Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსუდან გიგაშვილი − აგროკონსულტანტი


27 აგვისტო, კვირა

დღეს დიდი დღეა.ჯერ ერთი იმიტომ, რომ „თავისუფლების დღიურების“ წერას ვიწყებ − მეც ჩავები ყველა დროის ყველაზე საჭირო რადიოს ბლოგერობის ფერხულში! − და, მეორეც, დღეს ჩემი ნიკოლოზი ოთხი წლის გახდა. ჰოდა, ორმაგი ემოცია და გაწამაწია მაქვს. ბედი ჩემი, რომ კვირაა და სამსახურში წასვლა არ მიწევს, თუმცა, ფერმერთა მსახურებაში მყოფს, შაბათი და კვირაც გადადებული უნდა გქონდეს.

8 საათი ახალი შესრულებული იყო, რომ შეწუხებული ხმით დამირეკა მესაქონლე ფერმერმა (ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ოხვამეკარიდან, ჩემს კამეჩებს ყელი დაუსივდათ, სიცხე აქვთ, აღარ ჭამენ, რომ დამეხოცონ, დამრჩება ოჯახი მშიერიო, თქვენი ნომერი მომცეს, რით შეგიძლიათ დამეხმაროთო? ვეტერინარი მოვკითხე, ჩვენს სიახლოვეს ვეტექიმი არ არისო. ის კი არა, მთელს სამეგრელოში თითზე ჩამოსათვლელები არიან და ჩემთვის ვინ მოიცლისო. სასწრაფოდ გადავამისამართე მიხეილ ჭიჭაყუასთან, ჩვენს ვეტერინართან. უსათუოდ დაგეხმარებათ, არ ინერვიულოთ-მეთქი, დავამშვიდე. აბა, ჩვენს კონსულტანტებთანაა, თუა შემოტევები, დღეში თითო სპეციალისტი 70-80 კონსულტაციას გასცემს. თან როგორი პასუხისმგებლობაა საჭირო, ფერმერის უკან მისი ოჯახია, ჯაფით შექმნილი მეურნეობაა და მცირე უზუსტობაც არ ეგების. ამიტომაც, ჩვენი თითოეული რჩევის მიღმა წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილებაა, სხვაგვარად ფერმერის ნდობას ვერ მოიპოვებ.

ჩვენი კონსულტანტებისა და რჩევების თემა იქით იყოს და როდემდე უნდა იყოს სოფელი უვეტერინაროდ? მედიცინა კურნავს ადამიანს, ვეტერინარია კი კაცობრიობასო, ნათქვამია. ჰოდა, ამაზე თუ არ ვიფიქრეთ, არაფერი გამოვა. არც სურსათის უვნებლობის ხმაურიანი კანონები იქნება ეფექტიანი. ამ პროფესიას ახალგაზრდებში მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, ახალი სისხლი და მეტი ენთუზიაზმია საჭირო ამ დარგში, თორემ 60 წელს გადაცილებული კანტი-კუნტად შემორჩენილი ვეტერინარები ვეღარც სიახლეებს ითვისებენ და ვეღარც საქმეს აუდიან. არადა, ბევრი ახალგაზრდა ვიცი ამ დარგში წარმატებულიც და შემოსავლიანიც, თან სოფელს თუ ემსახურება, ხომ ყველაზე დაფასებულია.

მახსენდება თაროზე შემოდებული კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებაზე, რომლითაც ვეტერინარია ისევ რეგულირებადი დარგი უნდა გახდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუკი აქამდე მხოლოდ მეცხოველე სპეციალისტებს ვუშვებდით, ამ კანონს მზის შუქი რომ ეღირსება, ვეტერინარებს გამოვუშვებთ. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ეს მომავლის პერსპექტივაა და იქამდე რას ვუპირებთ სოფლის ამ საჭიროებას?

ისე კი საოცარი ერი ვართ, მინისტრებიდან მოყოლებული ყველა გავიძახით, კოლეჯებს პრესტიჟი შევძინოთ, ახალგაზრდები დავაინტერესოთო. ჩვენც ჩავებით ამ ალიაქოთში და ბევრი ახალგაზრდა გადავამისამართეთ კოლეჯისკენ. ა, ბატონო, შედეგიც: წელს კაჭრეთის პროფესიულმა კოლეჯმა ვეტერინარებისთვის ფასიანი ფაკულტეტიც კი დაამატა, მაგრამ სად წავიყვანოთ ახლა ეს ხალხი? კოლეჯდამთავრებულთა დასაქმებისთვის რაიმე მექანიზმები იქმნება? რაღაც ვერ ვგრძნობ ჩვენს დარგში. მაგალითად, ვეტერინარიის სპეციალისტებს კოლეჯის მიერ გაცემული დიპლომი უფლებამოსილებას ანიჭებს, დასაქმდენენ ვეტაფთიაქში, მაგრამ ვეტაფთიაქების შესახებ კანონმდებლობა ვერ ასაქმებს − უმაღლესი განათლების ვეტერინარი უნდა იყოსო. ანუ ერთი კანონით ადამიანს უფლებას ვანიჭებთ, მეორით − ვართმევთ. არადა, მაინც არ მესმის, რატომ არ შეიძლება პროფესიულკოლეჯდამთავრებულმა იმუშაოს ვეტაფთიაქში? რა უნდა ვეტერინარს ვეტაფთიაქში? ველზე ვინღა იქნება? მით უფრო, რომ ველზე გასაშვებიც არ გვყავს. ჰოდა, ვიყოთ ასე კუდზე ყავარგადებულები და ვიძახოთ მერე, დაავადებები მომრავლდა, მეცხოველეობა არაპროდუქტიულიაო და სხვა. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ, თორემ ბევრი რეფორმა დაგვრჩება ფასადებად.

ჰო მართლა, ოხვამეკარელი ფერმერის კამეჩებს პასტერელოზი ჰქონიათ და მიხეილის მკურნალობის სქემით მშვენივრად გრძნობენ თავს, თუმცა, უვეტერინარობას ნამდვილად განიცდიან.

თავისუფლების დღიურები - რუსუდან გიგაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:17:48 0:00

28 აგვისტო, ორშაბათი

დღეს მარიამობაა. მოგონებები, რომლებიც ბავშვობაში მაბრუნებს. ბებია-პაპას ამ დღეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრების მოლოცვის ტრადიცია ჰქონდათ. უფრო სწორად, „საკლავისა და შესაწირის ატანის“. ასეთი იყო მაშინ „მოლოცვის“ გაგება. მართალია, ეს სისხლი და მსხვერპლშეწირვა იმთავითვე არ მომწონდა და ვაპროტესტებდი, მაგრამ ბავშვის აზრი აბა, რა ჭკუაში ჩასაგდები იყო?! მთელ ამ აურზაურს ერთი ხიბლი ჰქონდა: სანათესაოს და სამეზობლოს ბავშვები ვიკრიბებოდით და ეს დღე ამიტომ მიყვარდა. დღეს სხვაგვარად მიყვარს ეს დღე. ჩემი მარიამობის დილა ტაძრით იწყება. ოღონდ უსისხლო მსხვერპლშეწირვით.

დღეს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში მომიწია ჩასვლა. ეს საქმე მათ კეთილდღეობას შეეხებოდა, მაგრამ გაწბილებული და გულნატკენი კი დავბრუნდი. როცა ჯანღონით სავსე, ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანები ხელში შემოგყურებენ, უნდათ, ყველაფერი სხვისი ხელით გააკეთონ, ენთუზიაზმი იქვე კვდება.გაზარმაცებულია დღეს ფერმერი, რაშიც სახელმწიფომაც შეიტანა წვლილი.

2013 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო პროგრამები ხომ გლეხის გაცუღლუტებასა და უქნარობას უწყობს ხელს. ბოლო ათი წელია, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში არ შეცვლილა, არადა 1,5 მილიარდი ლარი კი დავხარჯეთ.

თუმცა, არიან ფერმერები, რომლებსაც შეუძლიათ დარგის წინსვლაში მართლაც შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი, მხოლოდ მცირედი და სწორი დახმარებებით. ქარელში ერთი ფერმერია, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ათ ჰექტრამდე მიწას ამუშავებს. დღეს მარიამობა მომილოცა. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. წლებია, მუხლჩაუხრელად ვშრომობ და არც ერთი კულტურა არ არის რენტაბელური, მხოლოდ კენკროვნებს არ ვუჩივი ბოლო 2-3 წელიო, აპირებს მასობრივად გადაერთოს კენკროვნებზე. თუმცა, ახლა შიშობს, რომ მის ირგვლივ ბევრი ფიქრობს ასე და ქაოსური გადაწყვეტილებებით კენკროვნებმაც ატმის ბედი არ გაიზიარონო. მასავით ბევრი ფერმერია, რომელიც სახელმწიფოსგან მხოლოდ რეალურ ანალიტიკურ ინფორმაციას ითხოვს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებობს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი, რომელიც, წესით, უნდა მუშაობდეს დარგობრივი პრობლემების იდენტიფიცირებასა და სამოქმედო გეგმებზე, ანალიტიკასა და კვლევაზე, შეფასებებსა და რეკომენდაციებზე. თუმცა, უნდა...

საერთოდ, კი ისეთი მოუქნელი და უცნაური სტრუქტურის სამინისტრო გვაქვს, ბევრი ვერ დაიკვეხნის! სახელმწიფოს, რომელსაც პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული სოფლის მეურნეობა, შესაბამის სამინისტროში 12-დან მხოლოდ სამი პროფილური დეპარტამენტი აქვს. დანარჩენი − მხარდამჭერები. და იმ სამიდან რომელი როგორ მუშაობს, ქარელელ ფერმერს ჰკითხეთ, კულტურათა ჩანაცვლების საკითხი რომ ვერ გადაუჭრია. ან იმას, ატამი რომ წყალს გაატანა და საკუთარი პროტესტი და ემოცია ასე გამოხატა. ან კიდევ, ბოლნისელ ფერმერს, შარშან ორი ტონა საადრეო კარტოფილი რომ ჩაყარა მდინარეში და მერე ოჯახის წევრებმა ბაწრიდან რომ ჩამოხსნეს.

ისე კი ეს საადრეო კარტოფილისა და ბოსტნეულის თემა ფერმერებში დიდ მღელვარებას იწვევს. როდემდე უნდა გვახრჩოს თუნდაც თურქეთიდან დემპინგურ ფასად შემოსულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ? რა გახდა ადგილობრივი ბაზრის დაცვითი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის მიღება? პროექტი გვაქვს! ვაშა! მაგრამ ეგეც რომ დაგვიობდა პარლამენტის კომიტეტის თაროზე?

ერთი წლის წინ ამერიკაში, მისურის შტატში, შევხვდით წარმომადგენლობითი პალატის წევრს, აგრარული კომიტეტის წარმომადგენელსა და ყოფილ ფერმერს ბილ რეიბოლდს, რომელიც შვიდი წელია, საკანონმდებლო ორგანოში ფერმერთა ინტერესებს იცავს. მის სახელს უკავშირდება რევოლუციური ცვლილებები ფერმერთა უფლებების დაცვის კუთხით. დროის 85%-ს ის სწორედ ფერმერებთან ურთიერთობასა და პრობლემების იდენტიფიცირებას უთმობს, ამიტომაც აირჩიეს მეორე ვადით. ფერმერთა პრობლემები მას ქვემოდან ზემოთ მიაქვს.

სადაც გლეხის მაჯისცემა ესმით, იქ აგრარული ცხოვრების ბორბალიც სხვაგვარად ტრიალებს.

29 აგვისტო, სამშაბათი

დილიდან მეფრინველე ფერმერები მოვიდნენ გამარჯვებიდან. იაფი სესხის პროექტის ფარგლებში 2014 წელს მეფრინველეობის ფერმა მოაწყეს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ახლა ფრინველის ხორცის რეალიზებას ვერ ახდენენ, თქვენი სასაკლაო საკანონმდებლო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) საწარმოო სისტემა გჭირდებათო. რაო?! ეგ რა არისო? აქამდე რატომ არაფერი მსმენიაო? რა დროს HACCP-ია, ბიზნესი გვიკვდება და ბანკის ვალსაც ვეღარ ვიხდითო. არადა, თავის დროზე, როცა სესხს იღებდნენ, მათთვის არავის უთქვამს, რომ, თუ სასაკლაოს ახალი სტანდარტების მიხედვით არ მოაწყობდნენ, ბაზარზე ოპერირებას ვეღარ შეძლებდნენ. ბანკმაც რა კრიტერიუმებით შეაფასა ბიზნესის მდგრადობა,კაცმა არ იცის. ისე კი, ასეთი სასაკლაო საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მსხვილ კომპანიას აქვს, რომლებიც მცირე და საშუალო ფერმერებს არ (ან ვერ) ემსახურება. ფრინველის დაკვლაზე მოსაკრებელი დაწესდაო, იყო ერთი აჟიოტაჟი. ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო, ასეა ეს საქმეც. სასაკლაოები გვაქვს? არა! აბა, მოსაკრებლისთვის ჯერ ვის სცალია, სასაკალოები მოგვაშველეთ, სასაკლაოები! თუ კანონები მარტო მსხვილი მწარმოებლებისთვის იწერება?

როცა სადღაც მავანი კანონმდებლობას ქმნის, ხელს აწერს, აამოქმედებს, დაფინანსებას გასცემს სოფლის მეურნეობაში ისე, რომ აზრზე არ არის, დარგში რა კანონებია, ინფორმაცია სამიზნე ჯგუფამდე უნდა მიიტანოს და არ მიაქვს, ევალება მონიტორინგის განხორციელება, პრობლემების იდენტიფიცირება, დასახული გეგმის მხარდამჭერი მექანიზმების შექმნა, და არ აკეთებს; როცა სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად არ მუშაობენ და კიდევ ბევრი რამ... რა ჰქვია ამას?! უპასუხისმგებლობა? გულგრილობა? გადამხდელის გადასახადების არაეფექტიანი ხარჯვა? არაკომპეტენტურობა? ვის უნდა მოეკითხოს პასუხი?! იქნებ ფერმერს? მხოლოდ იმისთვის დავსაჯოთ, რომ დადგენილ წესს ვერ ასრულებს, რომ ინფორმაცია არ აქვს, რომ ფინანსებზე ხელი არ მიუწვდება...

როცა ქვეყანაში მეხორცული მეფრინველეობის დარგის გადარჩენის სერიოზული პრობლემა დგას, როცა ქათმის ხორცის იმპორტმა კატასტროფულად მოიმატა, როცა დარგში დასაქმებულთა რიცხვი განახევრდა, როცა კონკრეტული მსხვილი მწარმოებელი ძლიერდება და დარგის მონოპოლიზაციისკენ მიდვივართ, როცა ოჯახური მეურნეობები შველას ითხოვენ, სახელმწიფოს, სულ ცოტა, დარგის გადარჩენისა და განვითარების ხედვა მაინც უნდა ჰქონდეს.

გაერთიანდნენ და თავად მოძებნონ გზებიო, ამბობენ იქ, „ზემოთ“. ბევრი გაერთიანდა კიდეც, და მერე? ან შინ წავიდა, ან იატაკქვეშეთში. რატომ? იმიტომ, რომ საგადასახადო კუთხით, როგორც კი საშეღავათო ნიშნულს ასცდა, მაშინვე დღგ დაახვედრეს. ამან კი მნიშვნელოვნად გააძვირა პროდუქტი და მან ვერ გაუძლო ბაზარზე მოთამაშე მსხვილი კომპანიების კონკურენციას. ახლა, თუ სასაკლაოს მოსაკრებელი დაემატა, ხომ კიდევ უარესი!

საოცარი ერი ვართ-მეთქი, ვამბობდი, და აი, კიდევ ერთი დასტური: ადგილობრივი წარმოების კვერცხი და ქათამი ერთადერთი პროდუქტია, რომელიც დღგ-ით იბეგრება.

რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე დღგ-ის თემა ვიწრო ჯგუფის ინტერესით და ლობირებით დაწესდა. დარგი ჯერ გაიყინა, მერე უკან წავიდა. ბევრი წერილი გამიგზავნია ამ თემაზე და ბოლოს მითხრეს, აზრი არ აქვს, ახლა ლობი წელიწადში 60-მილიონდოლარიან იმპორტიორებს ჰყავთ და სადავეებს ეგრე იოლად არ გაუშვებენ ხელიდანო.

იქნებ, ერთი ჯანსაღი ლობი ჩვენს ფერმერებსაც გამოუჩნდეთ იქ, „ზემოთ“, ვინმე ბილ რეიბოლდისნაირი.

30 აგვისტო, ოთხშაბათი

დღეს სამ ადგილას სამ სხვადასხვა ტრენინგს ვატარებთ: ჩვენი აგრონომი ნინო ჭიორელი კარალეთელ ფერმერებს ხეხილის ბაღებში ირიგაციის თანამედროვე სისტემებზე ესაუბრება; დავით ბოსტაშვილი, ჩვენი კონსულტანტი და ვეტერინარი, ცხოველთა კვების ახალ ტექნოლოგიებს აცნობს ლაგოდეხში ცხოველთა საკვების მწარმოებელ კომპანიებს; ჩვენი კომუნიკაციების მენეჯერი თეონა ნოზაძე კი თელავის სოფელ ფშაველში აგრომარკეტინგის საკითხებზე უორკშოპს უტარებს მეწარმეებს.

ცოდნაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 138 ტრენინგი და უორკშოპი ჩავატარეთ. კიდევ უფრო მახარებს, რომ ჩვენი სპეციალისტები ახალგაზრდები არიან, ენთუზიაზმითა და შემართებით სავსე. მართლა ქვეყნისა და დარგის გულშემატკივრები. სხვაგვარად, ალბათ, ერთადაც ვერ ვიმუშავებდით, ვერც ფერმერების ნდობას მოვიპოვებდით და ვერც ტრენინგები გამოგვივიდოდა შედეგიანი.

სექტემბრიდან ვებინარებსაც განვაახლებთ. ბოლო ერთი წელია, ეს ახალი ხილი შემოვიტანეთ ჩვენს დარგში და ბევრი მიმდევარიც გამოგვიჩნდა. დისტანციური სწავლება ყველაზე ეფექტიანი, მგონი,სოფლის მეურნეობაშია. ზიხარ შენთვის ფერმაში, მინდორში, სმარტფონის საშუალებით ეცნობი სიახლეებს, იღებ რჩევებს, სვამ კითხვებს... თუმცა, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გამო ეს ეფექტიანობა იკარგება.

ყველა კვლევის მიხედვით პირველ ადგილზე სწორედ განათლების დეფიციტია, განსაკუთრებული სიმწვავით ეს ჩვენს დარგში იგრძნობა. რამდენად გონივრული იყო ინფორმაციით შეუიარაღებელ, საკუთარ საქმეში ჩაუხედავ სეგმენტში 1,5 მილიარდის დახარჯვა, ეს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზეც კარგად ჩანს.

როგორც კერძო ექსტენცია, ძალისხმევას არ ვიშურებთ ფერმერთა განვითარებისთვის, თუმცა, ცხადია, ეს ქვეყანაში ამინდს ვერ შექმნის. გვაქვს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომელთა რეფორმირებაც ისე გაჭიანურდა, იქნებ ჩემი შვილიშვილები მაინც მოესწრონ რამეს.

31 აგვისტო, ხუთშაბათი

სეზონის ბოლო დღეა. ჩვენს ანალიტიკოს ლიკა ჭიჭაყუასთან ერთად შევუდექი პრობლემების ანალიზს. ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რძის სექტორში არსებული პრობლემების სიმწვავე: ნედლი რძის დეფიციტი, მდარე ხარისხის რძის ფხვნილი, არალეგალური ბიზნესი და გაუკონტროლებელი ბაზარი, დაავადებები და ჰიგიენა...

სულ ახლახან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც მკაცრად ემიჯნება ერთმანეთს ფხვნილისგან და ნედლი რძისგან წარმოებული პროდუქცია. ეტიკეტზეც შესაბამისი ჩანაწერები უნდა იყოს. აქეთ ტრანსცხიმების შესახებ ამოქმედდა კანონმდებლობა. კეთილი და პატიოსანი. ამ დღეს ველოდით. მოკლედ, შეიძლება მომხმარებელი ერთი შეხედვით დამშვიდდეს, რომ უვნებლობის მხრივ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგმულია. თუმცა,ერთია კანონში ჩანაწერი და მეორეა ის, თუ რამდენად არსებობს ამ მოთხოვნის აღსრულების მექანიზმები?

არიან მწარმოებლები, ფხვნილისგან დამზადებულ ყველს ნედლი რძის ეტიკეტს რომ ადებენ. ცხადია, აქ არაკეთილსინდისიერ მეწარმეებთან გვაქვს საქმე, მაგრამ რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო? ვერაფერს. თურმე, ლაბორატორიულად ვერ ვადგენთ, ფხვნილისგან არის წარმოებული იგივე ყველი თუ ნედლი რძისგან.

მიკვლევადობაზე რა გვეშველება, არ ვიცი. ამას წინათ მარიამ ტაკაშვილმა, ჩვენი ფეისბუკის გვერდისა და ვებსაიტის ადმინისტრატორმა, მომაწოდა ახალი ამბავი, რომ „უოლმარტმა“ დანერგა სურსათის წარმომავლობის მიკვლევადობის ელექტრონული სისტემა და პროცესი, რომელსაც ერთ დროს კვირები სჭირდებოდა, სისტემის დახმარებით 2,2 წამში შეიძლება განხორციელდეს. პროდუქტების მიკვლევადობა ხორციელდება ელექტონულად, „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგიის, მონაცემთა ელექტრონული სისტემის დახმარებით.

ეს „უოლმარტი“ და განვითარებული ქვეყნები. აი, ჩვენთან კი ჯერ კიდევ იმას ვითვლით, რამდენი პირუტყვი გვყავს. ვითვლით, ვითვლით... აგერ უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, ვითვლით, რაშიც საბიუჯეტო თანხებიც ვხარჯეთ და დონორების ფულიც. მერე მივხვდით, რომ თურმე არასწორად ვითვლიდით და სულ რაღაც ორი თვის წინ გვამცნეს, რომ მიკვლევადობის ახალი პროგრამის სტატეგიაზე მუშაობენ და გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩენილა. ჰოდა, იმავე ყველის შემთხვევაში, ვიდრე პირველადი პროდუქტის მწარმოებელი არ იქნება მიკვლეული, ვიდრე არ შეფასდება ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამების ეფექტიანობა, არ ვიცი, რამდენად გაამართლებს საბოლოო პროდუქტის უვნებლობასთან დაკავშირებული წესები. მგონი, რაღაც ახალ ველოსიპედს იგონებენ და არ გვიმხელენ.

ხელისუფლებაში ძალიან ხიბლავთ ზღაპრის ეპიზოდები, პერსონაჟები, და ეგებ ვინმემ ჯადოსნური ჯოხიც მოგვაშველოს და ქვეყანა ერთი ნახტომებით გადაიყვანოს სურსათის უვნებლობის ევროპულ სტანდარტებზე? ვისაც ამ ზღაპრის სჯერა, დაე, სჯეროდეს, მაგრამ მე ჩვენი მეგობრისა და მეტად კვალიფიციური სპეციალისტის, ჰასპის საერთაშორისო ინსპექტორის, ჯეფ კრონენბერგის შეფასების უფრო მჯერა. ის რამდენიმეჯერ იყო საქართველოში, კარგად შეისწავლა ვითარება და მითხრა: საუკეთესო შემთხვევაში, თუ გააზრებული ნაბიჯებით ივლით, ათია წელი მაინც დაგჭირდებათო.

1 სექტემბერი, პარასკევი

მთელი წელი ისეთი ტემპით ვმუშაობდი, მეგობრები მეხუმრებოდნენ, შენზე ერთ კარგ თრილერს გადაიღებდა კაციო. დასვენება კი მჭირდება, მაგრამ დაგეგმილ-დალაგებულ-დავარცხნილი არაფერი გამომდის. არ გამოდის ეს დაგეგმილი ბედნიერება და რა ვქნა? საზამთროდ შენახული კონსერვივითაა − ან ივარგებს ან არა. ამიტომ ჯერ კიდევ არ ვიცი, როდის და სად უნდა დავისვენო.

დღეს მესაქონლე ფერმერი იყო ნორიოდან, კაკო ქავთარაძე. წლებია, წერილს წერილზე აგზავნის შესაბამის სტრუქტურებში და უშედეგოდ ითხოვს მისი ფერმის ირგვლივ აუთვისებელი მიწის იჯარას. მოგვმართა, იქნებ დაგვეხმაროთო. საძოვარი აღარ აქვს, პირუტყვი მეტწილად ბაგურ კვებაზე ჰყავს და მისი საქმე სულ უფრო არარენტაბელური ხდება. კაკოსავით ბევრი ფერმერია ამ დღეში. ბარში საძოვრები პრაქტიკულად არ დარჩა, რაც იყო, სათიბ-სახნავად გაიყიდა. ვინც შეინარჩუნა, იჯარაში არარეალურ ფასს ითხოვს.

საძოვრების საკითხიც სხვებივით გაყინულია, თუმცა მარტო საძოვრებს ვერაფერს ვუშველით, თუ არ გვექნა მიწის რეფორმის ერთიანი ხედვა. რაღაც ინიციატივები თითქოს არის, ხან უცხოელებს ვუკრძალავთ მიწის ყიდვას, ხან მორატორიუმებს ვაცხადებთ, ხან უფასო რეგისტრაციით გვინდა ხალხის წახალისება, მაგრამ ეს ყველაფერი საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ვინმემ იცის, რა ინიციატივა რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს? კი, ბატონო, არ გაიყიდოს მიწები უცხოელებზე, მერე? გვაქვს რაიმე ხედვა?

უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს მიწის ისეთი რეფორმა გვჭირდება, რომელიც ხელს შეუწყობს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილის გაზრდას.

აი, კაკო ქავთარაძესაც იქამდე არაფერი ეშველება, ვიდრე სახელმწიფო არ შეიმუშავებს მიწის რეფორმასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

2 სექტემბერი, შაბათი

ცოდვა გამხელილი სჯობსო... როდესაც ერთ-ერთ ცნობილ გაზეთს ვრედაქტორობდი, ჟურნალისტს სოფლის მეურნეობაზე სტატია რომ მოეტანა, არ დავუბეჭდავდი, არ გაყიდის ეს გაზეთს-მეთქი. მაშინ პოლიტიკით ვიყავი „მოწამლული“ და იმის იქით ვერაფერს ვხედავდი. დღეს მინდა, რომ ერთ დროს ჩემსავით „პოლიტიკით მოწამლულ“ რედაქტორებს, გამომცემლებს და ჟურნალისტებს სხვაგვარად დავანახვო რეალური საქმის კეთების ხიბლი.

ვიდრე, სახელმწიფო თავის გასაკეთებელს გააკეთებს, ვიდრე ფერმერებიც ისწავლიან დამოუკიდებელ ცხოვრებას, ვიდრე კერძო სექტორიც წელში გაიმართება, სოფლის მეურნეობას ჰაერივით სჭირდება მედიის დახმარება. ევროპის ბევრ ქვეყანაში რომ არის აგრომედია განვითარებული, ისეთ დღეზე ვოცნებობ საქართველოში.

ისე კი, ჩვენთანაც გალხვა ყინული ამ მხრივ. თუმცა, სამუშაო ბევრი გვაქვს.

დარგის მშენებლობაში თითო აგურის დადება კარგ აგროჟურნალისტს ნამდვილად შეუძლია. მინდვრებში, საძოვრებზე, ფერმებში ბევრი პრობლემური საკითხია, მარტო მაღალი ტრიბუნებიდან მოსმენილ „სოფლის შენების“ ისტორიებს არ უნდა დავუჯეროთ. გლეხთან და ფერმერთან უფრო მეტი მეგობრობა გვჭირდება და მერე ისინიც გვიმეგობრებენ.

ისევ ჟურნალისტიკაში რომ ვიყო... რამდენჯერ მიფიქრია ამაზე. რას ვიზამდი? აგრომიმართულებით ვიმუშავებდი და დღევანდელი გადასახედიდან აუცილებლად საგამოძიებო თემებს ავირჩევდი, რადგან ძალიან ბევრია საკვლევი, ბევრია დალექილი და ზედაპირზე წამოსაწევი. ერთია, ფერმერს და სოფელს დაეხმარო ინფორმაციით, იყო ექსტენციონისტი და მეორე − რაც მათთვისაა ან უნდა იყოს, იმის მიზნობრივად შესრულებას შეუწყო ხელი. გზას აცდენილი პროექტები, ჯიბეებში დალექილი თანხები, მიკერძოებული ტენდერები, მრუდი ხელწერები ჩვენს დარგშიც იკითხება და მედიის განსაკუთრებული მიყურადებაა საჭირო. არადა, ეს შესაძლებლობა, რაც დღეს ჩვენ ევროკავშირიდან გვაქვს უკეთესი მომავლისთვის, ხვალ ნამდვილად აღარ გვექნება. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ ეგების.

ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენო... ალბათ, ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები „დიდ ავიაციაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG