Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა კანთელაშვილი − საერთაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრი


13 აგვისტო, კვირა

დღეს კვირაა და, როგორც წესი, ყველა ისვენებს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე კვირა საინტერესო და ამაღელვებელ თავგადასავალს ჰგავს, ამიტომ შეგრძნება იმისა, რომ დღეს კვირის ბოლო დღეა, ნაკლებად მაქვს. დილის რვა საათზე ახალმა იდეებმა და მომავალში განსახორციელებელი გეგმების შესრულების ძლიერმა სურვილმა გამომაღვიძა. გუშინ 12 აგვისტო იყო − ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. ჩემს გონებაში თანდათანობით ხდება წინა დღის ემოციების მოზღვავება და შესრულებული საქმის შეჯამება. მახსენდება საგარეო საქმეთა სამინისტრო, პირველი რესპუბლიკის დარბაზი, შეხვედრა სამინისტროს წამყვან თანამშრომლებთან. შეხვედრა 12 საათისთვის იყო დანიშნული. სტუდენტები და ჩვენი ხელმძღვანელი სამინისტროს შენობასთან უნდა მივსულიყავით თორმეტის ნახევარზე. მე, რა თქმა უნდა, ზუსტად იმ დროს იქ ვიდექი და მეგობრების მოლოდინში ვიყავი. თითქმის არსად არასოდეს ვაგვიანებ. შეხვედრიდან მიღებული პოზიტიური ემოციები დღესაც გამომყვა და ძილის სურვილი დამიკარგა.

გაღვიძებიდან ძალიან მალე ავდექი, ვადგენ დღეს გასაკეთებელი საქმეების გეგმას. სამუშაოს დიდ ნაწილს სახლიდან გაუსვლელად შევასრულებ − დღეს ხომ კვირაა...

ერთი ფრაზა, რომელიც არაერთხელ მომისმენია, მაგრამ დღეს რატომღაც განსაკუთრებულად ჩამებეჭდა გონებაში და ჩემი ფიქრების ძირითად ნაწილს იკავებს, შეეხება ახალგაზრდების როლს და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სრული და ჩამოყალიბებული კანონი ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა ეს იმდენად სერიოზული პრობლემა არაა, როგორც თავისუფლად და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება. არ მინდა კონკრეტული ფაქტები გავიხსენო, მაგრამ ხშირად ვართ იმის მოწმე, რომ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრებული მანკიერებების აღმოფხვრას, შეურაცხყოფის და ცილისწამების ობიექტი ხდებიან. ვფიქრობ, მსგავსი ტენდენციის შეცვლაც ახალგაზრდებს შეუძლიათ და ეს ჩვენთვის გამოწვევაა. ოთხი წელია, საერთაშორისო ურთიერთობებს და გლობალური პოლიტიკის საკვანძო პარადიგმებს ვსწავლობ და ჩემთვის ცხადია, რომ მსოფლიოში ნებისმიერი მოვლენა და პროცესი გარკვეული ძალების მიერ მართვადი და წინასწარ დადგმულია, ამიტომ ახალგაზრდების მიერ თვითიზოლაციიდან გამოსვლა და მეტი ჩართულობა აღნიშნულ მართვად პროცესებს მიმართულებას შეუცვლის და პოზიტიური ალტერნატივის პერსპექტივას გააჩენს.

კვირა დღეც ბოლო წუთებს ითვლის და მთელი დღე სრულყოფილ და იდეალურთან მიახლოებული საზოგადოების მოდელზე ვფიქრობდი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მალე იარსებებს.

თავისუფლების დღიურები - ლაშა კანთელაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:53 0:00

14 აგვისტო, ორშაბათი

კომპიუტერს ვრთავ და სიახლეებს ვკითხულობ. დღეს აფხაზეთის ომის დაწყების დღეა. სიმბოლურია, რომ 12 საათზე ახალგაზრდების ერთ ჯგუფს შეხვედრა გვაქვს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან. ვემზადები შეხვედრისთვის და 11 საათზე სახლიდან გავდივარ. გეზი პირდაპირ სახელმწიფო კანცელარიისკენ ავიღე. გაოცებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ მინისტრის აპარატი გ. ლეონიძის ქ. N3/5-დან საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში გადასულა. არადა, მინისტრის აპარატის ძველი, უკვე ყოფილი ოფისი საკმაოდ ნაცნობია ჩემთვის. იქ ხომ ექვსი თვის განმავლობაში, სახელმწიფო პროგრამით, სტაჟირებას გავდიოდი.

შეხვედრა დაიწყო. პირველი პოზიტიური ემოციაც მაშინვე მივიღე. შეხვედრის ოთახში თვალი მოვკარი მინისტრის აპარატის ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ თანამშრომლებს. ქალბატონმა ქეთიმ საკმაოდ თბილად მიგვიღო. თითოეულმა ახალგაზრდამ თავი გააცნო მინისტრს და იმ იდეებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც მომავალში აპირებს. კარგად დავაფიქსირე ქალბატონი მინისტრის სახეზე გამოხატული კმაყოფილება და აღტაცება ახალგაზრდების, უკვე თავისი საქმის პროფესიონალების, საუბრისას.

მინისტრმა გაგვაცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოზიცია, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები. ჩვენ კი გავაცანით ჩვენი მოსაზრებები კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და ურთიერთობის გაუმჯობესების გზებზე. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ „ახალგაზრდებს თავიანთი გულწრფელობითა და საინტერესო ინიციატივებით სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ“. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდათა უმეტესობა სექტემბერში ავსტრიის დედაქალაქში მიემგზავრება ეუთოს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციის მიმოხილვას და ახალგაზრდების მდგომარეობას. სრულად აღვიქვამ იმ ემოციებს, რაც აღბეჭდილი იყო შეხვედრის თითოეული მონაწილის სახეზე. მდგომარეობა კონფლიქტურ რეგიონებში უკიდურესად მძიმეა. საკმაოდ რთული მოსასმენია ის ამბები, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხდება. აშკარაა, რომ ძალიან სერიოზული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ სამშვიდობო ინიციატივების ჩახშობას და დესტრუქციული ქმედებების გამო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზა კი პრაქტიკულად არ არსებობს. სწორედ ამიტომაა საჭირო მუდმივი აქტიურობა და ახალი ინიციატივები, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან.

შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი საუბრით. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ღრმად შევისწავლო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები და მომავალში ჩემი წვლილი შევიტანო მათ მშვიდობიან მოგვარებაში.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ავიაბილეთის შესაძენად გავემართე. რამდენიმე დღეში ხომ ბიშკეკში, ეუთოს აკადემიაში, სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად მივემგზავრები.

15 აგვისტო, სამშაბათი

უცნაურია, მაგრამ ჩემი გაღვიძების მიზეზი ისევ წარსული დღეების ემოციებია, რომლებიც რატომღაც აგვისტოს ცხელ დღეებში აკუმულირდა ჩემს გონებაში.

სულ რაღაც ერთი დღის წინ ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას სტუდენტებს, რომლებიც მალე ვენაში, საზაფხულო სკოლის ფორმატში შეხვდებიან სოხუმელ ახალგაზრდებს. ერთი წლის წინ კი მეც მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი ეუთოს ზაფხულის სკოლის მონაწილე. 23 ივლისს, საღამოს ჩავფრინდი ვენაში, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. თბილისიდან ჩასულ ჯგუფთან ერთად მაშინვე გავემგზავრეთ წინასწარ დაჯავშნილ ოთხვარსკვლავიან სასტუმროში ვენის ცენტრში. დაღლილი ვიყავი, მაგრამ ის ფიქრები, რომ მეორე დილას, 10 საათზე, ეუთოს შტაბბინაში საზაფხულო სკოლის პირველი დღე იყო დანიშნული, მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. მონაწილეთა შემადგენლობა ასეთი იყო: ექვს-ექვსი სტუდენტი თბილისიდან და სოხუმიდან და ორი-სამი სტუდენტი თურქეთიდან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. სამწუხაროდ, ცხინვალელ სტუდენტებს არ მიეცათ ვენაში ჩამოსვლის საშუალება. ვინ და რატომ ბლოკავს მათ ვიზიტებს, უცნობია, თუმცა არც ისე ძნელი მისახვედრი...

საზაფხულო სკოლაში უსიტყვოდ ვთანხმდებით, რომ ომზე არ ვილაპარაკებთ. ტერიტორია ნეიტრალურია, შეხვედრის მომწყობი საერთაშორისო ორგანიზაციაა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი მიზანი და ამოცანა, რაც შეხვედრის განმავლობაში უნდა შევასრულოთ. ინტერესი, ემოციები, განწყობა, დამოკიდებულება, მცირედი გაუცხოება, შიში, ურთიერთობის სურვილი − ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე ლაიტმოტივად გასდევს ვენაში გატარებულ ხუთ დღეს. ეუთოს წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან თითოეული მონაწილის მოსაზრებებს და შეხედულებებს. როლური თამაშები, გუნდურად შესრულებული დავალებები, ვენის დათვალიერება, არაფორმალური საუბრები და მეგობრული დამოკიდებულება სოხუმელ ახალგაზრდებთან ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებაა.

დღეს, როგორც არასოდეს, მახსენდება ავსტრიაში მომხდარი ამბების მცირედი დეტალებიც კი და კმაყოფილების გრძნობა მიჩნდება. სწორედ ამ ფიქრებით შეპყრობილს მომდის შეტყობინებები სოციალურ ქსელში და მეც დიდი სიამოვნებით ვპასუხობ მათ და ვუზიარებ გამოცდილებას ეუთოს საზაფხულო სკოლის მომავალ მონაწილეებს.

16 აგვისტო, ოთხშაბათი

ტრადიციულად ადრე მეღვიძება. განსაკუთრებული გეგმები არა მაქვს, მაგრამ რამდენიმე აუცილებელი საქმე უნდა მოვასწრო. ვიცი ისიც, რომ ოთხშაბათი ყველაფრის მიუხედავად ემოციურად დატვირთული იქნება. ბოლო დღეები სულ ასეა. რამდენიმე იმეილს ვაგზავნი და სახლიდან ადრე გავდივარ. შუა ზაფხულში დილით სიგრილეში გასვლა ნამდვილი სიამოვნებაა − რამდენიმე საათში ხომ უსაშველოდ დაცხება. საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტების შესაგროვებლად მივდივარ. დოკუმენტების შეგროვების პროცესში კარგად ვიაზრებ ბიუროკრატიული სისტემის არსს და ვხვდები, თუ რატომაა ბიუროკრატია ნეგატიური, მაგრამ, როცა სხვა გზა არ არის, იძულებული ხარ, მათ წესებს დაემორჩილო.

ბავშვობიდან მაინტერესებდა გლობალური პროცესები, უფრო ზუსტად − საერთაშორისო პოლიტიკა. ძალიან გამიმართლა, რომ ოთხი წლის წინ ჩავირიცხე საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე. მაშინ, ჩემი მომავალი პროფესიის არჩევისას, ოჯახში წინააღმდეგობა არ შემხვედრია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. არადა, ეს შემდგომ უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდების მომავალზე. შეიძლება სუბიექტურობაა, მაგრამ მგონია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეული ადამიანი ნებისმიერ მოვლენასა თუ ყოფით შემთხვევას გლობალურად უდგება, რაც განაპირობებს მის ნეიტრალურობას. ძალიან იშვიათია, ასეთი ადამიანი ტენდენციური იყოს, ტენდენციურობა კი, ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოების სერიოზული პრობლემაა, რომელიც მის განვითარებას აფერხებს.

ასეთ თემებზე მაშინ ვიწყებ ფიქრს, როცა ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. დღეს კი რამდენიმეჯერ მომიწია ქალაქის სხვადასხვა ადგილზე მისვლა. ჰოდა, სად შეხვდები ერთად უამრავ განსხვავებულ ადამიანს, თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში? ადრე ადამიანებს არ ვაკვირდებოდი, ახლა − პირიქით. ალბათ, ასაკის მატების გამო. დღეს ბევრი განსხვავებული სიტუაციის მოწმე გავხდი: დიალოგები, მცირე კონფლიქტები ადამიანებს შორის, კონკურენცია, თანამშრომლობა და ა.შ. მოკლედ, დაკვირვებული კაცი მსგავს სიტუაციებში ბევრ საინტერესო დასკვნას გააკეთებს.

საღამოა. ვრთავ ინტერნეტს და სოციალური ქსელების მარწუხებში ვექცევი. მიყვარს ეს პროცესი: სიახლეები, მეგობრების წარმატების გაზიარება და, ზოგადად, აქტიური ცხოვრების რიტმი. საღამოს მთავარი თემა სამაგისტრო გამოცდების შედეგებია. ახალგამომცხვარი მაგისტრანტები ემოციებს არ მალავენ. უამრავ ნაცნობს მივულოცე წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მივდივარ სწავლის გასაგრძელებლად, მაინც ჩავაბარე სამაგისტრო გამოცდები. შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა.

მეგობრებს ვუთანხმდები ხვალინდელ შეხვედრაზე. თექვსმეტი თვე ვერ ვნახავ და მინდა, კარგად ჩამრჩეს გონებაში ჩვენი ბოლო შეხვედრა.

17 აგვისტო, ხუთშაბათი

დილის 9 საათია. უნებურად ვითვლი დღეებს და აღმოჩნდა, რომ ბიშკეკში გამგზავრებამდე ზუსტად 9 დღე და 9 საათია დარჩენილი. უცნაური გრძნობაა: რაც უფრო ახლოვდება გამგზავრების დღე, უფრო მეტად ვკარგავ მოსვენებას. დრო თითქოს აჩქარდა. მინდა ყველაფერი მოვასწრო. შემაქვს ცვლილებები „კარიერული განვითარების სტრატეგიაში“. ახალ პრიორიტეტებს ვსახავ და ვცდილობ, მეტი გავიგო იმ რეგიონის შესახებ, სადაც მომავალ 16 თვეს გავატარებ.

მეგობრებთან შეხვედრის დროც დადგა. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა, როგორც წესი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხებია. ხშირად ვერ ვთანხმდებით და სერიოზული დებატები გვაქვს. დღეს რადიკალურად განსხვავებული ატმოსფეროა. თითქოს ყველა საკითხმა დაკარგა აქტუალობა. ყველას უცნაური გრძნობა გვაქვს. ალბათ იმიტომ, რომ დროებით ვშორდებით ერთმანეთს. ვიხსენებთ წარსულ ამბებს, ძირითადად − სტუდენტობისდროინდელს.

მნიშვნელოვან დასკვნას ვაკეთებ: არაფერია მეგობრულ და ადამიანურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში.

ცოტა გულდაწყვეტილი, მაგრამ ამაღლებული განწყობით ვბრუნდები შინ.

18 აგვისტო, პარასკევი

ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ვეღარ ვახერხებ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეების გაცნობას. დღეს რატომღაც ვრთავ ტელევიზორს და ვიგებ, რომ ბარსელონაში ტერორისტული აქტი მოხდა. მთელი მსოფლიო გმობს ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ესპანელ ხალხს. მართლაც, როგორი ამაზრზენი რამაა ტერორიზმი! თითქოს ყველა შეეგუა იმას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას ყოველდღიურად ხდება მსგავსი ძალადობრივი აქტები. ხშირად ვფიქრობ, რა ფაქტორებმა შეიძლება გააკეთებინოს ადამიანს ასეთი სისასტიკე. ძალიან რთული საკითხია ტერორისტის ფსიქოლოგიის კვლევა. არის კი ტერორისტი უბრალო დამნაშავე, თუ ისიც მსხვერპლია სასტიკი იდეოლოგიური სისტემისა, როგორც ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპული ადამიანები? ვინ უფრო დამნაშავეა − ტერორისტული აქტის ჩამდენი, თუ ის, ვინც ამ ყველაფერს პროფესიონალურ დონეზე გეგმავს, ან უბრალოდ ის ჯგუფები თუ სახელმწიფოები, ვისაც მარტივად შეუძლია, აღკვეთოს ტერორიზმი და დაიცვას მოქალაქეები, მაგრამ ამას არ აკეთებს? თუმცა, საერთაშორისო პოლიტიკაში ფინანსური მოგებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილი იმდენად დიდია, რომ ზოგი ტერორისტულ ჯგუფებს კარგად იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად.

19 აგვისტო, შაბათი

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს. 10 საათზე, მცხეთის სამთავროს მონასტერში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საღვთო ლიტურგიას აღავლენს. წირვის შემდეგ გაიმართება ხილის კურთხევა.

სამწუხაროდ, ეკლესიაში მისვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ დღესასწაულს ოჯახთან ერთად აღვნიშნავ.

ბოლო ხანს ერთი საზრუნავი მაქვს − კარგად მოვემზადო ეუთოს ბიშკეკის აკადემიაში პოლიტიკისა და უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად. დიდი პასუხისმგებლობაა. ერთადერთი და, ამავე დროს, პირველი ქართველი სტუდენტი ვარ, ვინც ამ სასწავლებელში მიემგზავრება. ადვილი არაა, 1054 განმცხადებლიდან 30 საუკეთესოში მოხვდე, მაგრამ ეს შევძელი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნისა და საკუთარი თავის ღირსეულად წარმოჩენისათვის.

რატომღაც ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებისეული გამონათქვამი მახსენდება: „ვინც ცდილობს, მისთვის შეუძლებელი არაფერია!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG