Accessibility links

10 სექტემბერი, კვირა

რამდენიმე წელია, დღიური არ დამიწერია. ადრე ქალბატონმა თამარ ბართაიამ მირჩია, მეწერა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ შევეშვი და ახლა, როცა რადიო თავისუფლებისთვის უნდა ვწერო, ვიხსენებ, როგორ გავაკეთო ეს. პირველი მთავარი წესი ისაა, რომ კონკრეტული დღიდან ამოვარჩიო ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი მომენტი და დანარჩენი საქმე − წერა − უკვე ადვილი ხდება.

დღეს არც კი მივსულვარ ჩემს საწოლთან − მთელი ღამე Word-ის თეთრ ფურცელზე ვწერდი და ვშლიდი მოთხრობას. კარგია ღამის საათებში წერა, მაგრამ გამთენიისას, როცა რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთში ირევა, დაღლილობისგან შეიძლება სისულელე მიიჩნიო კარგ ტექსტად და პირიქით.

მერე ვცდილობ, შუადღის სიცხეში დავიძინო, მანამ, სანამ მეგობრები მომაკითხავენ და რესტორანში წავალ ერთ-ერთის დაბადების დღის აღსანიშნად. ვერ ვიტან ხალხმრავალ ადგილებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ ასოციალური.

11 სექტემბერი, ორშაბათი

მაგიდაზე თეთრი კონვერტი დევს. ვიღებ, ვხსნი. ერთი მოსაწვევი და ერთი ბილეთია. ვსადილობ და სასეირნოდ მივდივარ. კარგია გარეუბანში სეირნობა, ნაკლები ხმაურია და შედარებით სუფთა ჰაერი. ერთი სკამი მაქვს სკვერში, ყოველთვის იქ ვჯდები, ვიღებ სიგარეტს, ვეწევი და ფიქრებში ვიძირები. არა ეგზისტენციალურში, არამედ, უბრალოდ, ფიქრებში. ჰო, შეიძლება იჯდე და იყო შენთვის, სხვა არაფერი. მგონი, ეს ყველაზე მეტად ეგზისტენციალური ჟესტია, თუმცა იმ მომენტში არც ეგ მაინტერესებს.

შუადღისას სახლში ამოვდივარ და ვემზადები საჯარო ბიბლიოთეკაში, სვეტლანა ალექსიევიჩთან შეხვედრაზე წასასვლელად.

შესასვლელთან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველა ვნახე, ვისაც კი ვიცნობ. გამომცემლებმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა სტუმარი წარადგინეს და შემდეგ მის წიგნებზე ისაუბრეს. მე სვეტლანა ალექსიევიჩს ვაკვირდები. საუბარს იწყებს და ვგრძნობ, რომ ჩემს სკვერში ვზივარ, ჩემს სკამზე. სინამდვილეში ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის, მაგრამ ვხვდები, რომ, თუ რამე მაკლია ხოლმე იქ ყოფნისას, ასეთი ხმაა, ეს სიტყვებია.

ღონისძიება მთავრდება და მეც, ისევე, როგორც რამდენიმე ათეული სხვა ადამიანი, ავტოგრაფის მისაღებად, რიგში ვდგები.

12 სექტემბერი, სამშაბათი

გვიან გავიღვიძე. ცხოვრებაში ზოგჯერ მაქვს პერიოდები, როცა თითქმის არსად ვარ წასასვლელი ყოველდღიურად. ძირითადად, სახლში ვარ, ვწერ, ვკითხულობ და ძველ ტექსტებს ვაწესრიგებ. ახლაც ზუსტად ეს დღეებია.

დღესაც ნობელიანტის ღონისძიებაზე მივდივარ რუსთაველის თეატრში. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხვალაც უნდა ვნახო, შემდეგ დღეებშიც, მერე კი ერთხელაც გავიღვიძებ და ჩემს სახლში დამხვდება. ეს ფიქრები ალბათ სიცხის ბრალია. არ ვიცი, რაიმე ვირუსია, თუ მოვიწამლე. სიცხე მაქვს და ოთახში სიარულიც კი მიჭირს და თავს ვიმხნევებ, რომ რამდენიმე საათში უნდა მოვემზადო და წავიდე.

თეატრთან იმ დარჩენილ ადამიანებს ვნახულობ, ვინც გუშინ არ ჩანდა. ზოგი გაზრდილია, ზოგი დაოჯახებული, ზოგს თმა შესთხელებია, მეც რაღაც ასეთი ცვლილების აღმნიშვნელ სიტყვებს მეუბნებიან გაოცებულები, მგონი წვერთან და თმასთან დაკავშირებით. კარგად არც მესმის და ერთი სული მაქვს, შევიდე და ჩემი ადგილი მოვნახო.

ძალიან მინდა, შეხვედრის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ შეკითხვა დავუსვა ნობელიანტს, თუმცა რატომღაც ვჩერდები, თავს ვიკავებ. ალბათ იმიტომ, რომ წინასწარ ვიცი, რასაც მიპასუხებს და ამ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის, აზრი ეკარგება კითხვას. სხვები კი თვითონ დაინტერესდნენ, თვითონ მოიპოვონ ინფორმაცია, მე ხელს ნამდვილად არ შევუშლი. ამიტომ ერთადერთ სურვილად ახლა ისღა რჩება, რომ, თუ შესაძლებელი იქნება, მასთან ფოტო გადავიღო.

მახსენდება ფოლკნერი და მისი შეხვედრები სტუდენტებთან. ერთხელ შეკითხვაზე, თუ რატომ ჩადიოდა კონკრეტულ შტატში ასე ხშირად და ხვდებოდა სტუდენტებს, უპასუხა, იქ ძალიან ბევრი სნობია და ჩემნაირებთან ერთად ყოფნა მსიამოვნებსო. ჰოდა, თუ ფოლკნერიც კი სნობად თვლიდა თავს, ვიყო მეც ასეთი, არაა პრობლემა, და ვიოცნებო ნობელიანტთან ფოტოზე, რომელსაც სახლში მისვლისთანავე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნებ.

ფოტო გადავიღე და დიდხანს ვუყურე, როგორ იდგა რამდენიმე ასეული ადამიანი რიგში ავტოგრაფის მისაღებად. გმადლობთ, ნახვამდის. წამოვედი.

13 სექტემბერი, ოთხშაბათი

ეს ყველაზე უაზრო დღეა მთელ ცხოვრებაში, შემიძლია ასე დავიწყო დღიური. კარგია პათეტიკა ზოგჯერ, ირონია − მით უფრო. სპორტდარბაზში წავედი და რამდენიმე ახალგაცნობილ „თანამოვარჯიშეს“ ისე მივესალმე, თითქოს რომელიმე ომში ვყოფილიყავით ერთად. სულ ორი კვირაა, რაც ვვარჯიშობ. დარბაზში შესვლის წინ და გამოსვლის შემდეგ კი იქვე, სკვერში ვჯდები და სიგარეტს ვეწევი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვარჯიში გადავწყვიტე, ისაა, რომ მოწევისთვის თავი დამენებებინა, იმიტომ რომ ეს ორი რამ ერთად არ გამოდის, მაგრამ ახლა იმას ვფიქრობ, ვარჯიშს ხომ არ დავანებო თავი.

ჩემ გვერდით ოცდახუთკილოიანი გირებით ვარჯიშობს ვიღაც, მე კი... ამას ვარჯიშს ვერც დაარქმევ, მოთელვა უფროა, ან თითქოს ჰიპერმარკეტიდან მომქონდეს ორი კილო შაქარი, ერთი კილო ფქვილი და ბოთლი ღვინო − ასე დამძიმებულ ხელებს ვიქნევ აქეთ-იქით და დროდადრო იმ ტიპს გავხედავ ხოლმე თვითკმაყოფილი ღიმილით, მეც ძალიან ვიხარჯები სპორტდარბაზში, ძმაო-მეთქი.

14 სექტემბერი, ხუთშაბათი

მეგობარი მთხოვს, სადღაც გავყვე. კი, ნამდვილად სადღაც, იმიტომ რომ, სულ ერთია, ყველა ვარიანტში უარით უნდა გავისტუმრო და დავჯდე წერად. არა ანდერძისა, არამედ არაერთი დაწყებული მოთხრობის, ლექსის... მოკლედ, ყველაფრის, გარდა ანდერძისა. თუმცა, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, თუ კარგი მხატვრული ტექსტი გამოვა, არც ეს იქნება ურიგო.

ტელევიზორში ხორხე გონსალო ასასედო თუ ვიღაც ასეთი მარია პედროს ასულს (გვარი არ ვიცი) გააფთრებული ელაპარაკება და არც ვინმე უყურებს. არ ვიცი, სხვაგანაც თუ ასეა, ჩემს სახლში კი ყველა იმას ჩხუბობს, რომ, თუ არავინ უყურებს, რატომ გუგუნებს ტელევიზორი საბჭოთა ინდუსტრიის მსგავსად. ფაქტი ისაა, რომ ყურებით არავინ უყურებს, ჩართული კი ყოველთვის არის.

მორჩა, შეუძლებელია წერა. სულ რაღაც ორი წამით ჩამესმა ამათი ჩხუბი და კულმინაციისას დაკრული მუსიკა და აღარაა მოთხრობის გაგრძელების შანსი! აღარაა და ნუ არის. გავდივარ აივანზე, ვეწევი. შემდეგ სამოსს ვიცვლი და ეზოში ჩავდივარ სასეირნოდ. ეს ხომ ნამდვილი მოთხრობაა, ამას ხომ მაინც ვერ შეწყვეტს ვერაფერი ასე ადვილად, მით უფრო, ვიღაც ხორხე და ჯულია ან მარია. ამ მოთხრობაში მთავარი გმირი მე ვარ და ყველაფერი ასე იწყება:

ერთ ჩვეულებრივ დღეს, რომლის აღწერაც არ ღირს, მთავარი გმირი სახლიდან გამოვიდა, მეზობლებს გაუღიმა და სკვერში სკამზე ჩამოჯდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის, როგორც გუშინ, როგორც იქნება ხვალ.

15 სექტემბერი, პარასკევი

დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. სოციალურ ქსელში ყველა ამ ფოტოებს აქვეყნებს. ზოგი მასწავლებელია, ზოგს შვილი მიჰყავს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველადაა, რომ მეც იქ არ ვარ, ერთ რომელიმე შენობაში ჩემს მოსწავლეებთან ერთად. გადავწყვიტე, დროებით წამოვიდე სკოლიდან.

პირველად ჯავახეთში წავედი მასწავლებლად, 2012 წელს, მერე ორი წელი მარნეულის რაიონის სოფლებში ვასწავლიდი, ბოლოს − თბილისის ერთ კერძო სკოლაში. როცა იხსენებ, ყველაფერი უფრო ადვილად ჩანს, მაშინ კი ძალიან მიჭირდა. განსაკუთრებით ჯავახეთში, რთულ კლიმატურ და საყოფაცხოვრებო პირობებში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრება ადვილი არ იყო, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა.

რამდენიმე დღეში ნიუტონის თავისუფალ სკოლაში უნდა მივიდე და ჩემი უკვე მესამეკლასელი მეგობრები ვნახო. ალბათ მომიწევს მათთვის ახსნა, რატომ წავედი სკოლიდან. არ ვიცი, როგორ გაიგებენ ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთ კადრს კი ცხადად ვხედავ: როგორ შევდივარ კლასში მოულოდნელად და ოცამდე ბავშვი ყვირილით, ჟრიამულით გამორბის, რომ მომეხვიონ, მთხოვონ, ხელში ავიყვანო, მელაპარაკონ, კითხვები დამისვან, თუ სად ვიყავი ზაფხულში, კიდევ როდის ვნახავ მათ, ჩემი შეყვარებული ისეთივე ლამაზია თუ არა, როგორც ადრე იყო, როცა მათი მასწავლებელი ვიყავი და, თუ სადმე ტელეფონი დამრჩებოდა, მის ფოტოებს ათვალიერებდნენ. მე კი არ ვიცი, რას ვიზამ, ნამდვილად არ ვიცი. ასე მაჯობებენ ისინი, ასე დამსჯიან.

16 სექტემბერი, შაბათი

ისევ სკოლის დღეებზე ვფიქრობ. ბლოგებიც ამ თემებზე დავწერე. ჯავახეთი მახსენდება. ლევონი, ჩემი მოსწავლე, მეცხრეკლასელი; უმეგობრო, მარტო მყოფი ყველგან და ყოველთვის: სკოლაში, სახლში, ორღობეებში. არავისთან ერთად არ თამაშობდა, მერხზეც მარტო იჯდა. ისიც ისე შეერჩიათ, კედელთან დაედგათ კუთხეში, სულ ბოლოს. ხმას არ იღებდა ხოლმე, არც ვინმე ეკითხებოდა რამეს.

შემოდგომაზე მივედი მის ოჯახში. არც მე დამიმეგობრდა. იყო თავისთვის. მხოლოდ საღამოობით მიდიოდა, მწყემსებთან ერთად, საძოვრებიდან საქონლის ჩამოსაყვანად.

მამამისი, იური ნიკოიანი დაჯდებოდა ხოლმე და შვილის ხასიათზე მესაუბრებოდა. მერე თავის ახალგაზრდობას გაიხსენებდა. იმ დროზე მიყვებოდა, სომეხი კაცი აზერბაიჯანის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე რომ იხდიდა სავალდებულო სამსახურს, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა, მშვიდობიანი ცხოვრება იყო. მერე ამის დასტურად ძველ ფოტოებს გამოიტანდა. იმ ადგილის ფოტოც ჰქონდა, საიდანაც კოსმოსური ხომალდი აფრინდა და გაგარინიც წაიყვანა. თავდაპირველად თურმე იქ იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

ლევონიკი კი ამ დროს წასული იყო. მხოლოდ მარტო, სრულიად მარტო. უმეგობროდ. იჯდა ხოლმე თავის ველოსიპედზე და თითქმის მეორე სოფლამდე გადიოდა შვიდ კილომეტრს, შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდა. მე ამას არც ვაქცევდი ყურადღებას. ის მახსოვდა, ჩემი თავისთვის მიმეხედა ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, სადაც მალე ისევ დაზამთრდებოდა, შემესრულებინა ჩემი საქმე სკოლაში, ყველასთან კარგი დამოკიდებულება შემენარჩუნებინა და საღამოობით მეზობლებთანაც გავსულიყავი ფინჯან ყავაზე. ეს უკანასკნელი იყო ერთადერთი მოვალეობა, რასაც ადგილობრივი თემი ითხოვდა ჩემგან.

რამდენიმე დღე იყო გასული, რაც იქ ვცხოვრობდი, ახალ სახლში, იური ნიკოიანთან. მეორე დღეს თბილისში მოვდიოდი და ადრე დავწექი. სომხური ენა უკვე კარგად მესმოდა და ლევონიკისა და იურის სიტყვები მოვისმინე. ავიღე ფურცელი და კალამი, ჩავიწერე და მეორე დღეს, თბილისში გამგზავრებამდე, ქართულის მასწავლებელს გაუგებარი სიტყვები ვათარგმნინე მხოლოდ:

− მამა, ჯერ სოფლის ცენტრში ვაჰეს გამოართვა ველოსიპედი. მე შორს ვიყავი, მაგრამ დავინახე. დაჯდა, წამოვიდა, ჩემთან მოვიდა. მე სწრაფად მივდიოდი, ისიც. მერე გამასწრო და მოგიგეო, დამიძახა. იქიდან მე უფრო ახლოს ვიყავი სოფლამდე და გამოვასწარი. ერთით ერთიო, მითხრა. მერე შევთანხმდით, რომ ამ დღეებში სოფლის სხვა ბიჭებსაც შევეჯიბრებით ორივე. თვითონ მსაჯი იქნება. თან ისიც თქვა, გამარჯვებულს ბურთს ჩამოვუტანო.

− ვისზე ამბობ?

− აი, თორნიკეზე.

− რაც მოყევი, ეგ ყველაფერი გააკეთა?

− კი.

− სულელი ყოფილა... დიდი ხანია, შევატყვე და ახლა დავრწმუნდი.

დილით ბარგი ჩავალაგე და გზისკენ გავიხედე, როგორც მგზავრობის წინ იციან ხოლმე. ათობით ბავშვი იყო გამოსული ველოსიპედებით. იმათში ლევონიკი იდგა და ყვიროდა:

− მექ, ერკუ, ირექ! (ერთი, ორი, სამი). შემდეგ ჩასტვინა და დაიძრნენ სადღაც, შორს დანიშნული ფინიშისაკენ.

უკან რომ დავბრუნდი, ფეხბურთის თამაში დავიწყეთ საღამოობით. ორი გუნდი შევქმენით; ერთში მხოლოდ მოსწავლეები იყვნენ, მეორეში − მოსწავლეები და სულელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG