Accessibility links

19 ნოემბერი, კვირა

დილაადრიან მეღვიძება, გამოძინებულს, უჩვეულო სიმშვიდით − არსად მეჩქარება, გომბორში ვართ. ასეთი დილები ჩემს ცხოვრებაში უკიდურესად იშვიათია − როგორც წესი, სადღაც გავრბივარ და ძალიან ცოტა მძინავს. უმცროსი შვილიც, 8 წლის სანდრო, მალე ახელს თვალებს და მხიარულად მიღიმის, მონატრებია გომბორი. გაღვიძებულ სანდროს ბედნიერი ბებო და პაპა ეგებებიან, მიშას მშობლები. ხუთი წელი ამერიკაში ვიცხოვრეთ, სულ სამი თვეა, რაც თბილისში გადმოვბარგდით და შვილიშვილის ისედაც ტკბილი სიყვარული ასმაგად გამწვავებული აქვთ. სანდროც კმაყოფილი დარბის: ჯერ ტალავერზე სპეციალურად მისთვის დატოვებულ ყურძენს აკრეფინებენ. მერე დაკრეფილ ყურძენს პატარა საწურით აწურვინებენ. გასართობები არ მთავრდება: პაპას ტირის თოფი გამოაქვს და სანდროს სროლას ასწავლის. ბებო ცომს ამზადებს და სანდროც უგემრიელეს ხინკლებს ახვევს. პაპას და სანდროს ფქვილიანი ხელები ერთ ლანგარზე მოძრაობენ, ერთად მიყვებიან თითებით ცომის ნაკეცებს, დროდადრო დიდი ხელი ჩერდება და პატარას ეშველება, ნაოჭს უსწორებს, კუჭს უხვევს. მე ვნებივრობ: სოფლის ჰაერი და, განსაკუთრებით, სიმწვანე, ასე რომ აკლია თბილისს, მუდმივ შფოთვას მიმშვიდებს. ძველ ფოტოებს ვათვალიერებ და სანდროს მამამისის ბავშვობის ფოტოებს ვაჩვენებ. შიგადაშიგ მომავალი კვირის გამოცდებისთვის ბილეთებს ვამზადებ. სანდრო და პაპა ნარდს აგორებენ.

ბოსტანში ჩავდივართ, ცოტა ვაშლს ვაგროვებთ, თითო-ოროლა ნიგოზს ვპოულობთ. სანდრო მეზობლის ძაღლს ეთამაშება. მერე ქაცვის საკრეფად მივდივართ დაბლა, ტბებისკენ. განვითარების მხრივ სრულყოფილი დღე აქვს სანდროს: ჰაერზე ყოფნა, ტყე-ღრეში სიარული, წვრილი და მსხვილი მოტორიკა, ჯანსაღი კვება, გონებრივი თუ ემოციური განვითარება − ყველაფერი დაფარულია. მართლაც, რამხელა შესაძლებლობებია ქალაქელი ბავშვისთვის სოფელში! ვფიქრობ, რამდენს არ ჰყავს სოფელში ნათესავები და რა კარგი იქნებოდა მსგავსი ფასიანი სერვისი: ერთი დატვირთული დღის გატარება სოფელში. ბევრად უფრო სასარგებლო, ვიდრე ბზრიალა ატრაქციონები, ხმაურიანი, მყვირალა გასართობი ცენტრები თუ დახურულ შენობაში შეყუჟული ცხოველების მოფერება. განსაკუთრებით ჰიპერაქტიური, სენსორული დისფუნქციის თუ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის იქნებოდა მისწრება. მით უმეტეს, რომ გომბორი თბილისიდან სულ ერთი საათის სავალზეა. ან რა კარგი საზაფხულო ბანაკი გაკეთდებოდა აქ, სამეცნიერო თემების შერევით. ოცნების გეგმებს ვაწყობ, ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება მივიღე ამერიკაში: ბავშვებმა უამრავ სამეცნიერო თუ საინჟინრო ბანაკში მიიღეს მონაწილეობა.

ტბებიდან დაბრუნებისას განაპირა ხევს გადავყურებ, ფერდობები ნაგვითაა სავსე. სოფელს ნაგავსაყრელი არ აქვს და ამ ხევს იყენებს, რაც, სავარაუდოდ, ძალიან საშიშია: მავნე ნივთიერებები, ერთმანეთში შერეული საყოფაცხოვრებო ნაგვის რეაქციით და დაშლით რომ გამოიყოფა, ხევიდან სოფლის მიწას შეერევა აუცილებლად. მახსენდება სუნელებში აღმოჩენილი ტყვიის ამბები და ვსევდიანდები. რამდენი პრობლემა გვაქვს ამ ქვეყანაში და ხშირად როგორ არამიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი! გომბორში სარწყავი და სასმელი წყლის ამბებიც მოსაგვარებელია, სკოლის დანახვაზეც გული მოგეწურება.

6 საათზე გამოვდივართ მანქანით: ყველა თბილისში ბრუნდება და მანქანების გრძელ რიგს ვუერთდები. ყველა ერთნაირად, საშუალო სიჩქარით მივდივართ, მაგრამ უცებ ვიღაც, საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული მძღოლი მოადგება რიგს და ცდილობს უკანა მანქანების გასწრებას და რიგში შეხტომას, მიუხედავად მიხვეულ-მოხვეული გზის, გზაზე ჩამორიგებული გასწრების აკრძალვის ნიშნებისა და ვიწრო გზაზე საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანებისა. საჭესთან დაძაბული ვზივარ და ვბრაზობ: თბილისში მაინც ყველა ერთად ჩავალთ, ორი-სამი წუთის განსხვავებით, აქ კი აშკარა საავარიო სიტუაცია იქმნება. საქართველო საკმაოდ მაღალ ადგილზეა საგზაო შემთხვევების რაოდენობით და ეს იმის ბრალია, რომ წესებს არ ვიცავთ.

20 ნოემბერი, ორშაბათი

ლექციებზე მივდივარ ილიას უნივერსიტეტში. პირველკურსელებს ვასწავლი შესავალს დაპროგრამებაში. მათი ნაწილი გაისად შეუერთდება კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამას, რომლის აკრედიტაციაც წელს მიიღო ილიას უნივერსიტეტმა და რომლის ხელმძღვანელიც ვარ. დანარჩენები მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, არქიტექტურის მიმართულებებიდან არიან. ძალიან ვცდილობ ყველა სტუდენტის ჩართვას, ინდივიდუალურად მიდგომას, მაგრამ რთულია. პროგრამირების საწყისები, ანუ კოდირება, როგორც საზღვარგარეთ ეძახიან ახლა, დაწყებითი კლასებიდან უნდა ისწავლებოდეს, როგორც ამერიკულ სკოლებში. ყველგან ამაზე ვსაუბრობ − რომ მომავალი მანქანებისაა: ძალიან მალე მთლიანად გადავალთ თვითმართვადი მანქანების, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჯანმრთელობის, განათლების, სამართლის და მომსახურების სისტემების ხანაში. ამიტომ აუცილებელია, ვიცოდეთ მათი ენა, რომ სწორად გამოვიყენოთ, რომ აქეთ არ გვმართონ. სწრაფი ცვლილებების ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და ყველა განვითარებული ქვეყანა ფეხდაფეხ მიჰყვება ამ ცვლილებებს, შესაბამისად ცვლის სასკოლო პროგრამას. ჩვენ კი რეალურად ისევ საბჭოთა განათლების სტრუქტურას მივყვებით, ყველა ცვლილება ზედაპირულია. არადა, ძალიან იოლია რობოტიქსით, თამაშების დაპროგრამებით ბავშვების დაინტერესება, ხალისით ისწავლიან.

ლექციების მერე ანა კვანჭილაშვილს ვხვდები, ილიას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს. ანას უფროსკლასელთათვის საინჟინრო შეჯიბრების მოწყობის იდეა აქვს და ამაზე ვმსჯელობთ. შეჯიბრიდან საუბარი პირდაპირ გადადის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით მოსწავლეთა დაინტერესების აუცილებლობაზე: რამდენად მნიშვნელოვანი, მოთხოვნადი პროფესიაა და რატომ აქვს განსხვავებული დატვირთვა სიტყვა ინჟინერს საქართველოში და ამერიკაში. ანა იდეებით სავსეა და ჩემი იდეების მხარდაჭერასაც მპირდება. ამ მხრივ ილიას უნივერსიტეტი გამოირჩევა და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე დროებით ჩამოსვლა მათთან თანამშრომლობისთვის: დარწმუნებული ვიყავი, რომ ამერიკული გამოცდილების სრულად გამოყენების შესაძლებლობას მომცემდნენ.

უნივერსიტეტიდან „გეოგრაფიკში“ მივდივარ. ამერიკაში წასვლამდე რვა წელი ვიმუშავე ამ კომპანიაში და თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. დაბრუნებულს, რამდენიმე პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. ქვეყნის ერთიანი გეოსაინფორმაციო სისტემების სივრცის განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დარგისთვის, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მაგრამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე იმდენ სტრუქტურას თუ კომპანიას დაუწყია გეოსაინფორმაციო სისტემების აქტიურად გამოყენება, მიხარია და იმედით ველი, რომ ერთმანეთთან პირდაპირი თანამშრომლობის აუცილებლობა ბუნებრივად ჩამოყალიბდება მომდევნო წლებში.

„გეოგრაფიკიდან“ მარჯანიშვილზე გავრბივარ. ლელა სამნიაშვილის საღამოა. ლელა, მგონი, ათი წლის წინ აღმოვაჩინე, როგორც „პირადი“ პოეტი, რომლის ლექსებიც პირდაპირ, სიტყვასიტყვით მესმის, მთელი მათი მრავალშრიანობით და მეცნიერებით. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დავმეგობრდებოდით: „სხვამ კი − მიაგნო რაღაც ფორმულას და ციფრებში გადაზიდა ნეირონები − რომ ბუნების კანონებზე ილაპარაკოს შემდეგაც, როცა სათითაოდ ჩაქრებიან მის სხეულში მოციმციმე ყვავილები - ნევროციტები. რამდენ სივრცეში შევყავით თავი არსებობის გადასარჩენად.“

საღამოზე ბევრ კარგ ნაცნობთან ერთად მეგობრებსაც ვხვდები: ანის და მალინას. ანისთან კამათი დილიდანვე მოვასწარი ფეისბუკზე −ლიტერატურის სწავლების შესახებ. სულ ასე ვკამათობთ, იმიტომ რომ ანი ძალიან სამართლიანი ადამიანია და არც ერთ კრიტიკულ მოსაზრებას პირადად არ იღებს. მალინასთან კი საღამოს მერე ჩაის ვსვამ ახლომდებარე კაფეში. მალინა ფსიქოლოგია და შემიძლია ვთქვა − ჩემი უფასო პირადი ფსიქოლოგი: უკვე რამდენიმე წელია, მხარში მიდგას და მამხნევებს ყოველთვის, როცა თავზედაყრილი საქმიდან თავს ძლივს ვწევ თუ საკუთარი დედობის სისწორეში შემაქვს ეჭვი. ყველაფერზე ვსაუბრობთ: განათლების სისტემის ცვლილების აუცილებლობით დაწყებული, სხვადასხვა განათლების თუ განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებისთვის აქაური და დასავლური სისტემური მიდგომების განსხვავებით დამთავრებული.

სახლში მოსული, სანდროსთან თამაშს ვეღარ ვასწრებ, მაგრამ, სანამ ჩაეძინება, ერთად ვუყურებთ საინტერესო მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს. ფეისბუკს თვალს ვავლებ. ბავშვთა დაცვის დღე ყოფილა, ფრენდები დებენ სხვადასხვა სტატისტიკას საქართველოსა და უცხოეთზე. რა თქმა უნდა, სავალალო მდგომარეობაში ვართ და ამას ენთუზიაზმით აღსავსე ბევრი ჯგუფის დაუღალავი შრომაც კი ვერ უშველის, სანამ სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად არ იქცევა ბავშვთა უფლებები და მათი განვითარების საჭიროებები.

21 ნოემბერი, სამშაბათი

დილით ძლივს ვასწრებ ბილეთების დასრულებას და ამობეჭდვას. მეოთხეკურსელებს შუალედურ გამოცდას ვუტარებ კრიპტოგრაფიაში. ძალიან საინტერესო საგანია. მინდა, ეს შუალედური გამოცდა მარტო შემოწმების კი არა, სწავლების მიზნითაც გამოვიყენო. ამიტომ დასაფიქრებელი, რთული საკითხები მომაქვს. სამაგიეროდ, ლიტერატურის გამოყენების უფლებას ვაძლევ.

გამოცდის მერე ვმუშაობ, კვირის შეხვედრებზე ვუთანხმდები კოლეგებს და სტუდენტებს, ვისაც დამატებითი კონსულტაცია სჭირდება. საღამოს თმის შესაღებად მივდივარ სალონში. 16 წლიდან დავიწყე გაჭაღარავება, დევნილობის პირველ წლებში. თმის შეღებვა 20 წლიდან დავიწყე, ჯერ ნატურალური, მერე კი ქიმიური საღებავებით. ბოლო სამი წელია, ვფიქრობ, რომ შევწყვიტო და ასევე თეთრი დავიტოვო. შეღებვიდან თვენახევარში, თავი რომ არეული ფერებით მევსება, ერთი კვირა ვყოყმანობ ხოლმე და მერე მაინც ვიღებავ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ვეწინააღმდეგები პატრიარქალური და ფეშენსამყაროს ზეწოლას, ქალები რაც შეიძლება ახალგაზრდებად და უჭკნობად, ანუ არაბუნებრივად გამოვიყურებოდეთ, მაინც ვერ ვბედავ − თითქოს მეშინია, რომ ეიჯიზმით შეპყრობილი თანამედროვე საზოგადოება მაშინვე ჩამომწერს. არადა, დედაჩემი ჩემხელა იყო, როცა გამაჩინა, უკვე სრულიად ჭაღარა. ისე ასწავლა სკოლაში 48 წელი და იმუშავა სასწავლო ნაწილის გამგედ თუ დირექტორად, ამას არასდროს შეუწუხებია. ვფიქრობ, რამდენად მოქმედებს ასეთი ზეწოლა იმათზეც კი, ვინც კარგად ვიაზრებთ მის საფუძველსა და მექანიზმებს. იმაზეც ვფიქრობ, რამდენად გამიმართლა, რომ ბევრი სხვა ტიპის ზეწოლა არასდროს მიგრძნია ჩემს ოჯახში: არასდროს მგონებია, რომ რომელიმე ბიჭი ჩემზე ჭკვიანი იქნებოდა მხოლოდ სქესის გამო, რომ „ოჯახის შექმნა“ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დამოუკიდებლობა, რომ ქალის სილამაზე უფრო ღირებულია, ვიდრე მისი განათლება.

საღამოს ვებშეხვედრა მაქვს უცხოელ კოლეგებთან: მისურის ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიის პროფესორთან, დოქტორანტებთან და კომპანია „დელის“ ინჟინრებთან ერთად მრავალდონიანი სიგნალის მთლიანობის საკითხებზე ვმუშაობთ. ანუ, გასაგები ენით: სიგნალის გადაცემის დღეს არსებულზე უფრო მაღალი სიჩქარეების მიღწევის ერთ-ერთ შესაძლებლობაზე.

22 ნოემბერი, ოთხშაბათი

დილით სანდრო სკოლაში მიმყავს. სკოლა 800 მეტრშია და სულ სიცილით და თამაშით მივრბივართ ხოლმე სკოლისკენ. ფეხსაცმელი თუ ხელს მიწყობს, გასწრობანასაც ვთამაშობთ. თუმცა ფრთხილად ვართ: როგორც ჩანს, დილაობით ცინცაძის და გამრეკელის ტროტუარებზე საყვარელ ძაღლებს უსინდისო პატრონები ასეირნებენ და მათ მოკუკულს იქვე ტოვებენ. ყოველ ასეთ შემთხვევაზე სასოწარკვეთა მეუფლება. მანამ არ ვიგრძნობთ ქვეყნის განვითარების ხიბლს, სანამ საკუთარი გარემო თუ გარშემომყოფები ამდენად გვკიდია ფეხებზე.

დღესაც გამოცდას ვატარებ − სისტემურ დაპროგრამებაში. გამოცდის მერე პრეზენტაციის ბოლო დეტალებს ვასწორებ. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, ნინო პავლიაშვილის ინიციატივით „მტაცებელ“ ჟურნალებსა და ყალბ კონფერენციებზე უნდა გავაკეთო მოხსენება. ამ პრობლემის სიმწვავე ისედაც ვიცოდი, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში, დაბალი საინფორმაციო წიგნიერების გამო. მაგრამ პრეზენტაციაზე მუშაობისას გაცილებით მეტი პრობლემა აღმოვაჩინე. უკვე 400 ათასი სტატიაა გამოქვეყნებული 8000-ზე მეტ „მტაცებელ“ ჟურნალში, და სრულიად შეუძლებელია იმის გარჩევა, რომელია აქედან ღირებული და რომელი − აბსოლუტურად უხარისხო, ვინაიდან ეს ჟურნალები ხშირად გამოგონილ შედეგებსაც აქვეყნებენ და ეს ბევრჯერ დადასტურდა სხვადასხვა ექსპერიმენტით. იმ ყალბი კონფერენციების ერთ-ერთი ორგანიზატორი კი, რომელთა საკონფერენციო გადასახადი ხშირად 500 ევროს აღწევს, წელიწადში მართავს 50 ათას კონფერენციას, რომელთაგან ზოგზე ჩასულ მეცნიერებს ერთ პატარა ოთახში ხუთიოდე კაცი ხვდებათ, ხოლო ეს ხუთი კაცი სრულიად სხვადასხვა სფეროს შედეგებზე აკეთებს მოხსენებებს.

მოხსენება საინტერესო გამოდის, დამსწრეები ერთვებიან კამათში, თვითონვე მიყვებიან კონკრეტული შემთხვევების შესახებ, განვიხილავთ პრობლემის აღმოფხვრის სხვადასხვა გზებს. საერთო დასკვნა ასეთია: შეფასების სისტემა, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება ეყრდნობა, საფრთხეშია. მიდგომა Publish or Perish („ან გამოაქვეყნე, ან დაიღუპე“), რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მეცნიერთა თავზე და მათ მუდმივ კონკურსებში სტატიების რაოდენობას უთვლის, ამ ტიპის უხარისხო ონლაინჯგუფების მომრავლებას იწვევს. მათთან გამკლავება, ალბათ, შეუძლებელია, თუკი სამეცნიერო შეფასებების სისტემაში რამე რევოლუციური ცვლილებები არ მოხდა.

პრეზენტაციაზე ნინო ბაიდაურიც მოდის, ფოტოგრაფი პროექტისა „ქალები საქართველოდან“. არაჩვეულებრივი პროექტია, ძალიან ბევრი საინტერესო და ძლიერი ქალის შესახებ. ჩემთვის მოულოდნელი იყო მათ რიგში მოხვედრა. პრეზენტაციის შემდეგ ნინო სურათებს მიღებს პროექტისთვის, რაც ჩემთვის ურთულესი საქმეა: კამერის წინ ყოველთვის ვიბნევი, არ ვიცი, რა ვუყო ხელებს, სახეს... განსაკუთრებით, თუ კამერა დიდხანს მაკვირდება. სახის ნაკვთები მეძაბება, ტუჩები ცალკე გარბიან. თითქოს ვიმანჭები, ან პრეტენზიულ გამომეტყველებას ვიღებ. ნინო მოთმინებით იტანს ჩემს მოუხერხებლობას, მე კი ვიცინი, რომ თანამედროვე სამყაროში, რომელიც სურათებით აღიქვამს ადამიანს და მის საქმიანობას, ასეთი მნიშვნელოვანი უნარი მაკლია.

სახლში სანდროსთან თამაშის დროც მრჩება. იმის წყალობით, რომ ჩემთან დროებით „გადმოცხოვრებული“ დედა და და მანებივრებენ, მთელ საოჯახო საქმეს თავად უძღვებიან. ამერიკაში კი მე და მიშა თანაბრად ვინაწილებდით ყოველდღიურ რუტინას. ყოველთვის, როცა საუბრობენ ქალის და კაცის განსხვავებულ მიღწევებზე, ვითვლი იმ დროს, რასაც ქალები რუტინულ საქმიანობაზე ხარჯავენ. დროს, რომელიც არ დარჩათ განათლებისთვის მაშინაც კი, როცა განათლების უფლება რეალურად მიიღეს. დროს, რომელსაც თითქოს გენდერულად თანასწორ ოჯახებში, მაინც ქალი ხარჯავს ბავშვებისთვის საჭირო ემოციურ და პრაქტიკულ მენეჯმენტზე.

23 ნოემბერი, ხუთშაბათი

დღეს დასვენებაა და ამიტომ საკმაოდ მსუბუქი დღე მელის. 11 საათზე პროფესორ ჯემალ როგავას ვხვდები უნივერსიტეტში, მათემატიკურ სტატიაზე ვმუშაობთ. ბატონი ჯემალი ჩემი სადოქტორო თეზისის ხელმძღვანელი იყო, სტატია კი 7 დეკემბერს პროფესორ დავით გორდეზიანის, ჩემი მეორე ხელმძღვანელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე უნდა წარვადგინოთ. მათი დამსახურებაა, რომ სამეცნიერო მიმართულებით მუშაობა გავაგრძელე.

ნაშუადღევს მეგობართან, ლერისთან შევრბივარ მანქანების ნაწილების მაღაზიაში. 22 წელია, ვმეგობრობთ. მანქანას ვანახებ და რჩევებს ვეკითხები. შემდეგ ნინო გამისონიას ვხვდები კაფეში, ინტერვიუს იღებს ჩემგან პროექტისთვის „ქალები საქართველოდან“. ნინოს პირველად ვხედავ პირადად, მაგრამ უცებ ვაბამთ გულითად საუბარს, რომელიც ინტერვიუს არ ჰგავს. განვიხილავთ გენდერულ თანასწორობას, სოფლების პრობლემებს, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას, თბილისის ბეტონის ჯუნგლებს. საღამოს მაიას და მის მეგობრებს ვხვდები, მადლიერების დღეს აღნიშნავენ. მაია ორ თავისნაირად ჭკვიან და ძლიერ გოგოს ზრდის. ყოველთვის მიხარია, როცა ვხედავ ქალს, ვინც მუდმივად ვითარდება და სამყაროში კვალს ტოვებს. მაია წლებია, ხელმძღვანელობს ქართული და ამერიკული მედიის დაკავშირებისა და გაცვლითი ვიზიტების პროგრამას. აქაც დეზინფორმაციაზე და მედიაწიგნიერების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ.

სახლში დაბრუნებისას სანდრო „მაინკრაფტში“ აშენებულ სახლებს მაჩვენებს, თავისი განათებებით და ფერმით. განვლილი დღის შესახებ ვლაპარაკობთ, ყურადღებას ვუმახვილებ, რომ ინტერნეტი დღეს სავსეა ნაგვით და სწორად უნდა შეარჩიოს, რასაც უყურებს, გაფილტროს. „ანუ შევქმნა, მომხმარებელი არ ვიყო?“ − მპასუხობს. მეღიმება, ალბათ უკვე დაბადებიდან უნდა ვასწავლოთ ეს ბავშვს, რომ თანამედროვე მომხმარებლურმა სამყარომ არ იმსხვერპლოს.

24 ნოემბერი, პარასკევი

დილით უფროს შვილს ველაპარაკები, 14 წლის გიოს, რომელიც მიშასთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობს. 15-წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, როცა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტშიც, „გეოგრაფიკშიც“ და მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც ერთად ვიმუშავეთ, ასე გავნაწილდით ორი წლით: მე სამშობლოში დავბრუნდი, მიშა სილიკონის ველზე, „ეპლში“ გადავიდა სამუშაოდ. მათთან ყოველდღე ვახერხებ საუბარს, მაგრამ გიო დღეს განსაკუთრებით საინტერესო რამეს მიყვება: სკოლის რობოტიქსის გუნდშია და კალიფორნიიდან იუტაში უნდა გაემგზავრონ შეჯიბრზე. პირველი წელია, როცა უჩემოდ მონაწილეობს მსგავს შეჯიბრებებში. როლაში, მისურის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში სამი წელი ვიყავი მისი გუნდის მწვრთნელი. უფრო სწორად, მის გამო დავიწყე მწვრთნელობა და შემდეგ ადგილობრივი საბავშვო სამეცნიერო ცენტრის სხვა პროგრამებშიც ჩავერთე მოხალისეობრივ საწყისებზე. მენატრებიან ის ბავშვები, მათ მიერ დაპროგრამებული რობოტის სწორი მოქმედებით გამოწვეული სიხარული თვალებს რომ უნთებდათ და მინდა, აქაც ფართოდ გავრცელდეს მსგავსი პროგრამები, რომლებიც ამჟამად მხოლოდ ათიოდე ფასიან ცენტრში და სკოლაში თუა ხელმისაწვდომი.

მერე გომბორის ავტობუსს ვხვდები − მიშას მშობლები ხორცს აგზავნიან. რაც ჩამოვედი, ნატურალურ პროდუქტებს დავდევ. თუმცა ვაღიარებ, რომ არც სოფლისაა სანდო: არავინ ამოწმებს საკვებს, პესტიციდების რაოდენობას საძოვარზე, ნაგავსაყრელის სიახლოვეს სოფელთან.

ოფისში სტუდენტები მხვდებიან, ორშაბათს გამოცდა აქვთ და შეკითხვებით მოდიან. მათი წასვლის მერე ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ დავით თარხნიშვილს ვესაუბრები ახალი კურსებისა და პროგრამების განვითარებაზე, რაზეც მუდმივად ზრუნავს თავის დაუღლელ გუნდთან ერთად. მერე ბერძენი „პოსტდოკი“, ვინჩენცო ლაგანი მოდის, Big Data-ს პროგრამაზე ვფიქრობთ. დიდ მონაცემთა ანალიზი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, ურომლისოდაც დღეს მეცნიერების ბევრი დარგი ვერ განვითარდება. კარგი იქნება, თუ კურსს შევიმუშავებთ. დასაწყისისთვის სამეცნიერო კაფეს ერთჯერად ლექციას ვგეგმავთ, ესეც მიემატება სხვა სპეციალისტებთან უკვე დაგეგმილ ლექციებს ბლოკჩეინისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ.

25 ნოემბერი, შაბათი

დღეს დიდი დღეა: ინტერნეტპორტალ mastsavlebeli.ge-ს ავტორები ორი დღით სამუშაო შეხვედრაზე მივყავართ გუდაურში. პორტალს ბევრი ავტორი ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი ერთმანეთს მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ასეთი გასვლისას ხვდება. ამიტომ ეს შეხვედრა ყოველთვის შრომატევადი და ნაყოფიერია. mastsavlebeli.ge-ზე და მის საოცარ რედაქტორზე, ნატო ინგოროყვაზე, დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო: უამრავ რთულ საქმეს ეჭიდება განათლების განვითარებისთვის. ინტერნეტპორტალის ყველაზე საინტერესო სტატიები, სხვა სტატიებთან ერთად, თავს იყრის ჟურნალში, რომელიც ყველა სკოლას ურიგდება.

ავტორებს შორის ბევრი მეგობარი და ნაცნობია. სამუშაო შეხვედრა ცოცხალი და ხმაურიანია: ნატო გვიყვება, რომელი სტატიები იყო განსაკუთრებით პოპულარული, რა საკითხებზე გვჭირდება მეტი ყურადღება, რომელი ავტორები გამოაკლდება ჟურნალს და ვინ დაემატება. შეხვედრებს შორის მხიარული ყავით შესვენება და სადილია, აზრთა გაცვლა-გამოცვლით სავსე. საღამოს ვსეირნობ, მონატრებულ ჰაერს ვსუნთქავ. გუდაურის მონატრებულ ჰაერს არა, უბრალოდ ჰაერს, რომელიც თბილისში მტვრითა და გამონაბოლქვითაა სავსე.

დაძინებამდე ჟურნალს ვამოწმებ. ორი თვეა, რაც მაღალი იმპაქტფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალის − IEEE Transactions on Electromagnetic Compatibility − ასოცირებული რედაქტორი გავხდი. თვეში სულ ხუთი-ექვსი სტატიის დაკვალიანება მიწევს, მაგრამ ესეც ძალიან საპასუხისმგებლოა. ვამოწმებ ახალმოსული სტატიის ავთენტურობას და ფრთხილად ვარჩევ შემფასებლებს: დღეს მეცნიერება სულ უფრო ვიწრო დარგებად იყოფა და მხოლოდ სტატიაში წარმოდგენილ კონკრეტულ საკითხებში გარკვეული მეცნიერი თუ შეძლებს კვლევის ავკარგიანობის და აქტუალობის შეფასებას.

ღამე იმედიანად მეძინება. ხვალ ავტორების შეხვედრა გაგრძელდება. თუკი ამდენი კარგი და ჭკვიანი ადამიანი ფიქრობს და წერს განათლების საკითხებზე, ნელ-ნელა შესაბამისი ინსტიტუციებიც განახორციელებენ საჭირო ცვლილებებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG