Accessibility links

მაკმასტერი: პუტინი საკუთარი ხალხის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, გენერალ-ლეიტენანტ ჰ.რ.მაკმასტერის, აზრით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისა და ავღანეთში თალიბანის მხარდაჭერით. ეს მოსაზრება მაკმასტერმა გამოთქვა 30 აპრილს ამერიკულ საინფორმაციო ტელეარხ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას ქმნის რუსეთის მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულებაზე.

აშშ-ში შარშანდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს და წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისში, ტრამპი ქებას არ იშურებდა პუტინის მისამართით, მას „ძლიერ ლიდერად“ მოიხსენიებდა, მაგრამ ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობა კვლავაც დაძაბულია, რადგან უთანხმოებას იწვევს მრავალი საკითხი, მათ შორის - პოზიციები უკრაინასთან, სირიასთან, ირანთან, ავღანეთთან მიმართებით.

როცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს, ჰ.რ.მაკმასტერს, „ფოქს ნიუსის“ საკვირაო სტუდიაში ჰკითხეს, არის თუ არა წინსვლა რუსეთთან ურთიერთობის მხრივ 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგო, მაკმასტერმა უპასუხა, არა მგონია, ან მართლაც გაუმჯობესებულიყო, ან გაუარესებულიყოო.

რუსეთის მოქმედება, რომელიც ვიხილეთ: ყირიმის ანექსია, უკრაინაში შეჭრა, სირიაში მკვლელი რეჟიმის მხარდაჭერა და, ახლა, იარაღის თალიბანისათვის მიწოდება, ეს არის ნაბიჯები, რომლებიც აშკარად მიმართულია რუსეთის ინტერესების წინააღმდეგო, აღნიშნა მაკმასტერმა და განმარტა, რომ როცა მოსკოვი გარკვეულ ჯგუფებს ეხმარება ერთ ადგილას, სხვაგან შეიძლება რუსეთისვე ინტერესები დაზარალდეს.

მაკმასტერმა მაგალითად მოიყვანა თალიბანი. ავღანელი ექსტრემისტების ეს გაერთიანება არ არის ერთგვაროვანი, მონოლითური - მაგალითად, მასვე უკავშირდება უზბეკეთის ისლამური მოძრაობა და სხვა ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც, აღნიშნავს მაკმასტერი, დიდ საფრთხეს უქმნიან რუსეთს.

ამდენად, რუსეთის პრეზიდენტი მოქმედებს რუსეთის ხალხის ინტერესების წინააღმდეგო, განაცხადა მაკმასტერმა „ფოქს ნიუსის“ საკვირაო სტუდიაში სტუმრობისას. მისივე თქმით, იმისათვის, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა შეიცვალოს, მოხერხდეს თანამშრომლობა საკითხებზე, რომლებთან მიმართებითაც ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, კრემლის მოქმედებაში ცვლილება უნდა მოხდეს.

მაკმასტერის შეფასებები, რომლებიც მან 30 აპრილს, კვირას, გამოთქვა „ფოქს ნიუსის“ საკვირაო სტუდიაში, ერთგვარად აგრძელებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ მის ქვეყანას „არ გამოსდის ურთიერთობა რუსეთთან“ და ორმხრივი ურთიერთობა, შესაძლოა, "ყველა დროის ყველაზე მძიმე ეტაპზე იყოს" დასული. ეს შეფასება ტრამპმა გამოთქვა ვაშინგტონში 12 აპრილს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG