Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია მეტრეველი – კომუნიკაციების მენეჯერი


16 სექტემბერი, კვირა

ერთი ლექტორი მყავდა, პატარა ხრიკი გვასწავლა. წერის დაწყება თუ გიჭირთ, ცარიელ ფურცელზე თქვენ თავს დაელაპარაკეთო. ამ ლექტორმა გუშინ მთხოვა, „თავისუფლების დღიურები“ დაწერეო... მეც ვიწყებ ჩემ თავთან ლაპარაკს. ცოტა მიჭირს და მეშინია. ეს ის დღიურია, რომელსაც ვიღაც წაიკითხავს. არადა, წლების წინ იმიტომ შევწყვიტე დღიურების წერა, ჩემს ძმას რომ არ წაეკითხა...

ბათუმში ვარ. ძალიან მიხარია! მერე რა, რომ ვმუშაობ; მერე რა, რომ დღის დიდ ნაწილს ოთახში ვატარებ. სამაგიეროდ, ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტიდან. რა მაგარია, როცა კარგ ხალხს გაიცნობ, გაოცდები და კმაყოფილი დარჩები. რამდენი კარგი საქმე კეთდება და არ ვიცოდი!

ჩვენებს ველოდები. აი, ჩამოვლენ და მერე გავხალისდებით. სიხარული და ბედნიერება გაზიარებული მირჩევნია.

რა კარგია ზღვის ხმა და წიგნის კითხვა!

გიომ მოიწერა, 27-ში ჩამოვალო...

კვირაც ტრენინგებით დაიწყო, შევაჯამეთ, სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ.

მერე – ზღვა. რამხელა სივრცე და თავისუფლებაა ეს ზღვა! ვახ, რამდენი ენერგია... ისე, ბათუმელებს ხასიათში აქვთ განსხვავებული სილაღე. რაღაცნაირად თავისუფალი და ღია ხალხია... ნიჭიერი და გემოვნებიანი.

დღეს ღონისძიება გვქონდა, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ღონისძიება. სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი ბათუმში დაიხურა. მთელი საქართველო მოვიარეთ, 25 ახალგაზრდა იყო ჩართული სხვადასხვა რეგიონიდან, 20 სოციალური საწარმოს პროდუქტები იყიდებოდა. ჩვენ მიერ დაფუძნებულ სოციალურ საწარმოთა ალიანსის პირველი პროექტია. დაწყდნენ ბავშვები! არა, გარედან ვერაფერს შეამჩნევდი: გაღიმებულები, ყველა მომსვლელს მუსიკის ფონზე უხსნიდნენ, რა არის სოციალური საწარმო, რა პროდუქტებია და რატომ არიან აქ.

გარე მოვაჭრეები კონკურენტებად აღგვიქვამენ. ცოტა გვიბრაზდებიან, მოგცლიათო, ჩაგვივარდა ვაჭრობაო. ჩემებს ვერ დავტოვებდი მათთან ერთად. დავიღალე. დღე კარგად დამთავრდა, კმაყოფილები დავრჩით: გაყიდვითაც გაიყიდა საქონელი და გასართობიც საკმარისი იყო, მედიამაც გააშუქა. ახალი თვისებებიც აღმოვაჩინე კარგად ნაცნობ ხალხში. კარგი, რა თქმა უნდა.

დაღამდა...

თავისუფლების დღიურები - ნათია მეტრეველი
please wait

No media source currently available

0:00 0:11:15 0:00

17 სექტემბერი, ორშაბათი

ბათუმიდან ვბრუნდები, დაღლილი ვარ, ამ ზაფხულს ვერ დავისვენე. გზა გრძელია, ფიქრის დრო მრჩება. სახლს უნდა დავხედო. რა კარგია, რომ კარგი ხელოსანი შეგვხვდა! საოცარი გამონათქვამები აქვს, „ფილოსოფიური“.წინა კვირას მივედით და სახლში ხარაჩოები დაგვახვედრა. გავიკვირვეთ. ასეა, დილით ადრე თუ ადგები, მშენებლობაზე ყველაფერს იშოვი, თუ არადა, გვიან მოსულს, არაფერი გამოგივაო.

ღმერთო, დილით ადრე ადგომის თავი მომეცი!

გასულ დღეებს ვუბრუნდები. მოკლედ, კარგი ვიზიტი იყო და კმაყოფილი ვბრუნდები.

ხვალინდელ გეგმებს ვაწყობ. სამსახურში მივალ, დღის მეორე ნახევარში სამეგრელოსკენ წავალთ. ეს გზა ხვალ უკან უნდა გამოვიარო.

ერთი რამე მახარებს: გზადაგზა ბევრ ძალიან კარგ და საინტერესო ადამიანს ვხვდები, მერე ვუმეგობრდები და ეს რაღაცნაირად ძალებს მმატებს.

ფანჯრიდან ვიყურები. ჯერ ისევ მწვანეა ფოთლები. დაღლილი ჩამოვდივარ, მგზავრობა არ მიყვარს. მაინც სულ გზაში ვარ და სადღაც მეჩქარება...

დედაჩემი მელოდება. ვერც ველაპარაკები წესიერად, მეძინება ძალიან. ბებიაჩემს ვურეკავ, ჩამოვედი-მეთქი. გენაცვალოს ბებოო, დავიძინებ მაშინო. ო, რა ტკბილია „ეს გენაცვალოს ბებო“!

18 სექტემბერი, სამშაბათი

დილიდან სახლის სანახავად გავრბივარ, დათო უნდა დამხვდეს იქ. გზაში ნაყიდს ყავას აივანზე ვსვამთ. ვგეგმავთ, რემონტის შემდეგი ეტაპი რა იქნება. ერთი კვირაა, არ მინახავს. აქედან გავალთ, მე სამეგრელოში წავალ, დათო – უკრაინაში. ერთი კვირა ვეღარ ვნახავ. მენატრება სულ.

გამოვედით ოფისიდან, სახლში გავიარე ჩანთის ასაღებად, დავიძარით. „სმარტში“ ტრადიციულად ყავას ვიღებთ, გზას ვაგრძელებთ. ქარის გენერატორები გვხვდება, თანამშრომელი მეუბნება (თან კვდება სიცილით): ხმები დადის, ბიძინამ ეს იმიტომ გააკეთა, აქ ინახავს ბიტკოინებს და ამით აგრილებსო... რამ გაგვაფუჭა?!

გზა გადატვირთულია, მზე ჩავიდა, ზღვას ვერ ჩავუსწარით. აქვე კი არის, მაგრამ აღარ ჩანს. დავბინავდით სასტუმროში. ხვალ ჩვენი ქალები ჩამოვლენ, ნარჩევი ქალები კახეთიდან. ძლიერები არიან, ძალიან ძლიერები. ბევრ საქმეს აკეთებენ, ბოლომდე იხარჯებიან, ბევრსაც თმობენ.

19 სექტემბერი, ოთხშაბათი

ჩამოვიდნენ, საუზმეზე ვნახულობ. ერთმანეთს ვკითხულობთ. სითბო მოაქვთ თან, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული.

ჩვენი ცენტრის თემის განვითარების პროექტში ჩართული ქალების სასწავლო ვიზიტი სამეგრელოში დაიწყო.

ამბებს ჰყვებიან, ძალიან უჭირს ხალხს. ხშირად ჩემ თავში ვიხარშები და მავიწყდება ან საერთოდ არ ვიცი, როგორ ცხოვრობენ გარეთ, თბილისის გარეთ. ვუსმენ, ვუყურებ და მეამაყება. ყველას თავისი ისტორია აქვს, თავისი ენერგეტიკა.

14 სათემო ცენტრია კახეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ 14 სოფელში ქალები ძალიან მაგრები არიან. სულ ცოტა, 14 ადგილია კახეთში, სადაც მიხვალ და რამე ახალს გაიგებ და ისწავლი, სადაც მოგისმენენ და დაგეხმარებიან; სადაც ბავშვებს არაფორმალური განათლების მიღების და ერთმანეთის ნახვის საშუალება აქვთ.

პროექტს წერს, შემოაქვს, ვაფინანსებთ. და რა – ერთი ოთახის გარემონტებას თუ ვახერხებთ სრულყოფილად. კი, ამ სივრცეში მერე ჯადოსნური ამბები ხდება, ბევრი ვინმეს ცხოვრებას ცვლის, მაგრამ შენობის ნაწილი დანგრეულია მაინც. სისტემურად არაფერი იცვლება.

რეკავს რადიო „ათინათი“, ინტერვიუ უნდათ. პროექტი აინტერესებთ. თაკო ეუბნება: „ჩვენ პეპლებს ვგავართ, ამ გარემოში ბევრს ვცდილობთ, მაგრამ თითქოს არ ვჩანვართ. აი, ერთად რომ ვიკრიბებით, უფრო ძლიერად ვიქნევთ ამ ფრთებს, ასე მგონია, ქარიშხალსაც გამოვიწვევთ.“ ისე, ყველა ქარიშხალს ქალის სახელი ქვია...

ქარიშხალი მაია

ერთი ქალია, მაია, სოფელ არბოშიკიდან. ჯერ იყო და, თბილისში ჩამოვიდა ჩვენთან შესახვედრად და გზაში საფულე ამოაცალეს. მერე პროექტისთვის საყიდლებზე წავიდა, რემონტი კეთდება არბოშიკის ერთ შენობაში, სულ მალე იქ ბავშვები შეიკრიბებიან, გარემო სუფთა და ლამაზი იქნება. ჰოდა, მასალის საყიდლად რომ იყო ელიავაზე, იქ ფეხი მოიტეხა. ჩასულები რომ ვიყავით, ორი ყავარჯნით დადიოდა, ყველგან შემოგვყვა, ბედნიერი თვალები ჰქონდა, მაინც გააკეთა, მაინც მოახერხა. ოთახი ოთახს დაამსგავსა, მალე აქ ფილმებსაც გავუშვებთ და ბავშვები მოვლენო. ჰოდა აი, ეს ქალი, ახლა შეხვეული ფეხით და უკვე ერთი ყავარჯნით, სამეგრელოშია. რაღაცნაირად განსაკუთრებულად მომწონს, ძალიან თავისებური და დაუღალავია.

ქარიშხალი ნაზი

ნაზი ქისტია, გარეგნობასთან შეუფერებლად ძლიერი. თხელი, სიფრიფანა გოგოა. დაინახავ და მაშინვე პატივისცემით განგაწყობს. ახლა ბევრ რამეს აკეთებს ერთდროულად: პანკისის რადიოში წამყვანია, თემის განვითარების პროექტში ჩაერთო. და მაინც Nazi’s Guesthouse-ი ყველამ იცის, ვინც კი პანკისში ერთხელ მაინც ყოფილა. თბილისში კარგად იყო, მაგრამ პანკისში დაბრუნება არჩია.

ქარიშხალი გვანცა

გვანცა ნამდვილი კოლხია, ენერგიული, დიპლომატიური და თბილი. ოთხი წელია, პროექტშია, ოთხი წელია, უსასყიდლოდ იბრძვის, რომ სოფელში ბავშვებს ბიბლიოთეკა ჰქონდეთ, ახალი წიგნები იყიდოს და კომპიუტერიც დაახვედროს. პროექტს თუ წერს, ბავშვებს ეკითხება, რა აინტერესებთ, რის სწავლა ან გაკეთება უნდათ. ახლა სოფლის შემოსასვლელ გზაზე ნაგავს არავინ ყრის, საქარე ზოლი მოწესრიგებულია, ულამაზესი გზა შედის თორსაში – სამკილომეტრიანი ნაძვნარი. ცოტა ხანში პატარა აუზიც ექნებათ. მოხალისეები გააკეთებენ.

ასეთი ქარიშხალია ყველა...

ასეთ მაგარ რაღაცებს აკეთებენ.

20 სექტემბერი, ხუთშაბათი

ზღვაში ვიცურავეთ, ბევრი პირველად იყო სამეგრელოში. მგონი, ზოგმა ზღვაც პირველად ნახა.

ორ დღეში ოთხი თემი ვნახეთ: ჯვარი, ხაბუმე, მუხურა, თორსა. „ათინათის“ ოფისში ვიყავით (ჩვენი ცენტრის ძველი პარტნიორია სამეგრელოში), დადიანების სასახლე ვნახეთ.

ხაბუმეში მაგნოლია იყო, სკოლის ეზოში. ლეგენდა ყოფილა, სიყვარულის მფარველიაო, ხელი უნდა დაადო და სურვილი ჩაიფიქროო. ყველა მივიდა, ხელი დაადო, თვალები ჰქონდათ დახუჭული. ყველაფერი აგისრულდებათ!

მამაჩემი მირეკავს, ჩემს ამბავს კითხულობს. ვერ ვნახე რამდენი ხანია. ან ის არ არის თბილისში, ან მე.

ბოლოს თორსაში წავედით, მეგრული სტუმართმოყვარეობით დამთავრდა ყველაფერი, გვანცას ოჯახმა, რაც შეეძლო და არ შეეძლო, გააკეთა. ელარჯის ქვაბი „ფეჩზე“ თუხთუხებდა, ყველამ ჩავზილეთ, ფოტოებს ვიღებდით. მოკლედ, ყველაფერი იყო, ყველაფერი – მეგრული.

არსად ასეთი მოვლილი ეზო არ არის, როგორიც სამეგრელოში. მოვლილი, სწორი ეზო და ორსართულიანი სახლები, ძალიან ლამაზია.

დავემშვიდობეთ ერთმანეთს, იყო მადლობა და მადლიერება...

ისევ გზა თბილისამდე.

ლამაზია, მაგრამ... აი, სულ რაღაც „მაგრამ“! რაღაც ძალიან ფუნდამენტური გვაქვს შესაცვლელი. რა და როგორ, ვერ ვხვდები. გზაში ქალაქებს რომ ვუყურებ ასეთ უსიცოცხლოს და ნაცრისფერს, მიტოვებული შენობებითა და ქარხნებით, ძალიან მეცოდება მაშინ ყველა: მომავალი თაობა და ასაკოვანი ხალხი, და ჩემი თავიც. ნეტა, რა არის ასეთი მოუგვარებელი ამ ქვეყანაში, ვისი მხრიდან სჭირდება მეტი ძალისხმევა – საზოგადოების მხრიდან თუ ხელისუფლების? მგონი, უფრო საზოგადოება სცოდავს.

გვიან ჩამოვედით თბილისში. რატომღაც სახლში უფრო მალე ბრუნდები, უკანა გზა უფრო მოკლეა.

22 სექტემბერი, პარასკევი

დილით ადრე გავიღვიძე, დღეს კონფერენციაა, საერთაშორისო. გრძელი სახელი ჰქვია: „სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ“. ექვსი უცხოელი ექსპერტია ჩამოსული. ჩვენებიც გამოდიან: პარლამენტიდან, ადგილობრივი ორგანიზაციებიდან. ბევრი სოციალური საწარმო გაჩნდა, ყველას სხვადასხვა სოციალური მიზანი აქვს. ზოგი გარემოს იცავს, ზოგიც მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას ცდილობს. იქნებ ამდენი ძალისხმევა შედეგით დასრულდეს და განისაზღვროს კანონით, რას ნიშნავს სოციალური მეწარმეობა.

დღე მთავრდება. მთავრდება კვირაც.

ბევრი საქმე გროვდება. CSR-ი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობაა, კონკურს ვგეგმავთ კომპანიებისთვის.

დიახ, ჩვენი ბიზნესის ნაწილიც ცდილობს, იყოს პასუხისმგებელი. განსაკუთრებით კარგი გოგოები და ბიჭები არიან CSR-მენეჯერები.

იქნება პრო ბონო მარათონი, გლობალური პრო ბონო, რომელიც ყოველთვის ოქტომბრის ბოლო კვირას იგეგმება. საქართველო ამ მარათონით უერთდება მსოფლიოს. ჩვენებიც ეხმარებიან უსასყიდლოდ იმათ, ვისაც მათი დახმარება სჭირდება. პრო ბონოც ხომ ამას ნიშნავს: გასცე შენი ინტელექტუალური რესურსი უსასყიდლოდ.

ბევრი საქმეა, ბევრი... ვერაფერს ვასწრებ, ასე მგონია.

დათო დღეს მოფრინავს კიევიდან, იქნებ ხვალ მაინც ვნახო. ჩვენმა ხელოსანმა „საშინაო დავალება“ მოგვცა: მასალა გვაქვს საყიდელი. ამ კვირაში ვერაფერი მოვახერხეთ.

ორშაბათისთვის ლექცია მაქვს მოსამზადებელი.

საღამოს ჩემი გოგოები ვნახე. სულ ჩემთან მინდა იყვნენ. ცოტა ვისეირნეთ, ბევრი ვილაპარაკეთ შვილებზე, ქმრებზე, შეყვარებულებზე, ოჯახზე, წიგნებზე. წიგნებს ვცვლით, ვკითხულობთ, მერე ვლაპარაკობთ.

23 სექტემბერი, შაბათი

ბებიაჩემთან მივდივართ. ცალკე ცხოვრობს. „არც სხვას ვაწუხებ, არც სხვა მაწუხებს“ – ასე ამბობს. შაბათობით მივდივართ ყველა ერთად,ჩემი ძმა ოჯახით, ბიძაჩემი, ჩემი ბიძაშვილი ოჯახით, ბავშვები, კარგი ბავშვები. ყველა ერთად ვართ, ყველას ჩვენი საყვარელი საჭმელი გვხვდება, ყველას ჩვენი წილი სიყვარული.

აქ ვგრძნობ, რისთვისაც ღირს ცხოვრება.

თავისუფლების დღიურები

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:11:18 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG