Accessibility links

28 მაისი, კვირა

სადღაც შორს ვარ, არცთუ ისე ახლოს ამ სამყაროსთან. ვფიქრობ, ფიქრებში ვარ დაკარგული და ნაცნობი მელოდია დამყვება კვალდაკვალ. ვცდილობ, გამოვიცნო ეს მელოდია, მაგრამ ამაოდ. ყველაფერს მაღვიძარა აფუჭებს და დღეს კვირა დღეა. ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც სხვა კვირა დღეები, რომლებიც რაღაც არაჩვეულებრივს ელიან. და მე... მეც ველი რაღაც ახალს.

12-ზე გაკვეთილი იწყება, მე კი კვლავინდებულად მეზარება. მაგრამ ეს ის სიზარმაცე არაა, რომ გაჯობებს და უსაქმურად დაგტოვებს, ეს ის სიზარმაცეა, ყველაფრისგან დაღლით რომაა გამოწვეული. ახალგაზრდებს გვაქვს ასეთი ჩვევა: დაწყებისთანავე ფინიშს ველოდებით, რომ დავისვენოთ. არადა, არასწორია. მაგალითად, 12 წელი ველოდებოდი, რომ დამემთავრებინა სკოლა და ახლა დავამთავრე. მერე? არც არაფერი. დავამთავრე და ბედნიერების ნატამალიც ვერ ვიგრძენი. ერთმა გრძნობამ გამიელვა სხეულში, ისიც ძალზე მტკივნეულმა. ვერ მივხვდი, რა გრძნობა იყო, ვერც სახელს დავარქმევდი, ვერც ვიტყოდი, რით იყო გამოწვეული. ერთადერთი, რასაც მივხვდი, ის იყო, რომ ამ გრძნობამ სხეულში დიდი კვალი დამიტოვა. კვალი, რომელიც ამბობდა: „ქეთო გაიზარდე, სკოლა დაამთავრე. განა ეს არ გინდოდა? აღარ მოგენატრება ის დღეები?“ გონებაში ვპასუხობდი: „მომენატრება... უკვე მენატრება.“

ადამიანები ასეთები ვართ: სულ რაღაცას ველოდებით. არადა, ამასობაში ცხოვრების საუკეთესო დღეები მიდის. ნუთუ ოდესმე შევძლებთ, დავეწიოთ? როგორც უნდა ყოფილიყო, გაკვეთილზე მაგვიანდებოდა. არ მიყვარს დაგვიანება, არ მიყვარს, ვინმეს რომ ვალოდინებ.

მივდიოდი დაკლაკნილ ქუჩებში და ვფიქრობდი. დღიური არასდროს დამიწერია. ჩემს ფიქრებს ჩემივე გონება ინახავდა. მე მუდამ ვფიქრობ. როცა ავტობუსში ვარ, ვცდილობ, ფანჯარასთან მოვთავსდე, ქუჩებს ვუყურო და ვიფიქრო ხან ერთ გამვლელზე, ხან მეორეზე, ხან ჩიტზე, ხიდან ხეზე რომ გადაფრინდება, ხან კი სევდაშეპარულ ადამიანზე, რომელიც მესამე საათია, ავტობუსს ელოდება.

დანიშნულების ადგილამდე ხუთი გაჩერება რჩებოდა, როცა უეცრად ერთი საინტერესო კაცი ამოვიდა. ხელში პორტფელი ეჭირა. ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი. წამით მივაშტერდი, ფილმიდან გამოქცეულ მოხუცს ჰგავდა. უცებ პორტფელიდან ყურსასმენები დააძრო, ტელეფონს შეუერთა და შემომხედა. ვიფიქრე, რუსული შანსონი იქნება-მეთქი და ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ზუსტად ის ჰანგები მომესმა, სიზმრიდან რომ მომყვებოდა. ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ მერე სიტყვებიც გავარჩიე:


Blackbird singing in the dead of night
Take these broken wings and learn to fly
All your life
You were only waiting for this moment to arise

გაოცებული მივაშტერდი მოხუცს, რომელმაც ჩემი მზერა შეამჩნია:

− „ბიტლზი“ მოგწონთ?

− მე მეკითხებით? − და გაოცებულმა მივიხედ-მოვიხედე.

− ეს სიმღერა ძალიან მიყვარს.

− კი, კარგია ნამდვილად.

− ჩემმა ცოლმა მომასმენინა ადრე... − და დამწუხრებულმა ფანჯრისკენ გაიხედა.

ამ სიტყვებმა მიმანიშნეს, რომ რაღაც საინტერესო ამბის შესავალი იყო და გვერდით მჯდომს ვთხოვე, ეამბა ამ სიმღერის ისტორია. აღმოჩნდა, რომ ეს მათი სიმღერა იყო: ამ სიმღერის თანხლებით გაუცნიათ ერთმანეთი მეგობრის სახლში, ამ სიმღერას მღეროდნენ ორნი ერთად და უკანასკნელად ეს სიმღერა მოისმინა ჩემი ახალი მეგობრის დიდმა სიყვარულმა. ყველაფერი ისეთი სევდიანი იყო, თავი ფილმში მეგონა. თსუ პირველ კორპუსთან ვიდექით, როდესაც მითხრა:

− იცი რა არის მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში? არ დაელოდო შენს დროს, იმიტომ რომ ყოველი გათენებული დღე დიდი საჩუქარია. შეეცადე, გამოიყენო და აქციო რაღაც ლამაზის დასაწყისად. ნუ დაელოდები, რომ ვინმე მოვა და ბედნიერებას მოგართმევს ან მწვერვალზე აგიყვანს. შენ ხარ, ვინც სამყარო უნდა შექმნას. Blackbird, fly!

აქ კი საბოლოოდ მივხვდი, რომ ინგლისურის გაკვეთილი დიდი ხანია დაწყებულიყო და, ალბათ, უკვე მთავრდებოდა კიდეც. გადავწყვიტე, ფეხით ჩამესეირნა სახლამდე და მეფიქრა დღევანდელ დღეზე. ტელეფონმა დარეკა. ავიღე და მესმის:

− Where were you today?

− I’ve met a good person.

29 მაისი, ორშაბათი

ძნელია, მოძებნო სიტყვები, როდესაც ნამდვილად გაქვს სათქმელი. დღეს ორშაბათია და ძალიან მიყვარს ეს დღე. სტიმულს მაძლევს რაღაც ახლის გასაკეთებლად. მაისი ჩემი საყვარელი თვეა. რაღაცნაირად თბილია, მაგრამ თუ გაბრაზდა, მორჩა − ელვებს ყრის აქეთ-იქით. მახსენდება ხოლმე ლექსი, რომელიც ასე იწყება: Люблю грозу в начале мая...

ვერაფრით გადამეწყვეტა, რა ჩამეცვა. ვიფიქრე, ვიფიქრე და ისევ ჩემს თეთრ შარვალს მივუბრუნდი. მთელი დღე ვფიქრობდი, რაზე მეფიქრა და ბოლოს ჩემს მომავალ პროფესიაზე დავიწყე ფიქრი. გამახსენდა ჩემი მეგობრის, გეგას სიტყვები. ასე მეუბნება ხოლმე: „არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გამოხვალ და ვინ იქნები. მთავარია, შენი საქმის პროფესიონალი იყო!“ გეგა ძალიან კარგი ადამიანია. რაც მასში ყველაზე მეტად მომწონს, ის არის, რომ მუდამ კარგ გუნებაზეა. საერთოდ, კარგი მეგობრები მყავს. ერთ-ერთი ცაგაა − გიო ცაგარეიშვილი, მათემატიკოსი. ის ყოველთვის მამხნევებს და არ მაკარგვინებს რწმენას, რომ საუკეთესო ვარ. ქეთო, რომელსაც წითური თმა აქვს და მომავალი ფიზიკოსია, ფადიუ (ლუკა ფადიურაშვილი), რომელიც მომავალი რეჟისორია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... მე? მე ქეთო მქვია და ჯერ არ ვიცი, რა მინდა.

...მაგიდასთან დედაჩემი იჯდა და მეც მივუჯექი. ვცდილობდი გამერკვია, დედაჩემს რა უნდა, გამოვიდე. მშობლისთვის ყველაზე არასასურველი პროფესია მოვიფიქრე და ვუთხარი:

− ვიცი, ვინც უნდა გამოვიდე!

− ოჰ! გვეშველა?

− მსახიობი, − ვუთხარი მხიარულად.

− გამოდი, დე, − იმედგაცრუებული დავრჩი დედის პასუხით და განვაგრძე:

− არა, არქეოლოგი ვიქნები.

− კი ბატონო!

ამაზე უფრო მომეშალა ნერვები. რას ჰქვია?! ნუთუ, დედაჩემს არ აინტერესებს ვინ გამოვალ-მეთქი, ვიფიქრე.

− სულ არ ჩავაბარებ.

− და რა უნდა ქნა?

− წავალ კოლეჯში და ხელობას ვისწავლი.

− კარგი.

− დედა, ჩემზე არ ზრუნავ? არ გაინტერესებს ჩემი მომავალი?

− მე რა შუაში ვარ? − მიპასუხა ღიმილით.

− აბა?

− ალბათ ვერ ხვდები, რომ მთავარი შენი სურვილებია, და არა ჩემი. რაც გულს უნდა, ის აკეთე. შენს მომავალში ჩემი სურვილების ადგილი არაა, ჩემო კარგო.

დედის პასუხმა გამაოგნა. მივხვდი, რომ ბედნიერი ვარ, ასეთი ზღაპრული დედა რომ მყავს, რომ ის პატივს სცემს ჩემს არჩევანს და ყველა ჩემს გადაწყვეტილებას უპრობლემოდ მიიღებს. მაგრამ მაინც არ მასვენებდა კითხვა: რას ელის ჩემგან? ვერ მოვითმინე და ვკითხე:

− და მაინც... დედა, ვინ გინდა, რომ გამოვიდე?

− უბრალოდ, კარგი ადამიანი.

აი, ასეთი ორშაბათი მქონდა: წყნარი, მშვიდი, ლაღი. და ვინ გამოვალ ნეტავ? არ ვიცი. მაგრამ რაღაც კარგს რომ გავაკეთებ, ეგ ზუსტად ვიცი.

30 მაისი, სამშაბათი

ისეთი გრძელი დღე იყო, მეგონა, არასდროს დამთავრდებოდა. სახლში რომ მივედი, ჩემმა დამ მთხოვა, მამეცადინეო. ქართული ძალიან მიყვარს და უარი ვერ ვუთხარი. აი, მათემატიკა რომ ეთქვა, უთუოდ ავარიდებდი თავს ამ თხოვნას და ადრეც დავიძინებდი. ჩემს დას ელისაბედი ჰქვია, მაგრამ ბუკას ვეძახით. ჰოდა, დავსხედით მე და ბუკა და „იავნანამ რა ჰქმნა“ ვიმეცადინეთ. ამ ყველაფერს რომ მოვრჩით, მკითხა, ჩემხელა რომ იყავი, რაზე ოცნებობდიო...

ბუნდოვნად მახსოვს: 4 წლის რომ ვიყავი, ბებომ მაჩუქა პირველი ციგურები. საჩუქარი რომ დავინახე, მკაცრად მოვითხოვე, ციგურებზე მიმიყვანეთ-მეთქი. ბებომ მორიგი სურვილიც მაშინვე ამისრულა. მეორე დღესვე მიმიყვანეს საციგურაო მოედანზე, რომელიც სპორტის სასახლის უკან მდებარეობს. ბებომ მიამბო: თურმე, ყინულზე ფეხი დავდგი თუ არა, მაშინვე გავსრიალდი და ზუსტად იმ წამს ყველას ეგონა, რომ ჩემგან მომავალი ჩემპიონი გაიზრდებოდა. ვარჯიში მალევე დავიწყე. სრიალი ძალიან მიყვარდა, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი. ამ ყველაფერს სულ იმას ვაბრალებ, რომ პირობები არ იყო საიმისოდ, რომ საფუძვლიანად შემყვარებოდა ეს საქმე და ვარჯიში გამეგრძელებინა. მაგრამ მერე მახსენდება ჩემი ჯგუფელები, რომლებსაც ის პირობებიც აკმაყოფილებდათ, და ვხვდები: დღეს ჩემპიონი რომ არ ვარ, ჩემივე სიზარმაცის და დაუკმაყოფილებლობის ბრალია. სამაგიეროდ, სრიალი ვისწავლე და იმ ათ წელს უაზროდ არ ჩაუვლია. ოცნება კი ოცნებად დარჩა: 9 წლის ქეთო დღესაც ჩემპიონობაზე ოცნებობს.

31 მაისი, ოთხშაბათი

ოთხშაბათს უამინდობა იყო და ჩემი ხასიათიც − შესაბამისი. სიცივეს ვერ ვიტან, მაშინვე უჟმურ გუნებაზე მაყენებს. ბებომ იფიქრა, ხასიათზე მოვიყვანო, ცხელი ჩაი გამიკეთა და ჩემთან გასაუბრება გადაწყვიტა. საქმეები როგორ არისო, დაინტერესდა. მეც მივუგე, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა და ისევ და ისევ „კარგ ადამიანობას“ ვაპირებდი. პასუხმა ღიმილი მოჰგვარა, მე კი ჯიუტად განვაგრძე საუბარი ისე, რომ არც კი მიკითხავს, როგორ ჩაიარა მისმა დღემ. ბებომ იცის ჩემი ხასიათი, ყველაზე უკეთ ის მიცნობს, და კარგი მუსიკის მოსმენა შემომთავაზა. იცის, რომ მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილია. პირველ რიგში საიმონი და გარფანკელი იყო და მათი პირველივე სიმღერა, Sound of Silence. ძალიან გვიყვარს ეს სიმღერა. დასასრულს უეცრად მკითხა:

− ისე, რა არის ცხოვრება?

− უწყვეტი მელოდია...

იმ დღეს ბებოსთან დავრჩი და მთელი ღამე ისმოდა მუსიკა...

1 ივნისი, ხუთშაბათი

არის ასეთი გადაცემა „წიგნების თარო“. ადრე, პირველ სეზონში, მონაწილეობა მივიღე და ამ გადაცემის შემდეგ გავხდი დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც „თარო“ ჰქვია. ხუთშაბათობით ჩაწერაა ხოლმე და, შესაბამისად, არც ერთ ჩაწერას არ ვაცდენ. იქ ერთმანეთს ვამხნევებთ, გვერდში ვუდგავართ და ერთმანეთის სიხარულს ვიზიარებთ. „თარო“ ურთიერთობაა. ჩაწერას, რა თქმა უნდა, დავესწარი. შემდეგ ვიყავი ისტორიის მასწავლებელთან, ხოლო როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, მივხვდი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი: თითქოს რაღაც მაკლდა... სანამ „ბიბლუსს“ არ ჩავუარე, ვერ მივხვდი, რომ თურმე დიდი ხანია, არაფერი წამიკითხავს. შევიჭერი წიგნების სამფლობელოში და თაროების თვალიერება დავიწყე. გონებაში ვამბობდი: ეს წაკითხული მაქვს, ესეც, ეს შარშან წავიკითხე... და უეცრად ნაცნობი სათაური „შემომეკითხა“: „მიტოვებული ბაღი“. წამით დავაცქერდი წიგნს, მივხვდი, რომ ჩემი სულიერი სამყარო სწორედ ამ წიგნს ითხოვდა. საბოლოოდ თაროდან ჩამოვიღე რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კრებული და ბედნიერი გავუდექი სახლისკენ მიმავალ მინგრეულ გზას. ზოგჯერ ასეც ხდება: მთელი დღე რაღაც გაწუხებს და ისევ ლიტერატურა თუ გიშველის...

2 ივნისი, პარასკევი

მე ორი გვარი მაქვს. ნახევრად თურქი ვარ, ნახევრად − ქართველი, და ეს მომწონს. მომწონს, რომ ვეკუთვნი ორ ქვეყანას, მომწონს, რომ შემიძლია, ორ ენაზე ვიფიქრო და ამის არასდროს მრცხვენოდა. აი, ასეთი არეული ფიქრები მაქვს დღეს. თვითონაც არ ვიცი, რატომ. უბრალოდ, ვფიქრობ ყველაფერზე. სანამ დღიურის წერას დავიწყებდი, ვერ ვხვდებოდი, როგორ მიდის ჩემი კალენდრის დღეები. მიქრიან სადღაც შორს და უკან არც ერთი არ ბრუნდება. ხანდახან ვბრაზდები, როგორ თუ გაქრა და აღარ დაბრუნდება-მეთქი, ვფიქრობ, მე ხომ ამ დროს ბედნიერი ვიყავი? ჰოდა ამაზე ჩემმა მეგობარმა ჭაბუკამ მითხრა: დრო იმდენად სწრაფად გადის, რომ ყოველი წამი ბედნიერად უნდა გავატაროთ, არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ რაღაცამ გული დაგვწყვიტოსო. სწორედ ამ პრინციპით მინდა ვიცხოვრო. არ მინდა, დრო უემოციო წვრილმანებში დავკარგო. მინდა იქ ვიყო, სადაც უამრავი გრძნობაა, სადაც ღირს გაჩერება და სადაც სიყვარული იციან. ბევრი რამის მოყოლა შემიძლია, უამრავი რამ მაქვს მოსმენილი მშობლებისგან, ბებოსგან და ბაბუასგან, რომელმაც ყველა ჩემს კითხვაზე იცოდა პასუხი. ძალიან მაკლია მისი გვერდით ყოფნა. იმედი მაქვს, რომ ამაყობს ჩემით, სადაც უნდა იყოს ახლა. ბებო ინგლისურის ლექტორი იყო სამედიცინოში და თავისი საქმე ძალიან უყვარდა. მისი დამსახურებაა, რომ ჩემს სურვილებზე უარი არ მითქვამს და განვაგრძობ წინსვლას. უნიკალური ადამიანია, უნიკალური თვისებებით. თუ რამეს მივაღწიე, მას უნდა ვუმადლოდე. სიყვარულიც განსაკუთრებული იცის. 15 წელი თავისი ინვალიდი ქმარი არ მიუტოვებია და მისთვის ცალკე, ლამაზი სამყარო შექმნა. აი, ეს მგონია სიყვარული. ესაა ის ჭეშმარიტი გრძნობა, როცა სამყარო ორის წინააღმდეგაა და ისინი მაინც ხელჩაკიდებულნი მიიწევენ წინ. ბებოს ბაბუასთვის სიტყვა „მიყვარხარ“ სიცოცხლის ბოლო წამამდე არ უთქვამს, მხოლოდ მაშინ უთხრა, ისიც ჩუმად, როცა მან უკანასკნელად დახუჭა თვალები და დახუჭა, რადგან შეიგრძნო ეს ძვირფასი სიტყვა, რომელსაც ბებია მალულად ინახავდა გულში. ისეთი ისტორია ჰქონდათ, კაცი ოსკაროსან ფილმს გადაიღებდა. გრძნობას ჩემი ძვირფასი ბებო სიტყვით კი არა, საქციელით აჩვენებდა... საიდან დავიწყე და სად მოვედი, მაგრამ ეს ასე იყო და მინდა, ჩაიწეროს ჩემს დღიურში.

3 ივნისი, შაბათი

ხვალ ბანკეტი მაქვს. ოფიციალურად ახალ ცხოვრებაში უნდა შევდგა ფეხი. ნაღვლიანი ვარ, რადგან მალე გავიდა დრო, მაგრამ თან ბედნიერიც ვარ, რადგან იწყება ახალი ცხოვრება ახალი თავგადასავლებით... ფონად ისმის The Smiths:

So for once in my life
Let me get what I want
Lord knows, it would be the first time.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG