Accessibility links

25 ივნისი, კვირა

კვირა უქმეა. მიყვარს უქმე დღე.

ერთი უცნაური თვისება მაქვს, რასაც ვერაფრით ვხსნი. შაბათ-კვირას უფრო ადრე მეღვიძება, ვიდრე კვირის სხვა ნებისმიერ დღეს.

11 საათზე თავისუფლების მოედანზე ვარ და ვმონაწილეობ „SOVLAB“-ის მიერ ორგანიზებულ საფეხმავლო ტურში, ამჯერად – საბჭოთა პერიოდის თბილისის არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების საკითხებზე. ტურის ბოლოს – ისევ ის აღმოჩენა, რაც აქამდეც ბევრჯერ მქონია: ცუდად ვიცნობთ ქალაქს და კიდევ უარესად ვექცევით.

სამი საათისთვის სახლში ვბრუნდები. საქმე არაფერი მაქვს, ვზივარ აივანზე და ბეტონის ჯუნგლებს ვუყურებ. ერთი ხანობა წიგნს ვკითხულობ. მიხეილ ჯავახიშვილი, „კვაჭი კვაჭანტირაძე“. ჯავახიშვილი იმ ავტორთა შორისაა, ვისაც სიამოვნებით ვუბრუნდები ყოველთვის.

კვირა საღამო. კარგი მუსიკა და ლუდით განტვირთვა.

26 ივნისი, ორშაბათი

დღეს ჩემი დაბადების დღეა. უფრო სწორედ „მეორე დაბადების დღე“. წლის განმვალობაში ორი დაბადების დღე მაქვს და ამ მეორე დაბადების დღეს 2010 წლის 26 ივნისიდან აღვნიშნავ. საქმე ის არის, რომ წლების წინ საშინელ ავტოკასტროფაში მოვყევი და საავადმყოფოს პალატებში დიდი დრო გავატარე.

დღეს, 26 ივნისს, ისევ ვუბრუნდები იმ პირველ შეგრძნებას და ემოციას, რომელიც ავარიიდან ოთხი თვის შემდეგ, მიწაზე სანახევროდ დადგმული ფეხის ნაბიჯებს მოჰყვა თან. მაშინ ცა და დედამიწა ჩემი მეგონა. მეც, პრაქტიკულად, მეორედ დავიბადე.

სანამ მე საავადმყოფოებსა თუ სახლში გაუნძრევლად ვიწექი ზურგზე, უამრავი დრო მქონდა ფიქრისთვის. სწორედ მაშინ ვისწავლე, რომ წყენის და ბრაზის ადგილი არ არის ცხოვრებაში. შეიძლება, ყველაფერი უცებ დასრულდეს და შენთვის ძვირფასი ადამიანი გაქრეს. არ ვიცი, სხვა დროს როგორ, მაგრამ 26 ივნისს ყოველთვის ვფიქრობ ამაზე.

სითბო და სიყვარული, რომელიც მაშინ მშობლების, ნათესავებისა და მეგობრებისგან ვიგრძენი, ახლაც მომყვება თან. ყველაზე დიდი როლი ჩემს მეორე დაბადებაში დედამ შეასრულა. პრაქტიკულად, დედაც ჩემთან ერთად დაიბადა. ვწუხვარ, რომ არასოდეს მისაუბრია მასთან ამ თემაზე და კიდევ უფრო მეტად ვწუხვარ იმის გამო, რომ ვეღარასოდეს ვესაუბრები. დედა 2015 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

ჩემი „მეორე დაბადების დღის“ მოგონებები სახლიდან გამოსვლასთან ერთად ქრება. კალენდარზე ივნისის ბოლო ორშაბათია და საქმე საკმარისზე ბევრად მეტი მაქვს.

საიაში მივდივარ. თავიდან მიმდინარე კვირის კალენდარზე მონიშნულ ღონისძიებებს ვუყურებ. ამ კვირაში ორი სასამართლო პროცესი მაქვს. საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომაზეც უნდა წავიდე კვირის მეორე ნახევარში და კიდევ რამდენიმე შეხვედრაზეც მოვასწრო ყოფნა.

დღის ბოლოს ცოტა ხნით ვახერხებ საქმეებისგან თავის დაძვრენას. ამბის გასარკვევად მივდივარ იქ, სადაც სამშაბათს დიდსაბარგულიანი მანქანით მომიწევს მისვლა.

27 ივნისი, სამშაბათი

დღე რადიო თავისუფლებით დაიწყო. დილის გადაცემის სტუმარი ვარ და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვსაუბრობ, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის. აგერ უკვე წელიწადზე მეტია, რაც მაუწყებელი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ეს სულ სხვა სამყაროა, სადაც იმაზე მეტი გამოწვევა დამხვდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ხშირად მოვლენები ლოგიკის მიღმაა და ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც არ უნდა ხდებოდეს.

რადიოდან გამოვდივარ... მზე მთელი მონდომებით აცხუნებს. ფეხით მივდივარ მელიქიშვილზე და იქვე, „ფოტოსამყაროში“ შევდივარ. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც დიდსაბარგულიანი მანქანით უნდა მივიდე. მიზეზი მარტივია: ჩემი დიდი ხნის ნაგროვები რუკები ჩარჩოებში გამოსაწყობად მივიტანე. დროის ათვლა 1682 წლიდნ იწყება და 1913 წლამდე გრძელდება.

საიაში ვბრუნდები, თან დიდსაბარგულიან მანქანზე ფიქრი არ მასვენებს. გუჯას ბიჭის მანქანა გამოირიცხა. რა გზას ვეწიო, არ ვიცი. მხსენელად ბესო მომევლინა. დღის ბოლოს, სამუშაო საათების შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით და დიდი მონდომებით, რუკები სახლში მიმაქვს. ვატყობ, რომ სახლი თანდათან ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც მინდა, იყოს. წლების განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქალაქში ნაგროვები „ავლა-დიდება“ მზის შუქზე გამოდის. უკვე ისიც კი ვიცი, ვინ ნახავს პირველი ამ ყველაფერს.

საღამოს მირეკავს ნათელა, იგივე ნათურა, ანუ ნათია კაპანაძე. თბილისშია. ყველაფერი უცებ იცვლება. ერთ საათში დათქმულ დროს და ადგილას ვხდებით. ვსაუბრობთ ბევრს და ყველაფერზე. მერე გოგოსაც მოდის, მარიამ გოგოსაშვილი. ძველი მეგობრები ერთად ვართ. ვიხსენებთ საიაში გატარებულ დროს და დიდი ხნის მონატრებას ლუდით ვიმსუბუქებთ.

ისევ ტელფონი, ამჯერად ხაჩიკა რეკავს ერევნიდან. „ერევნის კასკადთან“ დაკარგა თეო (თეონა მაჭარაშვილი) და გობრონა (გიორგი გობრონიძე). მათ პოვნაში დახმარებას მთხოვს. ნეტა თბილისიდან როგორ უნდა დავეხმარო?! კიდევ კარგი, მალე შეხვდნენ ერთმანეთს.

სახლში გვიან ვბრუნდები. აივანზე ვზივარ და მცირე ხნით მუსიკას ვუსმენ. კარგი დღე იყო!

28 ივნისი, ოთხშაბათი

ჩემი დილა ადრე იწყება. 7 საათზე მღვიძავს და ცხრის წუთებზე სახლიდან გავდივარ. სამსახურში საჭიროზე ერთი საათით ადრე მივდივარ. არცთუ იშვიათად, ამ ერთი საათის განმავლობაში იმაზე მეტ საქმეს ვასწრებ, ვიდრე მთელი დანარჩენი დღის განმავლობაში.

პირველი საქმე ელფოსტის შემოწმებაა. სამსახურებრივი ფოსტა ტელეფონში არ მაქვს. ასე უკეთესია.

12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა ვიყო. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მთავარი სასამართლო სხდომა მაქვს. ვცდილობ ინფორმაციის მოპოვებას 2016 წელს, „ჩეკ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყიდული ბილეთების შესახებ. მე კი ვცდილობ, მაგრამ ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობის იმედი დიდი ხანია, აღარ მაქვს.

დათქმულ დროს სასამართლო დარბაზში ვარ... ერთწლიანი დავის შემდეგ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს მოაქვს მოთხოვნილი ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი და თან ზღაპარს მიყვება. პრაქტიკულად, ეს საქმე მოვიგე, მაგრამ არ მტოვებს ფიქრი იმაზე, რომ ელემენტარული ინფორმაციის მისაღებად წელიწადზე მეტია, სასამართლოში დავდივარ.

ახლა ინგლისურის გავკეთილზე მივიჩქარი, ერთი საათის შემდეგ კი სატელევიზიო გადაცემაში უნდა გამოვცხადდე.

მოგვიანებით საიაში ვბრუნდები და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხებზე ვწერ ახალ ბლოგს, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ დავწერ. მგონია, რომ ასე უკეთ ვიტყვი იმას, რისი თქმაც მინდა და უფრო მეტი ადამიანისთვის შევძლებ ინფორმაციის მიწოდებას. თბილისის დროით 17:15 საათია და პირველი ბლოგიც მზად არის.

სახლში დაღლილი ვბრუნდები. ძილის დროა.

29 ივნისი, ხუთშაბათი

დღეს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაა. დღის წესრიგი სამი სამუშაო დღით ადრე მივიღე, თუმცა ბოლო საკითხად ისევ წერია: „მიმდინარე საკითხები“. რაც საბჭოში ჩემი თავი მახსოვს, ვერ ვიხსენებ სხდომას, რომლის დღის წესრიგშიც „მიმდინარე საკითხები“ არ ყოფილიყოს.

12 საათზე საბჭოს სხდომა იწყება და მოსალოდნელზე მეტ ხანს, თითქმის სამ საათს გრძელდება. დღეს ის იშვიათი სხდომა იყო, სადაც განსახილველად გამოტანილ ყველა საკითხს დავუჭირე მხარი. მაუწყებლის მენეჯმენტი ლამის ახალი ტელევიზიის დაბადებას აანონსებს. ამ პროცესში მთავარი ფუნქცია მატერიალურ-ტექნიკურმა გადაიარაღებამ უნდა შეასრულოს. მე სხვა რამ უფრო მადარდებს, როგორი იქნება ეს გადაიარაღებული ტელევიზია და რას მოუყვება მაყურებელს.

საიაში ვბრუნდები. დირექტორატის შეხვედრა გამოვტოვე...

18 საათი ახლოვდება და სახლში წასვლაზე ვფიქრობ. არა, სახლში წასვლაზე კი არა, იმაზე, როგორ წავიდე. ბოლოს ტაქსით წასვლა გადავწყვიტე.

გვიანობამდე სოციალურ ქსელში ვრჩები, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობრებთან ერთად ჩატი გვაქვს გამართული ჩვენთვის. ყველანი ქედიდან, აჭარიდან მოვდივართ და მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. ჩატში სულ ექვსნი ვართ. რა თქმა უნდა, მეტსახელებით. ასე მაგალითად: მე უსტა სულეიმანი ვარ, ირაკლი სირაბიძე იზეთ ემია, გიორგი შარაძე – წო, ირაკლი შარაძე – კაკლო, ომარ სირაბიძე – ომერი და ჯემალ ტაკიძე – ჯეკი. წლებია უკვე, რაც ჩვენი ჩატით ვსაუბრობთ და ქვეყნის ამბებს განვიხილავთ. გამონაკლისი არც დღევანდელი საღამოა.

ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად გვქონდეს კომუნიკაცია სხვადასხვა ადგილიდან: კაკლოს ნიუ-იორკიდან, ომერს სინგაპურიდან, იზეთს და წოს ბათუმიდან, ჯეკის ქედიდან და მე – თბილისიდან.

30 ივნისი, პარასკევი

კვირის ბოლო სამუშაო დღე დაიწყო. საიაში ადრე მივდივარ და სასამართლო პროცესისათვის ვიწყებ მზადებას. სარჩელი, სასამართლოსთვის დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები, მოპასუხე მხარეების შესაგებლები, ყველაფერი მზად არის.

საქმე მნიშვნელოვანია: 2017 წელს, საქართველოს გავლით, სომხეთში რუსეთის გაზის ტრანზიტის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ირგვლივ ვდაობთ. თავიდან მხოლოდ ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიფარგლებოდით, მაგრამ ახლა ბევრად შორს წავედით. სხდომაზე მე და ჩემი თანამშრომელი, ლალი მივდივართ. პროცესზე სიურპრიზი დაგვხვდა, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით „გაზპრომი“ ჩააბა საქმეში მესამე მხარედ. ვატყობ, ეს საქმეც ისევე გაიწელება, როგორც ყველა სხვა მნიშვნელოვანი. მომდევნო სხდომა სექტემბრის ბოლოსთვის დაინიშნა.

დღის მეორე ნახევარში მივდივარ საიას მიგრაციის პროექტის გუნდის კონფერენციაზე. გამიმართლა – იმ მოხსენებას მივუსწარი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერსებდა.

კვირის სამუშაო დღის ნაწილი სრულდება. სახლში ვბრუნდები და შაბათ-კვირის გეგმებს ვაწყობ. ტელეფონზე SMS-ს ვიღებ. ნაცნობი ბუკინისტი მატყობინებს: „ძველი წიგნების ახალი პარტია მივიღე.“ ე.ი. შაბათის ნაწილიც დაიგეგმა.

საღამოს მამას ვესაუბრები ტელეფონით ქედაში. ეს ერთგვარი რიტუალია, შვიდი წელია, ყოველ საღამოს, თუ ქვეყნის გარეთ არ ვარ სადმე წასული, მამასთან 2-3 წუთი ყოველთვის ვსაუბრობ ტელეფონით. ამჯერად კიტრის მოსავალი და ბოსტნის მორწყვის საკითხები იყო მთავარი. რა თქმა უნდა, არც ცოლიკოურის და ჩხავერის ვენახების მოკითხვა დამვიწყებია.

1 ივლისი, შაბათი

ტრადიციულად ადრე მეღვიძება. დილით ძველ აჭარულ სიმღერებს ვუსმენ. ყოველთვის, როცა აჭარა მენატრება, მონატრების სევდას ასე ვიმსუბუქებ. აქ ჩემი ფავორიტია ქედელების გამორჩეულად კარგი ანსამბლი „ელესა“. ერთმანეთის მიყოლებით ვუსმენ „აბარერიასა“ და „ზემოაჭარულ მაყრულს“, „ხინწკალასა“ და „შემოძახილს“, „ვორუდილასა“ და „ვოსას“, „ძველებურ ხასანბეგურასა“ და „აბადელიას“...

აი, ჩემი საყვარელი მონაკვეთი „აბედელიადან“:

„დილას ავდექ დილა იყო,

საყვარელი შინ არ იყო“...

თითოეულ სიმღერაში ბიჭებს იოლად ვცნობ ხმებზე. დომციკა, ლონდრე (იგივე პროფესორი), იზარდი, ბადრო, კუკუროვიჩი, მოშპი, კახი, მურკა... რომელი ერთი ჩამოვთვალო კიდევ? შემიძლია, მთელი დღე მათ ნამღერ ძველ აჭარულ სიმღერებს მივუძღვნა. მაგრამ ამჯერად მთელი დღის მიძღვნა არ გამოდის.

სახლს ვალაგებ და ნელ-ნელა ქალაქში გასასვლელად ვემზადები. ჯერ რადიოში შევივლი, აღებულ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებ და მერე ქალაქში გავისეირნებ...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG