Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ შუბლაძე − გენერალი


7 მაისი, კვირა

მთელი დღის განმავლობაში ვიყავი სახლში: წინა კვირა ძალიან დატვირთული მქონდა და გადავწყვიტე, რომ დღეს საკუთარი თავისთვის დასვენების უფლება მიმეცა. 4 მაისს სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩვენმა ორგანიზაციამ, − ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალურმა კავშირმა − რომლის გამგეობის თავმჯდომარეც მე ვარ, ჩაატარა პრეზენტაცია, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავს მიეძღვნა: თბილისში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური კვლევა. ძალიან დიდი შრომა იქნა ჩადებული ამ გამოკვლევის ჩატარებაში. რაც მთავარია, შედეგი ის იყო, რომ მომზადდა დასკვნები და შესაბამისი შეფასებები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური მდგომარეობის შესახებ. შედეგებმა ნათლად დაგვანახვა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვნად არ არიან დაფასებული და მათ სათანადო ყურადღება არ ექცევათ. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა პრეზენტაციის დღეს: ცენტრალური ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი პრეზენტაციას არ დასწრებია, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ისინი შეხვედრას თავს არიდებენ, რომ არ მოისმინონ ამ ხალხის პრობლემები და პრეტენზიები.

ამან ძალიან დამწყვიტა გული, თორემ პრეზენტაციამ მთლიანობაში კარგად ჩაიარა, დარბაზიც გაივსო. ვეტერანები და დამსწრე საზოგადოება ყურადღებით გაეცნენ წარმოდგენილ ანალიზს და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ასეთი ფუნდამენტური გამოკვლევა კარგა ხანია, არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევამ დიდი დრო და ენერგია წაიღო, მთლიანობაში ჩვენი შრომით კმაყოფილი დავრჩით და, რაც მთავარია, ამ ხანდაზმულმა ვეტერანებმა − ბევრი მათგანი 90 წელს არის გადაცილებული − დიდი მადლობა გადაგვიხადეს იმისათვის, რომ მათი პრობლემები სახალხოდ განსახილველად გამოვიტანეთ.

კვირის დასვენება მაინც არ გამომივიდა. შუადღის შემდეგ გადავწყვიტე, მუშაობა დამეწყო ახალ წიგნზე: საქართველოში ბუნებრივი კატასტროფის ლიკვიდაციის საინჟინრო უზრუნველყოფა. რაკი ამ სფეროში გარკვეული თეორიული ცოდნა და დიდი გამოცდილება მაქვს, გადავწყვიტე, ჩემი მოსაზრებები გავუზიარო როგორც დაინტერესებულ უწყებებს, ისე, ზოგადად, მოსახლეობას. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება თუ ამ წიგნში მკითხველი ამოიკითხავს, როგორ უნდა იმოქმედოს ამა თუ იმ საგანგებო სიტუაციის დროს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მსხვერპლი და მატერიალური ზარალი.

საღამოს ჩემს ბიჭს ველაპარაკე სკაიპით. ის მადრიდშია, ესპანეთში საქართველოს საელჩოში პოლიციის ატაშედ მუშაობს. ასევე თავის „ენაზე“ მელაპარაკა ჩემი შვილიშვილი, ჩემი სეხნია, თენგიზ შალვას ძე შუბლაძე. ის ჯერ ათი თვისაა, შარშან, 12 ივლისს დაიბადა. ძალიან საინტერესო დამთხვევა კია: მე დავიბადე 7 ივლისს, ჩემი ბიჭი − 9 ივლისს და, რომ გვითხრეს, ბავშვი ივლისის დასაწყისში გაჩნდებოდა, ვიფიქრე, ნეტავ 8-ში ხომ არ დაიბადება-მეთქი. დაიბადა 12 ივლისს, პეტრე-პავლობას. კიდევ მყავს ბიჭისგან შვილიშვილი, მარიამი, რომელიც ესპანური სკოლის მეორე კლასში სწავლობს. ისე, ძალიან კი გაუჭირდა პატარას. ჯერ იყვნენ ანკარაში და თურქულს სწავლობდა, ახლა ესპანურს სწავლობს. რაც მთავარია, ნელ-ნელა ეჩვევა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს დაძლევს. კარგია, რომ ქართულად კარგად ლაპარაკობს. ჩემთვის, პირადად, ეს არის მთავარი. გოგოსგან მყავს უფროსი შვილიშვილი, თაზო. ის უკვე 11 წლის ხდება, ძალიან კარგად სწავლობს, უკრავს პიანინოზე, თამაშობს ჩოგბურთს. სულ ახლახან თავისი სურვილით გადაწყვიტა კალათბურთზე სიარული. ვნახოთ, რა გამოვა. ისე კი, ყველა მონაცემი აქვს...

ისე გამოვიდა, რომ ბიჭი ოჯახით ესპანეთში ცხოვრობს, გოგო თავისი ოჯახით − ცალკე. ასე რომ, დავრჩით სახლში მარტო მე და ჩემი მეუღლე. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის, იზო შენგელიასი, რომ ერთად გამოვიარეთ ურთულესი ცხოვრებისეული გზა. საბჭოთა კავშირში სამხედრო მოსამსახურის ცხოვრება მეტად რთული იყო. სულ სამსახურებრივი გადაადგილებები, საცხოვრებელი ადგილის და პირობების შეცვლა და ა.შ. განსაკუთრებით რთული იყო ის პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია ჩემს რეაბილიტაციასთან ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში სოფელ შრომასთან დაჭრის შემდეგ. პროგნოზი იყო ძალიან ცუდი: უკეთეს შემთხვევაში, ხეიბრობას მიწინასწარმეტყველებდნენ. მთელ სამ თვეს, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში, მეუღლე, ფაქტობრივად, თავზე მადგა. შემდეგ მკურნალობა სახლში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში და უფლის წყალობით და ჩემი მეუღლის ძალისხმევით გამოვძვერი ამ მდგომარეობიდან, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.

თავისუფლების დღიურები - თენგიზ შუბლაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:13:29 0:00

8 მაისი, ორშაბათი

დილით კარგ გუნებაზე ავდექი და ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამიღრმავდა, როდესაც მივედი ჩემს ძირითად სამსახურში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც საინჟინრო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვარ ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. იქ მახარეს, რომ მაისის ბოლოსთვის თავდაცვის სამინისტრო გამოსცემს ჩვენი ათწლიანი შრომის შედეგს − ქართულ სამხედრო-ენციკლოპედიურ ლექსიკონს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან საქართველოში პირველად გამოდის ასეთი ენციკლოპედიური ლექსიკონი და იმედი მაქვს, რომ იგი სამაგიდო წიგნი გახდება ოფიცრებისთვის, გენერლებისთვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის.

დღის მეორე ნახევარში ვიყავი ჩვენი, ანუ ვეტერანების, არასამთავრობო ორგანიზაციაში. ჩავატარეთ თათბირი და განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო ხვალისთვის, ვაკის პარკში დანიშნულ ღონისძიებასთან. ყველა თანამშრომელს განესაზღვრა ამოცანები და შევთანხმდით, რომ ხვალ 10 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში.

9 მაისი, სამშაბათი

დილიდან წავედით ვაკის პარკში. ჩემი ოჯახის წევრები და, მათ შორის, ჩემი უფროსი შვილიშვილიც უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, წვიმის გამო ვერ შეძლეს. 10 საათისთვის მზად ვიყავით ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანების დასახვედრად. სამწუხაროდ, მათი რიცხვი ყოველწლიურად კი არა, ყოველთვიურად მცირდება. თუ 2016 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა თბილისში 332 იყო, 2017 წლის 9 მაისისთვის, ანუ დაახლოებით 6 თვის შემდეგ, მათმა რიცხვმა სულ 276 შეადგინა, ანუ სულ რაღაც 5-6 თვეში 56 ვეტერანი გარდაიცვალა. სულ საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 997 ვეტერანია.

9 მაისის ღონისძიებაზე მობრძანდა თავდაცვის მინისტრი თავისი მოადგილეებით და გენერალური შტაბის სრული შემადგენლობით. იყვნენ სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ჩვენ, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შევამკეთ უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ვაკის პარკში მობრძანდა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

უცნობი ჯარისკაცის საფლავის ხსენებამ მომაგონა ერთი ამბავი, რომელიც დაკავშირებულია ჩემს სიმამრთან, ამბროსი შენგელიასთან. სამწუხაროდ, იგი ცოცხალი აღარ არის, წელს 100 წელი შეუსრულდებოდა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, იბრძოდა ქერჩში და მძიმედაც დაიჭრა. შემდეგ ვითარება ისე განვითარდა, რომ სხვა მებრძოლებთან ერთად, ისიც „დაკრძალეს“ ძმათა სასაფლაოზე. ალბათ, მისი საბუთები იპოვეს. ასე რომ, მას სიცოცხლეში ჰქონდა საფლავი. ომის შემდეგ ჩასული იყო ყირიმში და სურათიც აქვს გადაღებული მემორიალურ დაფასთან, სადაც თითით მიანიშნებს: „ამბროსი მელიტონის ძე შენგელია“. აი, ასეც ხდება...

დღევანდელი ღონისძიება იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ პირადად მომეცა საშუალება, მიმელოცა გენერალური შტაბის უფროსისთვის, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთვის და მისი მოადგილეებისთვის გენერლის წოდების მინიჭება. ჩემთვის ეს ორმაგად სასიხარულოა, ვინაიდან ისინი გაერთიანებული სამხედრო აკადემიის იმ პერიოდის კურსდამთავრებულები არიან, როდესაც მე ვიყავი მისი რექტორი. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მიხარია მათი წინსვლა.

სამწუხაროდ, 11 საათისთვის გაწვიმდა და მოგვიწია ვეტერანების დროზე ადრე გადაყვანა რესტორან „სენატში“, სადაც მთავრობის სახელით მათ თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა! სიტყვით გამოვიდნენ ვეტერანები, გაიხსენეს ომისდროინდელი ამბები, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები. მათ მიესალმნენ და მადლობის სიტყვა უთხრეს მოწვეულმა სტუმრებმა. ერთი სიტყვით, ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა.

დღის მეორე ნახევარში მიწვეული ვიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“, ხოლო შემდეგ − „ობიექტივზე“, გადაცემა „დღის თემაში“, სადაც ასევე განხილულ იქნა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა პრობლემატიკა.

10 მაისი, ოთხშაბათი

დღე მთლიანად დაეთმო პარლამენტში ჩასატარებელ პრეზენტაციას. ჩვენი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად განვიხილეთ საბოლოო ვარიანტი პრეზენტაციისა „საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის ფორმირება“, რომელიც საქართველოს სამხედრო-სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შემუშავდა. ამ ინსტიტუტის პრეზიდენტი მე ვარ. ეს პროექტი მომზადდა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს გენერალთა კლუბის აქტიური მონაწილეობით. ამ თემის აქტუალობა ისაა, რომ პროექტი აპრილში თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა პრეზენტირებული საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ამ პროექტის მიმართ გარკვეული შენიშვნები გვქონდა და ხვალ, 14 საათზე, ალტერნატიულ პროექტს წარმოვადგენთ. სამუშაო შეხვედრაზე პროექტში რამდენიმე უმნიშვნელო შესწორება შევიტანეთ. პრეზენტაციას მივეცით საბოლოო სახე. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ გადაწყვიტა, რომ პრეზენტაციას ბატონი დავით თევზაძე გააკეთებს.

11 მაისი, ხუთშაბათი

ზუსტად 15 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის დარბაზში, დაიწყო ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გახსნა და მიჰყავდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ კობა კობალაძეს. ბატონი ირაკლი სესიაშვილი იმყოფებოდა დარბაზში. მოკლე შესავლის შემდეგ დავით თევზაძემ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია დაიწყო. დეტალებზე არ შევჩერდები, ვიტყვი მხოლოდ, რომ დაწვრილებით იყო აღწერილი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, მათი თავიდან აცილების თუ მინიმიზაციის გზები, სამართლებრივი რეგულირებით დაწყებული და კონკრეტული ქმედებებით დამთავრებული. რაც მთავარია, განსაზღვრული იყო რეზერვის სახეობები, მისი როლი და ადგილი ამ პროცესებში. პრეზენტაცია ერთ საათს გაგრძელდა. შემდეგ დაისვა კითხვები, გამოითქვა მოსაზრებები. კრიტიკული შენიშვნები არ გამოთქმულა, რის გამოც კმაყოფილებმა დავტოვეთ პარლამენტი და ახლა მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობთ: გვაინტერესებს, რა ფორმით შემოგვთავაზებს თანამშრომლობას თავდაცვის სამინისტრო.

12 მაისი, პარასკევი

რელიგიური დღესასწაულია, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. შესაბამისად, უქმეა. ასევე დღესაა ჩემი მეგობრის, თენგიზ თავზარაშვილის დაბადების დღე. ერთ რესტორანში შევიკრიბეთ მეგობრები, თანამშრომლები და კარგადაც მოვილხინეთ. ჩვენ გვერდით იჯდა ახალგაზრდების ჯგუფი, 25-30 წლის ბიჭები. კარგად მღეროდნენ ხალხურ სიმღერებს, ამბობდნენ სადღეგრძელოებს და, მათი შემყურე, აღფრთოვანებული დავრჩით. შემდეგ ჩვენს სუფრასთან მოვიდნენ, სადღეგრძელო შესვეს თაობებს შორის მჭიდრო კავშირზე, ჩვენს ტრადიციებზე და ერთად ვიმღერეთ კიდეც. მათი შემყურე ვფიქრობდი, ჩვენს ერს გადაშენება არ უწერია-მეთქი. კარგი საღამო გამოვიდა!

13 მაისი, შაბათი

დილით კარგი ინფორმაცია შევიტყვე. საქართველოს ელჩი ესპანეთში, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი კენჭისყრის შედეგებით არჩეულ იქნა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე. ძალიან გამიხარდა! ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნება საქართველოს წარმომადგენელი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას; მეორე კი იმიტომ, რომ ის არის ჩემი უმცროსი შვილიშვილის ნათლია. სულით და გულით ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას! აი, ასეთი ამაღლებული განწყობით მოვედი დღეს მე რადიო თავისუფლებაში.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:13:35 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG