით ვეკონტაქტო მსოფლიოში გაფანტულ მეგობრებს.

8 სექტემბერი, პარასკევი

დღევანდელი დღე ძალიან მიყვარს. ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანის დაბადების დღეა. ბიძაჩემი, ოთარ ბრეგვაძე, ბევრისთვის საყვარელი და საიმედო ადამიანია. ისევე, როგორც დედაჩემს, მასაც ძალიან უყვარს თავისი დაბადების დღის აღნიშვნა. ამიტომ ეს დღე ჩემთვის სიხარულთან და მხიარულებასთან არის ასოცირებული. სამწუხაროა, რომ წელს ვერ აღნიშნავს: გუშინ თავისი ბავშვობის მეგობარი დაასაფლავა. ვინც ოთარს არ იცნობს, უკვირს, ბიძაზე ამდენს რომ ვსაუბრობ, მაგრამ, როცა ვიღაც ძალიან გიყვარს, ის ხშირად გახსენდება და, შესაბამისად, ხშირადაც ახსენებ. სასიხარულო ამბავიც პირველს მას მინდა ხოლმე, გავუზიარო და გაჭირვებაში ხომ ისედაც პირველი ამოგიდგება მხარში. სამწუხაროდ, მხოლოდ ტელეფონით ვულოცავ დაბადების დღეს. ძალიან ბევრი საქმე მაქვს მოსასწრები და სამსახურიდან გვიანობამდე ვერ გავალ. ოჯახის თითქმის ყველა წევრს ვულოცავ მის დაბადების დღეს.

ნათესავები დღეს ჩემს ბიძაშვილთან, ლიკა ბრეგვაძესთან იკრიბებიან. ლიკას და მის მეუღლეს, ილია გიორგაძეს, რომელმაც ოთხი წლის თავზე, ორი თვის წინ დაასრულა საქართველოს ელჩის მისია რუმინეთში, ივლისში მეორე გოგონა შეეძინათ. უფროსი, მაშიკო, უკვე 19 წლისაა და დღეს ჰააგაში ბრუნდება ლეიდენის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. ჩემი ბიძაშვილი ელისო ბრეგვაძეც მათთან არის. ელისო წარმატებული ქირურგი-ოფთალმოლოგია. შემდეგ კვირას სტოკჰოლმში მიემგზავრება კონფერენციაზე და მთხოვს ვურჩიო, როგორ მივიდეს აეროპორტიდან ცენტრში.

დღეს საშუალება მეძლევა, ვიმუშაო „ევროპის ფონდის“ მიერ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებული ევროინტერგაციის პროცესის მიმართ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საბოლოო ანგარიშზე. მომავალ კვირაში დავასრულებთ ანგარიშზე მუშაობას და ოქტომბრის შუა რიცხვებში 2017 წლის კვლევის შედეგებს ფართო საზოგადოებას გავაცნობთ.

დღეს შეხვედრა გვაქვს თიბისი ბანკის სათაო ოფისში. უნდა განვიხილოთ შესაძლო თანამშრომლობა სოციალური მეწარმეობის პროგრამის გაძლიერების მიზნით. რაკი ბანკში მივდიოდი, დილიდან „ოფიციალურად“ გამოვეწყვე, თიბისის ახალგაზრდა თანამშრომელი კი ჯინსში და კედებში გამოწყობილი მხვდება. ჩვენი წინადადებით დაინტერესდნენ და შევთანხმდით, რომ მასალებს გავცვლით.

დღის ბოლოს ტელეძონით ვესაუბრებით „ევრაზიის ფონდის“ პრეზიდენტს. „ევრაზიის ფონდი“ მფლობელია ჩვენი 700-კვადრატულმეტრიანი ოფისისა, რომელიც უფასო სარგებლობაში გადმოგვცა. რამდენიმე ადმინისტრაციული საკითხი გვაქვს განსახილველი და ბოლოს ვთანხმდებით, რომ პროგრამულ საკითხებზე საუბარს მომავალ კვირაში, კიევში განვაგრძობთ, სადაც მივლინებით მივდივართ ჰორტონიც და მეც.

შინ 12 საათისთვის ვბრუნდები და ამჯერად ჩემს მეგობარს, ნადინ ებელ-კოტოს, ვთხოვ, ნოდარს დაეხმაროს პარიზში ბინის მოძიებაში. ნადინი პარიზელია, მაგრამ შარშან დასავლეთ აფრიკაში წამოიწყო საკუთარი „ფინტექ-ბიზნესი“. ახლა აბიჯანში ცხოვრობს. აფრიკაში, რომელსაც „ახალგაზრდა კონტინენტს“ უწოდებენ, უამრავი შესაძლებლობაა. თანდათან იქაც მყარდება მშვიდობა, ახალგაზრდები მეტ განათლებას იძენენ, თუმცა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, იქაც ძალიან ჭირს სამუშაო ადგილები. გვინდა, მოვამზადოთ ერთობლივი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება. უკვე მეორე წელია, ხშირად ვსაუბრობთ ამ საკითხზე მე, ნადინი და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. იმედი გვაქვს, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენს გეგმას განვახორციელებთ.

9 სექტემბერი, შაბათი

დღესაც +30 გრადუსია. არაჩვეულებრივი მზიანი ამინდია თბილისში, მთაში კი უკვე მოთოვა. დილიდან ვცდილობ, დღიურის შემცირებას. მხოლოდ ჩემს დღის წესრიგზე რომ მესაუბრა, ალბათ ამდენი არ გამოვიდოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი საქმის დეტალებზე და ჩემს მეგობრებზე და ოჯახის წევრებზე მსიამოვნებს წერა.

5 საათისთვის რადიო თავისუფლებაში მივდივარ, რომ დღიურები ჩავწერო. დღეს მეგობრებთან ერთად ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო დღე დავაწესეთ − 9/9! წელს მზად არ ვართ, რომ ეს დღე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღვნიშნოთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ დღის აღსანიშნავად თანდათან მეტი ადამიანი შემოგვიერთდება და ქართული ქარვისფერი ღვინო კიდევ უფრო პოპულარული გახდება ღვინის მოყვარულთა შორის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG