Accessibility links

16 აპრილი, კვირა

გამარჯობა, დღიურო! ალბათ, ასე იწყებს ყველა ტინეიჯერი წერას, განსაკუთრებით გოგონები.

მე წერა არასდროს მყვარებია. დღიურების წარმოებაც მხოლოდ აფხაზეთის ომის დროს ვცადე − მას შემდეგ, რაც მთელი ბალზაკი გადავიკითხე უფუნქციოდ დარჩენილმა. „დენთი“ მხოლოდ ორი დღის სამყოფი აღმომაჩნდა. მერე მივაგდე ეს საქმე და არც კი ვიცი, იმ დროის ჩანაწერები სადმე იმტვერება თუ არა...

აი წერილები კი, სულ სხვა საქმეა. ელფოსტასა და ინტერნეტში სხვადასხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტის გაჩენასთან ერთად, წერილების წერის მადა გამეღვიძა, განსაკუთრებით სახლიდან შორს ყოფნისას. თავისუფალ დროს, თუ სადმე ვერ გავდიოდი, წერილების წერას ვუთმობდი დროს. ვწერდი ნაცნობ ან მხოლოდ ვირტუალურად ნაცნობ ადამიანებს, ვწერდი ყველაფერზე და არაფერზე, მსიამოვნებდა მათი ასევე ყველაფერზე და არაფერზე პასუხების მიღება და ისევ „პასუხის პასუხი“. ერთგვარი დღიურიც კი გამოდიოდა. ხშირად ეს წერილები ახალგაზრდა ავტორების ნაწარმოებებს ეხებოდა და ადრესატებიც სწორედ ისინი იყვნენ. სახალისო იყო მათი ტექსტების მათთან ერთად განხილვა, მით უმეტეს, რომ მეც დაახლოებით მათი ასაკის ვიყავი და, განსხვავებული გამოცდილებისა და საქმიანობის მიუხედავად, ძალიან ახლობლად და საინტერესოდ მიმაჩნდა მათი შემოქმედება.

დღეს ფეისბუკმა და სხვა სოციალურმა მედიამ დიდწილად დღიურის ადგილი დაიკავა. ბუნებრივია, ასეთ ფორმატში ყველაფერს ვერ დაწერ, მხოლოდ საკუთარ დღიურს გაანდობ იდუმალ (არ მიყვარს ეს სიტყვა, ზედმეტად სენტიმენტალურია, მაგრამ ზუსტად გამოხატავს სათქმელს) აზრებს. სამაგიეროდ, მოგვცა წერის, საკუთარი აზრების, განცდების, დამოკიდებულების საჯაროდ ან ვიწრო წრეში გამოხატვის მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, პირდაპირი კომუნიკაციის სიკეთეზე რომ არაფერი ვთქვათ.

ვინ იფიქრებდა წლების წინ, რომ ასე ადვილად შევძლებდით ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებას. მახსოვს, თვეობით ველოდი სოხუმიდან „ახალ“ ამბებს. ახლა კი, მადლობა ღმერთსა და ინტერნეტის გამომგონებლებს, თუ ტექნიკური საშუალებები არ გღალატობს, ნებისმიერ შენისთანას ესაუბრები და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყოფნისას სამყაროს ცენტრში ხარ!

მაინც დღიური... ახლა წარმოვიდგინე, რომ მას დიდი ხნის შემდეგ სხვებიც წაიკითხავენ და ვინ იცის, იქნებ ამ ნაწერმა დღევანდელ დღეზე შთაბეჭდილების შექმნაში თავისი წვლილიც შეიტანოს. გადავწყვიტე, არაფრის რედაქტირება არ მოვახდინო. გავკადნიერდები და, იყოს „აზრების ნაკადი“. ისტორიკოსები ამბობენ, ყველაზე უინტერესო დღიურები ნიკოლოზ II-ს ჰქონდაო, მაგრამ იმდენად საინტერესო ეპოქა იყო, რომ მათი არწაკითხვის უფლება არ გვაქვსო. ისტორიკოსების არა, მაგრამ ეს ჩანაწერი სულ მცირე ჩემთვის მაინც უნდა იყოს საინტერესო გადასახედი.

ჩვენ ვიწყებთ...

და დღეს აღდგომაა!

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

აღდგომაა და ყველა აზრი და გრძნობა ამ დიდ დღესასწაულთან არის დაკავშირებული, ყველასი, მორწმუნეთა და − არცთუ ძალიან მორწმუნეთა. ეს ის დღესასწაულია, რომელსაც ბავშვობიდან რაღაც ახალის და უკეთესის მოსვლას ვუკავშირებთ გაუცნობიერებლად. ახალი წელიც მიყვარდა, 7 ნოემბერსა და 1 და 9 მაისსაც საკმაოდ დიდი სუფრითა და სტუმრიანობით აღვნიშნავდით, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არასოდეს მქონია. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ორშაბათობით ჯერ კიდევ სკოლაში ან სამსახურში დადის, მაგრამ არც კვერცხისგან აწითლებული ხელისგულების გამოჩენის ეშინია და, კიდეც რომ დაუნახონ, არავინ არაფერს ეტყვის. დღეს უკვე სასაცილოა ამის ხსენება, ახალგაზრდებს უკვირთ, როცა ამგვარ რეჟიმზე ვსაუბრობთ. ისე, ჩემი ბავშვობა და სიყრმე ისეთ ცვლილებებსა და საინტერესო დროს დაემთხვა, რომ ყველაფერში სინათლესა და უკეთესი ცვლილებების ნიშანს ვეძებთ და ზოგჯერ ვპოულობთ კიდეც. ამიტომ, ალბათ ღირდა ამ სინათლის დანახვისათვის იმის ატანა, რაც მთელმა საზოგადოებამ წლების წინ გავიარეთ.

ცვლილებები კი აშკარაა. აი, თუნდაც, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება კვირა (და არა კვირადღე) ორშაბათით იწყებოდა. მე კი კვირის აღწერას კვირადღით ვიწყებ. დეტალია, მაგრამ ცვლილების ნათლად დამადასტურებელი ინდიკატორი.

დღეს აღდგომაა და დიდი იმედი მაქვს, კარგის გარდა არაფერზე ვიფიქრებ.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

Христос Воскресе! Воистину Воскресе!

Χριστός Ανέστη! Αληθώς Ανέστη!

17 აპრილი, ორშაბათი

დიდი ორშაბათია. მართალია, არაფერზე ფიქრი არ გვინდა, გარდა ამაღლებულისა, მაგრამ აბა, ვინ გაცლის?! მთელი მასმედია აფეთქდა თურქეთის რეფერენდუმითა და მისი შეფასებით. ევროპელები ერთხმად აფასებენ მას, როგორც დემოკრატიის საფრთხეს, უკან გადადგმულ ნაბიჯს და კიდევ ვინ იცის, რას არა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქმედ ხელისუფლებას მილიონნახევარი ხმის გაყალბება დასჭირდა სასურველი შედეგის მისაღწევად; იმ შედეგისა, რომელიც ორ წელიწადში მას შესაძლებლობას მისცემს, ძალაუფლების კიდევ უფრო მეტი კონცენტრაცია მოახდინოს და ამას კონსტიტუციით გამყარებული საფუძველი დაუდოს. თურქეთი ჩვენი მეზობელია, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და სამხედრო პარტნიორი, ნატოს წევრი ქვეყანა. მისი პოლიტიკური ელიტის ნაწილი ღიად ოცნებობს ოსმანთა დიდების აღდგენაზე. როგორც ჩანს, თურქული საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულისნადებიც სწორედ ასეთია. ხელისუფლებაც მიზანმიმართულად, მეთოდურად ახორციელებს წლების მანძილზე ქვეყნის სეკულარული არჩევანის გარანტის, სამხედროების დისკრედიტაციას და ათათურქის დემოკრატიული სეკულარული იდეებისაგან მეტ-ნაკლებად დისტანცირებას. თურქეთი რომ მარტო მეზობელი იყოს, მისი ბედით ჩვენში არავინ დაინტერესდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ისეთი ინფორმაცია ვრცელდება პანთურქული იდეების პოპულარიზაციის შესახებ, რომ ძალაუნებურად გაფიქრებინებს, ადამიანს სიფრთხილე გამოიჩინო. განსაკუთრებით ერდოანის განცხადებებისა და თურქულ სახელმძღვანელოებში ისეთი რუკების დაბეჭდვის ფონზე, სადაც აჭარა თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაშია შეყვანილი. ვინ იცის, სწორი ინფორმაციაა თუ არა, მაგრამ საზოგადოებაზე ეფექტი ნამდვილად მოახდინა და ანტითურქული განწყობის ზრდას ხელი ნამდვილად შეუწყო.

დღეს ამ თემებზე სასაუბროდ ერთმა ტელევიზიამ საღამოს ეთერში სტუმრობა მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი. საბედნიეროდ, საქართველოში არიან ადამიანები, ვინც პროფესიულად მუშაობს ამ თემაზე და მათთან დაკავშირება შევთავაზე. საკმაოდ საინტერესო ეთერი გამოუვიდათ.

მთლად უეთეროდ არც მე დავრჩი − რამდენიმე ტელე- და რადიომაუწყებელში მომიწია კომენტარების გაკეთება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტზე.

18 აპრილი, სამშაბათი

დიდი სამშაბათია და ამის მიუხედავად, მთელი ჩემი სამეგობრო და საახლობლო ლავროვის ვიზიტზე ლაპარაკობს. შეგნებულად არ ვეხმიანებოდი ჩემს აფხაზ მეგობრებსა და კოლეგებს, მაგრამ თვითონ დამიკავშირდნენ, თანაც სხვადასხვა ჯგუფები, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, და ლავროვზე ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში რაღაც სიტყვა ეთქმით და, დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტთან დაკავშირებით მათაც მოუწიათ „საერთო საქმეში“ თავიანთი წვლილის შეტანა.

ხომ ვთქვი, სასიკეთო ცვლილებები-მეთქი: მოსკოვიდან პირველი და მეორე დიპლომატი ჩავიდნენ, სოხუმიდან კი ჩვენ გვიკავშირდებიან და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრებიან. სიმბოლურია და, რაც ყველაზე გასახარია, სასიკეთო ინდიკატორიცაა.

19 აპრილი, ოთხშაბათი

ლავროვის ვიზიტის მეორე დღეა. მე ძმისშვილებთან ვატარებ დროს და ვცდილობ, თავი არ შევიწუხო ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე ფიქრით. ვრწმუნდები, რარიგ უმნიშვნელოა ეს ყველაფერი ისეთ მიწიერ რეალობასთან შედარებით, როგორიც ყოველდღიური რუტინა და პატარებთან დროის გატარების ბედნიერებაა.

იმათ კი, დიდი რუსეთის დიდ დიპლომატებს, როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდათ. ორი პირველი პირის ორდღიანი ვიზიტი პატარა აფხაზეთში დიდ რამეს ნიშნავს. როგორც ჩანს, ადგილზე პროცესები მთლად ისე ვერ მიდის, როგორც ისინი იმედოვნებდნენ და ასეთი ძლევამოსილი დესანტის გადასხმა იმაზე მეტად მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურება, ვიდრე მხოლოდ მათ მიერ აღიარებულ (მათსავე ერთ-ორ სატელიტს თუ არ ჩავთვლით) სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში საელჩოს ახალი შენობის გახსნაა. დღესაც ყველა ამაზე მესაუბრება და იმას ამბობს, რომ ქართველებს ბედი არა გვაქვს: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენი ყოფილი თანამემამულეები არიან და თავდავიწყებით შეყვარებულებივით გასაქანს არ გვაძლევენ. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ რუსეთის კავკასიური პოლიტიკა მინისტრების პირად გრძნობებს დავუკავშირო, მაგრამ კარგი სასაუბრო თემაა და ჩვენც, საზოგადოება, ადვილად ვაბრალებთ სხვას ყველაფერ იმას, რაც პირველ რიგში ჩვენივე უნიათობით გვჭირს: აბა, რა ვქნათ: პრიმაკოვიც, ივანოვიც, ლავროვიც ჩვენებურები არიან და თავს არასოდეს დაგვანებებენ, თან კარგად გვიცნობენ და ამიტომაც ვერაფრით დავიძვრინეთ თავი.

ჩვენ მაინც ჩვენი დასავლელი მეგობრების იმედად ვართ: ამერიკა, ევროპა ჩვენთან არიან, განსაკუთრებით სავიზო ლიბერალიზაციის ფონზე, როცა თავისუფლად შეგიძლია, გადაკვეთო შენგენის საზღვარი საელჩოებთან ვიზის მისაღებად დამამცირებელი ლოდინისა და „მომცემენ-არმომცემენ“ განცდების გარეშე.

ამასობაში კი მსოფლიოში ისეთი რაღაცები ხდება, ჩვენი ეგზისტენციალური პრობლემები მათ ფონზე საშინლად ფერმკრთალდება და მნიშვნელობას კარგავს. სირიაში ქიმიური თავდასხმისა და ამერიკის საპასუხო შეტევის თაობაზე სულ უფრო მეტი ვიზუალური ინფორმაცია ვრცელდება ქსელში და მეტი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ ასეთი იარაღი მართლაც გამოყენებულ იქნა.

ჩრდილოეთ კორეაში კი ბირთვული იარაღის მორიგი გამოცდა ჩატარდა. აშშ-ის ლიდერმა შესაძლო გამაფრთხილებელ დარტყმაზე ისაუბრა, რასაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მკაცრი შეფასება მისცა და საპასუხო გამანადგურებელი დარტყმით დაიმუქრა.

ასეთ დროს კიდევ ერთხელ რწმუნდები იმ ჭეშმარიტებაში, რომ მშვიდობაზე დიდი მონაპოვარი არ არსებობს, ადამიანის სიცოცხლე აბსოლუტური ფასეულობაა და ყველაზე დიდი ბედნიერება პატარებთან ერთად დროის გატარებაა.

20 აპრილი, ხუთშაბათი

დღეს ბავშვების კლინიკაში მიყვანა დამჭირდა. სიცხე ჰქონდათ და შემეშინდა. პრინციპით „პური მეპურემ უნდა აცხოს“ სახლში მკურნალობას სპეციალისტთან ვიზიტი და პროფესიული კონსულტაციის მიღება ვარჩიე. იქაც კი ვერ გავექეცით პოლიტიკაზე და კონფლიქტებზე საუბარს. ექიმმა, ძალიან კარგმა ადამიანმა და სპეციალისტმა, მითხრა, რომ სიამოვნებით წავიდოდა აფხაზეთში გარკვეული დროით და უფასო კონსულტაციებს ჩაატარებდა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობის რესურსი ბევრად მეტია ომისაზე, უბრალოდ მას უკეთ გამოყენება უნდა და ყველა პოზიციის დაახლოება და დაპირისპირების დაძლევა არის შესაძლებელი.

ისე კი, დღეს ჰიტლერის დაბადების დღეა, მესამე რაიხის დამაარსებლისა და თავისი დროის უძლიერესი არმიის უმაღლესი მთავარსარდლისა და ძლევამოსილი ადამიანის. ადამიანის, ვინც ნანგრევებად ქცეული გერმანიის აღდგენას ჩაუდგა სათავეში და ამავე გერმანიის მორალური დაცემისა და განადგურების სიმბოლოდ იქცა. ასეთი დღეები საუკეთესო დამადასტურებელია იმისა, თუ რა წარმავალია ამქვეყნიური დიდება და რა ამაოა ყველაფერი, თუ სიკეთეს არ ემსახურება.

21 აპრილი, პარასკევი

დღეს დილით ბავშვებს სიცხე არა აქვთ. ამოვისუნთქე, თუმცა მათი მშობლების ჩამოსვლამდე კიდევ რამდენიმე დღეა, და მეც განსაკუთრებულ რეჟიმში ვარ.

დიდი კვირა გრძელდება და ისევ და ისევ დიდი იმედით შევყურებთ მომავალს.

ამის მიუხედავად, ისეთი რაღაცები ხდება, რაც ასეთ დროს განსაკუთრებით მძიმედ აღიქმება: მორიგი ტერაქტი პარიზში. პარიზში, რომელიც ყოველთვის სიყვარულის, შემოქმედების, ხელოვნების დედაქალაქი იყო. Lutetia non urbs, sed orbis. ტერაქტი ნებისმიერ ადგილას საშინელი ტრაგედიაა, პარიზში კი ყველაფერთან ერთად გამოწვევაა იმ ყველაფრის მიმართ, რის კვინტესენციასაც ეს ქალაქი წარმოადგენს.

არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი დროის უდიდესი ბოროტების, ტერორიზმის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა დაირაზმოს, მაგრამ პირველ რიგში მინდა იმაზე დავფიქრდეთ, რატომ წირავს ეს ხალხი უდანაშაულო ადამიანებსა და საკუთარ თავს. როდესაც დაახლოებით იგივე თქვა რიჩარდ რუბინშტეინმა 2001 წლის 9 სექტემბრის შემდეგ, საშინელი კრიტიკის ქარცეცხლში მოუწია გავლა. ის დიდი ადამიანია და გაუძლო. მე ამ დროს პოლონეთში ვიყავი უფლებადამცველთა საერთაშორისო შეკრებაზე. ტერაქტი ლამის პირდაპირ ეთერში ვნახე ფოიეში დაკიდებულ ეკრანებზე. ჯერ ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე. ისევ ჰერბერტ უელსის „სამყაროთა ომი“ მეგონა, მაგრამ როცა ხმა ჩავრთეთ და გავიგეთ, რაც მოხდა, სუნთქვა შეგვეკრა. იმ საღამოს სასტუმროს კაფეში ახალგაზრდების ჯგუფი ჩუმად რაღაცას აღნიშნავდა. ვკითხე და მიპასუხეს, ტერაქტსო. ყურებს არ დავუჯერე, დავაზუსტე და ჩემი აღშფოთება რომ გამოვხატე, მითხრეს, შენ არ იცი, ამერიკელების გამო რა გადავიტანეთ და ვერავინ დაგვიშლის, მათი მარცხი გვიხაროდესო. დარწმუნებული ვარ (ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა, ასე მოხდეს) კაცობრიობა გადააფასებს ძალიან ბევრ რამეს, და არსებული პრობლემის გადაჭრას ტერორისტების ფიზიკურ განადგურებით კი არ შეეცდება, არამედ საფუძვლებს ჩასწვდება და მიზეზები აღმოფხვრას შეუდგება.

სხვა რამეც მოხდა დღეს. ოკუპირებულ აფხაზეთში დანარჩენ საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიებზე განსაკუთრებული ნებართვის გარეშე გლეხებს მიწის დამუშავება აეკრძალათ. რაღაც სხვა შეზღუდვებიც დაწესდა. ჯერ ვერ დავაზუსტე, რაზეა საუბარი, მაგრამ ამ დღეებში ყველაფერს გავიგებ: ჭირი თავს არ დაიმალავსო. ისე, ცოტა ხანი მაინც დაეცადათ ლავროვის სტუმრობის შემდეგ, მაინცდამაინც მის ვიზიტთან რომ არ ასოცირდებოდეს ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები.

22 აპრილი, შაბათი

დღეს დედამიწის დღეა. და დღიურის ბოლო დღეც. სიმბოლურია: პირველი დღე − აღდგომა, ბოლო დღე − დედამიწის დღე.

შაბათია და ლექციები მაქვს. განსაკუთრებული გამოცდილებაა ახლაგაზრდებთან ურთიერთობა. გრძნობას ისიც ამძაფრებს, რომ ორივე საგნის სილაბუსი, რომელიც მცირე ხნის წინ დავწერე, ყოველი ლექციის დროს ივსება და იხვეწება, ერთიც და მეორეც კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობას ეხება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადებისათვის. მეტი დრო უნდა ეთმობოდეს ამ საკითხებს საგანმანათლებლო, აკადემიურ, ანალიტიკურ წრეებში, მით უმეტეს, რომ ახალგაზრდობა ძალიან არის დაინტერესებული და ხარბად ეწაფება ინფორმაციასაც და მშვიდობის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობასაც. მათ რომ ვესაუბრები, ვხვდები, რომ უქმად არ ჩაუვლია „ამ განწირულის სულისკვეთებას“ და, თუ ჩემმა თაობამ ვერ მოახერხა აფხაზეთის დაბრუნება, მომავალი მაინც ჩვენია.

ახლა დავფიქრდი და კიდევ ერთხელ გამიმყარდა აზრი, რომ ნაწერის რედაქტირება არ მოვახდინო. იმედი მაქვს, წლების შემდეგ წავიკითხავ, რეტროსპექტული მზერით გადავხედავ დღევანდელ დღეს და სიამოვნებით გამახსენდება ეს დრო!

ტინეიჯერულად უნდა დავამთავრო: გემშვიდობები, ჩემო დღიურო, უკეთეს დრომდე და კიდევ შეხვედრის იმედს ველოლიავები ჩემში...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG