Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუიზა ბოჩკოვა - ლიტერატურისმცოდნე


13 მაისი, კვირა
დღიური ჩემთვის აღსარებაა!!!

შეიძლება ყოველთვის არა, შეიძლება მხოლოდ დღეს, მაგრამ ასე დაემთხვა და აღსარებით ვიწყებ...

„გათენება ხარ ჩემი!“ - დღესაც, ჩვეულებრივ, ასე მივმართე. პასუხსაც მივაყურადე. შვიდი წელია, აღარ არის ამქვეყნად და ისევ მესმის: „ჩემი ღმერთი ხარ!“ დილის ასეთი დასაწყისი მაძლებინებს, ძალას მაძლევს, მავსებს.

და მაინც... მის გარეშე ჩემთვის დღე არ დღეობს! დღესაც ქედს ვუხრი და მადლობას ვუხდი იმ სიყვარულით სავსე წლებისათვის, რაც მაჩუქა. ცხოვრებას ორივემ ბრწყინვალედ ჩავაბარეთ სიყვარულის გამოცდა! უერთმანეთოდ ცოდონი ვართ: ის იქ, მე - აქ! ის, ალბათ, სამოთხეშია... ტარიელ ჭანტურიამ თქვა: სიყვარული - აი, პაროლი სამოთხეში შესასვლელადო. ერთად ყოფნისასაც სულ მენატრებოდა, ადვილი წარმოსადგენია, ახლა როგორ ვცხოვრობ! არ ვწუწუნებ, რადგან გამუდმებით ისევ ერთად ვართ! ვიცი, ჩემი სიყვარული იქაც ნათელში ამყოფებს.

ერთი რამ მახსენდება ახლა. ერთ-ერთი სტუმრიანობისას სადღეგრძელოში სახალხოდ ამიხსნა სიყვარული. მე ცალი ყური მისკენ მქონდა, რასაკვირველია, მაგრამ სტუმრებსაც ვერ მოვაკლებდი ყურადღებას. ბატონმა ელგუჯა მაღრაძემ, გაკვირვებულმა, შენიშვნასავით მითხრა: ლუიზა, მოუსმინე, დათო რა სიტყვებს გეუბნებაო! მე ღიმილით და ამაყადაც ვუპასუხე: ბატონო ელგუჯა, ამ სიტყვებს ყოველდღე, დილა-საღამოს ვისმენ-მეთქი. რა ბედნიერები ვიყავით მაშინ!!! „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“... ჩემთვის დღესაც არსებობს მზე...
თავისუფლების დღიურები - ლუიზა ბოჩკოვა
please wait

No media source currently available

0:00 0:10:52 0:00
გადმოწერა

14 მაისი, ორშაბათი
დღეს თამარობაა, ჩემთვის თამარა პაპავას სახელობის დღე! ეკლესიაში წავალ, სანთელს დავუნთებ, მოგვიანებით სასაფლაოზეც ავალ. გული მტკივა, ისე ხშირად ვეღარ დავდივარ, ასაკი მახსენებს თავს, მაგრამ სულ მახსოვს, მენატრება. 50 წლის სხვაობის მიუხედავად, ისევ ჩემი საუკეთესო მეგობარია და არა მხოლოდ კარის კარგი მეზობელი.

თამარა დეიდა... მაკლია მისი კეთილი სურვილები, ლოცვა-კურთხევა, ახალ წელს მეკვლედ შემოსვლა!

დღეს საჯარო ბიბლიოთეკა დაკეტილია. არ მახსოვდა და წასასვლელად ვემზადებოდი. მუშაობას ვერ გავაგრძელებ. არადა, სასწრაფო წერილი მაქვს დასამთავრებელი.

15 მაისი, სამშაბათი
უცნაურად დაემთხვა - კვლავ სიყვარულის მოგონებით უნდა დავიწყო.
დღეს მამას გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა.

ისევე მტკივა უმისობა, როგორც 20 წლის წინათ. დრო მკურნალი არა ყოფილა. ყველამ იცოდა ჩვენი გამორჩეული სიყვარული. მეამაყებოდა. დღესაც თავაწეული ვარ, მისი შვილი რომ მქვია.

ბაბუაჩემი, კირილ ბოჩკოვი, რკინიგზელი იყო. საქართველოში ერთ-ერთი სადგურის უფროსად დანიშნეს და მაშინ ჩამოვიდა რიაზანიდან. შემდეგ მისი ერთ-ერთი მეგობრის, ასევე რკინიგზელის და - ლუბა ალასანია შეუყვარდა. იქორწინეს, ერთ ხანს საქართველოში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ბაბუა მეუღლესთან ერთად რიაზანში დაბრუნდა, სოფელ პესოჩნაიაში. ორი ვაჟი შეეძინათ. მამა 7 წლისა იყო, როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა და ბებია, შვილებთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა. სამეგრელოში ცხოვრობდნენ ნათესავებთან. ნათესავები იხსენებენ, როგორ სხაპასხუპით ლაპარაკობდა პატარა ვოვა ბოჩკოვი რუსულად და მეგრულად... ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ მოგვიანებით მისი ქართული მეტყველება გამორჩეული იყო და ამას ყველა განსაკუთრებულად აღნიშნავდა.

სულ მალე ბებიაც გარდაიცვალა. მაშინ მამა 11 წლისა იყო. დედის ძმის ოჯახში იზრდებოდა. არაჩვეულებრივი ხალხი იყო, კეთილშობილი და გამორჩეული. შემდეგ მამამ პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და მთელი ცხოვრება ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოში მუშაობდა.

რიაზანისაკენ არც არასოდეს გაუხედავს. ამიტომაც არ ვიცნობდი ჩემს რიაზანელ ნათესავებს.

ერთხელაც მე და ჩემი მეუღლე, დათო, იუგოსლავიაში მანქანით მივდიოდით. ჩემთვის არც არაფერი უთქვამს, ისე გადაუხვია რიაზანისკენ. ასე აღმოვჩნდი პირველად სოფელ პესოჩნაიაში. ბოჩკოვები მოვიკითხეთ, მაგრამ ვერავინ ვნახეთ. ტელეფონის ნომერი და მისამართი გამოგვართვეს და დაგვპირდნენ, აუცილებლად დაგიკავშირდებითო.

მოგზაურობიდან რომ დავბრუნდით, უკვე დაგვახვედრეს სახლში ამბავი - რიაზანიდან დარეკეს, ვოვას ბიძაშვილები გეძებენო.

ჰოდა წავედით... დათო საგანგებოდ ემზადებოდა. მე ვეუბნები: ეს სამეგრელო არ გეგონოს, განსაკუთრებულს ნურაფერს ელი-მეთქი. მაგრამ იქ ისე დაგვხვდნენ, სამეგრელო მონაგონი იყო! იმდენი სითბო, იმდენი სიყვარული... ან როგორ იხსენებდნენ ბებიაჩემს, როგორ ახასიათებდნენ! მამას ბიძაშვილებმა მთელი ნათესაობა მოგვატარეს, ყველგან ხელგაშლილები გვხვდებოდნენ.
მამა უკვე შეუძლოდ იყო, როცა დათომ რიაზანში მისი ჩაყვანა გადაწყვიტა. მამას ექიმმა აუკრძალა ზედმეტი მგზავრობა და ემოციები. ბიჭვინთაში ვისვენებდით, როცა დათომ თქვა, უნდა წავიდეთო. ჩაგვისვა მე და მამაჩემი მანქანაში და, ფაქტობრივად, გაგვიტაცა... საოცარი შეხვედრა იყო! მიჭირს გახსენება - არც ემოცია მყოფნის და ისედაც ყველაფერი გასაგებია...

სოფელ პესოჩნაიაში მიწის ნაკვეთი იყიდებოდა. დათომ მამას შესთავაზა: „გინდა გიყიდო?“ მაშინ ეს იოლი იყო. მამა არც დაფიქრებულა, უპასუხა: არა, არ მინდა, ჩემი სამშობლო საქართველოაო...

შემდეგ მამას ბიძაშვილები საქართველოში გვესტუმრნენ. სამოვარი ჩამოგვიტანეს საჩუქრად. ის სამოვარი მამამ პიანინოზე დაგვადგმევინა და დღეში რამდენჯერმე შედიოდა სანახავად.

საოცარი კაცი იყო მამაჩემი, ობლობამ და გაჭირვებამ მის სულს ვერაფერი დააკლო, სახლიდან სამსახურში მიჰქონდა ყველაფერი. ვეხუმრებოდი: ხალხმა სამუშაოდან წამოღებული ნივთებით აივსო სახლები და შენ იქით მიგაქვს-მეთქი. ამ სამსახურმა გაგზარდათო - ჩაილაპარაკებდა და ძველებურად ქცევას აგრძელებდა.

მისთვის არასოდეს მითქვამს და დღეს მინდა ვუთხრა მადლობა იმაზეც, რუსული გვარის მიუხედავად, ქართული განათლება რომ მიგვაღებინა. მაშინ, როცა რუსულ სკოლებში სიარული მოდაში იყო და პრესტიჟულად ითვლებოდა. ქართული სიტყვის მადლს რუსული სკოლა ვერ გაგრძნობინებთო, გვეუბნებოდა.

გამორჩეული სიყვარული ჰქონდათ დედას და მამას. „ჯერ დედათქვენი და შემდეგ თქვენო“, - ხშირად უთქვამს. თუმცა, განუმეორებელი მამა იყო. მე და ლალის არც არასოდეს გვწყინდა, ყველაფერი გვესმოდა...

16 მაისი, ოთხშაბათი
კარგი სიზმარი ვნახე - ბატონი ალექსანდრე კალანდაძე! ისევ ჭარმაგი, ისევ ახალგაზრდა სულითა და შემართებით, ასპირანტებისა და მოწაფეების გარემოცვაში. გუშინ საღამოს ვფიქრობდი, მისი დაბადების დღე რა ფორმით აღგვენიშნა მის შვილობილებს და, ეტყობა, ძილშიც ჩამყვა.

მამობილ-შვილობილი გვერქვა, თორემ ყველა ასპირანტისათვის ისეთივე თავდადებული იყო, როგორც ჩემთვის. იშვიათად მესიზმრება, მაგრამ როცა ვნახავ, სიზმარშიც მასწავლებელია, სულ რაღაცას მასწავლის, მარიგებს, მირჩევს. 1 ივნისს, მის დაბადების დღეზე, ისევ ყვავილებით შევამკობთ მის საფლავს...

საფრანგეთიდან ჩამოსულ მის უცნობ ვაჟიშვილს - თამაზ კალანდაძეს ჩვენ ვუმასპინძლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო. პირველად რომ დავინახეთ, გავოგნდით - თითქოს ბატონი ალექსანდრე დაგვიბრუნდაო, იმდენად ჰგავდა მამას ჰაბიტუსით, მიხრა-მოხრით, ინტელექტით. 60 წელს გადაცილებული პროფესორი თამაზ კალანდაძე კი აღფრთოვანებას და გაოცებას ვერ მალავდა, ამდენი ხნის წინ გარდაცვლილ სახელოვან მამას სიყვარულითა და დანანებით როგორ აცნობდნენ არასისხლისმიერი „შვილები“. გული სტკიოდა, ცრემლებს ვერ მალავდა.

მამას არ იცნობდა. დაბადებული არ იყო, როცა ბატონი ალექსანდრე საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. სულ რამდენიმე წელია, რაც გაიგო ასეთი მამა რომ ჰყავდა... გახუნებული ფოტოსურათი ვუჩვენეთ, რომელიც არასოდეს ენახა - საყვარელი დედა და უცნობი მამა ერთად გადაღებული ტულუზაში.

ალექსანდრე კალანდაძის „მაკიზარები“ საფრანგეთში გამოსაცემად მზადდება. სასწრაფოდ დავწერეთ წინასიტყვაობა, ვთარგმნეთ და გავატანეთ. გვევალებოდა კიდეც. მთელი ცხოვრება ვალში ვართ მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. 17 ასპირანტიდან თუ ვინმემ რაიმე სასიკეთო შევძელით, ეს ხომ დიდწილად მისი დამსახურებაა...

ლექციებზე წასვლის დროც მოსულა. დღევანდელ ჯგუფთან შეხვედრა მიხარია!

17 მაისი, ხუთშაბათი
შაკომ დარეკა, სახლში თუ ხართ, კესო მომყავსო! დავფაცურდით. ყველაფერი მის მოსვლამდე უნდა მოვასწროთ. ისეთი მოუსვენარია, ერთი წუთით თვალს ვერ მოაშორებ. თვითონაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. გამორჩეულად ლამაზი და აზრიანია. მთელი დღე შეუძლია მიკროფონში იმღეროს. ყველა იბრალებს, მე მგავსო.

გუშინ წიგნი ვუყიდე - „ჩემი პირველი ანბანი“. ჯერ სამი წლისაც არაა, მაგრამ სიმბოლურად მინდა, მე ვასწავლო სახელისა და გვარის კითხვა. იცინიან, რა დროს მაგის კითხვააო, მაგრამ ისეთი ჭკვიანია, თავს გაართმევს. თუ კომპიუტერში პოულობს თავის მულტფილმებს, ამას რატომ ვერ შეძლებს? წიგნის კარგად გაფორმებული სურათებიც ხელს შეუწყობს. გამორჩეულად მიყვარს, ხმამაღლა ვერ ვამბობ, სხვები იეჭვიანებენ.
ზარია, მგონი მოვიდნენ.

საღამოს 10 საათია.

კესომ დაგვღალა, მაგრამ სასიამოვნო დაღლაა. თბილია, ერთს რომ მოგეხვევა და გაკოცებს, მზად ხარ, ისევ დაიხარჯო.

18 მაისი, პარასკევი
დამირეკეს, ვაკო შიუკაშვილის სოლო-კონცერტზე დამპატიჟეს. არასოდეს გამომტოვებენ. ჩემი ნათლულია, მაგრამ დიდ ვერაფერ ნათლიობას ვუწევ. სურვილი დიდი მაქვს, შესაძლებლობები - ნაკლები. სულ დროის დეფიციტს განვიცდი. ვაკო ძალიან მიყვარს. უნიჭიერესია, მშრომელი, თბილი, მიზანსწრაფული. გული დამწყდა, თიკო რომ ვერ დაესწრო. ვაკოს შესრულების მანერა მოსწონს.

საღამოს 11 საათია. თიკოს, ჩემს დისშვილს, დავურეკე ამერიკაში. იმდენად დაკავებულია, ვცდილობ, ზედმეტად არ გავაცდინო და არ დავღალო. ნოსტალგია უკვე დაეწყო. წვრილმანებიც აინტერესებს. ღმერთო, ხელი მოუმართე, გეგმები ბოლომდე მიაყვანინე! წარმატებები არც აქ აკლდა, მაგრამ უკეთესს იმსახურებს!

19 მაისი, შაბათი
დღეს საღამოს სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ ზუკას ხათრი ვერ გავუტეხე, მეცხრედ დაესწრო მარჯანიშვილში „ქაქუცა ჩოლოყაშვილს“. მეორე რიგში ვისხედით და ლამის სუფლიორის როლი შეითავსა, წინასწარ ჩურჩულებდა მსახიობთა სათქმელს. მიყვარს ზუკასკენ თვალის გაპარება, როცა სპექტაკლს უყურებს. ახლა 10 წლისაა, 7 წლიდან ესწრება ამ სპექტაკლს, საოცრად მოსწონს. რამდენჯერმე ჩოხით წავიყვანე. ახლა დაუპატარავდა და ვეღარ იცმევს. გვთხოვა, წითელი ჩოხა შემიკერეთო. ჯერ ვერ ავუსრულეთ სურვილი.
ყველა თეატრის ბილეთსა და პროგრამას ვუნახავ. მისი უცნაური კითხვებიც ჩაწერილი მაქვს. დროდადრო ვკითხულობთ და ვიცინით. დათოს ამბავიც ამან გადამატანინა. მისი დღიურის პირველ გვერდად ვთვლი ნაკარნახებ ტექსტს, რომელიც მომწონს და მიყვარს: „დავიბადე 2001 წლის ნოემბერში. 19 რიცხვი იყო და მაგარი ამინდი... ახლა 6 წლის ვარ. უკვე სკოლაშიც წავედი და ვნახოთ, რა გამოვა. ვკითხულობ, ვწერ და, საერთოდ, ვმეცადინეობ ოჯახის ხათრით. სამაგიეროდ, საკუთარი სურვილით ღრმა ბავშვობიდან ვესწრები სპექტაკლებს, წიგნებს გამომცემლობების მიხედვით ვირჩევ, არ ვტოვებ „კარუსელის“ ნომერს... ხშირად მნახავთ თეთრ ჩოხაში... სხვათა შორის, მიხდება! ზუკა გავაშელი.“
XS
SM
MD
LG