Accessibility links

5 ნოემბერი, კვირა

გაღვიძებულს, პირველი ის გამახსენდა, რომ დღეიდან დღიურები უნდა ვწერო...

ერთი მხრივ, კარგი შესაძლებლობაა, გავზარდო იმ თემების აქტუალიზაცია და ხილვადობა, რომლებზეც წლებია, ვმუშაობ. მაგრამ მეორე მხრივ, დღიურები არასოდეს მიწერია და შესაბამისი გამოცდილებაც არ მაქვს.

დღეს დილით, უპირველეს ყოვლისა, წიგნი უნდა შევარჩიო ნინისთან ერთად, როგორც დავპირდი. იმ ასაკიდან, ჯერ საუბარიც რომ არ იცოდა, ვაჩვევ, რომ დადებული პირობა ყოველთვის უნდა შეასრულოს.

წინ ძალიან რთული და ღონისძებებით დატვირთული კვირა გველის ნარკოპოლიტიკის ლიბერაზალიციისათვის „მებრძოლ ორგანიზაციებს“. 7 და 8 ნოემბერს თბილისს ეწვევიან კანადელი, ფრანგი და პორტუგალიელი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოდიან.

რატომაა ნარკოპოლიტის შეცვლა ჩემთვის ასე მნიშნელოვანი? იმიტომ, რომ შემცირდება ადამიანთა კრიმინალიზაცია: ნარკოტიკების მომხმარებელთათვის ხომ ისედაც უკიდურესად მცირეა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის შანსი. გარდა ამისა, მინიმუმდე უნდა დავიდეს ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობა, მათ შორის ახალი ნარკოტიკული საშუალებებით („ბიო“, „სპასები“ და სხვა), პოლიციური რესურსი უნდა მოხმარდეს მიწოდების შემცირებას, ანუ ის რესურსი, რომელიც ნარკომომხმარებელთა დევნასა და რეპრესიაზე იხარჯება, დაიხარჯოს გამსაღებლების გამოვლენასა და დასჯაზე; უნდა შემცირდეს აივ ინფექცია/შიდსის, C ჰეპატიტისა და სხვა დაავადებების გავრცელება და სახელმწიფოს მიერ მათთვის გაწეული ხარჯები.

6 ნოემბერი, ორშაბათი

სამსახურში 9 საათზე მივედი. ორშაბათი ყოველთვის რთული დღეა და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა, თუმცა დღის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ნოემბრის ბოლოსთვის თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრის დაგეგმვას დავუთმე. მის ფარგლებში ვიმსჯელებთ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით. ეს საკითხი ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით აქტუალურია განვითარებად და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის, რადგან სასწორზე დევს, ერთი მხრივ, პატენტით დაცული სიკეთე, რაც ფარმაკომპანიებისა და კერძო ბიზნესის ინტერესის სფეროში შედის, ხოლო, მეორე მხრივ, ხელმისაწვდომობა სასიცოცხლო მედიკამენტებზე.

ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს ნორმები, როლებიც ამ მხრივ დაიცავს ბალანსს და განვითარებადსა და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს პარალელური იმპორტის, ნებაყოფლობითი ლიცენზირებისა თუ რაიმე სხვა მექანიზმის ხელშეწყობით საშუალებას მისცემს, ხელი მიუწვდებოდეთ სასიცოცხლო მედიკამენტებზე. 21-ე საუკუნეში ადამიანი არ უნდა კვდებოდეს იმის გამო, რომ ვერ ახერხებს ძვირადღირებული წამლის შეძენას. ეს სახელმწიფოების, ფარმაკომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის, სოციალური პასუხიმგებლობისა თუ ეთიკური შეთანხმების შედეგი უნდა იყოს. ამას სერიოზული და ხანგრძლივი ბრძოლა სჭირდება და მეც მზად ვარ, აქტიურად ჩავერთო მასში.

საღამოს, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ლექციებზე მივედი. შარშან საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე ჩავირიცხე საქართველოს უნივერსიტეტში. სწორედ C ჰეპატიტის პროგრამაზე მუშაობისას ვიფიქრე მაგისტრატურაზე ჩაბარება და ჯანდაცვის პოლიტიკის შესწავლა. მხოლოდ იურისტის განათლება საკმარისად არ მიმაჩნდა და გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა ჯანდაცვის საკითხები.

ძალიან რთულია, ასეთ დატვირთულ გრაფიკს და შვილის აღზრდას სწავლაც შეუთავსო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათის ეს აუცილებელია და მაქსიმუმს გავაკეთებ.

7 ნოემბერი, სამშაბათი

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე არასამთავრობო, საერთაშორისო და სათემო ორგანიზაციებს: ვიმსჯელეთ ზედოზირების პრევენციის საკითხებზე.

რამდენიმე წელია, ვცდილობთ ჯანდაცვის სამინისტროს ყურადღება მივიქციოთ და რეცეპტურის სიიდან ამოვაღებინოთ ნალოქსონი − ერთადერთი პრეპარატი, რომელიც ზედოზირების დროს გამოიყენება.

არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგია ისიც, რომ ზედოზირების დროს ადამიანები არ რეკავენ 112-ზე, რომლის გზითაც ინფორმაცია ერთდროულად მიეწოდება სასწრაფოს, საპატრულო პოლიციასა და სახანძროს. ხშირად შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებაზე უფრო მალე სწორედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მიდიან. ბუნებრივია, დაპატიმრების შიშით ბევრი თვითონ ცდილობს დახმარების აღმოუჩინოს თავსა თუ მეგობარს, და ხშირ შემთხვევაში წარმატებითაც, მაგრამ ლეტალური შემთხვევებიც არ არის იშვიათი.

ამ კანონმდებლობის პირობებში საინტერესოა, როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი: წინასწარ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და რეცეპტი მოითხოვოს, თუ ზედოზირების დროს რეცეპტის გამოსაწერად გაიქცეს ექიმთან, მერე აფთიაქში შეიძინოს მედიკამენტი და გაიკეთოს?! ეს ხომ წარმოუდგენელია! ისევე, როგორც 112-ზე დარეკვა. ნალოქსონის შეძენა და დარიგება ამჟამად საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება, თუმცა აუცილებელია ამ პოლიტიკის შეცვლა. რა არგუმენტებით შეიძლება აიძულო სახელმწიფო, თავისი მოქალაქეების დასჯაზე მეტად მათს სიცოცხლეზე იფიქროს?

8 ნოემბერი, ოთხშაბათი

დღეს მთელი დღე კონფერენციაზე გავატარე: მრავალი გამომსვლელი საუბრობდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, მაგრამ მონაწილეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ორმა მნიშვნელოვანმა არგუმენტმა: პირველი ის არის, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ მუშაობს! ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ „პრობლემური ნარკოტიკების“ მომხმარებელთა რიცხვი სტაბილურად იზრდება: 40 ათასიდან ეს რიცხვი 54 ათასამდე გაიზარდა, მაგრამ მკურნალობის პროგრამები მათგან მხოლოდ 10%-ს ფარავს.

ამასთანავე, ნარკოტიკების მომხმარებლები უფრო მკაცრად ისჯებიან, ვიდრე „ძალადობრივი დანაშაულის“ ჩამდენი პირები: მაგალითად, ერთ გრამზე მეტი ოდენობით ჰეროინის ფლობა (და არა გასაღება!) რვიდან 20 წლამდე, ან სულაც უვადო პატიმრობით ისჯება. არადა, გაუპატიურებისთვის გათვალისწინებულია პატიმრობა ექვსიდან რვა წლამდე, ხოლო განზრახ მკვლელობისთის − 7-დან 15 წლამდე!!! აქ რაიმე კომენტარი მართლაც ზედმეტია.

კონფერენციაზე ძალიან საინტერესო მოხსენება გააკეთა პორტუგალიელმა პარლამენტარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ 2001 წელს მოახდინა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და დღეს უკვე შეიძლება ვისაუბროთ მის შედეგებზე, კერძოდ: ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშნელოვნად შემცირდა; სამაგიეროდ, გაიზარდა მკურნალობის პროგრამებში ჩართულ მომხმარებელთა რიცხვი; შემცირდა აივ და C ჰეპატიტით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, რაც ამცირებს სახელმწიფოს დანახარჯებს მკურნალობისთვის; და, რაც მთავარია, მან აღნიშნა, რომ 2001 წელს,როცა პორტუგალიამ დეკრიმინალიზაცია მოახდინა, ქვეყანაში კრიტიკულ რიცხვს აღწევდა „პრობლემურ მომხმარებელთა“ რიცხვი: მოსახლეობის დაახლეობით ერთი პროცენტი. დღეისთვის ეს რიცხვი საქართველოში დაახლოებით ორ პროცენტს შეადგენს!

კონფერენცია დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. ძალიან ბევრი სტუმარი, საინტერესო დისკუსია, კითხვები, კომენტარები... ბოლო სესიის ორგანიზება მე მომანდეს, რის გამოც ვერ მოვახერხე მისვლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე. გული დამწყდა... სამაგიეროდ, კმაყოფილი ვარ კონფერენციის შედეგებით: დიდი იყო საზოგადოების ინტერესი, აქტიურად წარიმართა დისკუსია. ამავე დროს, უამრავი არგუმენტი, რეკომენდაცია და კომენტარი შევაგროვეთ საშემოდგომო სესიისთვის, რომელზეც კანონპროექტის განხილვა იგეგმება.

9 ნოემბერი, ხუთშაბათი

დღეს საღამოს „ფრონტლაინ-კლუბში“ ჟურნალ „ინდიგოს“ თაოსნობითა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: „ელიმინაცია 2020 – საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“.

ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძებაა: სფეროს წამყვან ექსპერტებთან ერთად ვაჯამებთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებს და ვსაუბრობთ პრობლემებზე.

იმ დღიდან მოყოლებული, რაც 2010 წელს ფონდში მუშაობა დავიწყე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამის კოორდინატორად, C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკატირება ჩემთვის ყველაზე რთული გამოწვევა იყო. არ არსებობდა C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, მედიკამენტები ძვირი და ძნელად ხელმისაწვდომი იყო, ხოლო დაავადების გავრცელება − მაღალი: მკურნალობა ესაჭიროებოდა 200 ათასამდე ადამიანს, რომელთაგან ის მხოლოდ ერთ პროცენტს ჰქონდა ჩატარებული. „ფრონტლაინ-კლუბში“ ვიმსჯელეთ ელიმინაციის პროგრამაზე, რომელიც უდავოდ დიდი წარმატებაა მკურნალობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ვისაუბრეთ იმ ბარიერებსა და სირთულეებზეც, პროექტის წარმატებით განხორციელების გზაზე რომ ვხვდებით.

დღეისთვის პროგრამამ მოიცვა 40 ათასზე მეტი პაციენტი, თუმცა მისი წარმატებით განხორციელებისვის ჯერაც გადასაჭრელია ორი მნიშნელოვანი პრობლემა: ფინანსური/გეოგრაფიული ბარიერი და ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

„ელიმინაცია=დეკრიმინალიზაცია+ზიანის შემცირების პროგრამები“ − ეს არის ჩვენი სლოგანი და ნებისმიერი დისკუსია, რომელიც მიღწევებზე საუბართან ერთად არსებული ხარვეზებისა თუ სირთულეების გააზრებასაც ითვალისწინებს, წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სათემო ორგანიზაციების, პროფესიული თემის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია და ვისურვებდი, ასეთი თანამშრომლობა ბევრი სხვა მიმართულებითაც შედგეს.

და კიდევ: სწორედ დღეს, შვიდი წლის თავზე, დავრწმუნდი, რომ რაც უფრო რთულად მისაღწევ მიზანს ისახავ, მით უფრო გარანტირებულია წარმატება, ვინაიდან ამისთვის ყველაფერს აკეთებ. შეუძლებელსაც კი!

10 ნოემბერი, პარასკევი

დღეს ერთმა ამბავმა დამთრგუნა და ჩემზე უდიდესი ემოციური გავლენა მოახდინა: ხარაგაულში თავი ჩამოიხრჩო 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა − როგორც ოჯახი აცხადებს, პოლიციის ზეწოლის შედეგად. მთელი დღე მხოლოდ ამაზე ვფქირობდი, ვუსმენდი მეზობლებისა და ოჯახის წევრების ინტერვიუებს. ჰყვებოდნენ, როგორი მშრომელი და წესიერი ადამიანი იყო ამირანი, რა გაჭირვებაში უწევდათ თავის გატანა მასა და მის დიდ ოჯახს, როგორ ცდილობდა ყოველდღიური გადარჩენისთვის ბრძოლას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიუხედავად. როგორც ამბობენ, ფიზიკური შრომისა და ჯართის თრევის გამო ამირანს ხერხემლის ორი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მეორე − თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე. ახალნაოპერაციები წაიყვანა პოლიციამაც რამდენიმესაათიან „დაკითხვაზე“ განყოფილებაში. იქიდან დაბრუნებული ალაპარაკდა თვიმკვლელობაზე, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. ბუნებრივია, მიმდინარეობს გამოძიება და ჭეშმარიტება მან უნდა დაადგინოს, მაგრამ მე გამახსენდა დემურ სტურუას, პაატა პავლიაშვილის, „ბირჟა მაფიისა“ და სხვა მრავალი შემთხვევა და პოლიციის განცხადებები ამ საქმეებთან დაკავშრებით. სამწუხაროდ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, რჩება პასუხგაუცემელი კითხვები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით.

არ მასვენებს კითხვა: ნუთუ სახელმწიფოს უღირს ამხელა მსხვერპლის გაღება არსებული ნარკოპოლიტიკის ფასად? ნუთუ ისინი, ვინც არ უჭერს მხარს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, დაცული არიან იმისგან, რომ მათ პირადად ან მათ ოჯახის წევრს ან ახლობელს ადრე თუ გვიან იგივე არ დაემართება?!

11 ნოემბერი, შაბათი

ჩემს სარკმელში მზის სხივი შემოიჭრა და ოთახი სინათლით აავსო. ბოლო დროს ხშირად ვიჭერ თავს იმ აზრზე, რომ მზე პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს ჩემს განწყობაზე და შრომისუნარიანობაზეც კი. მზე, ამინდი და გარშემო მყოფი ადამიანებიც. რაც უფრო მეტი პოზიტიური, „მზიანი“ ადამიანია ჩემ გარშემო, მით უფრო იოლად ვუმკლავდები რთულსა და დაძაბულ დღეებს.

გაღვიძებისთანავე ნინის გადავხედე. შაბათის მიუხედავად, დღეს ორივეს დატვირთული დღე გვაქვს: ნინი სკოლაში მათემატიკის საოლიმპიადო წრეზე მიდის. შარშან წარმატებით ჩააბარა გამოცდები ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში და მაქსიმალურად ცდილობს, წარმატებით დაძლიოს ურთულესი პროგრამა.

შაულედში სამი საათი გვქონდა თავისუფალი და ერთად გავატარეთ: ვიყავით კინოში, შევიარეთ მუზეუმში და, რაც მთავარია, ერთმანეთს გავუზიარეთ მთელი კვირის ამბები. ნინისთან მცირე ასაკიდან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა: ჩემი მესაიდუმლე და მრჩეველია. ჩემს თავს რომ ვადარებ მის ასაკში, ბევრად უფრო დამოუკიდებელი, პრაგმატული და მიზანდასახულია. მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, ჩემი მთავარი მოტივატორია!

საღამოს ცეკვაზე მივიყვანე. სამი წელია, სტუდია „თელაში“ დადის და მოხიბლულია არა მხოლოდ პროფესიონალი მასწავლებლებით, არამედ ბავშვებითაც, რომლებიც ურთულესი კონკურენტული გარემოს მიუხედავად, ძალიან მეგობრულები არიან და ერთმანეთს ყოველთვის ამხნევებენ და მხარში უდგანან.

საღამოა და, როგორც იქნა, გამოვნახე დრო საფუძვლიანად მეცადინეობისთვის: ორშაბათიდან საშუალედო გამოცდები მეწყება.

მიუხედავად ყველა სირთულის და დაბროკოლებისა, ბედნიერი ვარ, რომ უკვე 16 წელია, ვემსახურები საქმეს, რომლისაც მწამს და მჯერა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG